რა­ტომ მო­აკ­ლ­და ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს მგზავ­რე­ბი - გზაპრესი

რა­ტომ მო­აკ­ლ­და ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს მგზავ­რე­ბი

51 წლის გოჩა ოსეფაიშვილი (მეტსახელად პუშკინა) წლებია, სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. ამჟამად, თბილისის #10 მარშრუტის ყვითელ მიკროავტობუსს მართავს. მგზავრების დასაინტერესებლად თავისებური ხრიკებიც აქვს, თან ისეთი, რომ მაგალითად, თუ ვაკეში აპირებთ წასვლას, შესაძლოა, ენაწყლიანი პუშკინას "რეკლამით" თავბრუდახვეული, ვაკის ნაცვლად, წერეთლის გამზირზე აღმოჩნდეთ... ხალისიან მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსის მართვასა და მგზავრებთან ენაკვიმატობას ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს, თავის პროფესიაზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებსა თუ ხალისიან ამბებზე ვესაუბრეთ...

- 25 წელია, მძღოლი ვარ. თავდაპირველად საკუთარი ავტობუსი მყავდა და სოფელ მუხრანიდან თბილისში ხალხი დამყავდა... მერე, რომ დავინახე, "მარშრუტკები" დადიან, მომეწონა და მეც "მარშრუტკაზე" გადმოვედი: ჯერ 111-ის მძღოლი ვიყავი, შემდეგ - 40-ის, ახლა #10 "მარშრუტკაზე" გადმოვედი და დავმკვიდრდი.

- რამდენი ხანია, რაც #10 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ხართ?

- 10 წელია. ახლა ძეგლი უნდა დამიდგან... ჯერ კიდევ მაშინ ვმუშაობდი, როცა ძველი მანქანები იყო. მერე ახლები მიიღეს და ახლა ყვითელ "მარშრუტკას" ვმართავ. ხალხს ვემსახურები - მიმყავს, მომყავს...

- 10 წელი ერთი და იმავე მარშრუტის გავლა მოსაწყენი არაა?

- არა,Mმოსაწყენი ნადვილად არაა. ეს სამსახურია: 3 დღე ვმუშაობ, 2 დღე ვისვენებ. როგორც თქვენ ხართ ჟურნალისტი და თქვენი პროფესია მოგწონთ, ჩემს შემთხვევაშიც ასეა - მძღოლობა ჩემი პროფესიაა. ვერავინ მეტყვის, ამ სფეროში შეცდომით ხართ მოხვედრილიო. საქმეს ისე ვუძღვები, როგორც წესი და რიგია. ხალხს მოვწონვარ. ყველა ამბობს, - აი, მძღოლი ასეთი უნდა იყოსო...

- როგორი უნდა იყოს კარგი მძღოლი?

- ყველა მძღოლმა თავისი პროფესია კარგად უნდა იცოდეს, თავისი მომსახურებით: მგზავრები რომ მოდიან, ვეუბნები - მობრძანდით, დაბრძანდით-მეთქი. მძღოლმა მგზავრს უნდა გამოჰკითხო, სად ჩადის. ეს წინასწარ უნდა იცოდე. იქნებ, იმ გზაზე არ გავდივარ, სადაც მგზავრს უნდა? ინფორმაციას წინასწარ ვიღებ და როცა დანიშნულების ადგილას მივალთ, "მარშრუტკას" ისე ვუჩერებ, რომ მას თქმაც არ სჭირდება. ვეუბნები, - ჩაბრძანდით, თქვენი გაჩერებაა-მეთქი...

- ყველას მარშრუტს იმახსოვრებთ?

- ყველას! 2 დღის წინ კაცმა გამაჩერა - თქვენს მანქანაში ტელეფონი დამრჩაო. ვუთხარი, - ჩემი მანქანით არ გიმგზავრია-მეთქი. ყველა მახსოვს, ვინ სად ამოვიდა და ჩავიდა, 2 კვირის წინანდელი მგზავრიც რომ იყოს...

- უხასიათო მგზავრები არ გაწუხებენ?

