"ხელთათმანმა "გადამარჩინა..." - გზაპრესი

"ხელთათმანმა "გადამარჩინა..."

ისტორიკოსი და ეთნოლოგი, ბევრისთვის საყვარელი პედაგოგი ვაკეში ცხოვრობდა. ქუჩაში არისტოკრატული მიხრა-მოხრით, თავისებური სიარულის მანერით იქცევდა გამვლელთა ყურადღებას. ეს გულკეთილი ადამიანი თბილი მზერით, თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მუდამ სიამოვნებით მთანხმდებოდა ინტერვიუზე, მით უფრო, თუ საუბარი ქართულ საბრძოლო იარაღს ეხებოდა. 1959 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქართული საბრძოლო საჭურვლის წარმოება საქართველოში" და მთელი ცხოვრება თავის უმთავრეს საქმედ ქართული საჭურვლის მოვლა-პატრონობას მიიჩნევდა.

ვიდეორგოლი

ალბათ, როცა კოტე ჩოლოყაშვილს ვიხსენებთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, წლების წინ შექმნილი ვიდეორგოლია, რომელშიც ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანია თავმოყრილი. კოტე 24 წლის ასაკში მოკლული მურმან ქართველიშვილის ვიდეორგოლის _ "სად მთავრდება უდაბნო და სად იწყება სამოთხე" მთავარი გმირია. სცენარის მიხედვით, ბოლოს ავტორი და კლიპის მონაწილე ეთნოლოგი ერთმანეთს მთაწმინდის პანთეონში, მამადავითის ეკლესიასთან ხვდებიან, ხელს ართმევენ და სანამ პერსონაჟი საფლავებს შორის უსასრულობაში დაიკარგება, კამერისკენ ტრიალდება და სევდიანად იღიმის.

შეცვლილი სახელი

კოტე ჩოლოყაშვილი 1922 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. პაპის სახელი _ დავითი უწოდეს, მაგრამ როცა ბავშვის დაბადებიდან ორ კვირაში 28 წლის მამა დაუხვრიტეს, დედამ და ბებიამ გადაწყვიტეს, ჩვილისთვის სახელი შეეცვალათ და ასე გახდა დავითი _ კოტე კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილი.

უფროსი კონსტანტინე ჩოლოყაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო, ქიზიყის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი. კახეთიდან თბილისში ეკატერინე ჩერქეზიშვილი დედამისთან, სოფიო ავალიშვილთან და ახალშობილთან ერთად ჩამოვიდა. "ხალხის მტრის" ოჯახს სხვებიც საფრთხეში რომ არ ჩაეგდო, ეკატერინემ არც ნათესავებს მიმართა დახმარებისთვის და ახლობლებთან კონტაქტსაც გაურბოდა. იმხანად თბილისში ერთი კახელი კაცი, პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი ცხოვრობდა. მან შეიფარა, საავადმყოფოში პატარა ოთახი გამოუყო და ქალს მედდის საქმე ასწავლა. ამ საქმეში ფულსაც უხდიდა და რამდენიმე წელი ასე გაჰქონდათ თავი.

"მოჩვენება ილია"

"ალექსანდრე ალადაშვილი გარეგნულად ძალიან ჰგავდა ილია ჭავჭავაძეს, სახეზე ხალიც კი იმავე ადგილას ჰქონდა, სადაც ილიას. ერთხელ, ავად გავხდი. ალადაშვილი ჩემს გასასინჯად მოვიდა. მეძინა და თვალი რომ გავახილე, ვიფიქრე, _ ვაიმე, ცუდადაა ჩემი საქმე. ეს ხომ ილია ჭავჭავაძეა-მეთქი. ექიმმა რომ გამსინჯა და წავიდა, ჩემს სანახავად მეგობრები მოვიდნენ. მათ ვუთხარი, იცით, ვინ იყო ჩემთან-მეთქი? რომ მოვუყევი, გაფართოებული თვალებით მომაჩერდნენ. ეტყობა, იფიქრეს, დამთავრდა, ცუდადაა ამის საქმეო", _ ღიმილით იხსენებდა კოტე ჩოლოყაშვილი.

