მდიდარ ოჯახში გაზრდილი ბიჭისა და შეშლილი გოგონას სევდიანი ამბავი - გზაპრესი

მდიდარ ოჯახში გაზრდილი ბიჭისა და შეშლილი გოგონას სევდიანი ამბავი

მასთან შეხვედრა პანსიონატის დირექტორმა, დარეჯან თომაძემ მირჩია, - უმძიმესი ცხოვრების გზა აქვს გავლილი, მოსათხრობი და გასახსენებელი ბევრი აქვსო და შეხვედრის დროც დავთქვით. თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მისულს, ფოიეში თეთრ მაისურში კოხტად გამოწყობილი მოხუცი ღიმილიანი სახით შემომეგება. - გაიცანით, ბატონი თემურ ვოსკანოვი, - პანსიონატის თანამშრომელმა, ნანა გოგიაშვილმა მეგზურობა გამიწია. მალე სამივე მოხუცის ოთახში აღმოვჩნდით. ბეთჰოვენის მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული, კედელზე ფოტოები, კუთხეში კი კომპიუტერის მაგიდა და მუსიკალური ცენტრი იდგა. ოთახში საახალწლო ნათურები აუციმციმებია, სტუმრების კარგ განწყობაზე რომ ეზრუნა. აივანზე გავედით, რომელიც თავისი ხელით ამოუშენებია.

- ღია იყო ეს აივანი, მაგრამ ამოვაშენე, ასე ჯობია. აქ მაქვს ღუმელი, სადაც ნამცხვრებს ვაცხობ, კერძებს ვამზადებ. ოთახიც საკუთარი ხელით გავარემონტე. რა ნივთსაც ხედავთ, ყველა ახლობლების ნაჩუქარია. ახალი შპალერიც გავაკარი და ჩემთვის მყუდრო გარემო შევიქმენი. აქ თავს კარგად ვგრძნობ (ამბობს ბატონი თემური და თან, სუფრასთან გვეპატიჟება). ეს ნამცხვარი ამ დილით დავაცხვე, ბეზეც ჩემი ხელითაა გაკეთებული. მოგეწონებათ, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ!

თვალებს ვერ დავუჯერე, სუფრაზე საკმაოდ ძნელად მოსამზადებელი ნამცხვარი იდო.

- მოგწონთ ბეთჰოვენი? მე ყველაზე მეტად ჯაზი მიყვარს. მუსიკის გარეშე არ შემიძლია, უამრავი დისკი მაქვს. ვრთავ და ვცეკვავ. მაქვს იმის საშუალება, რომ თავი გავიხალისო, სხვაგვარად არ შემიძლია, ეს მაძლევს ენერგიას და კარგ განწყობაზე მაყენებს. 8 წელიწადია, აქ ვცხოვრობ. დრო ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ცხოვრება გავილამაზოთ...

80 წლის მოხუცმა, ბეთჰოვენის მოსმენის შემდეგ, ჯაზი ჩაგვირთო და მერე მუსიკას თვითონაც აჰყვა, მშვენივრად იცეკვა.

- კარგად ცეკვავთ.

- მადლობა.

- უგემრიელესი ნამცხვარიც გამოგიცხვიათ, ვინ გასწავლათ ცხობა?

- ბავშვობიდან ვაცხობ. ჩემს ოთახში ხშირად ტრიალებს ნამცხვრის სურნელი და რაც მთავარია, ყველას მოსწონს. თავიდან უჭირდათ იმის დაჯერება, რომ მამაკაცი ნამცხვრებს აცხობს, მაგრამ ახლა ყველამ იცის ჩემი შესაძლებლობები. უგემრიელესი ქადების, ტორტის ცხობა ვიცი და ასევე, თითქმის ყველანაირ კერძს ვამზადებ. ჩემი გამზრდელი პატარაობიდან მაიძულებდა, ეს ყველაფერი მეკეთებინა და კარგად გავიწაფე.

- გაშვილებული იყავით? გვიამბეთ თქვენზე...

