დრო­ში ჩა­კარ­გუ­ლე­ბი - გზაპრესი

დრო­ში ჩა­კარ­გუ­ლე­ბი

მეცნიერება დროს განსაზღვრავს როგორც "მატერიის არსებობის ძირითად ფორმას (სივრცესთან ერთად), რომელიც გამოიხატება ერთი მეორის მონაცვლე მოვლენების კანონზომიერ კოორდინაციაში", ანუ თავდაპირველად, ხდება ერთი მოვლენა, შემდეგ - მეორე, ამას მოჰყვება მესამე და ასე გრძელდება განუწყვეტლივ. სინამდვილეში კი, დრო სიურპრიზებს გვიწყობს, როცა მისი მდორე მდინარება მოულოდნელად წყდება და მხოლოდ საგრძნობი მონაკვეთის გასვლის შემდეგ ახლდება.

"დროის ჩავარდნისას" მატერიალური ობიექტები, რაღაც ჩვენთვის მიუწვდომელი გზით, წარსულიდან აწმყოში გადმოინაცვლებენ ხოლმე. თანაც, მსგავსი ანომალიები არა მარტო ხმელეთზე, ზღვასა და ცაში ხდება, არამედ კოსმოსშიც.

1991 წლის 26 მარტს ატლანტის ოკეანეში ჩაეშვა ამერიკული კოსმოსური ხომალდის კაფსულა, რომელშიც ასტრონავტი ჩარლზ გიბსონი იმყოფებოდა. ეს მაშინ, როცა ასტრონავტი კოსმოსში ჯერ კიდევ 1963 წელს გაუშვეს და მას შემდეგ, რაც ნასასთან რადიოკავშირი გაწყდა, კოსმოსური ხომალდი "ჯემენი" კი ორბიტიდან გაქრა, გიბსონს გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულად მიიჩნევდნენ, მაგრამ როცა კაფსულა ოკეანიდან ამოიღეს და გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ასტრონავტი ცოცხალი იყო! როგორ იარსება მან ხომალდზე 28 წელი, როცა მის ბორტზე მხოლოდ ნახევარი წლის სამყოფი ჟანგბადისა და საკვების მარაგი გახლდათ და სად გაქრა "ჯემენი" ორბიტიდან, დღემდე ამოუხსნელ გამოცანად რჩება.

მიწაზე დაბრუნების შემდეგ, გიბსონი კალფორიაში მდებარე "ედვარდსის" ავიაბაზაზე კარანტინში იმყოფებოდა და სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ასტრონავტიცა და "ჯემენიც" სხვადასხვა პროფილის მეცნიერებმა სკრუპულოზურად შეისწავლეს, მაგრამ იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამან ნათელი ვერ მოჰფინა. ამიტომ ნასას წარმომადგენელი ფრიად ბუნდოვანი განცხადებით შემოიფარგლა:

- ფიზიკურად ჩარლზ გიბსონი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ის სრულიად დეზორიენტირებულია. ის ვერ აფიქსირებს, რომ მისი დედამიწიდან გაფრენიდან, დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთია გასული. ასტრონავტის ფსიქიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მის მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან კი ჩამოყალიბებული აზრის გამოტანა აშკარად ჭირს. კითხვაზე - სად იმყოფებოდა ის ამდენი წლის მანძილზე? - გიბსონი ერთსა და იმავეს იმეორებს: "ამიერიდან არასოდეს, არაფრის გულისთვის!"

პარანორმალური მოვლენების მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მათ ამ შემთხვევის ახსნა ძალუძთ: "ჯემენი" მის ბორტზე მყოფი ასტრონავტით დროის მორევში მოხვდა. ცნობილია, რომ ჩვენი სამყარო დროსა და სივრცეში არსებობს. სივრცესთან დაკავშირებით, თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ რას ნიშნავს დროში არსებობა, ჩვენთვის ცოტა არ იყოს ძნელი აღსაქმელია. თუმცა, ეს არცთუ ისე რთულია: თუკი წარმოვიდგენთ ადიდებულ, მშფოთვარე მდინარეს, რომელიც სხვადასხვა ნივთს მიაქანებს, მათ შორის, ნაპირებიდან წაღებულ სახლებსა და ადამიანებს. მათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სწორედ ამ მდინარეში არსებობენ. სწორედ ასე ვარსებობთ ჩვენც დროის მდინარებაში. თუმცა, დროის მდორე დინება, ისევე, როგორც ნებისმიერი დინება, შესაძლოა დაირღვეს. მასში ზოგჯერ მორევები წარმოიქმნება, სადაც დროის დინება გამრუდებულად აღიქმება. ადამიანები და საგნები, რომლებიც ასეთ ანომალიურ მდგომარეობაში ხვდებიან, მხატვრულად რომ ვთქვათ, დროის დინების ისეთ სიღრმეებში ამოყოფენ თავს, სადაც დრო არ მიედინება ანუ ერთ ადგილზეა გაჩერებული და "ტყვეობაში მყოფნი" არანაირ ცვლილებას არ განიცდიან. გარკვეული შუალედის შემდეგ, ისინი კვლავ ზედაპირზე, ანუ ჩვენს დროში "ამოიტყორცნებიან".

არ არის გამორიცხული, რომ "ჯემენისა" და ასტრონავტ ჩარლზ გიბსონს სწორედ ასეთი რამ შეემთხვათ.

ნასამ ნიბირუს არსებობა დაადასტურა

ნასას ექსპერტებმა დაამტკიცეს საიდუმლოებით მოცული პლანეტა ნიბირუს არსებობა და აღნიშნეს, რომ ციური სხეული აბსოლუტურად უსაფრთხოა კაცობრიობისთვის. პლანეტის არსებობის მტკიცებულება კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს. ნასას პლანეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯიმ გრინმა აღნიშნა, რომ ციური სხეული ბრუნავს ძლიერ გამოკვეთილ ორბიტაზე პლუტონისგან მოშორებით და მდებარეობს მზისგან 20-ჯერ უფრო შორს, ვიდრე ნეპტუნი. მეცნიერების შეფასებით, პლანეტის მასა დედამიწისას ათჯერ აღემატება.

პლანეტა ნიბირუს მრავალ აპოკალიფსურ სცენარს აწერდნენ. ამბობდნენ, რომ 2017 წელს ის დედამიწას შეეჯახებოდა. მეცნიერებმა ეს მოსაზრებები უარყვეს და უბრალო მისტიფიკაცია უწოდეს. ნასაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ პლანეტა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწისთვის.