რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­აქვს აზარ­ტი? - გზაპრესი

რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­აქვს აზარ­ტი?

ამ დროს ვისვენებ, განვიტვირთები", - ამბობს მსახიობი თინა გვაზავა. მისი საყვარელი პერსონაჟი პატარა უფლისწულია, საყვარელი ავტორი - დოსტოევსკი. ამ მწერლის ნაწარმოებებში საკუთარი სამყარო არაერთხელ აღმოუჩენია.

- წიგნების კითხვა განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. კითხვისას რეალობას სწყდები და სულ სხვა სამყაროში გადადიხარ, რაც ძალზე საინტერესო, სიამოვნების მომგვრელია.

ახლახან დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის" წავიკითხე. ეს ნაწარმოები აუტიზმით დაავადებულ ადამიანზეა, რომელსაც ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს. აღწერილია, მისი ხედვა, როგორ აღიქვამს სამყაროს და ა.შ. ძალზე საინტერესო წიგნია, ყველას ვურჩევ, წაიკითხოს.

წასაკითხ ლიტერატურას ბავშვობიდანვე თავად ვარჩევდი. როცა გავიგებდი, რომ კარგი წიგნია, მივდიოდი მაღაზიაში, ვიძენდი და ვკითხულობდი.

ჩემი საყვარელი ავტორი დოსტოევსკია, მისი ნაწარმოების კითხვისას გამჩენია განცდა, რომ ჩემი სამყარო ვიპოვე.

ლიტერატურული პერსონაჟებიდან დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ეგზიუპერის პატარა უფლისწულთან. ყოველ წაკითხვაზე სხვადასხვაგვარი ემოცია მიჩნდება, სხვადასხვაგვარად აღვიქვამ. დარწმუნებული ვარ, უფლისწულთან მეგობრობა საინტერესო იქნებოდა.

დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვებიდან" დიმიტრი აუცილებლად შემიყვარდებოდა. ამ წიგნში არის ეპიზოდი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, რომელიც დღემდე წაკითხულ ნაწარმობებს შორის, ყველაზე ამაღელვებელი და დასამახსოვრებელია. ეს წიგნი დაახლოებით 14 წლისამ წავიკითხე და ეს იყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა გონებით მართლა დავფრინავდი. დიმიტრი შემიყვარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს საყვარელ ქალს ცუდად ექცევა. ეს არის პერსონაჟი, რომელთან ურთიერთობის აზარტიც მაქვს. "ძმები კარამაზოვები" ის წიგნია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

წაკითხულ ნაწარმოებებს იშვიათად ვუბრუნდები. გამონაკლისი მხოლოდ "პატარა უფლისწულია". დიდი სურვილი მაქვს, ოდესმე ანა კარენინა ვითამაშო. მასსა და ჩემ შორის ბევრ მსგავსებას ვხედავ. მეც მასავით შემიძლია სიყვარული, შეცდომებით, სიმძაფრით, სიგიჟით...

ჩემი შვილი მომავალ წელს სკოლაში შედის და კითხვა უკვე იცის. პატარა მოთხრობებს კითხულობს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, კითხვა შევაყვარო.

- მსოფლიოში სახელგანთქმული თეატრის - "გლობუსის" თავზე ფრიალებდა დროშა, რომელზეც ეწერა...

- რა ეწერა? არ მახსენდება.

- "მთელი მსოფლიო სცენაა". ამ ცნობილი ადამიანის ბაღში, ეს ვაშლის ხე იყო ერთადერთი მცენარე, რომელსაც 1820 წელს მეხი დაეცა. ხისგან სავარძელი გააკეთეს, რომელიც ახლა ერთ-ერთ კოლექციონერთან ინახება და ფასდაუდებელ რელიკვიას წარმოადგენს. დაასახელე ეს პიროვნება.

- (იცინის) ვინ იყო, როგორ უნდა გამოვიცნო?

- მიგანიშნებ, ეს ადამიანი მეცნიერი იყო.

- მეცნიერი, ვაშლი (ფიქრობს) ნიუტონი იყო?

- დიახ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ახალ თანამშრომლებს იღებენ. წინასწარი გასაუბრების შემდეგ ყველას მისცეს კონვერტი, გრიფით - "სრულიად საიდუმლოდ" და სთხოვეს, კონკრეტულ კაბინეტში მიეტანათ. ერთ-ერთმა კანდიდატმა, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, საპირფარეშოში შეიარა და კონვერტი გახსნა. რა ეწერა წერილში?

- არ ვიცი.

- წერილში ეწერა: "თქვენ ჩვენთვის შესაფერისი თანამშრომელი ხართ, უკან დაბრუნდით". "და გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,/ ახლაც მინათებს შენი მშვენება.../ შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს/ არ უწერია გადაშენება". ეს სტროფი ნინა ჭავჭავაძეს ეძღვნება. ავტორი ვინ არის?

- გიორგი ლეონიძე.

- 1910 წლის 5 აპრილიდან, მატარებლის გასვლის შეფერხების გამო ის აკრძალეს საფრანგეთის რკინიგზის სადგურზე. რა აკრძალეს?

- დაგვიანება.

- არა, ადამიანის ქმედებაზეა ლაპარაკი, რომელიც ხშირად მატარებლის დროულად გასვლას ხელს უშლიდა.

- კოცნა, ჩახუტება, არა?

- გამოიცანი. ერთმა ბრიტანულმა კლუბმა გამოსცა პლაკატი, რომელზეც ეწერა: "ღმერთმა შექმნა არც ისე ბევრი სრულყოფილი თავი, ხოლო დანარჩენი მან დაფარა თმით". ვინ იყვნენ ამ კლუბის წევრები?