- ვლადიკავკაზში დავიბადე. 4 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. 1942 წელი იყო, ომის პერიოდი. ბუნდოვნად მახსოვს ერთი ეპიზოდი: დედა იწვა ჰოსპიტალში და იქ მანახვეს, მას მერე აღარ მინახავს. არც ის ვიცი, და-ძმა მყავს თუ არა. მერე ბავშვთა სახლში წამიყვანეს. მახსოვს, ერთ დღეს კორიდორში ორი ქალი მოვიდა და რომ დამინახეს, თქვეს: ვა, რა ლამაზი ბიჭიაო. მეგონა, დედაჩემი მოვიდა, მაგრამ რომ მომიახლოვდნენ, მივხვდი, ის არ იყო. იმ ღამით ვლადიკავკაზიდან წამომიყვანეს, ტანსაცმელი ჩამაცვეს, მაგრამ კარგად მახსოვს, ყველაფერი დიდი მქონდა. ვლადიკავკაზის რკინიგზის უფროსმა მიშვილა. ძალიან დიდი სახლი ჰქონდათ, დიდი რკინის კიბით ავდიოდით. იქ სულ ორი ოჯახი ცხოვრობდა. ჩემი გამზრდელი სომეხი იყო. სამწუხაროდ, ჩემი ნამდვილი გვარ-სახელი არ ვიცი. ჩემს გამზრდელებს ჰყავდათ საკუთარი ქალიშვილი. როცა მე მიშვილეს, ის გოგონა 17 წლის იყო. თბილისიდან ჩამოვიდა და მითხრა: გამარჯობა, შენ ჩემი ძმა ხარო. კარგად მექცეოდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი იმ სახლში, ვისაც ვუყვარდი.

- ცოლ-ქმარს შვილი ჰყავდა და მაინც გიშვილეს?

- დიახ, ასე იყო. გამზრდელი ქალი ბათუმელი ბანკირის შვილი იყო. დიდი ფული ჰქონდა მამამისს, მაგრამ მერე ყველაფერი დაკარგა, ამას ვერ გაუძლო და პისტოლეტით მოიკლა თავი. მისი გოგო კი სომეხმა მოიტაცა და შეირთო. ძალიან ლამაზი ქალი იყო. საუბრობდა არაერთ ენაზე: ინგლისურად, იტალიურად, თურქულად, აზერბაიჯანულად. იცოდა ფრანგულიც. მისმა ქალიშვილმაც იცოდა რამდენიმე ენა. ეს გოგონა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, თბილი, განათლებული, ბრწყინვალედ უკრავდა პიანინოზე. მან ინსტიტუტი თბილისში დაამთავრა. ექიმი იყო, დოქტორის ხარისხს იცავდა თვალის დაავადებებზე. შეყვარებული ჰყავდა, გათხოვება უნდოდა, მაგრამ მშობლები არ აძლევდნენ ამის უფლებას, რადგან თვითონ მდიდრები იყვნენ, ის ბიჭი კი - ღარიბი. ჩემს გამზრდელებს ცხრა მანქანა ჰყავდათ და ცხრამეტი ოთახი ჰქონდათ. მერე, შემთხვევით, ჩემმა გამზრდელმა ბავშვს გადაუარა მანქანით და ამის მერე ყველა მანქანა სახელმწიფოს ჩააბარა. ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, ერთი მანქანა ჩემი იქნება-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. კაცი ძალიან მკაცრი იყო და თან, ცოლიც და ქმარიც საოცრად ძუნწები იყვნენ. მათ ზედიზედ სამი შვილი მოუკვდათ... ეს ქალიც ცუდად იყო და ვიღაცამ უთხრა, - გამოკეთდები, თუ ბავშვს იშვილებო. ამიტომაც, გაზეთში დაწერეს, რომ სიკვდილის პირას მყოფ ქალს სჭირდებოდა ბავშვი გასაზრდელად და მე ამიყვანეს.

- მათთან ყოფნას, ბავშვთა სახლში ყოფნა გერჩივნათ?