სკოლა და დამრიგებლის სითბო

კლასში, სადაც კოტე სწავლობდა, ჯერ ორი იყო მამადახვრეტილი, 1937 წელს კი კლასში მომრავლდნენ რეპრესირებული ოჯახის შვილები. იმის მიუხედავად, რომ არც ისინი იყვნენ კარგ დღეში და ზოგიერთს ქმარი ჰყავდა გადასახლებაში, ზოგს შვილი და ზოგსაც _ ორივე ერთად, პედაგოგები მოზარდებს მზრუნველობას არ აკლებდნენ. განსაკუთრებით დიდი სიყვარულით იხსენებდა კლასის დამრიგებელს, ნინო მიქელაძეს, რომელიც ყველას ერთნაირად უნაწილებდა სიყვარულს. არც ბავშვები რჩებოდნენ ვალში და გარდა იმისა, რომ ქალს დიდ პატივს სცემდნენ, ყოველ ნინოობას მასთან ფიქრის გორაზე მიდიოდნენ, მისალოცად. ეს ტრადიცია პედაგოგის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. უკვე ზრდასრული მოსწავლეები, ხანდაზმულს ხშირად აკითხავდნენ, უვლიდნენ და ბოლოს, მათვე დაკრძალეს.

პირველი ხელფასი და დალაქავებული კოსტიუმი

როცა კოტეს მამიდას სამხედრო მეუღლე მოსკოვში სამუშაოდ გაგზავნეს, მან ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ბინის ერთი ოთახი კოტეს დედას საცხოვრებლად დაუტოვა. კოტე მეშვიდე კლასში იყო, როცა მუშაობა რეტუშორად დაიწყო. პირველი ხელფასი _ 25 მანეთი რომ აიღო, მეორე მამიდის შვილებიდან ერთ-ერთს, ქეთოს, რომლებსაც მშობლები დაპატიმრებული ჰყავდა, საჩუქარი გაუკეთა: მელიქ აზარიანცის სახლის ქვეშ მდებარე დიდ გასტრონომში ტორტი და კექსი უყიდა, პირველი ხელფასით შეძენილი ტკბილეულით იუბილარს მიადგა.

შემდეგში, როცა ეს გოგონა გათხოვდა, კოტეს სპარსეთიდან საკოსტიუმე ქსოვილი გამოუგზავნა. მკერავს კოსტიუმი შეაკერვინა და ახალი ტანსაცმლით ქუჩაში რომ გავიდა, ცოტა ხანში ყოფილ იმელის შენობასთან ქალი შენიშნა _ მას ხელში ბავშვი ეკავა, რომელსაც გატეხილი თავიდან თქრიალით სდიოდა სისხლი. კოტე მის დასახმარებლად მივარდა, ბავშვი გამოართვა და ყველაზე ახლო მდებარე, ამბოლატორიამდე ხელით ატარა. ბიჭი რომ ექიმებს გადასცა, ტანზე დაიხედა და მის ახალ კოსტიუმს არაერთგან აჩნდა სისხლის ლაქა. ბუნებრივია, კოსტიუმი აღარ ჩაიცმეოდა, მაგრამ გული არ დასწყდა. იმ წუთებში ყველაზე მთავარი წაქცევისას თავგატეხილი ბავშვის ჯანმრთელობა და დედამისის სიმშვიდე იყო.

პედაგოგები

დღევანდელი 53-ე და მაშინდელი 25 სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. კალათბურთს ვერის პარკში თამაშობდა და უნივერსიტეტშიც "ა" კლასის გუნდის წევრი გახდა. ხშირად ჰქონდათ გასვლითი თამაშები: მოსკოვში, ლენინგრადში, როსტოვში.

