მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა - შრო­მა­ტე­ვა­დი, მაგ­რამ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი საქ­მე - გზაპრესი

მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა - შრო­მა­ტე­ვა­დი, მაგ­რამ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი საქ­მე

კონსტანტინე ლომთაძე წლებია, მეფუტკრეობას მისდევს. თითქმის ისეთივე სამუშაო რეჟიმი აქვს, როგორიც ფუტკრებს: დღეში 12-14 საათს შრომაში ატარებს. გარდა იმისა, რომ მეფუტკრეობა შრომატევადია, შემოსავლიანი საქმეც გახლავთ. ამიტომ ამ საქმით ბევრი ინტერესდება. თუ რა თავისებურება ახასიათებს ქართულ ფუტკარს, როგორ პირობებში უნდა იყოს სკა, რა არის ფუტკრის ნომერი პირველი მტერი და რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა მეფუტკრემ, ამ და მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ბატონი კონსტანტინე გვესაუბრა:

- მეფუტკრეობა ჩვენი ოჯახური ტრადიცია გახლავთ. უკვე მესამე თაობა ამ საქმეში ვართ. 90-იან წლებში, არეულობის გამო, პრობლემები შეგვექმნა - სკები ნაწილობრივ დაგვიზიანდა. მაშინ ფუტკრის ოჯახებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდით: ჩვენ სხვა ადგილას ვცხოვრობდით, საფუტკრე სხვაგან გვქონდა. რამდენჯერმე ვიღაცებმა სკა გახსნეს. მერე წვიმამ დააზიანა. რამდენჯერმე სკა მოიპარეს. გზაში ქურდები ფუტკრებმა დაკბინეს, ნაქურდალი გადაყარეს...

- რამდენი სკა გაქვთ?

- ახლა ყველაფერი აღვადგინეთ, ყველაფერს თავად ვაკეთებთ. ფუტკრის 300 ოჯახი გვყავს (ძირითადი ბაზა ხონში გვაქვს), რომელიც მუშაობს: თაფლს, რძეს, შხამსაც ვიღებთ. გააჩნია, როგორი შეკვეთა იქნება... გარდა ამისა, სანაყრე ანუ დამწყები ოჯახებიც გვყავს, რომლებიც წელს არანაირ პროდუქტს არ მოგცემენ, მაგრამ გაისად ჩვეულებრივ, სრულფასოვან ოჯახებად იქცევიან.GzaPress

- თითო სკაში დაახლოებით, რამდენი ფუტკარია?

- ეს უკვე მეცნიერული შეკითხვაა (იცინის). ამბობენ, სადღაც 50 000-დან 100 000-მდეაო. ოჯახის სიძლიერეს და დროს გააჩნია: ზაფხულში, როცა ყვავილობაა, ფუტკრების რაოდენობა პიკს აღწევს. აგვისტოდან უკვე იკლებს, ზამთარში კი მინიმუმამდე მცირდება. შემდეგ, გაზაფხულზე იგივე პროცესი იწყება - ფუტკარი მრავლდება...

- ფუტკრის ოჯახის სიძლიერე რაზეა დამოკიდებული?

- დედა ფუტკარზე. ოჯახში, რომელშიც მაგალითად, 50 000 ფუტკარია, დედა მხოლოდ ერთი იქნება. ის თავისი ზომით, გარეგნობით სხვა ფუტკრებისგან განსხვავდება. ყველაფერი მასზეა "აგებული~. ოჯახში 2 დედა ფუტკარი არასოდეს იქნება - გამორიცხულია. დავუშვათ, სკაში ადგილი აღარ აქვთ, ასეთ შემთხვევაში, თავად ფუტკრები "გამოიყვანენ~ დედას და გაიყოფიან: ძველი დედა თავის გუნდთან ერთად გაფრინდება, ახალი კი თავის საცხოვრებელში (ყუთში, ფუღუროში...) დარჩება.

- სკები სად გაქვთ მოთავსებული?

