მოძალადეების მსხვერპლად ქცეული პატარა ბიჭის აღსარება - გზაპრესი

მოძალადეების მსხვერპლად ქცეული პატარა ბიჭის აღსარება

ჰოდა, სწორედ ამ ნიშნით გამოვარჩევ თქვენს ჟურნალს დანარჩენებისგან. რუბრიკამ "თავისუფალი თემა" მიბიძგა და შთამაგონა, რომ მეც მესაუბრა თქვენთან, ხალხისთვის გამენდო ჩემი პრობლემა. ძალიან გთხოვთ, შემომეხმიანეთ. მინდა, ამ რუბრიკის სტუმარი და თქვენი რესპონდენტი ვიყო... თუ არის შესაძლებელი გასაუბრება ელფოსტის საშუალებით? დიდი მადლობა..." - ამ წერილის ავტორს საპასუხო ტექსტი მივწერე. მთხოვა, იქნებ "ფეისბუკის" მეშვეობით ჩამწეროთ, მაგრამ დამპირდით, რომ ჩემი გვერდიდან ფოტოს არ აიღებთო. მართალია, შევპირდი, მაგრამ ეტყობა, მაინც არ მენდო და როგორც ჩანს, სახელდახელოდ შექმნა გვერდი, ლორდეს სახელით და "მეგობრობა" გამომიგზავნა. მისი ამბავი, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი მომეჩვენა, მაგრამ ვალდებული ვიყავი, ყველაფერი ბოლომდე ჩამეკითხა. შემდეგ კითხვებიც გავუგზავნე; პასუხებმა კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნა. როგორც ამბობს, ბავშვობიდანვე მოუხდა ჯოჯოხეთის გამოვლა. მისი დედა და დები მეძაობით ირჩენენ თავს, თავად კი ერთ-ერთი დის "მეგობრის" მსხვერპლად იქცა... ახლა ფიქრობს, რომ არის არსება, რომელიც არავის სჭირდება. თუმცა, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას მაინც აგრძელებს, ამისთვის კი იცის, რომ ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

- ვიცი, ეს ყველაფერი ბანალურია და ალბათ ამიტომაც, არ ვიცი, საიდან დავიწყო თხრობა. იმასაც ვფიქრობ, ღირს კი ჩემი თავგადასავლის მოყოლა? მაგრამ ძალიან მომინდა, გული გადამეშალა თქვენთვის და ამ ცდუნებას ვერ გავუძელი... ბავშვობიდან "სხვანაირად" ვიზრდებოდი ანუ მშობლების "ომისა" და ნაქირავებიდან ნაქირავებ ბინაში ბოდიალის ფონზე. მკაცრად მზრდიდნენ. დედაჩემის'თვალების ბრიალი ცემის ტოლფასი იყო. ოდესღაც შეძლებული ოჯახი დაინგრა და მოხარშულ ბრინჯზე გადავედით. მამა წავიდა და დავრჩი 8 წლის ბიჭი მარტო, სამ ქალთან ერთად. ჰოდა, სახლი "გაქალურდა" თითქოს: დები და დედა ისე იქცეოდნენ, თითქოს იქ არ ვცხოვრობდი... ამ ყველაფრის გამო, საკუთარ თავში ჩავიკეტე, მრცხვენოდა გარე სამყაროსთან ურთიერთობის. შემდეგ ამ უბედურებას დაემატა დედაჩემის მამაკაცების არმია და ახალი პროფესია - ქუჩიდან მოყვანილი კაცების მომსახურება. თითო წინააღმდეგობასა და უკმაყოფილო სახეს ახალი "მეგობრების" სტუმრობისას, ჩემს სხეულზე ახალი ჩალურჯება მოსდევდა. იცით, ასეთი რამ უამრავჯერ მოხდა... ჩემს დებს "აფიორას" თამაში შეეძლოთ, თითქოს უახლოვდებოდნენ კიდეც'სტუმრებს, მე კი ძლიერ მრცხვენოდა იმის, რომ დედა მეძავი გახდა და მიჭირდა, მის ყოველ ახალ "კლიენტს" ღიმილით დავხვედროდი. მეზიზღებოდა ყველა მათგანი, რაც დიდ პრობლემას მიქმნიდა სახლში. დღესაც მახსოვს ჩემი დის სიტყვები: შენგან კაცი არ გამოვა! დედა ბოზობს, საყვარლების არმია ჰყავს და ხმასაც არ იღებო. იმავეს ვიგებდი მეზობლებისგან, კლასელებისგან... მოგვიანებით, მეტსახელებიც გამომიგონეს. მაგალითად, ჩმორო და ა.შ. ეს ყველაფერი მკლავდა, მაგრამ 9 წლის ბავშვს რა უნდა მექნა? ხმა რომ ამომეღო, მერე სად წავსულიყავი? მით უმეტეს, რომ ნათესავებმაც "დაგვაიგნორეს" დედას გამო და სტუმრადაც არავის ვუნდოდით... ერთხელ დედას და მისი კლიენტის'"ოვაციები"'რომ გავიგონე "იმ'საქმის" დროს, სახლიდან გავიქეცი, რაც ძვირად დამიჯდა: კარგა ხანი დავბოდიალებდი, მერე დედამ მიპოვა და ფიზიკურად გამისწორდა... მოგვიანებით, ასეთი "ოვაციები" ჩემი დებისა და მათი "მეგობრებისგანაც" მესმოდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანის მსხვერპლი თავადაც გავხდი... დაიწყევლოს ის დღე, ძლიერ მტკივა გული.

