კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები - გზაპრესი

კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები

შესაძლოა ითქვას, რომ დატირების კლასიკოსები არიან მეგრელი ქალბატონები და როცა ამ საკითხზე მომიწია საუბარმა, მეგობარმა მითხრა: ერთი კაცი მყავდა მეზობლად, გვარად თოლორდავა, რომელმაც ორჯერ იქორწინა, პირველად მეგრელზე, მეორედ კახელზე და დაკრძალვის დღეს უნდა გენახა, როგორ ეჯიბრებოდნენ ნაცოლარები ერთმანეთს დატირებაშიო. უბრალოდ, ბოლოს მაინც უღიარებია კახელ დედაკაცს, - მეგრელმა მაჯობა, ორ ენაზე შესტიროდა სამძიმრის სათქმელად მოსულებსო.

ქვემოთ მონათხრობის ავტორმა მთხოვა, თუ ჩემი მონაყოლის გამოქვეყნებას დააპირებ, ინკოგნიტოდ დამტოვეო. მეც დავპირდი და თეას მონათხრობს ოდნავი ცვლილებებით გადმოგცემთ.

"სამეგრელოში (მგონი გურიაშიც) უპატივცემულობად ითვლება ხმის ამოუღებლად მიცვალებულის დასაფლავება. სულ უყველაო და უყველაფრო მიცვალებული რომ იყოს, ვინმე ხანში შესული შავოსანი, ტირილსა და მოთქმას შეჩვეული, მაინც დაიტირებს მადლიანად და ზარით შეეგებება გამოსამშვიდობებლად სამძიმარზე მოსულთ... თავისას იტირებს მეტად, მაგრამ მკვდრისასაც იტყვის. სულ რომ არ აპირებდეს, მშრალთვალება სტუმარს მდუღარე ცრემლებს დააყრევინებს. რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი, ბევრს ღიმილს მოჰგვრის.

მამაჩემის ძმა - რევაზი ბიძია უშვილძიროდ გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ იქორწინა. ვერ ვიმახსოვრებდით და გვერეოდა ბიცოლების სახელები. გარკვევით მხოლოდ პირველი მახსოვს და მიყვარს განსაკუთრებულად. ბიძა ალალი, კეთილი, პეპელასავით ერთი დღით მცხოვრები, მაგრამ უაღრესად გულთბილი და უბოროტო ადამიანი იყო. სულ ახალგაზრდა, 55 წლამდე ასაკისა გარდაიცვალა რუსეთში, მაღალი წნევისგან. ცხონებულს დამტირებელ-ჭირისუფალი ვინ ეყოლებოდა, ჩვენი ოჯახის მეტი და ჩვენთან ჩამოასვენეს.

არც მიფიქრია არანაირ ხმის ამოღებაზე, თუმცა, სულ სლუკუნითა და გულწრფელად დავიტირე ბიძა ჩამოსვენებამდე. ჩამოსვენების მერე წარმოიდგინეთ ასეთი მომენტი, ოჯახის ქალები: მე, ჩემი და და დედა შევყურებთ უსიტყვოდ მიცვალებულს და ვზვერავთ ერთმანეთს, - აბა, ვინ ამოიღებს ხმას და შემოსძახებს საჭირისუფლო ზარს. თხოვნა, მუდარა, მუქარა - ყველაფერი ერთდროულად იკითხებოდა სამივეს მზერაში. მთელი უბანია მოგროვილი, შორეული თუ ახლო ნათესაობა უყურებს თუთიის კუბოს, რომლითაც ჩამოასვენეს რევაზი ბიძია. შევხედე ხალხს და დამბურძგლა. გამშრალი იცდის ყველა. სამარისებური სიჩუმეა. 500-600 ადამიანი ან მეტია გაყუჩებული. დიდი ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი და ვერ ვყლაპავ. ახლა, ამ ამბის გახსენებაზე, სულ ჟრუანტელი მივლის.