- მაწუხებენ, მაგრამ 1-2-ჯერ თუ არ მესიამოვნა ადამიანი, შეიძლება, ერთი გაჩერება გამოვტოვო და გავიარო. თუ ვიცინი, მგზავრმაც უნდა გაიცინოს, ჭირისუფალი თუ ვარ, მომისამძიმროს... ჩემს განწყობაში უნდა "შემოვიდეს". უკვე ყველა მგზავრის თვისება შევისწავლე, ყველა გავიცანი. ვიცი, ვინაა გადასაყვანი - ვის უნდა გავუჩერო და ვის - არა... მგზავრმა წინადღეს თუ მაწყენინა, "მარშრუტკას" არ გავუჩერებ.

- ძალიან ცუდ ამინდშიც არ გაუჩერებთ?

- წვიმა რომ იყოს, როგორ არ გავუჩერებ?! ის თავის დანაშაულს ხვდება და სარკეში ბოროტი თვალით მიმზერს. ჩემს ხუმრობებზე ვეღარც იცინის და ფანჯრიდან გარეთ იყურება...

- მგზავრებს თქვენთან რა პრეტენზიები აქვთ?

- ზაფხულის პერიოდში პრეტენზია კონდიციონერთანაა დაკავშირებული: მეუბნებიან, - ჩართეო. მე რაც მევალება, ყველაფერს კეთილსინდისიერად ვასრულებ. ცხელი ხაზის ნომერი "მარშრუტკაში" გაკრული მაქვს და შეუძლიათ, დარეკონ.

- ეს სამარშრუტო ტაქსი თქვენია?

- სათადარიგო მძღოლი ვარ - სხვის მანქანაზე ვმუშაობ, როცა ვჭირდები (კვირაში 3-5 დღე).

- სამარშრუტო ტაქსის მძღოლობა შემოსავლიანი პროფესიაა?

- სხვა საშუალება არ მაქვს - ჩემი შემოსავლის წყარო ეს არის. ესაა ჩემი პროფესია. ფულთან ურთიერთობაც ჩემი მოვალეობაა - მგზავრობის საფასურს ხალხი მე მაძლევს, მათ ანგარიშს თავად ვუსწორებ. "მთავარი ბუღალტერი" ვარ - ყველაფერი შესწავლილი მაქვს, რა როგორ კეთდება.

- როცა მგზავრობის საფასურს სამგზავრო ბარათით იხდიან, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- საერთოდ, ჩვენი ხაზის "მარშრუტკებს" გეგმა (50 ლარი) გვაქვს შესასრულებელი. მაგალითად, საღამოს თუ ბარათით გადახდილ თანხად 30 ლარი დაიწერა, 20-ს მე ვამატებ, ანგარიში რომ გავასწორო.

- სამარშრუტო ტაქსის საწვავის ფულს თავად იხდით?

- კი.

- რა თანხას?

- 50 ლარს.

- კიდევ რა ხარჯი გაქვთ?

- ვინც დამიქირავა, 20 ლარი მას უნდა მივცე, "დისპეტჩერებს" - 10, პურის ჭამაში 5 ლარი იხარჯება... ხარჯი 140 ლარამდე ადის. რაც დარჩება, ჩემია. ეს შეიძლება 20-25 ლარი იყოს, ზოგჯერ - 10-იც.

- ხარჯი დიდია, ხომ?

- ბევრია, მაგრამ რა ვქნათ? გაჭირვებას უნდა გავუძლოთ. ბევრია თუ ცოტა, უნდა "ამოვქაჩოთ"... თან, ხალხი აღარ "მოგვდევს" მგზავრობის საფასურის გამო, შეშინდნენ. ავტობუსით 50 თეთრად მგზავრობენ, "მარშრუტკით" მგზავრობა კი 80 თეთრი ღირს. ახლა ლურჯი ავტობუსებიც შემოვიდა... ხალხი ჩვენთან აღარ ამოდის - მგზავრები უკვე მოგვაკლდა. ვნახოთ, სექტემბრიდან თუ მოგვემატება...

