აშიმშილებს თუ არა "სუნიანი ხოჭო" დასავლეთ საქართველოს - გზაპრესი

აშიმშილებს თუ არა "სუნიანი ხოჭო" დასავლეთ საქართველოს

"დღე და ღამე ერთნაირად გვძულს... ეს საშინელი, სუნიანი მწერი მუდმივად თავს დაგვბზუის. საჭმელს ღიად ვერ ვტოვებთ, ბავშვები შეშინებულები არიან... რამდენიმეს უკბინა და ნაკბენი მთელი დღე ეწვოდათ. ჭირნახული უკვე გამოვიგლოვეთ, ახლა მასობრივად სახლში შემოდიან. ეტყობა, გამოზამთრებისთვის თბილი გარემო სჭირდებათ"... - ამბობს ჩვენთან საუბარში ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი, ხატია აფხაზავა.

ახალი არ არის, რომ მთელი დასავლეთი საქართველო ახლა აზიურ ფაროსანას ებრძვის, თუმცა, ჯერჯერობით, ფაროსანა გამარჯვების შანსს არავის უტოვებს. ადგილობრივები ამბობენ, "ამერიკული პეპლის" შემდეგ, ასეთ სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვყოფილვართო. მოსახლეობი თქმით, პარაზიტთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია არაეფექტიანია და მიუხედავად იმისა, რომ 50 000 ჰექტარზე მეტი ფართობი ქიმიურად დამუშავდა, მავნებლის გავრცელებას ამანაც ვერ შეუშალა ხელი, რადგან ზამთარში მხოლოდ ერთჯერადმა შეწამვლამ შედეგი ვერ გამოიღო...

ამჟამად სამეგრელოსა და გურიის რეგიონს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი სტუმრობს. უცხოელი სპეციალისტის თქმით, საქართველოს კლიმატურ პირობებში, წელიწადის განმავლობაში, მავნებელს სამი თაობა შეუძლია ჰყავდეს. წლევანდელმა გვალვამ მათ გავრცელებას ერთი-ორად შეუწყო ხელი...

კრავჩუკის თქმით, ფაროსანა აშშ-ში 2001 წელს გავრცელდა და მომდევნო წლებში, შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობას 21 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.

ნანი დარასელია, ანაკლიის მკვიდრი:

- ასეთი მკვდარი და ჩავარდნილი სეზონი არ გვახსოვს. არ ვიცით, რისი იმედი უნდა გვქონდეს. დამსვენებლები, თხილი და სიმინდი უკვე ჩაჰბარდა წარსულს... ალბათ ციტრუსზეც გადავა ეს მავნებელი, არც ფეიხოასა და მანდარინის იმედი გვაქვს... ხალხს ბანკის ვალები აქვს აღებული, უმძიმესი ვითარებაა... ვისაც მიწის ნაკვეთი და საოჯახო სასტუმროები არ ჰქონდა, თხილს აგროვებდნენ და დღიურად 30 ლარს იღებდნენ, ახლა კი, თხილი არავის სჭირდება.

ნოდარ ჯანაშია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მკვიდრი:

- თხილი რომ გააოხრა და დაალპო, ახლა სხვა ჭირნახულსაც მიადგა, - სიმინდის იმედად ვიყავით. ამას წინათ წავედი ყანაში, ბავშვებს მოვუხარშავ-მეთქი. "სუნიანი ხოჭოს" ბზუილი რამდენიმე მეტრიდან გავიგონე. უკვე მივხვდი, რა სურათიც იქნებოდა, მაგრამ იმედი მქონდა, მხოლოდ ჩალა იქნებოდა დაზიანებული. ნაქურჩელა გავხსენი და კინაღამ გავგიჟდი, - ერთ ტაროს ათზე მეტი ხოჭო ჰყავდა დასეული... ეტყობა, რამდენიმე თაობის გამოჩეკას ასწრებს. სულ პატარებიც იყვნენ, მწვანეები... იგივე მდგომარეობაა ბოსტანში - კიტრი და პომიდორი, ლობიო, წიწაკა, ბადრიჯანი, ყველაფერი მოსპო და გააფუჭა... ნაყოფი და ფოთლები გამოჭმულია, ტოტი დაზიანებული... იგივე ითქმის ხეხილზეც. ხილი არ იჭმება. ერთმანეთს ვეკითხებით, - რისთვის უნდა იწვალო და იშრომო სოფელში, თუ ხილსაც ვერ შეჭამ და შენი სიმინდიც არ გექნება?