დედაჩემი რძალია და მოგეხსენებათ, რძლების ამბავი, მაზლისთვის რომელს მოუკლავს თავი? ჩემს დაიკოს გადავხედე და ცარცის ფერი ადევს, ცოტა ხანში თავად იქნება შესაცხადებელი. მხრებში მობუზული, გამხდარი მამაჩემი დგას შორიახლო, უცებ დაბერებული და დაჩიავებული დატუქსული ბავშვივით... არ ვიცი, რა უფრო ადარდებდა იმწუთას, ძმის სიკვდილი თუ ოჯახის საქალეთის დამუნჯება!

ყველაფერი უნებლიეთ მოხდა. ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას. არ გაიცინოთ-მეთქი, რატომღაც გავაფრთხილე გვერდში მდგომნი და დავიწყე! არ ვიცი, რა იყო ეს... თავისით მოდიოდა სიტყვები, ფრაზები, ინტონაცია და რაც მთავარია, არანაირი სიყალბე! ცოტა ხანში გულჩვილი დედაჩემი ამყვა ზლუქუნით, მეზობლებიც და ჩემს დასაც მოვკარი თვალი, როგორ გავიდა ოთახიდან, თუმცა, ისიც ატირებული! ჭირისუფლის თვალი ყველაზე მახვილია და შევამჩნიე, ყველაზე უტირალი, სოფლის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ჩამოგორებული კურცხლებიც. სახეშემჭკნარი მოხუცი კაცებიც კი ლოყაზე წარამარა ისვამდნენ ხელს ცრემლის მოსაწმენდად. ზოგადად, სრულიად სადედაკაცო რა ზრუნს უშვებდა პირიდან, ეგ ცალკე სალაპარაკო თემაა! სახეს ვერ ვხედავდი და ხმით მივხვდი, 80 წელს გადაცილებული, მთელი უბნის ბებიად აღიარებული ოლღაც როგორი გულწრფელობით მოთქვამდა ბუშმალის ჩრდილქვეშ.

მოკლედ, ყველაზე ჭირვეულმა, პრანჭია და მეტიჩარა თეამ ყველაზე მაგრად "ჩავატარე" ტრადიციული შეცხადების რიტუალი და თუ გგონიათ, ამით დამთავრდა ყველაფერი? მაგარ შარში ამოვყავი თავი! მოგეხსენებათ, სამეგრელოში მიცვალებულს ერთი კვირა ტირიან. ყოველდღე, საპატიო ყარაულივით, მარტო ვიდექი შავებში ჩაცმული და გრამი მაკიაჟის გარეშე (რაც მანამდე დაუჯერებელი მეჩვენებოდა), მოსამძიმრეებს "გმირული" ტირილ-ზლუქუნით ვხვდებოდი.

ყოველ ნაშუადღევს, როცა ბიძაჩემის "დასაფასებლად მოდიოდნენ", ხან ერთი ახლო ნათესავი შემოვარდებოდა და მეტყოდა: "ე, ჯარის ამხანაგები მოდიან, თქვი ორი სიტყვა", ხან მეორე მითავაზებდა მუჯლუგუნს: "გოგო, მეზობლები შემოდიან"; "ე, გოგო, გაღმა საჯიჯაოდან მოდიან და შენ იცი"... მეც თავგამოდებით ვასრულებდი პირველი მოტირალის როლს!

ეს ის დრო იყო, როცა არ ვიყავი კარგად. ქმარი უტარო დანასავით იყო გადაკარგული სადღაც, ვალებში ვიხრჩობოდი. ვხვდებოდი, რომ ცხოვრებას უკიდეგანო მღელვარე ოკეანეში მივყავდი მაშველი რგოლის გარეშე, თან იხტიბარს არ ვიტეხდი და ბიძასთან ერთად, ტირილის ეშხში შესული, გამოგიტყდებით, ჩემს თავსაც გემრიელად დავტიროდი... ასეულობით ნაცნობმა და უცნობმა დაიტირა ბიძია რევაზი ჩემი "სოლისტური" დატირების გამო. ისე გულამოსკვნით მოვთქვამდი, მამაჩემი დღემდე იძახის, - სიკვდილის აღარ მეშინია, იმნაირ ცრემლს გამაყოლებო...