- ბავშვთა სახლში ყოფნა ჯოჯოხეთი იყო. ბევრი დეტალი არ მახსოვს, მაგრამ იმ გაგანია ომის დროს, პატარებს სისხლს გვიღებდნენ და მიჰქონდათ დაჭრილ ჯარისკაცებთან, ეს საშინელი დანაშაული იყო. ძლივს დავდიოდით, ძალაგამოცლილები. მძაფრად დარჩა ჩემს მეხსიერებაში ის ოთახი, სადაც სისხლს იღებდნენ. ამის მერე გერმანელების მიმართ შიში გამიჩნდა და დიდხანს გამყვა. 30 წლამდე მარტო ფილმის ყურებასაც ვერ ვახერხებდი. მეშინოდა, ჯარში რომ ვიყავი, თუ ორი-სამი ადამიანი არ იჯდა ჩემ გვერდით. დედაც გერმანელებმა მომიკლეს და მათ ვერ ვიტანდი.

- თქვენი ნამდვილი მშობლების ვინაობის დადგენა ალბათ, არაერთხელ სცადეთ...

- რა თქმა უნდა, მცდელობა მქონდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. 14 წლის ვიყავი, ბავშვთა სახლში რომ მივედი და ვცადე სიმართლე დამედგინა, მაგრამ ყველაფერი გამქრალი იყო. ჩემი გამზრდელები გავლენიანი ადამიანები იყვნენ და კვალი წაშალეს, ამაზე თავიდანვე იზრუნეს. ამ ხნის კაცი ვარ და ახლაც მინდა გავიგო, ვინ გამაჩინა, მაგრამ შეუძლებელია.

- გამზრდელები მკაცრები იყვნენო, - თქვით. მაინც, როგორ გექცეოდნენ?

- დესპოტები იყვნენ. მათ არ ვუყვარდი და დღემდე ვერ გამიგია, რატომ მიშვილეს? ისე ცუდად მექცეოდნენ, რომ სულ გავრბოდი სახლიდან, მერე დამიჭერდნენ და მცემდნენ. ერთი პატარა ოთახი მქონდა, იქ ვცხოვრობდი. ვცდილობდი, მათთან საერთო არაფერი მქონოდა. 11 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე და ცხოვრება ნელ-ნელა ავიწყვე. ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანე - ამას რომ ვიხსენებ, ახლაც, თვალი ცრემლით მევსება. მე სიყვარული და სითბო არ მღირსებია.

- ამბობთ, დედამ ბევრი ენა იცოდაო. არ შეგასწავლათ?

- არა, ენები არ მასწავლეს. წარმოიდგინეთ, სომხებმა გამზარდეს და სომხურიც არ მასწავლეს. იმ პერიოდში ყველაზე პოპულარული გემთმცოდნეობა იყო. მეზღვაურობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ამის საშუალებაც არ მომეცა. თუმცა, ხელობას დავეუფლე. სასწავლებლიდან რომ დავბრუნდი, სამწუხაროდ, ჩემი და შეშლილი დამხვდა.

- რატომ შეიშალა?

- თურმე, მისი შეყვარებული დედამისთან მივიდა ქალიშვილის ხელის სათხოვნელად და უთხრა, ღარიბი ვარ. საკერავი მაკრატლის გარდა, არაფერი გამაჩნიაო, მაგრამ თქვენი შვილი მიყვარსო. ჩემმა გამზრდელმა უპასუხა: კოსტია, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ პროფესორის შვილი მოვიდა ჩემი ქალიშვილის ხელის სათხოვნელად, მას მივეცი თანხმობა და ვერ გაგაყოლებო... წლების შემდეგ კოსტია საბჭოთა კავშირში ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ძალიან წარმატებული ადამიანი იყო. თავისი თვითმფრინავი ჰყავდა...

- თქვენი და არ გათხოვილა?

- კოსტიას შემდეგ, ის ხვდებოდა ერთ მხატვარს, რომელიც ნაცოლარი იყო და სამი შვილი ჰყავდა. დედამისმა ამ კაცზე გათხოვების უფლებაც არ მისცა და წერილი მისწერა ჩემს დას, რომელიც დისერტაციის დაცვის დღეს წაუკითხავს და შეშლილა. ფსიქიატრიულშიც იწვა, მძიმე მდგომარეობაში იყო. წარმატებული, ულამაზესი გოგონა მერე შიშველი დადიოდა ქალაქში. გამხდარი იყო და უცებ, 116 კილო გახდა. მერე რაღაც ამერიკულ წამალს უკეთებდნენ და იმან ცოტათი უშველა, მაგრამ მოგვიანებით ისევ გაუუარესდა მდგომარეობა. თმა სულ აბურდული, ბინძური ჰქონდა. ძალით ვბანდი, მე ვუვლიდი. მერე გარდაიცვალა. ასე დაუნგრიეს მშობლებმა ცხოვრება. არადა, შეიძლებოდა, ძალიან წარმატებული ყოფილიყო. 90-იან წლებში გარდაიცვალა.

