გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძის "ო­პი­უ­მი" - გზაპრესი

გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძის "ო­პი­უ­მი"

პროფესიით გზების მშენებელია, მაგრამ საზოგადოება იცნობს როგორც მომღერალს. რუბრიკის სტუმარი ჯგუფ "ურსას" წევრი, გიორგი ძოწენიძე გახლავთ. მისი საყვარელი ავტორი აკა მორჩილაძეა. წიგნი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა - "ყვავილები ელჯერნონისთვის".

- ამჟამად პროფესიულ ლიტერატურას უფრო ვკითხულობ. პიარისა და მარკეტინგის სფეროში დავიწყე საქმიანობა და მის განვითარებაზეც ვზრუნავ.

ბავშვობაში წიგნის სამყაროში ჩემი მეგზური დედა იყო. როცა კითხვით ვიღლებოდი ან მეზარებოდა, ის მიკითხავდა. დედა გამუდმებით ცდილობდა, ჩემთვის წიგნები შეეყვარებინა. ახლა იმავე მეთოდით ჩემს ძმისშვილთან "მუშაობს".

ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ავტორი აკა მორჩილაძეა, თავისებური ხელწერითა და თანამედროვეობის საინტერესო ხედვით მიზიდავს. საერთოდ, თანამედროვე მწერლობა უფრო მიზიდავს, ვიდრე - კლასიკა.

არ ვიცი, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე რამდენი წიგნი წამიკითხავს, მაგრამ დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის" ის ნაწარმოებია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველას ვურჩევ წაიკითხონ, საინტერესოა.

საკუთარი თავი ტომ სოიერისთვის არაერთხელ მიმიმსგავსებია. ბავშვობაში ძალიან ცელქი და თავგადასავლების მოყვარული ვიყავი. ამ ასაკშიც, შესაძლებლობების ფარგლებში ვცელქობ ხოლმე. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიძმაკაცებდი ნოდარ დუმბაძის იანგულისთან. კარგი პერსონაჟია, მისი მსგავსი ადამიანები დღესაც არიან. დუმბაძის შემოქმედებაში ბევრი ისეთი პერსონაჟია, რომლებთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი.

ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა, ამის თქმა ძალიან მიჭირს. ყველა? არა, ყველა არ შემიყვარდებოდა. მეხსიერებას ნამდვილად არ ვუჩივი, წაკითხული იოლად მამახსოვრდება. ის, რაც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, გამორიცხულია, ოდესმე დამავიწყდეს.

- "ყველა ქართული მელოდია მარტივი, წყნარი და სევდიანიცაა. ადამიანმა შეიძლება საათობით ისმინოს და არ იგრძნოს დაღლილობა. ისინი ადამიანს უგალობენ ნანას, მაგრამ ძილს კი არასოდეს მოჰგვრიან, აავსებენ ოცნებით, მაგრამ ამასთანავე, ამყოფებენ სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში", - წერდა ფრანგი მწერალი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ. ვინ იყო ის?

- არ ვიცი.

- ალექსანდრე დიუმა. ამ სითხეს ბერძენი ჰიპოკრატე მედიკამენტის სახით არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რომელ სითხეზეა ლაპარაკი?

- ღვინოზე?

- დიახ. "დამისხი, დამალევინე,/ ე ღვინო ოხერ-ტიალი/ ეგება წაღმა ვიფიქრო/ სოფლის უკუღმა ტრიალი!/ ეგება გულის ვარამი/ ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,/ თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,/ ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია". ამ ლექსს "ქეიფი" ჰქვია, ვინ არის მისი ავტორი?

- ვაჟა-ფშაველა.

- კლასიკური ნიუიორკული საუზმე გულისხმობს 3 ელემენტს. ერთი არის ცხელი, მეორე - თბილი, მესამე - ახალი. ცხელი ეს ყავაა, თბილი - ფუნთუშა. რა არის ახალი?

- ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ, ჩემს პროფესიასთან კავშირშია. ის აუცილებლად ახალი უნდა იყოს, ძველს ფასი აღარ აქვს.

- გაზეთი?

- დიახ, გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი". რაფიელ ერისთავის რომელ ცნობილ ფრაზას უწოდა გაზეთმა "დროებამ" მეთერთმეტე მცნება?

- ვერ ვიხსენებ.

- "როგორც..."

- (მაწყვეტინებს) "...როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა".

- ვინ არის ფილმ "გიორგი სააკაძის" რეჟისორი?

- მიხეილ ჭიაურელი.

- ვინ ასრულებს პაატა სააკაძის როლს ბავშვობაში?

- არ ვიცი.

- მერაბ კოკოჩაშვილი. ყველას გვახსოვს ფრთიანი გამონათქვამი: "რელიგია - ეს ხალხისთვის ოპიუმია". რომელი სიტყვით შეცვალა სიტყვა "რელიგია" ნიქსონმა?