- ადგილობრივ ხელმძღვანელობას არ მიმართეთ?

- კი, ერთხელ შეწამლეს და ცოტა ხანს სული მოვითქვით, ძველი თაობა დახოცეს, მაგრამ კვერცხის დადება იმათ ხომ მოასწრეს და ამ გვალვებში ერთ კვირაში ისევ იფეთქა... ახლახან კიდევ მივმართეთ, - რამე გვიშველეთო, მაგრამ სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. ზოგმა გვითხრა, - ეს ჩვენი საქმე არ არის, თავად მიხედეთო. თავად როგორ მივხედოთ, ეზო და სახლი ერთნაირად სავსეა მწერებით. ღამე სახლში შუქს ვერ ვანთებთ, ოთახი მაშინვე ხოჭოებით ივსება... ჩემი მეზობლისთვის უთქვამთ, დავდივართ მანქანებით და თქვენთანაც მოვალთო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოაღწიეს და ამასობაში შეჭამა ყველაფერი... ზამთარში რომ მოვიდნენ, რაღად გვინდა?

ია დარჩია:

- აქ, ჩვენთან ახლოს იტალიელებს თხილის პლანტაცია აქვთ გაშენებული. 49-წლიანი იჯარით აიღეს მიწა და ადგილობრივი მუშახელი დაასაქმეს. ხალხს, ასე თუ Uისე, შემოსავალი ჰქონდა, დღეში 30 ლარს იღებდა... ახლა ისინიც ძალიან ცუდ დღეში არიან, თავის დროზე, ამის გამო დავტოვეთ იტალია და საქართველოში წამოვედითო. იქ ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომ ადგნენ და მთლიანად გაჩეხეს პლანტაციებიო... იქ დალაგებული ქვეყანაა, სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებდნენ, ჩვენთან ვინ მოჭრის? რომ მოვჭრათ, მერე რა დავრგოთ? ხოჭო ყველაფერს ჭამს... ჩემს ოჯახს გალშიც აქვს ნაკვეთი და იქ საერთოდ მიწასთან გაასწორა ყველაფერი. აქ ჯერჯერობით მთიანი სამეგრელო გადარჩა, იქ ვერ ააღწია. აფხაზეთში კი, მთიანი ტერიტორიებიდან წამოსულა, - 2015 წელს სოჭში ოლიმპიური თამაშები რომ ჩატარდა, რუსეთს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ხეტყე აზიური ქვეყნებიდან გამოუზიდავს. ჰოდა, მაგას გამოჰყვა ეს საშინელი ხოჭოც და იქიდან აფხაზეთში გავრცელდა. ჩემი ახლობლების თქმით, იქ წელიწადში რამდენჯერმე, რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერტმფრენით წამლავს. წელსაც შეწამლეს, მაგრამ არ ვიცი, მუტაცია განიცადა თუ რა ქნა, ის ეფექტი არა აქვს...

- მოსავალი გალის რაიონშიც გაანადგურა?

