"საშუალება არ მქონდა, შვილი გვერდით მყოლოდა"
font-large font-small
"საშუალება არ მქონდა, შვილი გვერდით მყოლოდა"

მაგდა ვასაძის ოჯახური იდილია და შვილისგან მოძღვნილი საჩუქრები

მაგდა ვასაძის ცხოვრება იოლი არ ყოფილა: მომღერალმა ბევრი გზა გაირა, იბრძოლა მატერიალური დამოუკიდებლობისთვის, შვილის გვერდით ყოფნისთვის, ოჯახური იდილიისთვის... დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მაგდასთან "ქალურ-დიასახლისურ" საკითხებზე საუბარი საინტერესო აღმოჩნდა...




- ყოველთვის ვწუხდი იმის გამო, რომ მეუღლეს დიდ ყურადღებას ვერ ვუთმობდი, რადგან "გუფილენდთან" ერთად, ბევრი კონცერტი მქონდა, სახლში თითქმის არ ვიყავი. ბედნიერებაა, როცა ქმარ-შვილთან ერთად ატარებ დროს. მაგალითად, მე და გიორგი საჭმელს ერთად ვამზადებთ ხოლმე... მოკლედ, ოჯახური იდილია ძალიან დამაკლდა. ერთად დასასვენებლადაც ვერ მივდიოდით, ახლა უკვე მივდივართ.

- თავად მიიღე გადაწყვეტილება, რომ მუშაობის განრიგი შეგეცვალა?

- დიახ. ბენდში უკვე ძალიან გადავიღალე. ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ შვილს ბევრ დროს ვერ ვუთმობდი. უბრალოდ, ბენდთან მუშაობისას თავად არ ვწყვეტდი, სადმე სამღერად წავიდოდი თუ არა - ამას მენეჯერი და გუფი წყვეტდნენ. მაგალითად, როცა ვიცოდი, ვისვენებდი, მატყობინებდნენ, რომ კაჭრეთში ან სადმე შორს მივდიოდით (იცინის). მსგავსი რაღაცები უცებ, დაუგეგმავად ხდებოდა. ცოტა არ იყოს, ასეთ რეჟიმს მივეჩვიე, მაგრამ ბოლოს მივხვდი - ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მეუღლე მეუბნებოდა, - იქნებ დაფიქრდეო? ყოველ შემთხვევაში, გადავწყვიტე, ბენდიდან წამოვსულიყავი.

- შენ შესახებ ბევრი ჭორი გსმე­ნია?

- სხვათა შორის, არა. მგონი, ჩემი ცხოვრება ძალიან საჭორაო და სკანდალური არ არის (იცინის). პატარ-პატარა ჭორები ყოფილა, მაგრამ სკანდალური არასოდეს არაფერი გამიგონია.

- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?

- რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ შინაგანად ყველა ქალი სექსუალურია. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გამოიყურება, რა აცვია და ა.შ. ყველა ქალს შარმი დაბადებისთანავე აქვს. შეიძლება, მაგალითად, მე ვერ შევნიშნო, მაგრამ მის გვერდით მყოფი მამაკაცი შენიშნავს. ხომ ამბობენ, - ვაიმე, ეს მახინჯი ცოლად როგორ მოიყვანაო? იმიტომ მოიყვანა, რომ ის ქალი იმ მამაკაცისთვის სექსუალურია, ძვირფასია. "არასოდეს თქვა არასოდეს", - ეს ფრაზა ძალიან მიყვარს და ხშირად ვამბობ...

- "ბიჭი ჯობია", "გოგო ჯობია" - ასეთი ფრაზები თქვენი ოჯახური წყვილის შესახებ თუ უთქვამთ?

- ჩემთვის პირადად არ უთქვამთ, მაგრამ "ფეისბუკზე" მოუწერიათ: შე ასეთო და ისეთო, გიორგი რა კარგი ბიჭიაო! გიორგისაც იმავეს სწერდნენ... ვიღაც მწერდა, - შენ ხარ დივა და გვერდით ბევრად "დიდი" მამაკაცი გჭირდებაო (იცინის)... რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ჩვენი - ჩემი და ჩემი მეუღლის საქმეა. ერთმანეთს ვჭირდებით და ერთად ბედნიერად ვართ.