ეს რომ მომწერა "ფეისბუკზე", ვთხოვე, იქნებ შევხვდეთ-მეთქი. მიპასუხა:

- არა, თბილისიდან შორს ვარ... მანდ ჩამოსასვლელად არც ფული მაქვს და არც - დრო: სკოლის მოსწავლე ვარ, მალე მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი... მომავალში მინდა, ფსიქოლოგი გავხდე, მიყვარს ეს სფერო. ვცდილობ, კარგად ვისწავლო, რადგან სხვა გზა არ მაქვს; სხვანაირად, კიდევ უფრო მეტად დამტანჯავს ეს ცხოვრება. თან, არა მგონია შევძლო, რომ ჩემი ამბავი პირისპირ მჯდომს მოგიყვე.

- რა გაეწყობა... მაშინ, რამდენიმე კითხვას დაგისვამ შენი წერილიდან გამომდინარე. პირველ რიგში, მაინტერესებს, რას ნიშნავს "მშობლების ომის ფონზე" ანუ ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ ერთმანეთს?

- ასეა, ერთმანეთის საცემრად ხშირად იწევდნენ, ჩვენ, ბავშვები კი იძულებულები ვიყავით, ეს ყველაფერი აგვეტანა!.. იყო დრო, როცა სახლიც გვქონდა და ბედნიერებიც (ალბათ ბედნიერები!) ვიყავით, მაგრამ მერე ჩემს ოჯახს სესხის აღება მოუხდა, ფული რომ ვეღარ გადავიხადეთ, სახლი გაგვიყიდეს ანუ ბანკმა ქუჩაში დაგვტოვა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უბედურების სერიები. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ნაქირავებ ბინაში მაქვს გატარებული.

- თავიდან, როცა დედის კლიენტების გამო პრეტენზიას ან უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, ამ ყველაფერს ჩალურჯება მოსდევდაო, რომ ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ დედა გცემდა? იმედია, უცხო კაცებს მაინც არ აძლევდა შენი შეურაცხყოფის უფლებას.

- არა, რა თქმა უნდა, ფიზიკურად მხოლოდ დედა მისწორდებოდა. ზოგადად, მკაცრი ქალი იყო...

- შენი დები, რომლებიც სავარაუდოდ, შენზე უფროსები არიან, დედას რატომ არ ეწინააღმდეგებოდნენ მანამ, ვიდრე თავადაც ამ საქმით დაკავდებოდნენ?

- თავდაპირველად, ჩემი დებიც უკმაყოფილოები იყვნენ, მაგრამ დედა გვემუქრებოდა: არაფერს გაღირსებთ, ასე ცივად ნუ ექცევით ამ კაცსო (ანუ თავის პირველს გულისხმობდა). თან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში მხოლოდ მასთან იყო, სხვა არავინ მოჰყავდა... ჩემი დები ამ მუქარის შემდეგ შეიცვალნენ, თითქოს გაუგეს კიდეც მას და მის საყვარელს, მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდით, ჩემსავით ბუზღუნებდნენ.