- დიახ, ყველაფერი, განსაკუთრებით კი, თხილი და სიმინდი გააფუჭა... ადრე, ვიდრე მხოლოდ ენგურის ხიდის გადასასვლელს დატოვებდნენ, ხალხს ჭირნახული იქიდანაც გადმოჰქონდა, სათბურში მოყვანილი, წელს, 7 საათის მერე ეს გზაც დაკეტილია, სხვა ყველა გადასასვლელი შეისწავლეს და რუსი ე.წ. მესაზღვრები დგანან დაგეშილი ძაღლებით და ვინ გაბედავს გადმოპარვას. ენგურიდან კი, იმხელა გადასახადია ტვირთზე, თავად არაფერი რჩებათ... არ მინდა, ძალიან ბევრი წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ სოციალური აფეთქების პირას ვართ. არავინ და არაფერი არსებობს ჩვენთვის. 90-იანი წლების შემდეგ, ასეთი სიდუხჭირე არ გვახსოვს...

საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით, უკომენტაროდ ტოვებს შეკითხვას, განიხილავს თუ არა დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხს და როგორ მოხდება ზარალის შეფასება?

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ლიპარტიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები მასობრივად ტარდება.

- ვინ თქვა, რომ არაფერს ვაკეთებთ? სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში 53 ათასი ჰექტარი არის უკვე დამუშავებული. ამ ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აზიური ფაროსანას პოპულაცია... რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, ეს თავად მოსახლეობის მოსაგვარებელია... საჭირო იყო სამჯერ შეწამვლა, რაც მოსახლეობის ვალდებულებაა. შეუძლებელია, დიდ ფართობზე ერთ კვირაში სახელმწიფომ ჩაატაროს რამდენიმე მავნებლისა და დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიება. ამიტომაც, ადრე გაზაფხულზე ვინც სამჯერ შეწამლა პლანტაცია, მოსავალიც შეინარჩუნა... აუცილებელია ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა, ხმელი ტოტების მოშორება, დამპალი ფოთლების გატანა და ასე შემდეგ, რადგან ამ ფოთლებში სოკო ადვილად იბუდებს. თუ ფერმერმა თავისი კუთვნილი ნაკვეთი საფუძვლიანად დაამუშავა, მეზობლების მიწებზე დაბუდებული დაავადებები მას ვერ დააზარალებს.

როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ვკითხე, რატომ არ რეკავენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ცხელ ხაზზე, გურია - 16 006; სამეგრელო - 16 600; იმერეთი - 16 601; სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01 (ზარი უფასოა), მათ მიპასუხეს, რომ რეგიონების მიხედვით მითითებულ ნომერზე არაერთხელ დაურეკავთ, მაგრამ არავინ უპასუხა...

გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და სამეგრელოს ხაზზე თავადაც დავრეკე.

მცირედი ინტერვალებით, თითქმის ერთსაათიანი მცდელობის მიუხედავად, მართლაც არავინ მიპასუხა, რის შემდეგაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურში - 15 01-ზე დავრეკე. ოპერატორმა გოგონამ ჩემი მისამართი, პირადი და მობილურის ნომერი ჩაინიშნა და მითხრა, რომ შესაბამის სამსახურს გადასცემდა.

ჩემს კითხვაზე, - ინდივიდუალური გამოძახების გარეშე დადიან თუ არა შესაბამისი სამსახურები, მან მიპასუხა, რომ დადიან და თერმულად წამლავენ გარემოს. თუმცა, ცოტა მანქანა ჰყავთ და ამიტომ დროულ რეაგირებას ვერ ახერხებენ. ინდივიდუალურ გამოძახებებს კი ინიშნავენ და ცდილობენ, უყურადღებოდ არ დატოვონ, მაგრამ დღის განმავლობაში ჩემ მიერ მითითებულ მისამართზე არავინ მისულა...

როგორც ჩანს, სახელმწიფოს ისევ არა აქვს პრიორიტებები სწორად დალაგებული. ახლა, როდესაც მთელი დასავლეთი საქართველო შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას, კითხვაზე - რატომ ვერ გამოყვეს საკმარისი მანქანები და კადრი, რათა პრობლემა დროულად მოგვარდეს, პასუხი არავის აქვს...

ლალი პაპასკირი