"ბალერინის" უცნაური ავადმყოფობა - გზაპრესი

"ბალერინის" უცნაური ავადმყოფობა

ფაქტობრივად, სიკვდილს გამოექცა სამშობლოდან. უცხო ქვეყანაში დედასთან ერთად ჩამოსულს, ძალიან გაუჭირდა და შიმშილით გასძვრებოდათ სული, 16 წლის გოგო 34 წლის გერმანე ოსიპოვს, იმ დროისთვის მდიდარ ვაჭარს რომ არ მოხვედროდა თვალში. გერმანემ ეკატერინეს, რომელიც სასწრაფოდ თავის გვარზე გადმოიყვანა, რათა რომანოვებთან კავშირი სამუდამოდ გაეწყვიტ-დაემალა, როიალიც კი უყიდა და რადგან ეკატერინე ბალეტსაც მშვენივრად ცეკვავდა - "დენს-კლასიც" გაუხსნა დიდი სახლის პირველ სართულზე...

გერმანესა და ეკატერინეს სამი ვაჟი შეეძინათ, გოგონაზე ოცნება კი მხოლოდ შვილიშვილის დაბადებამ აუხდინა ქალს. ჰოდა, მისი აღზრდა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. პატარა კატოს წიგნის კითხვას იმდენად არავინ სთხოვდა, რამდენადაც მუსიკისა და ცეკვის სწავლას.

ცეკვის ნიჭი უფრო აღმოაჩნდა. ბებია დარწმუნებული იყო, რომ მას დიდი მომავალი ელოდა ბალეტში და ვინც კატოს ცეკვას ნახავდა, ყველა ეთანხმებოდა, რადგან სცენაზე მოფარფატე ფრთიან ელფსა და პეპელას ჰგავდა...

ჯერ პაპა გერმანე დაიღუპა. გოგონა 10 წლის იყო, ბებია ეკატერინეც რომ გაუყვა სამოთხის გზას... მერე მის მშობლებსაც აერიათ ურთიერთობა: დედა სახლიდან გაიპარა და სხვას გაჰყვა; ქალის ღალატით განრისხებულმა მამამისმაც მალე შეირთო მეორე ცოლი და როცა დედინაცვალს საკუთარი შვილები გაუჩნდა, კატო აშკარად, მეორეხარისხოვანი გახდა. ვიღას ეცალა მისი ბალეტისთვის? არადა, გოგო ისევ ბებია ეკატერინეს გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა - ქუჩაში მიმავალიც კი უბრალოდ არ ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს მიწას არც ეხებოდა, ისე დაფარფატებდა... წესით, ასეთი ჰაეროვანი არსება ჯუჯღუნაანთ მიხას არც უნდა მოსწონებოდა, მაგრამ ბედისას ვინ რას გაიგებს?!

მიხა ოცი წლის ასაკშიც ღიპიანი და ლოყებღაჟღაჟა იყო. როგორც კი სასოფლო საქმეებს მორჩებოდა, მოწეულ მოსავალს "ტაჩკაზე" დააწყობდა და სავაჭროდ მთელი შემოდგომა-ზამთარი დადიოდა ქალაქში, ეზო-ეზო. განსაკუთრებით, კატოს ეზოში შესვლა უყვარდა. ხშირად ხედავდა აივანზე მოცეკვავე გოგოს, რომელიც ფეხის წვერებზე ტრიალებდა მოაჯირს მოჭიდებული და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა. არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რომ თუ მოცეკვავეს დედინაცვალი წაასწრებდა, წყევლა-კრულვით შეაგდებდა შინ...

ერთხელაც, დედინაცვალმა ეზოში გამოგზავნა ატირებული გოგო და გოგრის ყიდვა დაავალა:

- გოგრა და ჯანდაბა შენს ამტირებელსა! - დაიროხროხა მიხამ: - წამო, მე გამამყე და მთელი ცხოვრება ჩემს ხელისგულზე იცეკვე, თუ გინდა! - შესთავაზა იმდენად მოულოდნელად, რომ თავადაც გაუკვირდა. უფრო გასაკვირი კი კატოს თანხმობა იყო:

- წამოვალ. მე იმათ არ ვუყვარვარ, არ ესმით ჩემი! - სახლისკენ გაიქნია თავი. დაუსკუპდა მიხას "ტაჩკაზე" და ბიჭსაც ბევრი არ უფიქრია, სახედარს მათრახი გადაჰკრა...

მაშინ კატო 16 წლის იყო, ისევე, როგორც მისი ბებო ეკატერინე, მაგრამ მისთვის არც როიალი უყიდია ვინმეს და არც "დენს-კლასი" გაუხსნიათ...

დედამთილს გული გაუხდა ცუდად კაფანდარა გოგოს დანახვაზე, - ამან ჩვენს ყანა-ვენახში რა უნდა აკეთოსო?!

მამამთილმაც ხელი ჩაიქნია:

- ჩემმა შვილმა უტვინობით თავი დაიღუპა და ჯიშიანი ქალის ნაცვლად, პეპელა მოიყვანა...

სცადეს მისგან "ქალის გამოზრდა", მაგრამ როცა კატო ვენახშიც პოულობდა ცეკვის დროს და საბაბს, ყანაშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბოსელშიც, ხელი ჩაიქნიეს და დედამთილი ქუჩაში მიმავალს თუ უჩქმეტდა: ხალხის დასანახავად მაინც ნუ კუნტრუშებ, ისედაც მთვარეულს და გიჟს გეძახიანო...