- თქვენ ოჯახი არ შეგიქმნიათ?

- კი, მაგრამ სამწუხაროდ, არც ოჯახში გამიმართლა. ჩემი ცოლი `აფერისტი~ აღმოჩნდა. მან დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი, უშვებდნენ ოდესაში და სჭირდებოდა ვინმესთან ხელმოწერა. ამ მიზნით შემომიძვრა საწოლში და რადგან დაფეხმძიმდა, მომიწია მასთან ხელი მომეწერა. ერთმანეთი არ გვყვარებია. მისგან ქალიშვილი შემეძინა, რომელიც ძალიან მიყვარდა და არაფერს ვაკლებდი. ჩემი ხელით ვაჭმევდი ხელოვნურად მომზადებულ საჭმელს, რადგან დედამისი ძუძუს არ აჭმევდა, ეზარებოდა ეს პროცესი. დღე და ღამე არეული ჰქონდა ბავშვს. ჩემს დანახვაზე თვალებს ხუჭავდა, მე კი ვაჭმევდი, მეც წავიხემსებდი და ისევ სამსახურში გავრბოდი. ასე ვზრდიდი ერთი წელი. მერე ჩემმა ცოლმა საყვარელი გაიჩინა და გავშორდი. გავიყავით ბინა. მაშინ ისეთი დრო იყო, თუ ცოლს დაშორდებოდი, უპირატესობა ქალს ენიჭებოდა და ბავშვის ნახვის საშუალებაც წამართვეს. მეუბნებოდა, შვილი შენი არაა და არ გაქვს მისი წაყვანის უფლებაო. ვინაიდან არ მანახვებდნენ, ვცდილობდი, მალულად მაინც მენახა ხოლმე, შორიდან. დედამ დაგვაშორა მამა-შვილი ერთმანეთს და მას ჩემი სიყვარული არ აქვს.

მერე ჩემი ყოფილი ცოლი ამერიკაში წავიდა საყვარელთან ერთად და იქ წაიყვანა ბავშვიც. 17 წლის იყო ჩემი ქალიშვილი, როცა ჩემთან მოვიდა და მითხრა, - ალიკა მეტრეველს სთხოვე, თვის სპორტსმენების სიაში ჩამწეროს, როგორც მოცურავეო. მართლაც, კარგად ცურავდა. სპორტსმენებს პრივილეგიები ჰქონდათ და ადვილად ირიცხებოდნენ ინსტიტუტებში. დავურეკე ალიკას და მან ჩაწერა იმ სიაში და ასე ჩააბარა ჩემმა გოგომ ინსტიტუტში, მაგრამ მას მერე, აღარ გამოჩენილა.

- თქვენი მეუღლე და შვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობენ?

- მეუღლე ამერიკელს გაჰყვა და მასთან შვილიც ჰყავს, ჩემი ქალიშვილი კი ცოლად გაჰყვა მშენებლობის მინისტრის მოადგილის შვილს, თბილისში, ძალიან კარგ ოჯახში იყო გათხოვილი. დედამთილი რუსი გახლდათ, მამა ქართველი, მერე ისინიც წავიდნენ ქვეყნიდან და მათზე არაფერი ვიცი. რა აზრი აქვს მის ძებნას, როცა ვიცი, შვილს არ ვუყვარვარ. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა: ქუჩაში შევხვდი. შვილთან ერთად იყო (მაშინ 2 წლის გახლდათ მისი პატარა) და თვალი ამარიდა. ვუთხარი, რა გაწყენინე, გამარჯობასაც რომ არ მეუბნები-მეთქი? - უი, მამა, გამარჯობაო, - თითქოს მანამდე არ დავუნახავვარ... მერე ქმართან ჰქონდა კონფლიქტი და უნდოდა, ჩავრეულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი, - ეს თქვენი ურთიერთობაა და თავად უნდა მოაგვაროთ-მეთქი. მაშინ დამწყევლა და წავიდა...