- რა თქმა უნდა, მელოტები იქნებოდნენ.

- რისი დრო დგებოდა ძველ რომში, როცა დიასახლისი სტუმრებს სანდლების გახდას სთავაზობდა?

- სადილობის.

- ვინ იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი?

- მარგარეტ ტეტჩერი.

- რომელ ნაწარმოებს უწოდებენ ბეთჰოვენის მუსიკალურ ანდერძს?

- მე-9 სიმფონიას.

- ვის მიუძღვნა იგი?

- არ ვიცი.

- მის წერილებში ვკითხულობთ: "ჩემს ცხოვრებას ცოტა ხალისი შემატა ხალხში ყოფნამ, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ეულად, ნაღვლიანად გავატარე ბოლო 2 წელიწადი... აჩრდილივით მუდამ თან მდევდა ჩემი დაქვეითებული სმენა და გავურბოდი ხალხს. მიზანთროპს ვგავდი, სინამდვილეში სულაც არ ვარ ასეთი. ეს ცვლილება ჩემში მოახდინა საყვარელმა მშვენიერმა გოგონამ, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს", - ყველა ბიოგრაფის აზრით, ბეთჰოვენი აქ ლაპარაკობს ადამიანზე, რომელსაც მე-9 სიმფონია მიუძღვნა. ის მისი მოწაფე და მეგობარი იყო.

- სამწუხაროდ, არ ვიცი.

- ჯულიეტა გვიჩარდი. "ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა წერია. ვინც..."

- "...მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".

- რომელ ქალაქში ტარდება ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია?

- ლოს-ანჯელესში.

- მის ბოლო საფეხურამდე რომ ახვიდე, 1792 საფეხური უნდა აიარო. რომელ შენობაზეა ლაპარაკი?

- საქართველოშია?

- ევროპაშია.

- (ფიქრობს) ეიფელის კოშკი.

- რა მეტალისგანაა დამზადებული "თავისუფლების ქანდაკება"?

- არ ვიცი.

- სპილენძისგან. რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მდინარე მტკვრის ყველაზე დიდი მონაკვეთი?

- აზერბაიჯანის.

- იოსებ გრიშაშვილი "ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერდა: "ძველად ქალაქგარეთ დროის გასატარებელი მხოლოდ ორი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისთვის ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის..."

- ვერ გიპასუხებ.

- მინიშნებას გეტყვი: ამ ბაღის სახელწოდება ერთ ისტორიულ პირთან არის დაკავშირებული. ბაღი მან საყვარელ ქალს გაუშენა.

- "მუშთაიდის ბაღი".

- რა ჰქვია ორად შეკეცილ ფართო ლენტს, რომლითაც მღვდელი ჯვრისწერის დროს ნეფე-დედოფლის ხელებს აერთებს ან აღსარების დროს მორწმუნეებს თავზე ადებს?

- ოლარი.

- რომელმა ქართველმა მწერალმა დალია სული დღევანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, რომელშიც მაშინ წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთი იყო განთავსებული?

- ვაჟა-ფშაველამ.

- ექიმების აზრით, ის ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, აყოვნებს სიბერეს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. რა აქვთ მათ მხედველობაში?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ადამიანის ქმედებაზეა ლაპარაკი.

- სიცილი.

- კოცნა. მგრძნობელობა ადამიანს ტუჩებზე მეტი აქვს თუ თითებზე?

- ტუჩებზე.

- დიახ, მგრძნობელობა 200-ჯერ მეტია. "ისეთი ჭკვიანი ვარ, ხანდახან საკუთარ ნათქვამსაც ვერ ვხვდები". - ამ გამონათქვამის ავტორი ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი და მწერალია. დაასახელე იგი.

- რომ დამეხმარო, შეიძლება?

- ის ავტორია ცნობილი რომანისა - "დორიან..."

- (მაწყვეტინებს) "დორიან გრეის პორტრეტი", ოსკარ უაილდი.

- მჟავე გემოს ენის წვერით ვგრძნობთ. მწარეს - ენის გვერდებით, ტკბილს - ?

- ენის შუა ნაწილით.

- დიახ. რა იყიდება მსოფლიოში ცნობილ სოთბისა და კრისტის აუქციონებზე?

- ძვირად ღირებული ნივთები, ანტიკვარები.

- ის 1899 წელს, ნეაპოლში დაიბადა. წამოიზარდა თუ არა, ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა. მალე კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია. თავიდან ერთ-ერთ ადგილობრივ ბანდაში "დამხმარე ბიჭად" იყო, მაგრამ მისი "ნიჭი" მალე შეამჩნიეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. 1929 წელს მას იარაღის ტარებისთვის 10 თვე მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში შეუზღუდავი უფლებით სარგებლობდა. მეორედ ბრალი გადასახადების გადაუხდელობისთვის წაუყენეს. მან 12 ნაფიცი მსაჯულის მოსყიდვა შეძლო, მაგრამ მსაჯულები პროცესის წინადღეს შეუცვალეს და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის სრულ იზოლაციაში, ჩვეულებრივი ტუსაღის პირობებში იმყოფებოდა.

- ალ კაპონე.

- დაბოლოს, დაასრულე რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭკვიანი ადამიანები სურნელოვან ყვავილებს ჰგვანან, ერთი სასიამოვნოა და თაიგულმა კი შეიძლება..."

- ვერ დავასრულებ.

- "...თავი აგატკიოს".

თამუნა კვინიკაძე