ჩემი "მოღალატე" დაიკო მესამე დღეს თბილისში გაიქცა სამსახურში, ბოლო ორი დღე სოფლის მოხუცი ქალები და დედაჩემის დედა, მარგო ბებია შემომეშველნენ ტირილში. გულში კმაყოფილებას ვგრძნობდი, ბიძაჩემი რომ ვიტირე წესების დაცვით, უცოლშვილო, ბედოვლათი ბიძაჩემი...

გასვენების დღეს მოხდა სასწაული. ანგელოზი, შველივით მაღალფეხება და დამფრთხალი გოგონა, შვლის ნუკრის თვალებით შემოვიდა, ტირილითა და წითელი ვარდებით. ეს გოგონა პირველი ბიცოლას მიერ აყვანილი შვილი იყო. ბიძაჩემმა იუკადრისა სხვისი შვილი და მიატოვა ბიცოლა ისე, როგორც სხვა მომდევნო ბიცოლები. მთელი ცხოვრება საკუთარ შვილს ნატრობდა. აქამდე ამ გოგონაზე მხოლოდ მსმენოდა. გაოგნებული, გამშრალი ხალხის თვალწინ გოგონამ წითელი ვარდები დადო საგულდაგულოდ მორთულ კუბოზე და დაემხო ბიძაჩემის უსულო სხეულს. თურმე, ბიცოლას სულ კეთილი და ტკბილი საუბრებით გაუზრდია. ეს იყო დიდსულოვნების უდიდესი, უპრეცედენტო მაგალითი. საწყალ ბიძას დაუმსახურებელი, მხურვალე, გულწრფელი ცრემლები გაჰყვა უარყოფილი შვილისგან. მერე რა, რომ სხვისი შვილი იყო?!.

მიყვარდა ბიძა, როგორც ყველა ნათესავი, მაგრამ ვერასდროს დავიჯერებდი, რომ მე და მისი უნახავი გოგონა დავიტირებდით ისე, რომ ქვა და ღორღს ავაცრემლებდით. ამ ჩემს დატირებაში იყო რაღაც გადაჭარბებული, გროტესკულიც და ირონიაც, მაგრამ მიყვარს მეგრული ტრადიციები, მიყვარს ეს სასაცილო, ბევრისთვის ყბადაღებული ადათ-წესები...

იმ ამბებს რომ ვიხსენებ, ბოლომდე არ მჯერა, რომ მე ვიყავი ის ქალი, რომელმაც ბიძა ასე "მეგრულად" და "ხარისხიანად" დაიტირა. იმ დღეს პირველად ჩავიხუტე შვლის ნუკრივით გოგონა, ჩემი ბიძაშვილი. დავკარგე ბიძა და ვიპოვე ბიძაშვილი! რა საოცარია ყოველივე ეს. ალბათ, უფალმა დამანახვა, რომ სიცოცხლე გრძელდება, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მეშვეობით! ღვიძლი შვილი რომ მოსულიყო და ეტირა ბიძაჩემის გარდაცვალება, ასე არ დაეთუთქებოდა გული ხალხს. არც არაფერი მოუხდებოდა საწყალ კაცს ისე, როგორც კეთილ სიცრუეში გაზრდილი ახალგაზრდა ქალის ცრემლები და მისგან მოტანილი წითელი ვარდების კონა!

პ.ს. პირველი ბიცოლა დაკრძალვას არ დასწრებია. არც არასდროს მიკითხავს მისთვის, რატომ არ მოჰყვა შვილს იმ მძიმე დღეს..."

როლანდ ხოჯანაშვილი