"მას ექიმმა მიაწოდა "წამალი", გადაღლილობასთან საბრძოლველად" - გზაპრესი

"მას ექიმმა მიაწოდა "წამალი", გადაღლილობასთან საბრძოლველად"

წერილში აღწერილი ამბავი დოკუმენტური მასალაა, უბრალოდ, უხერხულობათა ასაცილებლად, სახელებია შეცვლილი.

იას უნდოდა, რომ კახეთიდან გამოეღწია. მძიმე, სოფლური შრომა კი არ ეთაკილებოდა, უბრალოდ თვლიდა, რომ ამით წარმატებას ვერ მიაღწევდა. მშობლებმა მთელი სანაცნობო ჩართეს ისეთი ოჯახის მოძიებაში, რომელიც იას განათლების მიღებაშიც შეუწყობდნენ ხელს და თან, დაასაქმებდნენ. შორეულმა ნათესავმა მიიყვანა ერთ ოჯახში, სადაც მხოლოდ დედა-შვილი ცხოვრობდა. დედა (ასმათი) ასაკში იყო. თავის დროზე მის მზეს იფიცებდნენ ხორცკომბინატის, მეღვინეობისა თუ სხვა წარმოების ხელმძღვანელი მამაკაცები. ქალს სილამაზე ჰქონდა, კომუნისტ "საქმოსნებს" ფული და ვნება. ამ ვნების შედეგი იყო ასმათის ერთადერთი ასული, რომელიც გონებრივად შეზღუდული დაიბადა. უკვე 40 წლამდე იყო შვილი, თუმცა, მისი გონება საბავშვო ბაღის აღსაზრდელისას ვერ უსწრებდა. იას დაევალა, რომ ავადმყოფის მეურვეობა ეკისრა მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. სანაცვლოდ, ნოტარიული მტკიცებულებით დარჩებოდა ის ქონება, რასაც ასმათი ფლობდა. ნაქმრევებისა და საყვარლებისგან ლამაზ ქალს კონსერვატორიასთან ახლოს, უზარმაზარი სახლი დარჩა, ასევე, რამდენიმე კომერციული ფართი თბილისის პრესტიჟულ უბნებში, რეგიონში _ თითქმის უფუნქციო ოთხსართულიანი სასტუმრო, რომელიც ყოველდღიურად იძარცვებოდა და შემოსავალის ნაცვლად, ზარალი გახლდათ. წვრილმანი ფართები დროდადრო იყიდებოდა ოჯახის გამოსაკვებად.

იას საკუთარი ოჯახიდან ეძლეოდა სწავლის საფასური, კვებაც უზრუნველყოფილი ჰქონდა და მომხიბვლელი მომავლის იმედით დაიწყო მსახურება, რაც ძირითადად, ინვალიდ ქალზე ზრუნვით შემოიფარგლებოდა.

იამ სამედიცინო უნივერსიტეტი დაასრულა, ინგლისურიც ისწავლა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ნერვები უწვრილდებოდა უკეთესი მომავლის მოლოდინში. ერთ დღესაც, ასმათი ხერხემლის პრობლემით გადაიყვანეს საავადმყოფოში. იას ვერ გაეგო, რატომ მოხდა ასე... ბოლო დროს ახალგაზრდა კაცი სტუმრობდა დედა-დიასახლისს და ღამითაც მასთან რჩებოდა. საქართველოში ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდებიანო და სომხეთში უნდა წავიყვანოთო, _ გამოაცხადა ასმათის ახალმა თაყვანისმცემელმა. იას რა უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა? მალე მოამზადეს საბუთები, რეგიონში სასტუმროც ჩალის ფასად გაყიდეს და ასმათი სამკურნალოდ წავიდა ერევანში, საიდანაც სასიკეთო არაფერი ისმოდა. სომხურმა მხარემ იას რამდენიმე დღეში შეატყობინა, _ ეს ქალი აქედან წაიყვანეთ, არაა მოსალოდნელი მისი განკურნება, თან, თანხაც არ აქვსო. ჩავიდა ია ერევანში, სადაც საავადმყოფოს მიგდებულ პალატაში საცოდავად იწვა ასმათი. საყვარელს ფული მთლიანად აუღია და გადაკარგულა, ხოლო საბრალო ქალი უპატრონობისთვის გაუწირია! საქართველოში ავადმყოფის ჩამოყვანას კიდევ ერთი კომერციული ფართის გაყიდვა დასჭირდა. ასმათი კი სამშობლოში დაბრუნებიდან მოკლე ხანში გარდაიცვალა. შვილი ვერ ხვდებოდა, რატომ იყო დედამისი ასე ცივი და დაუშნოებული. დაკრძალვის დღეს არც ერთი ნაქმრევ-ნასაყვარლევი არ მისულა ასმათთან გამოსამშვიდობებლად...

