რით ამაყობს თორნიკე შენგელიას მეუღლე - გზაპრესი

რით ამაყობს თორნიკე შენგელიას მეუღლე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი - თორნიკე შენგელია მეუღლესა და შვილებთან ერთად ყოველ ზაფხულს საქართველოს სტუმრობს. წყვილი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. "ვამაყობ თორნიკეს შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით. მისი წარმატების საიდუმლო სწორედ ამ თვისებებშია", - მითხრა კალათბურთელის მეუღლემ.

- სალომე, სად გაატარეთ ზაფხული?

- ყოველ აგვისტოს საქართველოში ჩამოვდივართ. წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია, თან - "საქართველო-ლიტვის" თამაშიც დაემთხვა. მოგეხსენებათ, ეს მატჩი მოვიგეთ და ძალზე გახარებულები ვართ.

- დასვენების დღეებს როგორ ატარებთ?

- დასასვენებლად ხშირად ბავშვებთან ერთად მივდივართ. თუმცა, ცოტა დროს იმისთვისაც ვიტოვებთ, მარტოებმა რომ დავისვენოთ. ხომ იცით, ბავშვებთან ერთად სრულყოფილად დასვენებას ვერავინ ახერხებს. ჩვენი შვილები კი პატარები არიან და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

- ზღვა თუ მთა - რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- ორივე მიყვარს, ორივეს თავისებური ხიბლი აქვს. მთაში სულიერად ვმშვიდდები და ვწყნარდები, ზღვაზე უფრო ვერთობი. ვთვლი, რომ ორივე საჭიროა.

- როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას - აქტიურს თუ ე.წ. პენსიონერულს?

- არ მიყვარს აქტიური დასვენება, მშვიდ გარემოში ყოფნა მირჩევნია. ხმაური ძალიან მღლის, დისკომფორტს მიქმნის.

- ზღვაზე ყოფნის დროს კლუბში თუ დადიხარ? ცეკვა გიყვარს?

- ცეკვა მიყვარს, მაგრამ კლუბში წასვლის განწყობილება იშვიათად მაქვს.

- ექსტრემალური გართობები თუ გიყვარს? მაგალითად, პარაშუტით ფრენა და ა.შ.

- ინტერესი მაქვს და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდა, რაიმე ექსტრემალური გამოვცადო. თუმცა, არ ვიცი, ამას რამდენად შევძლებ. ცოტა არ იყოს, მშიშარა ვარ.

- დასასვენებლად დიდი ბარგით მიდიხარ ხოლმე?

- კი, ვცდილობ ყველაფერი წავიღო, რაც შეიძლება დამჭირდეს.

- ზღვაზე ყოფნისას, ყველაზე კომფორტული სამოსი რა არის შენთვის?

- ყველაზე კომფორტული საცურაო კოსტიუმზე მოსაცმელი თხელი სამოსია.

- საცურაო კოსტიუმის შერჩევისას, ფერს ანიჭებ უპირატესობას თუ დიზაინს?

- ორივე უნდა მომეწონოს. შეიძლება, კარგი დიზაინი ჰქონდეს და ფერი არ მომეწონოს, ამის გამო დავიწუნო.

- გასარუჯად სოლარიუმს თუ სტუმრობ?

- გარუჯული კანი მიყვარს, მაგრამ პროცესი იმდენად არ მომწონს, რომ ყოველთვის მინიმალური ნამზეური მაქვს, "შემთხვევით" მიღებული (იცინის). სოლარიუმში არ დავდივარ. ჯანმრთელობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- თორნიკე საკმაოდ წარმატებული კალათბურთელია. როგორ ფიქრობ, რა არის მისი წარმატების საიდუმლო?

- მისი წარმატების საიდუმლო საქმის სიყვარულსა და დაუღალავ შრომაშია.

- როგორი მეუღლეა? საოჯახო საქმეებში თუ გეხმარება?

- საოჯახო საქმეებისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ როგორც კი ამის საშუალება ეძლევა, ყოველთვის მეხმარება. ხვდება, როდის მჭირდება მისი დახმარება და დროსაც გამონახავს ხოლმე.

- შვილები თუ დაგყავს თამაშებზე?

- როგორ არა!.. მათ ძალიან უყვართ თამაშის ყურება და საოცრად გულშემატკივრობენ მამიკოს.

- უფროსი რამდენი წლისაა?

- უფროსი - კახი 3 წლისაა, უმცროსი - ლაზარე კი 2-ის.

- ხშირად ჩხუბობენ?

- არა, ერთმანეთს არ ერჩიან, მაგრამ ძალიან ცელქები და მოუსვენრები არიან.

- დამხმარე გყავს თუ მათ დამოუკიდებლად ზრდი?

- დამხმარე მყავს, მაგრამ ბავშვებთან ძირითადად, მე ვარ, დამხმარე ქალბატონი სახლის საქმეებში მეხმარება.

- გარდა ბავშვების აღზრდისა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

- ახალ პროფესიას ვეუფლები. მინდა, ინტერიერის დიზაინერი გავხდე. ეს პროფესია არა მარტო უცხოეთში, ჩვენს ქვეყანაშიც პერსპექტიულია.

- ზაფხულში ლაშქრობებზე სიარული თუ გიყვარს?

- კი, ძალიან მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი ჩემთვის სასიამოვნო და შთამბეჭდავია. ხშირად ვსეირნობთ ბუნებაში, შვილებთან ერთად, რაც კარგი "რელაქსია".

- ყოველდღე ზრუნავ სხეულის გაჯანსაღებაზე?

- ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის ვცდილობ, დღის განმავლობაში მსუბუქად მაინც ვივარჯიშო.

- მეუღლეს გემრიელი კერძებით ხშირად ანებივრებ?

- გემრიელი კერძების მომზადება ყოველთვის მსიამოვნებს. მიხარია, რომ თორნიკეს ჩემი ნახელავი ყოველთვის მოსწონს.

- ქართული ტრადიციული კერძების მომზადება იცი?

- რაღაცების მომზადება ვიცი, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო დიასახლისი ვარ. ვამზადებ: საცივს, ხაჭაპურს, ჩაქაფულს და ა.შ.

- საკმაოდ რთულად მოსამზადებელია საცივიც, ხაჭაპურიცა და ჩაქაფულიც...

- მთავარი მონდომება და სურვილია. თორნიკეს მოსწონს ჩემი მომზადებული სადილები და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ გავანებივრო.

- ზამთარში თუ ცდილობთ დასვენების დღეები მოიწყოთ?

- კი, ყოველ ზამთარს, ბავშვებთან ერთად მთაში მივდივართ დასასვენებლად. ეს პირველ რიგში, პატარების ჯანმრთელობისთვისაა კარგი და ჩვენთვისაც - ხომ იცით, ენერგიის აღდგენა ერთდღიანი დასვენებითაც შესაძლებელია.

- შეგიძლია, ყველაზე კარგი ზაფხული გაიხსნო?

- ასე გამორჩეულად ჩვენი ქორწინების წინა პერიოდის ზაფხული მახსენდება, როცა საქორწილო სამზადისი გვქონდა (იღიმის). საერთოდ, ზაფხული ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ყველა ზაფხულს შთამბეჭდავად და საინტერესოდ ვატარებთ.

- ალბათ, უამრავ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. რომელია შენთვის ყველაზე დაუვიწყარი?

- ყველაზე მეტად ინგლისი მიყვარს, მაგრამ საქართველო განსაკუთრებულია. აქ ბევრი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი გვყავს და როგორც კი საშუალება გვეძლევა, ყოველთვის ჩამოვდივართ. მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით.

სოფო ჭონიშვილი