- ცარიელ ადგილზე რომ დავტოვოთ, შეიძლება, ვინმეს "ცუდად გაუწიოს ხელმა~. სკებს დათვიც ემტერება. ამიტომ ვცდილობთ, მოსახლეობასთან (ვისაც ცოტა მოზრდილი ეზო აქვს და ხელს არ შეუშლის) დავალაგოთ, სადაც ცხოველისა და ადამიანისგან მეტ-ნაკლებად დაცულია.

- საქმეს რამდენი ადამიანი უძღვებით?

- სრული დატვირთვით სამნი ვმუშაობთ: მე, ჩემი პარტნიორი და ბავშვობის მეგობარი - ვარლამ ბენიძე და მისი ძმა. მიგვაჩნია, რომ გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს, მეტი შეგვიძლია. გვინდა, წელს სკების რაოდენობა 500-მდე გავზარდოთ. 2-3 წელიწადში 1000-ს გადავცდებით...

- სკიდან თაფლის ამოღება როგორ ხდება?

- უბრალოდ შევაბოლებთ, ჩარჩოზე შერჩენილ ფუტკარს მოვაცილებთ და ფიჭას სპეციალურ ყუთებში ვალაგებთ - საფუტკრეს ვაცილებთ. როცა ყვავილობის პერიოდი არაა, ფუტკარი ყველაფერს ეძალება, რაც სურნელოვანია და შეიძლება, ამან არეულობა გამოიწვიოს. ამიტომ საფუტკრედან 500 მეტრში გვაქვს შენობა, სადაც ხის ჩარჩოებში აშენებული ფიჭა მიგვაქვს. ფიჭა ზემოდან "გადაბეჭდილია~, რასაც სპეციალური დანით ვაცლით, შემდეგ კი ციბრუტში (თაფლის სახდელში) ვაწყობთ, რომელიც ბრუნავს - ფიჭიდან თაფლი ძალით გამოიტყორცნება... ეს მთელი პროცესია!..

- ერთი სკიდან დაახლოებით, რამდენი თაფლის მიღება შეიძლება?

- ეს ფუტკრის სიძლიერესა და ამინდზეა დამოკიდებული. 2017 წელი საშუალო-მოსავლიანად შეიძლება, ჩაითვალოს. ამაზე ნაკლები მოსავალიც აგვიღია. ზოგჯერ ერთი სკიდან 50-60 კილოზე მეტი (მთელი წლის განმავლობაში) თაფლი მიგვიღია, ზოგჯერ კი 10-ზე მეტი - ვერა... ახლახან ირანელი სტუმრები გვყავდა. გაოცდნენ, როცა შეიტყვეს, რომ საშუალო მოსავალი 30-35 კილოა. გვითხრეს, - ჩვენთან მაქსიმუმი 10 კილოაო. ქართული ფუტკარი მსოფლიოს სხვა ფუტკრებისგან გამორჩეულია: მოგრძო ხორთუმი აქვს და ნექტრის ამოღებას ნებისმიერი ყვავილიდან ახერხებს. ეს ყველა ფუტკარს არ შეუძლია. სამწუხაროდ, მსოფლიოში "კავკასიურ ფუტკარს~ უწოდებენ - კომუნისტების დროს ასე დაერქვა და დარჩა...

- თითო სკიდან მოსავალს წელიწადში რამდენჯერ იღებთ?

- ჯერ მაისში ვიღებთ, როცა აპრილ-მაისის ყვავილობა დამთავრდება. მაისის თაფლი (ძირითადი ნაწილი, აკაციიდან იღება) ყველაზე მეტად პოპულარულია - მოთეთრო-მოყვითალოა და მოტკბო გემო აქვს. 2 კვირის მერე, წაბლი და ცაცხვი აყვავდება (თითქმის ერთდროულად). ეს ყვავილობა რომ დამთავრდება, თაფლის ამოღება ხდება. წაბლის და ცაცხვის თაფლი მუქი ფერისაა და მომწარო გემო აქვს. საქართველოში ძირითადად, საკონდიტროში იყიდება. მომწარო გემოს გამო, ჩვენს ქვეყანაში დიდად პოპულარული არ არის. უცხოეთში უფრო მოთხოვნადია. კიდევ, სკები სვანეთშიც გვაქვს. იქ იზრდება ფუტკრის ყვავილები, რაზეც ფუტკარი კარგად მუშაობს... ფაქტობრივად, ჩვენს პირობებში, მოსავლის აღება 3-ჯერ შეიძლება. ამ მხრივს, აღმოსავლეთი საქართველო უფრო მწირია, დასავლეთი (იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა) და სვანეთი კი - პროდუქტულია.