"უნივერსიტეტში ლექციებს ცნობილი მეცნიერები: ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა და სხვები გვიკითხავდნენ. ერთხელ, შევედი მუზეუმში, დგას ბატონი არნოლდი და ქრისტინე შარაშიძეს ესაუბრება. ეს ქალბატონი მენშევიკური მთავრობის ერთადერთი ქალი წევრი იყო. ბატონ არნოლდს მივესალმე, იმ დროს დედაჩემი ავადმყოფობდა და როგორც ჩანს, დეიდა ქრისტინეს ამის შესახებ ჩიქობავასთვის რაღაც უთქვამს. დედასთან რომ დავბრუნდი, მითხრა, _ ჩემს სანახავად არნოლდ ჩიქობავა იყო მოსულიო. ამაზე დიდი აღმზრდელობითი მოქმედება რა გინდა? აკადემიკოსმა კაცმა სტუდენტის დედა მოინახულა. ერთხელ საავადმყოფოში კიბეზე ვარლამ თოფურია შემხვდა. მკითხა, _ შენ აქ რა გინდაო? პასუხი რომ გაიგო, ისიც დედაჩემის მოსანახულებლად გამომყვა".

საჭურვლის მცველი

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში მუშაობა რომ დაიწყო, მაშინ დირექტორი შალვა ამირანაშვილი იყო. განსაკუთრებით ეთნოგრაფიული მიმართულებით ინტერესდებოდა და მალე იარაღის ფონდიც ჩააბარეს. ეთნოგრაფები: გიორგი ჩიტაია და მისი მეუღლე ვერა ბარდაველიძე კოტეს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ. ურჩიეს, დისერტაცია ამ განხრით დაეცვა და ასეც მოიქცა.

ოჯახი, ანუ ქეთო და კოტე

"ოჯახური ოპერეტაა რა, ქეთო და კოტე", _ ღიმილით ამბობდა, როცა მეუღლეზე ჰკითხავდი. ის და ქეთევან ქავთარაძე ერთ კურსზე სწავლობდნენ, მეგობრობდნენ, მაგრამ ერთმანეთი მაშინ "აღმოაჩინეს", როცა ქალმაც მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა. შეუღლებისას ორივე 25 წლის იყო. ახალგაზრდებს უჭირდათ და მუზეუმმა საჩუქრად მაგიდა უყიდა. ე.წ. აკადემიის სახლის მშენებლობა რომ დაიწყეს, სამოთახიანი ბინა კოტე ჩოლოყაშვილსაც გადასცეს. პირველი ვაჟი სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ამის შემდეგ ტყუპი შეეძინათ: ბიძინა და რუსუდანი.

"2 დეკემბერი იყო. დილით ავდექი, ჩავიცვი და გარეთ გავედი. სახლში მძინარე ორსული მეუღლე დავტოვე. გარეთ ძალიან ციოდა, ხელები გამეყინა. ხელთათმანების ასაღებად ავბრუნდი და ქეთოს ხმა შემომესმა, _ არ წახვიდე, კოტე, ცუდად ვარო.... ძლივს მივასწარით "ლეჩკომბინატში". ალბათ, რაღაც წინათგრძნობამ დამაბრუნა სახლში. გვერდით მეზობელი არ იყო, ქეთო წამოდგომასა და ვინმეს დასახმარებლად მოხმობას ვერ შეძლებდა. სახლში რომ არ ავბრუნებულიყავი, დაიღუპებოდნენ ისიც და ჩემი შვილებიც... ხელთათმანმა "გადამარჩინა".

"...ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კიდევ მაშინ, როცა პირველი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, ტყუპი შემეძინა", _ მითხრა 85 წლისამ, როცა მასთან შინ, ინტერვიუზე ვიყავი. იქვე შევთანხმდით, რომ მორიგი საუბარი ქართული ხმლის დამზადების საიდუმლოსა და იარაღის ოსტატებზე გვექნებოდა. ასეც მოხდა, დანაპირები შეასრულა.

კოტე ჩოლოყაშვილი ხუთი წლის წინ, შემოდგომაზე, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანა კალანდაძე