- როდის იწყებთ სამუშაო დღეს?

- ყველას ჩვენი რიგი გვაქვს. გარაჟიდან მანქანა 6-8 საათზე გამოგვყავს. პირველი სამარშრუტო ტაქსი 6 საათზე გადის. მე თბილისში გვიან ჩამოვდივარ და სამუშაოდ გასვლა 9-ის ნახევარზე მიწევს. გვიანობამდე ვმუშაობ - გარაჟში ზუსტად 12-ის ნახევარზე შევდივარ.

- მუშაობისას კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- ძალიან ბევრჯერ. მაგალითად, ერთხელ მაგარი კურიოზი შემემთხვა - მგზავრს ნასვამი ვეგონე.

- რატომ? ბევრს ხუმრობდით?

- კი, ვხუმრობდი, ვშაყირობდი... მაშინ ძველ "მარშრუტკაზე" ვმუშაობდი. ლესელიძეზე ერთი ქალი ამოვიდა. ვუთხარი, - კინაღამ არ დაგტოვეთ-მეთქი? მას სხვაგვარად გაუგია - "კინაღამ" მოესმა, როგორც "წინა ღამეს". ჩხუბი დაიწყო. ძველი "მარშრუტკა" ბრახუნით მიდიოდა. ბრახაბრუხში იმ ქალის ნათქვამი არ მესმოდა. სხვა მგზავრს (ვინც ჩემთან ახლოს იჯდა) ვკითხე, - რა უნდა, რატომ ჩხუბობს-მეთქი? - შენ გამო ჩხუბობს, წინაღამეს დაგიტოვებიაო, - მიპასუხა. მივხედე ქალს - როდის დაგტოვე წინაღამეს? თვალით არ მინახავხარ-მეთქი. ამიტყდა - შენ ნასვამი ზიხარ "რულზეო"! - კი, ქალბატონო, ნასვამი კი არა, ისეთი მთვრალი ვარ, "რულთან" ძლივს ვზივარ-მეთქი... - ვუპასუხე. ამასობაში ჩავიდა ყველა მგზავრი. ეს ქალი კი არ ჩადის. ვიფიქრე, რატომ არ ჩადის-მეთქი? თურმე, პატრულში არ რეკავდა? ბოლო გაჩერებაზე მისულს, როგორც კი "მარშრუტკა" გავაჩერე, პატრულის თანამშრომელი მომვარდა - ჩაბერეო! ჩავბერე... - ქალბატონო, მთვრალი არ არისო, - იმ ქალს უთხრეს. - რა ვიცი, წეღან მთვრალი იყო, ახლა რამ გამოაფხიზლაო?! - გაიკვირვა... მოკლედ, ერთი ამბავი დამაწიეს (იცინის).

- ვიცი, ხალხს თქვენს სამარშრუტო ტაქსიში ეპატიჟებით ხოლმე - ამოდით, წამოდითო... ისეთი მგზავრებიც ხომ არ ამოდიან, ვისაც თქვენი მარშრუტი არ აწყობს?

- ყველას ვეუბნები, - ამოდი, მივდივარ-მეთქი. სად მივდივარ, არ ვასახელებ. ერთხელ ვაკის კლიენტი ამოვიდა. წავედი, გზა გავიარე... მეკითხება, - ვაკეში არ მიდიხარო? - ვინ გითხრა, რომ ვაკეში მივდივარ-მეთქი? - ვკითხე. - შენ არ მითხარი, წამოდიო? - მიპასუხა. - მე "წამოდი" გითხარი, განა ვაკეში მივდივარ-მეთქი (იცინის)?.. "მარშრუტკაში" ხალხის ამოყვანის კიდევ ბევრნაირი ხერხი მაქვს. ზოგჯერ მგზავრებს ვეუბნები, - კარში ხაფანგი გდია-მეთქი, ხან შოკოლადს, ნაყინს ვთავაზობ...

- ხაფანგის ამბავი აგვიხსენით...