ოთხი შვილი გააჩინა კატომ: ორი ბიჭი და ორიც - გოგონა. ოთხივე მიხას ჯიშზე წავიდა - სქელები იყვნენ, ჩადგმულები. სცადა კატომ გოგონები მაინც დაეყენებინა ფეხის წვერებზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დედამთილს უხაროდა: პატიოსანი ხალხი ვართ და ღმერთმა არ გაგვწირა, შვილები დედას არ დაემსგავსნენო... თავს იმშვიდებდა - ასაკი მოემატება და დადინჯდება, წლების სიმძიმე ფეხის წვერებზე დგომასაც მოაშლევინებსო, მაგრამ 30 წლისაც ჰაერივით მსუბუქი იყო კატო, ორმოცისაც...

დედამთილი ისე მოკვდა, მისი დარდი თან გაიყოლა და მომაკვდავიც მიხას საყვედურებოდა, - თავიც დაიღუპე და ოჯახიც! ქალი დაილია, რომ ეგ უცხო ქვეყნიდან მოფრენილი ჩიტი არ ჩაგესვა გალიაში?!

- რა გინდა, დედაჩემო, რას გიშლის? იყოს, იცეკვოს, ქვებს ხომ არ ისვრის?! - მაინც უყვარდა ცოლი მიხას, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ხაშლამის კეთება ისწავლა და ვერც ძროხის მოწველა...

მერე ავად გახდა კატო. ექიმები დაახვია მიხამ და თითქოს პირი შეკრესო, ყველა ერთსა და იმავეს ამტკიცებდა: მაგას სხეული ჯანმრთელი აქვს, სული და აუხდენელი ოცნებები სტკივაო...

- ვახ, კაცო-ო, ამას რო ავადმყოფობაც არ ეღირსა ადამიანური... გავუკეთებდი ოპერაციას, მოჰკვეთდნენ ექიმები სატკივარს, ეშველებოდა! - დარდობდა ალალი კაცი და კატოს თავს ევლებოდა: - მითხარი, რა გაგახარებს და თუნდაც ვარსკვლავებს ჩამოგიწყვეტ ციდან...

კატომ ამოიოხრა:

- მე ცეკვა მინდა, დიდ, ნამდვილ სცენაზე ცეკვა...

არადა, საცაა, ორმოცდაათს მოათავებდა ქალი...

ხომ არ მოკლავდა?!

ერთხელაც გამოაწყო, ჩასვა თავის "07"-ში, რომლითაც "ტაჩკა" ჩაანაცვლა წლების წინ, ჩაიყვანა ქალაქში და ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის კარს მიადგა, - ავადაა... ექიმებმა მითხრეს, ოცნება შეუსრულეო! - დაება ენა: - ცეკვა უნდა... ნამდვილი თეატრის სცენაზე ცეკვა...

დირექტორმა მარტო ცოლი კი არა, ქმარიც გიჟად ჩათვალა, მაგრამ თხოვნაზე უარი ვერ უთხრა და ნება დართო, თან - სეირის საყურებლად მოემზადა. ფორმაც მისცეს კატოს, ბალერინის პუანტებიც, მუსიკაც ჩაურთეს და... გამოფარფატდა სცენაზე საოცრება - ეს მომაკვდავი გედის ცეკვაც იყო და არც იყო, რაღაც ახალი იბადებოდა, სეირის საყურებლად კულისებში შეყრილი მსახიობების თვალწინ...

შეწყდა მუსიკა. გაჩერდა კატოც და იხუვლა ოვაციამ.

- რა იყო ეს, ა?! - თვალები მოიფშვნიტა გაოცებულმა დირექტორმა.

- ქალი კი არა, ანგელოზი მყოლია ცოლად! - ცრემლები მოიწმინდა მიხამ.

- 16 წლის რომ იყოს, მსოფლიოს დაიპყრობდა! - თქვა ცნობილმა ბალერონმა და ხელზე ეამბორა კატოს, რომელიც ქმარს შეეხვეწა:

- მიხავ, შინ წავიდეთ...

ტაშით გააცილეს თეატრიდან, როგორც პენსიაში გასული დიდი მსახიობი...

იმის შემდეგ კატოს აღარ უცეკვია. მას შემდეგაც კი, რაც შვილიშვილები შეეძინა და ეხვეწებოდნენ, ბავშვებისთვის ესწავლებინა ცეკვა.

- ვერ გიპატრონე! - ებოდიშებოდა მიხა.

- რას ამბობ, შენ რომ არა, დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი! - სიყვარულით უმზერდა კატო.

- შენ დიდი თეატრების სცენებზე უნდა გეცეკვა! - თავისას არ იშლიდა კაცი.

- შენთვის ხომ ვიცეკვე! - ისევ ამშვიდებდა კატო და იღიმოდა. ოღონდ, ისეთი სევდიანი იყო მისი ღიმილი, მაინც ვერ მშვიდდებოდა კაცი და ზეცას შეჰყურებდა გაოგნებული:

- ღმერთო-ო, დაილოცოს შენი სამართალი!

ინგა ჯაყელი