არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი ძმე­ბის გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხის დამ­დ­გე­ნი ანა­ლი­ზა­ტო­რი - გზაპრესი

არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი ძმე­ბის გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხის დამ­დ­გე­ნი ანა­ლი­ზა­ტო­რი

ძმებმა, გიორგი და კოსტა ბუთბაიებმა, ღვინის შემადგენლობისა და ხარისხის დამდგენი პორტატული ანალიზატორი გამოიგონეს, რომელსაც დღემდე არსებულ ფიზიკურ-ქიმიურ ლაბორატორიულ ანალიზებთან შედარებით, არაერთი პრივილეგია გააჩნია. სკოლის მოსწავლე გამომგონებელმა ძმებმა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ანალიზატორის სახით უკვე მესამე პროექტი წარადგინეს და პირველი კატეგორიის პრიზი - ოქროს მედალი მოიპოვეს.

- რატომ შეარჩიეთ საკონკურსო თემად ღვინო და მისი ანალიზი?

გიორგი ბუთბაია:

- გვინდოდა, პროექტისთვის საჭირო და გამოსაყენებელი ხელსაწყო შეგვექმნა. რაც შეეხება ღვინოს, საქართველო ღვინის ქვეყანაა. ამიტომაც შევჯერდით ამ თემაზე.

- თქვენი შექმნილი ხელსაწყო როგორია და რით განსხვავდება ანალიზის ეს მეთოდი დღემდე არსებული მეთოდებისგან?

- ეს ღვინის პორტატული ექსპრესანალიზატორია მოლეკულურ-ვიბრაციული (რამანის) სპექტროსკოპიის გამოყენებით. მთავარი განმასხვავებელი დღემდე არსებული მეთოდებისგან ისაა, რომ ღვინის პორტატული ექსპრესანალიზატორი არ შედის ნივთიერებასთან უშუალო კონტაქტში და შესაბამისად, არ ცვლის ან აზიანებს მის შემადგენლობას. ლაზერულ-სპექტრული ანალიზი და ღვინის შემადგენლობაში არსებული ორგანული ნივთიერებების განსაზღვრა დასაკვირვებელი ღვინის ნიმუშთან შეხების გარეშე ხორციელდება. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკაში ღვინის ანალიზისთვის ლაბორატორიებში სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური ანალიზური მეთოდების გამოყენება, მათ შორის, აბსორბციული სპექტროსკოპია და ელექტროქრომატოგრაფიაა დანერგილი. პრაქტიკაში დღემდე გამოყენებული მეთოდებისაგან განსხვავებით, ამ ანალიზატორს არ სჭირდება სპეციალური გარემო პირობების შექმნა და ის ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს. ხსენებული მეთოდებით ანალიზის ჩატარება მნიშვნელოვან დროს მოითხოვს, ჩვენ მიერ შეთავაზებული მეთოდი კი ბევრად სწრაფია - მისი საშუალებით ღვინის ხარისხის შესამოწმებლად მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო. გარდა ამისა, გამოყენებული ანალიზური დანადგარები არაკომპაქტურია და მათი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აჭარბებს.

- როგორც აღნიშნეთ, ხელსაწყოს ბევრი პრივილეგია გააჩნია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად სრულად ანაცვლებს ის დღემდე არსებული მეთოდების, ლაბორატორიული კვლევების შედეგებს?

კოსტა ბუთბაია:

- მართალია, ლაბორატორიულ დანადგარების საშუალებით ჩატარებული კვლევა უფრო ღრმა და დაწვრილებითია, თუმცა, ძირითადი ინფორმაცია ერთი და იგივეა. წარმოდგენილი ექსპრესანალიზატორის საშუალებით ღვინის ნიმუშის ვიბრაციული სპექტრული ანალიზი ხდება, რომლის შედეგადაც მიღებული მონაცემები მასში შემავალი ორგანული ნივთიერებების კონცენტრაციებზე მიუთითებს. ამავე დროს, ექსპრესანალიზატორით შესაძლებელია ღვინო-მასალის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ღვინო-მასალის გადამუშავებით მიღებული ღვინის ხარისხობრივი მახასიათებლების წინასწარი შეფასება ნეიროქსელური პრედიქტორების გამოყენებით.

- ღვინის ლაზერულ ანალიზატორს მსოფლიოში ანალოგი თუ გააჩნია?

- არ გააჩნია. როგორც მოგახსენეთ, მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები გამოიყენება. მეთოდები, რომელიც შესასწავლ მასალას აზიანებს.

- ღვინის სპეციალისტებს თუ წარუდგინეთ და მათი მხრიდან რაიმე დაინტერესება თუ მოჰყვა?

- დაინტერესება დიდი იყო და დაპატენტებასაც ვაპირებთ, თუმცა, ჯერჯერობით, მის დახვეწაზე და სხვა, ახალ პროექტზე ვმუშაობთ.

შორენა ლაბაძე