- როდის გააცნობიერე, რომ მომ­ხიბვლელი ქალი ხარ?

- არასდროს მიფიქრია, რომ მომხიბვლელი ქალი ვარ. ყველაფერი ეტაპობრივად "წავიდა". მცირე ასაკში, ჩემს თავზე ვარცხნილობების კეთება მიყვარდა. მეკითხებოდნენ, - თმა ასე ვინ გაგიკეთა, დედაშენი სალონში მუშაობსო? 15 წლის ვიყავი, როცა სტუდენტი გავხდი. მანამდე არც თმას ვიღებავდი, არც წარბს ვიღებდი და არც მაკიაჟს ვიკეთებდი. თუმცა, სკოლაში სწავლის პერიოდში, შეყვარებული უკვე მყავდა ანუ ვიპრანჭებოდი, მაგრამ ქალურად - არა. ახლა 14 წლის ბავშვს რომ შეხედავ, 25 წლის ქალივით გამოიყურება... ქალურად გაპრანჭვა დაახლოებით 17 წლიდან დავიწყე.

- ეჭვიანი ხარ?

- საერთოდ, როცა გიყვარს, ეჭვიანი ხარ. ყოველთვის ვამბობ, - მირჩევნია, მწარე, მტკივნეული სიმართლე ვიცოდე, ვიდრე დამიმალონ. თუკი ფაქტის წინაშე დავდგები, რაღაც არ მომეწონება, ყოველთვის პასუხს ვითხოვ. არ ვიცი, ამას თუ ეჭვიანობად ჩათვლით... წყვილს შორის მთავარი ურთიერთგაგებაა. მიყვარს კიდეც, როცა ჩემი მეუღლე ხანდახან წაიეჭვიანებს და მეტყვის - იქით რატომ გაიხედეო? ადამიანი ზედმეტად, ავადმყოფურად ეჭვიანი არ უნდა იყო - ეს ურთიერთობას ანგრევს.

- მეხუთე წელია, შენ და გიორგი ერთად ხართ. ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისი შეგქმნიათ?

- კი, ძალიან ბევრჯერ. ხომ იცი, თავდაპირველად, როცა გიყვარდება, "ზეცაში ადიხარ და აღარ ჩამოდიხარ". რა თქმა უნდა, მერე და მერე, კრიზისიც "მოდის". შეიძლება, ელემენტარული რამის გამო გვიჩხუბია. ერთი პერიოდი, მართლა კატა-თაგვივით ვიყავით, მაგრამ რაკი ჩვენმა ურთიერთობამ დროს გაუძლო, უკვე ნამდვილი სიყვარულია - დღესდღეობით ერთად ძალიან კარგად ვართ.GzaPress

- ოჯახურ კრიზისებს დამოუკიდებლად უმკლავდებოდით? ფსი­ქო­ლოგის დახმარება დაგჭირდათ?

- ხანდახან ერთმანეთისთვის გვი­თქვამს, - აუ, წადი ფსიქოლოგთან, იმკურნალეო. პასუხად მიგვიღია: - მარტო მე კი არა, შენც უნდა წა­მოხვიდეო. ამ თემაზე ყოველთვის ვკინკლაობდით, მაგრამ არსად წავსულვართ - პრობლემები დამოუკიდებლად გადავლახეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ყვირილი და "ყეფით" ლაპარაკი ძალიან ცუდია, წყვილს შორის რაღაც გაუგებრობა ყოველთვის არის. ვცდილობთ, ერთმანეთს წყნარად, მშვიდად ავუხსნათ, რა შეცდომა დავუშვით. პრობლემებს ასე უფრო იოლად ვართმევთ თავს - ვხვდებით, რა დავაშავეთ და ბოდიშსაც ვიხდით.

- გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისას მეუღლის აზრს ითვალისწინებ?

