"შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..." - გზაპრესი

"შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში შევხვდით ერთმანეთს. მოსაუბრე ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალბატონია. ვსხედვართ მრგვალ, ძველებურ მაგიდასთან, რომელიც მთლიანად მარმარილოსგანაა დამზადებული და ყველაზე კრიტიკული ადამიანის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს მისი დახვეწილობა. ვენურ სკამზე უხერხულად ჩამომჯდარი, პასიური მოსაუბრის პოზიციით, ჩაის ფინჯანს დროდადრო ლამბაქზე ვატრიალებ და მასპინძელს ვუსმენ.

"ეს სახლი ბოლშევიკების მოსვლამდე ერთმა ცნობილმა ექიმმა ააშენებინა. მეორე სართულზე ცხოვრობდა თვითონ 1921 წლამდე, პირველზე კი უფასო ლაზარეთი ჰქონია მოწყობილი უპოვართათვის. პეტერბურგში უსწავლია მედიცინა და ქართველების სიყვარულს გაჭირვებულთა მკურნალობით გამოხატავდაო, - გამიგონია. საქართველოს "გაწითლების" მოახლოებისას, ცოლ-შვილს მისთვის უთქვამს, - წავიდეთ საფრანგეთშიო. ექიმი არ დასთანხმებია, - თქვენ წადით, მე ასაკში ვარ, უსამშობლოდ ვერ გავძლებო. ოჯახი ემიგრაციის დიდ ტალღას გაჰყოლია, თავად კი ელოდებოდა ბოლშევიკების შემოსვლას - დასაკარგავი თითქოს არც არაფერი ჰქონდა, არც ეშინოდა და არც ერიდებოდა. თბილისის "რევკომმა" ერთ დღეს კარზე დაუკაკუნა და უთხრა: ამხანაგო ექიმო, თქვენი უფასო ლაზარეთი აღარაა საჭირო, უნდა გაათავისუფლოთ პირველი სართული და პროლეტარები შემოვასახლოთო! საწოლები მორიგეობით დაცალეს პაციენტებმა და მალე, ტომარააკიდებული მუშა წვრილშვილით მანამდე სიზმრად უნახავ კედლებს შეეხიზნა. ცოტა ხნის შემდეგ, მეორე სართულზეც მიაკითხეს ექიმს, - ერთ კაცს ერთი ოთახიც გეყოფაო და 270 კვადრატულ მეტრ ფართობში ერთი ნათელი ოთახი "დაუთმეს"...

ბაბუა აფხაზეთის სოციალისტური რევოლუციის აქტივისტი იყო. 1936 წელს მისთვის ნება დაურთავთ, ექიმის სახლზე ეს მესამე სართული დაეშენებინა. პირველი ორი სართულის არქიტექტურა მთლიანად გაუმეორებიათ მშენებლებს, ბუხრებიც კი ასლი იყო პირველი ორისა, ოღონდ მოსაპირკეთებლად იტალიური ფაიფურის ფილები გამოუყენებიათ. ალბათ, ისიც რომელიმე დიდგვაროვნის სახლიდან იყო მოტანილი, ისევე, როგორც სხვა არაერთი ნივთი. ამბობენ, მარტო მუხრან-ბატონების სახლიდან 30 ურემი ოქრო-ვერცხლისა და ფაიფურის ნივთები გამოზიდეს ბოლშევიკებმა, მერე ზოგი გადაადნობინეს, ზოგიც შინ სამშვენისებად წაიღესო. ეს მაგიდაც მაშინდელია, ალბათ, ნაძარცვია ესეც...

