ქართველი მოსწავლეები დელავერის უნივერსიტეტის პროექტის ელჩები გახდნენ - გზაპრესი

ქართველი მოსწავლეები დელავერის უნივერსიტეტის პროექტის ელჩები გახდნენ

16 წლის ამირან აფციაურისა და 15 წლის გიორგი შელეგიას ერთობლივმა გამოგონებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. მათი პირველი გამოგონება იყო პორტატიული ელექტროგენერატორი სამაჯურში. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომელიც აკუმულირდება და USB-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტსა და სხვა გაჯეტებს. ამ გამოგონებისთვის "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდნენ. გახდნენ Intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელებიც და კონკურსზე მიიწვიეს: . Intel ISEF ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტების საერთაშორისო კონკურსია, რომლის შესარჩევი ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 მილიონ სკოლაში ჩატარდა. . Intel ISEF-2016 ამერიკაში, ფენიქსში გაიმართა და მასში მონაწილეობდა 75 ქვეყნის 1800-მდე მეცნიერ-გამომგონებელი, 800 განსხვავებული პროექტით. საქართველოს სახელით "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობდნენ...

ბიჭებს ხუთი გამოგონება აქვთ: პირველი - სამაჯური და ქამარი იყო. თუ ადამიანი ორივეს ერთდროულად ატარებს, სიარულის დროს ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს და შეგროვებული ენერგიით ტელეფონის დამუხტვა შეუძლია; მეორე გამოგონებაა ყუთი, რომელიც ასევე ნებისმიერ ვიბრაციაზე იტენება; მესამე და მეოთხე გამოგონებებია ჩაფხუტი და კეპი, რომლებსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ. ჩაფხუტს სამი რეჟიმი აქვს: მაგალითად, ცეცხლთან დადებ და ტელეფონი დაიტენება, მეორე რეჟიმით, თავიდან გამოყოფილი სითბო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მესამე რეჟიმით კი ჩაფხუტში დამონტაჟებული მაცივარი ირთვება და სიცხეში თავს აგრილებს; ბოლო გამოგონებაა ფანჯრის ჩარჩო, რომელიც სიცივისა და სითბოსგან ელექტროენერგიას გამოიმუშავებს... შეგვიძლია ჩავრთოთ ლეპტოპი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ავანთოთ შუქი, დავტენოთ ტელეფონი და ასე შემდეგ.

ლევან ჯალიაშვილი საქართველოდან შერჩეული 2017 წლის "ბრილიანტის გამოწვევის" ფინალისტი გუნდის ლიდერია. სამი მოსწავლე, რომელმაც ამერიკის უნივერსიტეტის განსაკუთრებული დამოკიდებულება დაიმსახურა, არიან: გიორგი შელეგია, ამირან აფციაური და ლევან ჯალიაშვილი.

დელავერის უნივერსიტეტის HORN-ის პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილია "ბრილიანტის გამოწვევის" პროექტი. მისი შექმნის მთავარი მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევების, განათლებისა და პროექტების მხარდაჭერა მსოფლიოს მაშტაბით. კონკურსი იმართება ყოველ წელს და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 100 ათას დოლარს. "ბრილიანტის გამოწვევის" კონკურსს საქართველო 2014 წელს შეუერთდა. კონკურსი იმართება ბიზნეს და სოციალური პროექტების მიმართულებით. პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ქართველი ახალგაზრდები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და წარადგენენ საკუთარ პროექტებს, ვინაიდან ეს არის "ბრილიანტის გამოწვევა" - შექმნა საკუთარი წარმატება იდეით.

უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს აკისრებს იმ პირებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში იქნებიან დელავერის უნივერსიტეტის - HORN-ის პროექტების ელჩები. მსოფლიოს მაშტაბით სულ 17 ელჩი შეირჩა, აქედან გამონაკლისია მხოლოდ საქართველო, რომელსაც 3 ელჩი ჰყავს. როგორც პროექტის მენეჯერმა რეიჩელ ემილი სტრაუსმა აღნიშნა, მოსწავლეების გამოცდილების, გამორჩეულობისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით არჩევანი ერთ კანდიდატზე ვერ შეაჩერეს და გიორგი შელეგია, ამირან აფციაური და ლევან ჯალიაშვილი არიან 2018 წლის "ბრილიანტის გამოწვევის" ელჩები.

გამორჩეული სტატუსი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ახალგაზრდებისათვის და მნიშვნელოვან ძალისხმევას გულისხმობს: იყვნენ ლიდერები, წამყვანი ძალა, მეკავშირეები და საზოგადოებასთან ურთიერთობის განმვითარებლები HORN-ის მეწარმეობის მხარდამჭერ გუნდსა და Dიამონდ ჩჰალლენგე-ის მონაწილეებს შორის.

მათ უნდა უზრუნველყონ სისტემატური განახლებები და ვირტუალური თუ პირადი შეხვედრები HORN-ის პროგრამის კოორდინატორებთან. წარმართონ Diamond Challenge-ის სოციალურ მედიასთან ურთიერთობა სიახლეების სისტემატური მიწოდებით, მოახდინონ ყოველთვიური კონკურსების ინიცირება Dიამონდ ჩჰალლენგე-ის მონაწილეთა შორის, უზრუნველყონ მათთვის Diamond Challenge-ის გამოცდილების გაღრმავება, ვორკშოფებისა და მასტერკლასების ჩატარებით...

"ეს ნამდვილად დიდი პატივი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, პროექტის მაშტაბებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, შევძლებთ სათანადო პარტნიორების მოძიებას. შეიძლება ითქვას, ეს არის შესაძლებლობების გამოწვევა, - ამბობს გიორგი შელეგია.

წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ გამომგონებლებს!

მანანა გაბრიჭიძე