- ფუტკრის რძეზე რას გვეტყვით?

- საჭიროა ყვავილობა დაიწყოს - რძის გამოსამუშავებლად ფუტკარს ყვავილის მტვერი სჭირდება. მტვერს სახლში გადაზიდავენ და გამოყოფენ ნივთიერებას, რასაც "ფუტკრის რძე~ ჰქვია. უნიკალური თვისებების გამო მას მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. ფუტკარი დედების გამოსაკვებად რძეს თავად იყენებს. მაგალითს გეტყვით: მუშა ფუტკრის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა 5-6 კვირაა, დედა ფუტკრის კი - 4-5 წელი. მიზეზი ის არის, რომ დედა ფუტკარს ყოველთვის ფუტკრის რძით კვებავენ. რძე ისეთი უნიკალურია, რომ დედას დიდხანს აცოცხლებს. თან, ბევრი კვერცხიც ხომ უნდა დადოს? მუშაობისას უამრავი ფუტკარი კვდება. ოჯახში სტაბილურად უნდა იყოს თუნდაც, 50 000 ფუტკარი. ამიტომ დედამ რაც შეიძლება, ბევრი კვერცხი უნდა დადოს. ამისთვის სტიმულატორი - ფუტკრის რძე სჭირდება... ჩვენგან ფუტკრის რძე საქართველოს ნიჩბოსნების ნაკრების წევრებმა წაიღეს და სხვათა შორის, გაიმარჯვეს. ფუტკრის რძე ნივთიერებათა ცვლას, სწრაფად აზროვნებას ხელს უწყობს, წნევას არეგულირებს... რომელი ერთი თვისება ჩამოვთვალო? კიდევ ბევრი რამეა, რასაც მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ. შემადგენლობა ბოლომდე ვერ დაადგინეს (ძირითადად, ამინომჟავებისგან შედგება).

- ფუტკრის შხამს როგორ იღებთ?

- წარმოიდგინეთ, ფიჭის ნაცვლად, შუშა რომ იყოს ჩადებული. შუშაზე ძალიან წვრილი ელექტრომავთულებია გატარებული. დენის დარტყმის გამო, ფუტკარი ღიზიანდება და ზედ შხამს აფრქვევს...

- ფუტკარი კვდება?

- არა, მაგრამ ძალიან ღიზიანდება. ასეთ დროს ისეთი აგრესიულები ხდებიან, რომ კომბინეზონის გარეშე ვერ იმუშავებ (ეს ღამით ხდება).

თხევადი შხამი ძალიან სწრაფად ხმება. მას ვიღებთ და სპეციალური აირწინაღით, ხელთათმანებით (რადგან შხამი ძალიან მომწამვლელია) დაბინდულ შენობაში (ინფრაწითელი ნათურა უნდა იყოს ანთებული), სპეციალური საფხეკებით შუშიდან ვფხეკთ... შხამის შეგროვება ასე ხდება.

- ფუტკრის დედებსაც ყიდით?

- დედების "გამოყვანაზე~ ვმუშაობთ. როგორი კურიოზულიც უნდა იყოს, ჩვენი ძირითადი ბაზარი თურქეთია - თურქული ფუტკარი ქართველებმა გადავაჯიშეთ (იცინის). ცხადია, ვხუმრობ, თორემ პირიქით - კარგი საქმე გავუკეთეთ - ქართული ფუტკარი უნიკალურია. თურქები ძალიან მონდომებული არიან, რომ ქართული ფუტკარი გაიყვანონ.