- საერთოდ, ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე... მაგალითად, მითხრა, რომ დრედების გაკეთებას აპირებდა, მაგრამ არ ვიცოდი, როდის. ერთხელაც გიჟივით დამადგა თავზე - ნაწნავები ჰქონდა! შოკი მივიღე... ახლა უკვე მოიხსნა... გიორგის ძალიან მოსწონდა, როცა ქალს შავი თმა ჰქონდა და მთხოვდა - აბა, მოდი, თმის ადრინდელი ფერი დაიბრუნეო. რომ დავიბრუნე, არ მოეწონა - ისევ ის ფერი ჯობია, რაც ბოლოს გქონდაო (იცინის). საბოლოო ჯამში, თმა "გადავიბუგე", მაგრამ სასურველი თმის ფერი დავიბრუნე... მოკლედ, პირველ რიგში, ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ.

- მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდები?

- ზოგჯერ არავის ნახვა, არავისთან კონტაქტი არ მინდა. უბრალოდ, ბევრი ფიქრის მერე, ვდგები და საკუთარ თავს ვეუბნები: ეს ფიქრები დასრულდა, ხასიათზე მოდი-მეთქი. ყოფილა შემთხვევა, მეგობრები ჩემთან მოსულან, დავმსხდარვართ, ყავა ან ლუდი დაგვილევია. ჟრიამულში, ლაპარაკში ნელ-ნელა უსიამოვნო მდგომარეობიდან გამოვსულვარ. დეპრესიული განწყობა არ მქონია - მაქსიმალურად ვცდილობ, ცხოვრება ლაღად გავატარო, რადგან ისედაც ძალიან ხანმოკლეა.

- სადაქალო როგორ ერთობით? ხშირად იკრიბებით?

- თბილისში ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, ქობულეთში უფრო მეტთან ვმეგობრობ, განსაკუთრებულად - მაგდასთან და შორენასთან. ფაქტობრივად, მე და მაგდა გიორგაძე ერთმანეთთან ვცხოვრობთ: ხან ისაა ჩემთან სახლში, ხან მე - მასთან. დავყვები, სადაც მღერის... ერთმანეთს მონატრებულები ვართ. საუბრით ენა გვაქვს გადატყავებული, არ ვჩერდებით. მაგდა ჩემი სისხლი და ხორცია. ბავშვობიდან ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებს... თბილისში მეგობრები ძირითადად, ჩემთან არიან: მე და გიორგის დიდი სახლი გვაქვს და ვცდილობთ, ყველა ჩვენთან მოვიყვანოთ. აივანიც გვაქვს და ხან იქ "ავლაგდებით" ხოლმე. ჩვენი სახლი ყოველთვის სავსეა მეგობრებით.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- არა. შეიძლება, რაღაცის გამო შეწუხებული ვყოფილვარ, მაგრამ იმის დრო არა მაქვს, რომ სასოწარკვეთილი ვიჯდე. სულ "გადარბენაზე" ვარ. თუ მივხვდი, რომ დასვენება დიდხანს გამიგრძელდა და სხვა ფიქრებზე "გადავერთე", მაქსიმალურად ვცდილობ, საქმე გამოვნახო და ყურადღება გადავიტანო.

- რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოს?

- ფიცხი ვარ. კონკრეტულობა ძალიან მიყვარს. როცა ოჯახში ვიბარებ, - ხვალ იქ მივდივარ-მეთქი და მეორე დღეს მეკითხებიან, სად მიდიხარო? უკვე ვბრაზდები. ხომ უნდა დაიმახსოვრონ (იცინის)?

- სიბრაზეს როგორ გამოხატავ?

- ცოტათი მკაცრი ტონით. როცა ადამიანს რაიმეს ვპირდები, აუცილებლად უნდა შევასრულო და სხვისგანაც იმავეს ვითხოვ.

- მომავალს გეგმავ?