იას პასუხისმგებლობები უფრო მეტად დააწვა: ავადმყოფს მარტო ვერ უვლიდა, ამიტომ და ჩაიყვანა თბილისში. თავად უკვე ანესთეზიოლოგად მუშაობდა, ზოგჯერ მთელი დღე ვერ შედიოდა შინ. როცა ბრუნდებოდა, ხედავდა, რომ სახლი თავდაყირა იდგა. რამდენჯერმე უცნობი ახალგაზრდებიც ნახა დასთან ერთად. იფიცებოდა და, მეგობრები არიანო, მაგრამ ნათელი იყო, რა მეგობრობასაც უწევდნენ ახალგაზრდები თავქარიან გოგოს. იამ მშობლებს შეატყობინა, _ ჩამოდით, შვილს მიხედეთო. მშობლებმაც მიხედეს: სასწრაფოდ რაიონში წაიყვანეს და მალევე გაათხოვეს, ანუ როგორც ჩვენში იტყვიან, პატრონს ჩააბარეს.

ამის შემდეგ მომვლელად ასაკში შესული, გამხდარი ქალი შეარჩია იამ. ახალგაზრდა ქალი უკვე ძალიან დაღლილი იყო და ნანობდა: ნეტავ, სოფლად ვყოფილიყავი, ასმათის ქონებას არ დავხარბებოდი, არც მესწავლა, ასე აჯობებდაო. გადაღლილს ხშირად, კოლეგები ეკითხებოდნენ, _ რა მოხდაო? მაგრამ პასუხი ყველასთვის იყო ერთი _ "არაფერი!"

საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი 50 წელს გადაცილებული, მაღალი, გამხდარი კაცი იყო. ძლიერი ექიმის სახელი ჰქონდა, კარგი გუნდიც ჰყავდა. ერთხელ ია დაიბარა კაბინეტში, გადაღლილობას წამლით თუ მოიხსნიო, უთხრა და ამპულა მიაწოდა. ავტორიტეტი იყო და უსიტყვოდ გამოართვა. მერე მოვიდა ცისფერი ბინდი, დასვენება და ღიმილი.

ამ დღის მერე ცდილობდა, თავი შორს დაეჭირა უფროსისგანაც და ნარკოტიკისგანაც, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხერხდებოდა. ახალგაზრდა მედპერსონალის უმეტესობა დამეგობრებოდა "კაიფს". ზოგჯერ პაციენტისთვის განკუთვნილ მორფინსაც "ტეხავდნენ" და მხოლოდ ნაწილს ახმარდნენ ტკივილისგან დატანჯულ ადამიანებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ნეტარებით მთვრალი პერსონალი ერთად მიეყრებოდა და ეძინათ სასწაული სიზმრებით გაჯერებულებს.

ერთხელაც, "კაიფის" გამო, მედპერსონალმა ყურადღება ვერ მიაქცია "პატრონიან" პაციენტს და გამოძიება დაიწყო _ განყოფილების უფროსის თანამდებობა შეეწირა ამ ამბავს. იმ დღეს დაიფიცა იამ, რომ არასდროს გაეკარებოდა ნარკოტიკს, მაგრამ მალევე მიხვდა, სიტყვას, რომელიც თავის თავს მისცა, ვერ შეასრულებდა. გამოსავალი სულის სიმშვიდისთვის მაინც იპოვა _ არ იკეთებდა და მხოლოდ სვამდა, ისიც იშვიათად.