- როგორც ვხვდები, მეფუტკრეობა საკმაოდ შრომატევადია...

- მეფუტკრე იმ დინამიკით ცხოვრობს, როგორც - ფუტკრის ოჯახი. ზაფხული აქტიურობის პიკია. გაზაფხულზე, როცა ბუნება გაიღვიძებს, აქტიურობა იწყება და უნდა მიჰყვე - როგორც ფუტკარი მუშაობს, ისე იმუშაო. გათენებიდან დაღამებამდე ვმუშაობთ, ოღონდ ასე სექტემბერ-ოქტომბრამდე ხდება. მერე აქტიურობა ნელ-ნელა იკლებს და როცა დაზამთრდება, საერთოდ ნულდება - სამუშაო არაფერია. ყველას უკვირს - ამდენი როგორ შეძელითო? ჩვენ თვითონ ვსვამთ ფუტკრის რძეს, აბა, რა ვქნათ (იცინის)?! ადამიანი ამხელა შრომას ვერ გაუძლებს. წარმოიდგინეთ, ყოველდღე 12-14 საათი უნდა იმუშაოთ...

- ფუტკარს როგორ უვლით?

- ფუტკრის ყველაზე საშიში მტერი ტკიპაა. წარმოიდგინეთ, ასეთ პატარა არსებასაც ტკიპა ჰყავს. ის პირველად 50-იან წლებში, ინდოეთში გამოჩნდა. 25-30 წელი დასჭირდა, რომ საქართველომდე მოეღწია. თავდაპირველად, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. 80-იან წლებში, ფუტკრები კოლმეურნეობებში ჰყავდათ. მაშინ ფუტკრების მასობრივად განადგურება დაიწყო: ყუთს თავს რომ ხდიდნენ, ცარიელი ხვდებოდათ. მერე წამლების გამოყენება დაიწყეს. დღესდღეობით, ტკიპისგან საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ შარშანდელი კანონმდებლობით, ფუტკარს ბიოწამლებით უნდა ვუმკურნალოთ, რადგან ყველა წამალი ფუტკრის პროდუქტზე აისახება. ამიტომ თავად მოვძებნეთ კავშირები ევროპაში, საიდანაც ბიოწამლები შემოგვაქვს - უვიზო რეჟიმმა მიმოსვლა გაგვიმარტივა. გვინდა, ჩვენი პროდუქტი - ბრენდირებული და დაფასოებული, ევროპაში გავიტანოთ. ამიტომ ვცდილობთ, ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რამე სადავო რომ არ გახდეს.

- დამწყებმა მეფუტკრემ რა უნდა იცოდეს?

- პირველი - ალერგიული არ უნდა იყოს; მეორე - მუშაობა აუცილებლად ერთი ოჯახიდან უნდა დაიწყოს. მეფუტკრეობის შესახებ, მხოლოდ წიგნებით და კურსებით ვერაფერს ისწავლი - 99% მაინც პრაქტიკაა. მოგეხსენებათ, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ შემოსავლიანიცაა. ხშირად გვირეკავენ და გვეუბნებიან, - ამ საქმეში ფულის ჩადება გვინდაო. როცა ვეკითხებით, როგორ აპირებთ-თქო, გვპასუხობენ, რომ 300-500 ოჯახი უნდათ. 500 ოჯახამდე რომ "მივსულიყავი~, 10 წელი ვიმუშავე (იცინის). ფუტკრის უნიკალურობა ისაა, რომ მისი მოშენება ძალიან სწრაფად შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან სწრაფადვე ნადგურდება, თუ ვერ გააკონტროლე და ყურადღება ვერ მიაქციე, მაქსიმალურად სწრაფად "ფუჭდება~... მოკლედ, დამწყებმა მეფუტკრემ მუშაობა ერთი ოჯახით უნდა დაიწყოს და ისწავლის, რაც წიგნში არ წაუკითხავს...

ეთო ყორღანაშვილი