- ამ კაცს დედაშენი ოჯახის დანგრევამდეც ხომ არ იცნობდა?

- იყო პერიოდი, როცა მამა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას რომელიღაც კომპანიის დახმარებით (მაშინ ბინა გვქონდა) და სახლში რამდენჯერმე გვესტუმრა ამ კომპანიის აგენტი. ჰოდა, დედა მას დაუახლოვდა... მამა რომ წასულიყო, ფული ამიტომაც გამოიტანეს ბანკიდან. მას მერე, რაც მამა წავიდა, დედამ ის კაცი სახლში მოიყვანა ერთხელ, ორჯერ... ჰო, იმ დღეზე ვყვებოდი, როცა გული პირველად, თანაც - ძალიან მატკინეს. სახლში მარტო ვიყავი. ჩემი დის "შეყვარებული", უბნის "კაი ბიჭი" მოვიდა. ეტყობოდა, რომ "რაღაცის" ზემოქმედების ქვეშ იყო... ვუთხარი, ჩემი და სახლში არ არის-მეთქი. მიპასუხა, - არა უშავს, შენც გამოდგები იმისთვის, რის გამოც მოვედიო. ვერ გავიგე, რა უნდოდა. მითხრა, რომ ცოტა ხანს დარჩებოდა და თავისთვის გაერთობოდა. როცა დავინახე, რასაც აკეთებდა, ვაზა ვესროლე... ამას მოჰყვა ჩემი ცემა, გინება და ბოლოს, საწადელიც აისრულა: 23 წლის ბიჭმა 9 წლის ბავშვთან სექსუალური ურთიერთობა დაამყარა. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, ბევრი ვიტირე, მაგრამ სიმართლეს ვერავის ვეტყოდი. არადა, მან ამით ისარგებლა და ჩემზე ძალადობა მეორედ, მესამედ და ა.შ. განახორციელა... ერთხელ, წინააღმდეგობა ისევ გავბედე და ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი, მაგრამ რომ არ შემეშვა, თავში ჩაიდანი ჩავარტყი. გამწარებულმა დაიღრიალა: მე ვიცი, შენ რაც გინდაო და ამ დღის მერე, თავის საძმაკაცოში "გამავრცელა"... არ ვიცი, გული არავის ჰქონდა? მე ხომ მაშინ მხოლოდ 9 წლის ვიყავი.'ის'კი არა, საწადელს რომ დაიკმაყოფილებდნენ ან მანამდეც, გამეტებით მცემდნენ. ერთხელაც, გამწარებულს წამომცდა, - ყველაფერს პოლიციას ვეტყვი-მეთქი. ჩემმა სიტყვებმა ისინი კიდევ უფრო მეტად გადარია და სასჯელი დამიმძიმეს: უბნის ყველა პატარა ბიჭს შენთან დავავაჟკაცებთო, რაც აასრულეს კიდეც, ნაწილობრივ.

- ნუთუ, მის საძმაკაცოში ეს ამბავი არავინ გააპროტესტა? ასეთი რა "სასტავი" იყო, პატარა ბიჭზე ძალადობა რომ სიამოვნებდათ?

- მერწმუნეთ, ეს არც ერთ მათგანს არასდროს გაუპროტესტებია! ალბათ, მე არ ვიყავი მათი ერთადერთი მსხვერპლი...

- ასე თუ გიჭირდა, დახმარება ნუთუ, არავის სთხოვე?

- პირველი და უკანასკნელი ამ დრომდე, ვისაც დახმარებისთვის მივმართე, პატარა მაღაზიის მეპატრონე, ჩემი მეზობელი კაცი იყო, რომელიც ბაბუად მეკუთვნოდა. მაღაზიაში საღეჭი რეზინის საყიდლად შევედი. მახსოვს, მკითხა, - თვალი ჩალურჯებული რატომ გაქვსო? მისგან რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი. მეგონა, შევებრალე და ამიტომაც მოვუყევი ყველაფერი... დავამთავრე ლაპარაკი და ველოდები, რას მეტყოდა... პასუხმა იმედი იმისა, რომ ოდესმე ვინმე დამეხმარებოდა, საბოლოოდ გადამიწურა. მითხრა, - შენი მონაყოლით ვერაფერი გავიგე და მაჩვენე, ბიჭები რის გაკეთებას გაიძულებენო? მივუხვდი და გამოვიქეცი. იმ დღეს კი გამოვექეცი ბერიკაცს, მაგრამ მოგვიანებით მაინც ჩამიგდო ხელში. ამ ყველაფრის გახსენებაც კი დიდ ტკივილს მაყენებს, მერწმუნეთ.''