- ზუსტად მეც არ ვიცი - მაგას დიდი გამოანგარიშება უნდა: მგზავრი რომ მოდის, ვეუბნები, - კარში ხაფანგი დევს, ფეხი არ ჩაყო-მეთქი. - რა ხაფანგიო? ამბობს და "მარშრუტკის" ბოლოში გადადის - იყურება, სადაა ხაფანგიო? რადგან "მარშრუტკაში" უკანა სავარძლებისკენ გადავიდა, მორჩა, ამოსულია! უკან ხომ არ გატრიალდება?!.

- თქვენ რომ ასეთი ენაწყლიანი ხართ, თავიანთ ამბებს მგზავრებიც გიყვებიან?

- ზოგი მიყვება - აქ ვიყავი, იქ ვიქეიფე, დავთვერიო. შეიძლება, მგზავრის სიტყვა "დავიჭირო" და ქეიფისას, სადღეგრძელოში გამომადგეს. მგზავრებს პირში ვუყურებ, რა წამოსცდებათ. ზოგი მათგანი სამგზავრო ბარათს, აპარატზე მიდების ნაცვლად, მე მაწვდის. მერე იძახიან - უი, შეგვეშალაო (იცინის)...

- როგორ ახერხებთ, რომ მოძრაობის წესები არ დაარღვიოთ და დანიშნულების ადგილზე მგზავრებიც დროულად მიიყვანოთ?

- როგორ და - დისტანციას ვიცავ. მაგალითად, ზოგი სხვა მანქანიდან 3 მეტრის დაშორებით თუ დგას, მე 6-7 მეტრში ვდგავარ, შეჯახება რომ არ მოხდეს. შეიძლება მუხრუჭმა გიმტყუნოს და სხვა ავტომობილს შეეჯახო - ასე რამდენჯერ მომხდარა? მძღოლმა დისტანცია უნდა დაიცვას, ავარია რომ არ მოუვიდეს.

- როცა სამუშაო დღეს ასრულებთ, მუხრანში ბრუნდებით?

- დიახ, სამუშაოდ მუხრანიდან დავდივარ. პატარა "ოპელი" მყავს. რამდენიმე კლიენტი დილაობით თბილისში მომყავს. საღამოსაც ვინმე მგზავრი თუ იქნება, მუხრანში გავიყოლებ ხოლმე. ყოველდღე სახლიდან და სახლამდე, ჯამში 100 კმ-ს გავდივარ.

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- ჩემს ვენახში პომიდორს მოვკრეფ, დავჭრი, სალათას გავაკეთებ, ლუდს ვიყიდი... ჩემს ცოლ-შვილს სოფელში (გორისკენ ან ბაზალეთის ტბაზე) გავასეირნებ... 4 შვილი მყავს: ორმა სკოლა უკვე დაამთავრა.

- ბარემ ისიც გვითხარით, "პუშკინას" რატომ გეძახიან?

- ჩემი ბალღი რომ ნახო, მიხვდები... იცი, როგორი თმა მქონდა? 80-იანი წლებისკენ, სპორტის სასახლეში კალათბურთის მატჩები რომ იმართებოდა, უცხოელები ჩამოდიოდნენ. თმა გაბუებული ჰქონდათ. მატჩზე დასასწრებად, სპორტის სასახლეში ფოთოლა კაცის მხრიდან შედიოდნენ. მეც გვერდით ამოვუდგებოდი და შევეკვეხებოდი ხოლმე...

- რომელი პროფესიის დაუფლებაზე ოცნებობდით?

- ბავშვობაში ვამბობდი, - ტელევიზორის ხელოსანი უნდა გამოვიდე-მეთქი. "ელექტრიკობა" მიყვარდა. ეს საქმე მაინც მძღოლის პროფესიაში შედის: მანქანა რომ გაგიფუჭდეს, "პრიბორები" დაგეწვას, ნათურა გადაიწვას, ყველაფერი უნდა იცოდე... მანქანის ნაწილი უკუღმა რომ მომაწოდო, მაშინვე გეტყვი, რა ნაწილია.

ეთო ყორღანაშვილი