ერთ წელიწადში ბაბუას აუყვავებია მესამე სართული, თითქოს არც არაფერი აკლდა სრულ ბედნიერებამდე, ცოლი ჰყავდა, ორი ასული და გავლენიან პიროვნებადაც მიიჩნეოდა. 1937 წელს, ღამით, სამ ჩეკისტს მოუკაკუნებია კარზე და საწოლიდან წამოუგდიათ ამაგდარი ბოლშევიკი. თითქოს არც გაჰკვირვებია, აუჩქარებლად ჩაუცვამს ხამის პერანგი და გალიფე შარვალი. შვილებს მიხედეო, - დაუბარებია ცოლისთვის და სამუდამოდ დაკარგულა. მეორე დილით რამდენიმე ნათესავს მოუკითხავს ბებიასთვის, - სიფრთხილის მიზნით, საავადმყოფოში დაწექი, "ბრმა ნაწლავი" ამოიჭერიო. - რას ამბობთ, ჩემთან რაღად მოვლენ ან ჩემს ქმარს რას ერჩოდნენო? - ამოუკვნესია ქალს. სამი დღის მერე, ისევ ღამით, ისევ სამ ჩეკისტს უხეშად შეუგლეჯია კარი და უმწეო, დაფეთებული ქალისთვის უკან გაყოლა მოუთხოვიათ. ბავშვები ვის დავუტოვო, რა დავაშავეთო? - ათრთოლებულს უკითხავს. ერთ ჩეკისტს უთქვამს, სახელმწიფო მოღალატის ცოლი ხარ და თუ უდანაშაულობას დაამტკიცებ, გამოგიშვებთო. ბებია არ იყო ბრიყვი, იცოდა, რომ არავინ გამოუშვებდა და მხურვალედ ჩაჰკვრია მძინარე შვილებს. გოგონებს თვალები დაუჭყეტიათ, უცხო კაცების დანახვაზე ისტერიკული კივილი აუტეხავთ. ხმაურის გამო მთელი ქუჩა ფეხზე დამდგარა. ერთ ინტელიგენტს გაუბედავს და მეზობლები ნამუსზე აუგდია, - წავიდეთ, ვნახოთ, რა ხდება, ყველას ხომ არ დაგვიჭერენო?.. სახლი გავსებულა მეზობლებით, ჩეკისტებს დელიკატურად ბოდიში მოუხდიათ და გასულან. მეორე დილით უკვე ბებია საავადმყოფოში, ნაცნობი ექიმის ხელით "საჭირო" ოპერაციას იკეთებდა, ხოლო გოგონები (დედაჩემი და დეიდა) შორეულ ნათესავს მიაბარეს სამტრედიის მახლობელ სოფელში.

მოხდა სასწაული და აღარავის მიუკითხავს ბებიისთვის. შვილებიც დაიბრუნა სოფლიდან... ბებია ნელ-ნელა ყიდდა საოჯახო ნივთებს, თანაც - სინანულის გარეშე.

დედას უნივერსიტეტი სამშობლოს მოღალატის შვილის სახელით დაუსრულებია, დეიდას - სამედიცინო ინსტიტუტი. დედა სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნივერსიტეტში მუშაობდა. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი იყო და არასდროს ეცალა ჩემთვის. დეიდას, რომელიც ქირურგი გახლდათ, ორი დიდი სიყვარული გააჩნდა: ჭურჭელი და მე. მას "დედას" ვეძახდი და დედად ვერ აღვიქვამდი ქალს, რომელსაც დილით ვერ ვხედავდი, რადგან უნივერსიტეტში მიიჩქაროდა, ნაშუადღევს კი აბიტურიენტებს ამზადებდა.

დედა ადრე დაქვრივდა. უნივერსიტეტის დოცენტს გაჰყოლია ცოლად, მერე ავტოავარიაში მოყოლილა მამა და შინაგანი სისხლჩაქცევის გამო, რამდენიმე საათში გარდაცვლილა. არ მახსოვს, დედას მამის საფლავთან მივეყვანე. არასდროს ეცალა, სულ წიგნი, სტუდენტი, კონფერენცია და მივლინება ეკერა ენაზე. ბოლოს ლამის დავიჯერე, რომ მამა არ არსებობდა, არც - დედა... არსებობდა მხოლოდ დეიდა, რომლის გარდაცვალება ისე განვიცადე, რომ ორი წელი დეპრესიაში ვიყავი.

ამ სახლში ერთი ოთახი დეიდას შეძენილი ჭურჭლითაა სავსე. აქვეა მისი მადლიერი პაციენტების ნაჩუქარი ნივთები... კარგი ექიმი ყოფილა. პაციენტებს ისე ექცეოდა, თითქოს მისი სიცოცხლე პაციენტის სიცოცხლის პარალელურად არსებობდა...