მერე დაიწყო ცუდი პერიოდი, მომიხდა ბინის გაცვლა უფრო პატარა ბინაზე. ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, ყველამ რუსეთში დაიწყო გაქცევა. ერთმა ნაცნობმა მითხრა: აქ რა დაგიკარგავს? ქართული ცუდად იცი, აქ ვერ იცხოვრებ და ჯობია, წახვიდე, მე დაგეხმარებიო. დამიყოლია, ჩემი ავეჯით დატვირთა თავისი მანქანა და მითხრა, გამოგივლი და წავიდეთო. მის ზარს მთელი კვირა ველოდებოდი, მაგრამ არ გამოჩნდა. დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ჩემი ბინაც გაყიდული აღმოჩნდა და ძებნა რომ დავუწყე, ვეღარ ვიპოვე, რუსეთში გაქცეულა. ასე დავკარგე უცებ ყველაფერი. დავრჩი უსახლკაროდ...

- ვერ იპოვეთ სამართალი?

- არა, ბინა უკვე სხვაზე იყო გადაფორმებული, კაცი - გაქცეული ქვეყნიდან და რა გამეკეთებინა?.. თავიდან ქუჩაში ვეგდე. საშინელი დღეები გამოვიარე. ღამეს სადარბაზოებში, სარდაფებში ვათევდი და მუყაოს ყუთში მეძინა. ჭუჭყიანი ვიყავი, დაბანის საშუალებაც არ მქონდა. ამის გამო მრცხვენოდა, მაგრამ ვერავის ვთხოვდი დახმარებას. არადა, იყო დრო, როცა თავად ბევრს გავუმართე ხელი. ძალიან რომ გავმწარდი, ერთ ოჯახში მივედი, რომელსაც ბევრჯერ დავხმარებივარ და ვთხოვე, დამაძინეთ-მეთქი. ძალიან ჭუჭყიანი ხარო და უარი მითხრეს. ისე გამომიშვეს, საჭმელიც არ შემომთავაზეს. ამის მერე არავისთვის მითხოვია დახმარება.

- იმ პერიოდში უმუშევარი იყავით ალბათ, არა?

- იცით, მე სულ ვმუშაობდი: ერთი პერიოდი პოლიკლინიკაში ღამის დარაჯად ვიყავი და 5 საათის შემდეგ, როცა ექიმები წავიდოდნენ, მასაჟს ვაკეთებდი. მასაჟის გაკეთება ჯერ კიდევ ჯარში ყოფნისას შევისწავლე. ხელობაც ვიცი, სახლებში რემონტს ვაკეთებდი. ერთ ოჯახს 4-ოთახიანი ბინა გავურემონტე. აღმოჩნდა, რომ ყოფილი იურისტის ოჯახში ვიყავი და როცა ჩემზე ვუამბე, ძალიან შეწუხდნენ. ბოლოს, საკუთარ სახლში ჩამწერეს, რომ პასპორტი მაინც ამეღო. წარმოიდგინეთ, უპასპორტობის გამო, პენსიასაც ვერ ვიღებდი. მათი დახმარებით მერე აქ, თავშესაფარში აღმოვჩნდი. ამ ადამიანების უზომოდ მადლიერი ვარ. სრულიად უცხო ხალხი დამიდგა გვერდში. 8 წელია, აქ ვცხოვრობ. თავშესაფარში თამთა დემურიშვილი დამხვდა დირექტორად. აქ შენობის ერთი ნაწილის რემონტი მე გავაკეთე და ამაში ადმინისტრაციამ ფული გადამიხადა. დღესაც, ჩემი ასაკის მიუხედავად, ვმუშაობ, ადმინისტრაცია არაფერს გვაკლებს. ამ ზაფხულს ურეკშიც დაგვასვენეს და მოხუცებს დაუვიწყარი დღეები გვაჩუქეს... მეც, სულ ვვარჯიშობ, თავს ვუვლი და ფორმაში ვარ, ვუსმენ მუსიკას და ვიხალისებ ცხოვრებას. წლებია, ქალიშვილს ჩემი ნახვა არ უცდია, რაზეც გული ძალიან მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება.

თეა ხურცილავა