- საერთოდ, მომავალს არ ვგეგმავ. ძალიან ბევრი გზა გამოვიარე: ჯერ გავთხოვდი, მერე მუშაობა დავიწყე. დაბალხელფასიანი სამსახურიდან მაღალხელფასიანში გადავედი, შემდეგ ისევ უკან დავბრუნდი, რადგან პირობები არ მაკმაყოფილებდა. თბილისში ისე წამოვედი, საერთოდ არაფერი მებადა - მეგობართან ვცხოვრობდი. ნელ-ნელა ყველაფერი აეწყო, ყველაფერს ალღო ავუღე. ალბათ, ბრძოლა ვისწავლე. მცირე ასაკის აღარ ვარ, რომ რაღაცებმა შემაშინოს. ვცდილობ, ფათერაკებით არ ვიცხოვრო.

- გქონია პერიოდი, როცა მატერიალურად მთლიანად მეუღლეზე იყავი დამოკიდებული?

- არასოდეს, არც პირველ ქორწინებაში და არც - მეორეში. საკუთარი შემოსავალი ყოველთვის მქონდა. ახლა მე და გიორგი ერთმანეთზე დამოკიდებული, "აწყობილი" ვართ და ეს ძალიან მომწონს. მანამდე ძირითადად, ყველაფერს მარტო ვაკეთებდით, ახლა "ხელჩაჭიდებულები" ვცდილობთ, მატერიალურად გავმაგრდეთ.

- შენს 11 წლის ბიჭუნასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ქობულეთში გაიზარდა, რადგან როცა თბილისში წამოვედი, საშუალება არ მქონდა, შვილიც წამომეყვანა და გვერდით მყოლოდა. ჩემს მშობლებთან იზრდებოდა. ბოლო 1 წელია, რაც ჩემთან ერთად, თბილისში ცხოვრობს. ძალიან საყვარელი და ერთგული ბიჭია. მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ერთად რომ ვცხოვრობთ.

- რადგან შენ გვერდით არ იზრდებოდა, თქვენს ურთიერთობაში გაუცხოება ხომ არ იგრძნობოდა?

- არა, სხვათა შორის... იმ პერიოდში, მამამისი უკრაინაში წავიდა, მე - თბილისში წამოვედი. ბავშვს დედ-მამის ყურადღება ერთდროულად მოაკლდა. ცხადია, ჩემი მშობლები ზრუნვას არ აკლებდნენ, მაგრამ ლუკას დედასთან ყოფნა უნდოდა. ყოველ დღესასწაულზე მისალოც ბარათს მწერდა - დედა, ერთად როდის ვიცხოვრებთ, თბილი სახლი როდის გვექნებაო? წერილის გვერდით სახლი ეხატა. ასე რომ, ყოველი დღესასწაული ჩემი ტირილით სრულდებოდა, რადგან ამ ბარათებს ვნახულობდი (იღიმის)... ყოფილა შემთხვევა, ლუკას ჩემი მეგობრისთვის უკითხავს, - ხვალ "დედის დღეა" და დედას რა ვაჩუქოო? ჩემს მეგობარს უთქვამს, დაგეხმარებიო. ლუკას ქოთნით ყვავილი მოუტანია და ბედნიერი სახით ჩემთვის უჩუქებია. უხარია, როცა სიურპრიზებს მიწყობს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ნებისმიერ საკითხზე შევთანხმდეთ...


ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქალი ჟურნალისტის არაჩვეულებრივი თავგადასავალი
ვინ არის პოეტი, რომლის სარკაზმიც ბევრს განწყობას უფუჭებს
"კინოსტუდიიდან გამოსულმა ორლულიანი თოფებით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა დავინახე..."
გულისამაჩუყებელი ამბები იმერეთიდან
შესაცვლელი "წითელი პასტა" და ატესტატის გარეშე დარჩენილი მოსწავლის აღსარება
რეჟისორი, რომელსაც თეატრის გამო ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გაუფუჭდა
"მამა გემზე რომ მსახურობდა, ეს ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა..."
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
ექთანი - "მის მკერდის" სტატუსით
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
1 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
3 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
5 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
14 კომენტარი