დეიდის რჩევით, ინგლისური ენის ფაკულტეტი ავირჩიე და მეორე კურსზე ვიყავი, დედამ რომ გამომიცხადა: უნდა გათხოვდე, ცოტანი ვართ, უნდა მოვიმატოთ სახლშიო... ამ დროს უკვე კეკელიძის ქუჩაზე მიიღო ბინა და ორი სახლის მემკვიდრეს, საკადრისი საქმრო მომიძებნეს - ჩემივე ლექტორი, პერსპექტიული ახალგაზრდა კაცი, მეცნიერებათა კანდიდატი, რომელსაც არც გარეგნობა აკლდა, არც გონება, მაგრამ მე ჩემი წითური თაყვანისმცემელი მიყვარდა... დედამ, - მაგ ებრაელს როგორ გაგაყოლებ? მირჩევნია, მოკვდეო. მაშინ უარის თქმაც ვერ მოვახერხე და როცა შვილი გამიჩნდა, მივხვდი, ყველაზე ძვირფასი - თავისუფლება დავკარგე.

საღამოობით ოჯახი სავახშმოდ სუფრასთან ვიკრიბებოდით. სუფრის ერთ თავში დედა იჯდა, მეორეში - ჩემი ქმარი. მოკლე ხანში ვიგრძენი, რომ სიტუაცია იძაბებოდა. ერთ დღესაც დედამ გამომიცხადა, ის სიყვარული, რასაც ქმრისთვის გასცემ, ჩემთვის არასდროს გამოგიმეტებიაო. გაოცებულმა შევხედე. ცოტა ხნის მერე ქმარმა თავი ზედმეტად იგრძნო და გამომიცხადა: არაფერი მაქვს დედაშენის სასაყვედურო, ცალკე უნდა ვიცხოვროთო. ერთ დღეს ყველა ნივთი შევკრიბე და რამდენიმე ჩანთით, ქმარ-შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში დავბინავდი.

იმ საღამოსვე დედამ ულტიმატუმი წამომიყენა: ან დაბრუნდები სახლში, ან თავს მოვიკლავო! ქმარი უკან არ წამომყვებოდა და ისიც ვიცოდი, რომ დედას თავის მოკვლაც არ გაუჭირდებოდა! შვილი მივიხუტე და მივაკითხე. გაუხარდა ეგოისტურად და მის თვალებში "გავიმარჯვე" წავიკითხე... დილით ქმარს ვაკითხავდი ბინაში, საღამოს დედასთან ვბრუნდებოდი. ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ არას დავეძებდი: ასე ორ ძვირფას ადამიანს ვინარჩუნებდი.

ერთ დღეს ქმარმა გამომიცხადა, - არჩევანი უნდა გააკეთო და ან ჩემთან უნდა დარჩე, ან - დედაშენთანო. დედასთან დავრჩი... სამი თვის მერე გავიგე, რომ ქმარს სხვა შეურთავს და სიკვდილამდე ერთად იყვნენ (ერთი წელიც არ იქნება, რაც ჩემი ყოფილი მეუღლე გარდაიცვალა).

დედას ეს ამბავი რომ ვუთხარი, კიდევ უფრო მეტი სიხარული აღმოვაჩინე მის თვალებში. შენი ებრაელი უცოლოა და ჩიტივით თავისუფალიო, - მომაძახა.

მას შვილიანი ქალი ცოლად არ უნდოდა, საყვარლობას კი მე ვერ ვბედავდი. ეს ახლა, ამ ასაკში მეასეხარისხოვანია, არც მაშინ იყო დიდად მნიშვნელოვანი. ყოველი კვირა დილა ჩემი ნანიკოს სასეირნოდ წაყვანით იწყებოდა. მამამისი სადარბაზოს კართან დათქმულ დროს დაგვხვდებოდა და საღამომდე ვსეირნობდით. საღამოს ბავშვი მამის სახლში დარჩენას ითხოვდა, მაგრამ ცალკე კაცის სიამაყე და მეორე მხარეს, დედაჩემის გამეხებული ხასიათი ჩემი შვილის სურვილის ასრულებას გამორიცხავდა!