ასმათის სახლისკენ გახედვაც აღარ უნდოდა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც შეივლიდა, საჭმლისა და კომუნალური გადასახადების ფულს დატოვებდა, მერე ვერცხლის ქუჩაზე ნაქირავებ თაგვის სოროსხელა ოთახში შეიკეტებოდა ტირილით. ტიროდა გაურკვეველ მომავალსა და წარსულ ძალისხმევას. ვიღაცამ ურჩია, _ საყვარელი მაინც გაიჩინე, განათლებული ქალი ხარ, ერთი შვილიც რომ გყავდეს, მაინც იმედიაო.

დის უზნეობა რომ ახსენდებოდა, კაცზე ფიქრიც არ უნდოდა. ამ დროს უკვე მის დას ორი შვილი ჰყავდა. ერთხელ ისიც კი უთხრა, შენს ქონებას ჩემი შვილების გარდა, ვის დაუტოვებო? _ ჯერ 30 წელს ახალი გადაცილებული ვარ, მეც ვეცდები ოჯახის შექმნასო, _ დის სიხარბემ გააფიქრებინა.

სოციალურ ქსელში გადახედა ახალგაზრდა კაცების ფოტოებს და ერთ ახალგაზრდა კაცზე შეაჩერა ყურადღება. თითქოს არც უპერსპექტივო იყო, იუმორიც გააჩნდა და განათლებაც. პოეზიის საღამოზე ინიციატივა აიღო და გამოელაპარაკა: "ფეისბუკიდან" გიცნობთო. მერე, რამდენჯერმე "შემთხვევით", გზად შეეჩეხა, კაფეში ყავაც დალიეს და იამ შეაპარა,_ რატომ არ ქორწინდები? ახალგაზრდა, მომხიბვლელი კაცი ხარო. კაცმა, თითქოს პოეტური პასუხი გასცა, _ დიდი ხანია, მწუხარებაზე დავქორწინდიო და რამდენიმე წინადადებით მოუყვა უიღბლო სიყვარულზე. იამაც გახსნა თავისი კარტები _ ეგონა, გულწრფელობა მომგებიანი იქნებოდა. რამდენიმე შეხვედრის მერე ისევ თავად თქვა, ოჯახი ხომ არ შეგვექმნაო? კაცმა გაკვირვებით შეხედა, თავისუფალი შეხვედრებისთვის მზად ვარ, თავისუფლებას კი ვერ დავთმობ, თან, "წამალს" ემეგობრები და პრობლემები არ მინდაო. შვილი მაინც გამაჩენინეო, _ უაზროდ ითხოვა ქალმა. შვილი, დიდი ალბათობით, ჯანმრთელი ვერ იქნება, ნარკომანი დედის გაჩენილიო, _ იყო პასუხი.

გზა არსაით იყო. ია ისევ საავადმყოფოში მუშაობს. კონსერვატორიის ახლოს, უზარმაზარ სახლში ისევ ცხოვრობს ბავშვად დარჩენილი ქალი, ჯერ ისევ იას ტვირთად ქცეული და სრულიად უდანაშაულო!

ია ახლა აღარ ეკარება "წამალს". არც კი იცის, როგორ დაანება თავი. იმასაც შეეგუა, რომ ოდესმე თბილისში, ასმათისეული უზარმაზარი სახლი საკუთრებაში გადაეცემა, რომლიც მის დისშვილებს დარჩება, რადგან შვილის გაჩენის პერსპექტივაც ნაკლებადაა.

ქვეყნად მრავალი გზაა და ვის რომელზე მოუწევს გავლა, არავინ იცის. არც იამ იცოდა, თუ ასე დაისჯებოდა ანგარებიანი ჩანაფიქრის გამო, მაგრამ თურმე, ყველაფერი ხდება... აწუხებს ის, რომ რამდენჯერმე პაციენტის კუთვნილი გამაყუჩებელი პრეპარატი გამოიყენა, მაგრამ ახლა ვერაფრით დააბრუნებს უკან წარსულს. ხელის წამშველებელიც არავინ ჩანს, აი, ისეთი, ერთ ახალგაზრდას რომ გამოუჩნდა ჩემი მეგობრის სახით. მართალია, ეს მიშველება ეპიზოდური იყო, მაგრამ მაინც!