- არ ვიცი.

- ტელევიზია. შენთვის რა არის "ოპიუმი"?

- ბევრი რამ, მაგრამ ყველაზე მეტად მუსიკა.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. ბოლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- უნდა დავფიქრდე.

- მიგანიშნებ, მავნე ჩვევაზეა ლაპარაკი?

- თამბაქოს მწეველებს ახდევინებდნენ.

- რამდენი წლის იყო თამარი, როცა მამამ მეფედ აკურთხა?

- 12 წლის.

- ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. "საბრალო საბერძნეთი!" მან სიკვდილის წინ, ბოდვისას ეს სიტყვები წარმოთქვა. დაასახელე ეს პოეტი.

- ჯორჯ ბაირონი.

- "მომეცით ცარიელი გალერეა და მე გავავსებ მას", - რომელ ცნობილ მხატვარს ეკუთვნის ეს სიტყვები?

- პაბლო პიკასოს.

- "ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს, არც ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას". რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- კამათლის მოპირდაპირე მხარეებზე ამოტვიფრულ ციფრთა ჯამი ერთი და იგივეა. რამდენია იგი?

- 7.

- ამ ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორის შემადგენლობაში შედის. ამ ტყეს ხშირად "მსოფლიოს ფილტვებსაც" უწოდებენ.

- ამაზონის ტყე.

- დიახ. ადამიანის რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?

- არ ვიცი, თუმცა ექსტრიმის მოყვარული ვარ.

- თირკმელზედა ჯირკვალი. სიცოცხლის ბოლო წლებში რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ჩარლი ჩაპლინი?

- შვეიცარიაში.

- რომელი ქართველი მწერალი მოღვაწეობდა გერმანიაში?

- გრიგოლ რობაქიძე.

- რომელ ყვავილად გადაიქცა ჭაბუკის გარდაცვლილი სხეული, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს და საკუთარი თავი შეაყვარეს?

- ნარცისად.

- რა წარმოიშობა წვიმის წვეთებში სინათლის სხივების გარდატეხისა და დაშლის შედეგად?

- კრისტალები.

- ცისარტყელა. რომელი მთების პატივსაცემად ეწოდა მთამსვლელობას ალპინიზმი?

- ალპების.

- ჟორჟ სიმენონი - კომისარი მეგრე, ართურ კონან დოილი - შერლოკ ჰოლმსი... რომელი ლიტერატურული გმირი უკავშირდება აგათა კრისტის სახელს?

- ერკიულ პუარო.

- რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ცნობილი კურორტები - ნიცა და კანი?

- ხმელთაშუა ზღვის.

- რომელი ფრინველი დებს კვერცხს სხვის ბუდეში?

- გუგული.

- რომელი ცხოველი ზრუნავს თავის ნაშიერზე ყველაზე დიდხანს: დათვი, კატა თუ სპილო?

- დათვი.

- ცდები, პატარა სპილო დედასთან თითქმის 10 წლის მანძილზე რჩება. ვინ არის ავტორი მემორიალისა - "კიდევაც დაიზრდებიან"?

- მერაბ ბერძენიშვილი.

- რას ეძახდნენ ახალდაქორწინებულებს მთიულეთში?

- არ ვიცი.

- ახალყოილნი. ქრისტიანული მსოფლმხედველობით, მაცხოვრის მიერ დაწესებულია 7 საიდუმლოება: ნათლისღება, სინანული, მირონცხება, ზიარება, მღვდლობა, ზეთის კურთხევა და... დაასახელე მეშვიდე საიდუმლოება.

- ჯვრისწერა ანუ ქორწინება.

- მზის სისტემის რომელი პლანეტა ანდომებს ღერძის გარშემო შემობრუნებას ყველაზე მეტ დროს?

- ვენერა, ასეა?

- დიახ. ის ყველაზე დიდი სახელმწიფოა, თითქმის მთელი კონტინენტი უკავია. ტერიტორიის დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა და მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყლები აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება. დაასახელე ეს სახელმწიფო.

- ავსტრალია.

- სანამ მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, ადამიანებისთვის სასურველი არ იყო. პირიქით, მათ დაბალ წარმომავლობასა და მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია და მოდიდან მალე გადავაო. ის დღესაც მოდაშია. ამით თავს ბევრი ადამიანი იწონებს, განსაკუთრებით - ზაფხულზე. რაზეა ლაპარაკი?

- გარუჯვაზე.

- დაბოლოს, დაასრულე დოსტოევსკის ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდათ, კარგად გაიცნოთ ადამიანი, მიაქციეთ ყურადღება არა იმას, თუ როგორ ლაპარაკობს იგი, როგორ ტირის ან როგორ აღელვებს კეთილშობილი იდეები. დააკვირდით მას, როდესაც ის..."

- "...როდესაც ის იცინის".