დედა გულქვაობის საკომპენსაციოდ, ყოველ წელს ზღვასა და მთას გვთავაზობდა. მივდიოდით დედა-შვილი და მეგონა, მამის მაგივრობას გაუწევდა ზღვის ტალღა ან მთის აისი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, ასე არ იყო. სხვებს მამები ჰყავთ გვერდით და მე არა. რატომ? - დამეკითხა ერთხელ და პასუხი არ მქონდა. როცა წამოიზარდა, მოვუყევი, რაც მოხდა. ვუთხარი, რამხელა ტკივილი გადაიტანა ბებომ ბავშვობისას, შვილმა კი მიპასუხა: მისი მძიმე ბავშვობის შემსუბუქება ის იქნება, მე თუ მამის გარეშე ვიცხოვრებო?!

მეუღლეს მეორე ცოლთან ვაჟი გაუჩნდა. ჩემი შვილი მასთან ერთად ზოგჯერ რამდენიმე დღე რჩებოდა და გამხიარულებული მეჩვენებოდა. მამა და ძმა უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე დედაშენი და შენო, - მკვახედ მითხრა ერთხელ. დღემდეEMDE არ მპატიობს, რომ დედასა და ქმარს სათანადო ადგილი ვერ მივუჩინე...

დეიდა რომ გარდაიცვალა, 93 წელი იდგა. ძვირად ღირებული ბროლის ვაზა გვქონდა და ანტიკვარიატით დაინტერესებულ ჩინოვნიკის ცოლს მივყიდე, იმ ფულით დიდი სასაფლაო შევიძინე - სამი მიცვალებულისთვის... მერე დედაც გარდაიცვალა და თითქმის უნათესაოდ დარჩენილმა, დეიდის გვერდით დავასაფლავებინე.

ჩემი შვილი ამ დროს უფრო და უფრო მერიდებოდა. მთამსვლელებს დაუახლოვდა და ხშირად, კვირაობით მიდიოდა ლაშქრობაში. ერთ დღეს ვუთხარი, - რად გვინდა ორი სახლი, ერთი გავყიდოთ და გამოვიყენოთ-მეთქი. ფული ორ თანაბარ ნაწილად გავყავი: მე ამერიკაში წავედი, ორი წელი ვიცხოვრე ნიუ-იორკში, ჩემი შვილი კი ნეპალსა და ინდოეთში მოგზაურობდა. თითქმის ერთდროულად დავბრუნდით თბილისში. ამერიკული მეგაპოლისის მერე, თბილისი ასანთის კოლოფად მომეჩვენა. თუმცა, მაინც მშობლიური იყო და განუმეორებელი...

ერთმა მეგობარმა მითხრა, მგონი, ამ ჭერქვეშ კაცები ვერ იხარებენო და ფაქტია, ასეც არის. ვუყურებ ახლა უზარმაზარი ბინის აღკაზმულობას, კაკლის ხის ბუფეტებს, ანტიკვარულ ტახტებს, მაგიდას და კიდევ რამდენიმე ნივთს და ვიცი, შავბნელი გზით რომ აქვს ნაშოვნი ბაბუას 36 წელში...

ამას წინათ სარდაფში ჩავედი და ბნელ კუთხეში იარაღი ვიპოვე. ძალიან ძველი იყო, სრულიად პრიალა. პატარა ლულიდან სიკვდილი იმზირებოდა. წვიმიანი დღე იყო. ზიზღით გადავახვიე პარკში და ადიდებულ მტკვარს მივანდე მალულად. ქურდულად ვიყურებოდი აქეთ-იქით, არ მინდოდა ვინმეს დავენახე...

მინდა, ყველაფერი იმ იდუმალი იარაღივით მოვიცილო, რაც ბაბუას ჩემს საჭირბოროტოდ მოუტანია ამ სახლში, მაგრამ ადვილი არაა... ზოგჯერ მინდა, ბუხარზე ფაიფურები ავაგლიჯო, ბუფეტის კარი ჩავამტვრიო, ამ მაგიდას რაღაც მძიმე დავკრა, თუმცა, ეს რას შეცვლის?!."

როლანდ ხოჯანაშვილი