გთავაზობთ მეგობრის მონათხრობს მცირეოდენი შესწორებით:

"ეს ამბავი დაახლოებით 20 დღის წინ გადამხდა. დიღმის მასივიდან დიდუბისკენ მივდიოდი ფეხით. ხიდის მოაჯირს უცნაურად ჩაბღაუჭებოდა და მტკვარს ჩასცქეროდა 35 წლამდე ასაკის, საკმარისზე მეტად სიმპათიური და ნაადრევად გაჭაღარავებული კაცი. ბარბაცებდა და თავს ძლივს იკავებდა. სასმლის სუნი არ ასდიოდა, უფრო _ "კაიფში" იყო.

დაახლოებით დღის 12 საათზე საკმაოდ ცხელოდა საიმისოდ, რომ ჭუჭყიანი მტკვრის ტალღების ცქერით ვინმე დამტკბარიყო. ჩემნაირმა არამკითხე მოამბემ და ექსპერიმენტების მოყვარულმა ნელ-ნელა ჩავუარე გვერდით. ისეთი ლამაზი და ნაღვლიანი თვალებით გამომხედა, მაშინვე მივხვდი, ძალიან უჭირდა. დაახლოებით ერთი მეტრის იქით გავჩერდი და მეც მოაჯირს დავეყრდენი, თან ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს. მის გასაგონად ჩავილაპარაკე: "ეჰ, მტკვარო, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი? მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!.." ამღვრეული თვალებით უცნაურად შემომხედა და თითქოს, სიცოცხლის ნაპერწკალი ჩაუდგა. მკითხა: გიყვარს პოეზიაო? _ კი. განსაკუთრებით, რომანტიკოსები. მე ხომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ-მეთქი და თან გადავიკისკისე, მისი ნდობა მოვიპოვე, მერე კი მივუახლოვდი და ლაპარაკი გავუბი. საკმარისზე მეტად განათლებული იყო. ისე უჭირდა ფეხზე დგომა, მოაჯირს ხელს არ უშვებდა. მთლად უცხოს ბევრი რამ შემომჩივლა და მათ შორის, ისიც, რომ სახლში წასვლა აღარ უნდოდა, რადგან იქ ყველას სძულდა. თითქმის ნახევარი საათი მოაჯირს დაყრდნობილები ვსაუბრობდით. ბოლოს, ხელკავი გამოვდე და ნახევრად ბრძანების კილოთი ვუთხარი, _ წამო, სახლამდე გამოგყვები. აბა, ვნახოთ, თქვენებს მეც თუ შევეჯავრები-მეთქი. ნელი ბარბაცით გამომყვა. ქვემოთ, სანაპიროსკენ ჩავაცილე... რვასართულიანი კორპუსის ეზოში ბიჭები მიესალმნენ. აქ ვცხოვრობო. არ მიკითხავს არც სახელი, არც გვარი. მეორე სართულამდე ავიყვანე და თავის კართან მხოლოდ მაშინ დავემშვიდობე, როცა საკეტმა გაიჩხაკუნა. სწრაფად მოვდიოდი და ვფიქრობდი, _ რამხელა ბოროტებაა, როცა ასეთი ლამაზი და განათლებული ბიჭები ასე უბრალოდ იღუპავენ თავს, მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდით დარდის გამზიარებელი არავინ ჰყავთ-მეთქი და უცებ, ჩემი შვილი გამახსენდა, რომელსაც რამე თუ გაუჭირდება, დედამიწის მეორე მხრიდან ნებისმიერ დროს მირეკავს და საათობით მელაპარაკება... და თითქოს, რაღაც ჩამწყდა.

ვიცი, იმ დღისით, იმ ხიდზე მიმავალმა ადამიანების ნახევარმა მაინც, ჩემთვის არასასურველი მარკა მომაკრა და სამარცხვინო ბოძზეც გამაკრა, მაგრამ არა უშავს. მე ხომ იმ დროს ვიღაცას ცხოვრების ტვირთი შევუმსუბუქე. თუმცა, საკუთარ თავს მაინც ვუბრაზდები: როგორც პროფესიონალმა ფსიქოთერაპევტმა, რატომ მკურნალობა არ შევთავაზე? ვითომ, შემეშინდა მარკებისა და სხვისი აზრის?"

როლანდ ხოჯანაშვილი