- ასეთ ადგილას სად ცხოვრობ, ირგვლივ ყველა მოძალადე რომ აღმოჩნდა? ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი ამბავია; დაუჯერებელი სისასტიკე!

- დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ამბავია! ნაცვლად დახმარებისა, გარეწარმა მოხუცმაც სცადა საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილება! არადა, ბაბუად მეკუთვნოდა!

- ამ დიდ ტკივილს შენი დები ვერ გამჩნევდნენ? მათთან გულახდილად ერთხელაც არ გილაპარაკია?

- ერთხელ, როცა დედას საქციელის გამო უკმაყოფილება გამოვთქვი, ეს ამბავი მშობლებს სასწრაფოდ მიურბენინეს. დები და დედა ჩემთან მარტო თუ დარჩებოდნენ, ერთმანეთს ლანძღავდნენ, მაგრამ ერთად ყოფნისას, ვითომ დაქალობდნენ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მათ აღარ ვენდობოდი? ალბათ არც თავად იყვნენ დაინტერესებული ჩემი ტკივილით, თორემ ერთხელ მაინც მკითხავდნენ, რა გჭირსო? არადა, ჩემი ტანჯვა წლების მანძილზე გრძელდებოდა და ამას აკეთებდა ჩემი დის ყოფილი "შეყვარებული". ერთ დღესაც, დაიჭირეს ის ძარცვის გამო, რამაც ძალიან, ძალიან გამახარა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მერეც არ დასრულდებოდა ჩემი ტანჯვა.

- რას გულისხმობ?

- ეს ყველაფერი ერთგვარი ჩვევა გახდა ჩემთვის... უკვე 14 წლის ვიყავი, მანამდე კი მთელი 6 წელი გავატარე იმ მართლა'წამებაში' და როცა ეს ყველაფერი თითქოს, დასრულდა, მივხვდი, რომ ამასობაში მამაკაცების მიმართ გამჩენია ლტოლვა. ჩვეულებრივ, გარდატეხის ასაკში მყოფი ყმაწვილი როგორც ილტვის ქალისადმი, როგორც მოსწონს და უყვარს ის, მეც ასე ვარ მამაკაცის მიმართ... დავიწყე ნამდვილი სიყვარულის ძებნა, მაგრამ ასეთი ბიჭის გაცნობა ადვილი არ აღმოჩნდა. ამიტომაც დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში შესაბამისი სახელით და დაველოდე გამოხმაურებას... გამოჩნდა 17 წლის ადამიანი. ჩვენ თავიდან ვწერდით ერთმანეთს, მერე შევხვდით. ჩემდა სამწუხაროდ, იმ ბიჭისთვის მხოლოდ ზაფხული აღმოვჩნდი, ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ახლა 16 წლის ვარ. ამ ორი წლის მანძილზე ბევრს შევხვდი, მაგრამ არავისთვის მომიყოლია ჩემს წარსულზე, ოჯახზე. დედას და დებს თითქოს ვაპატიე ყველაფერი, მაგრამ მათთან არ ვცხოვრობ. ისინი ისევ თავიანთი "საამაყო" პროფესიის ერთგულები არიან.

- მას მერე, რაც მამაშენი სახლიდან წავიდა, შვილების ნახვა არ უცდია? ან სულაც, თავად რატომ არ მოძებნე, როცა დედასთან და დებთან ერთად ცხოვრება შენთვის ჯოჯოხეთად იქცა, როცა შენზე ძალადობდნენ?

- მამა თავიდან ცდილობდა ჩვენს ნახვას და ყოფილ ცოლს ეუბნებოდა, - ბავშვებს ცოტა ხნით წავიყვანო, მაგრამ დედა უარზე იყო... ერთხელ, ჩვენს სანახავად მოსულს, დედას "მეგობართან" შელაპარაკება მოუვიდა და ფეხში დაჭრა, რის შემდეგაც ციხეში წააბრძანეს. ამნისტია შეეხო, გამოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისე შეეჩვია იქაურობას, რომ მალე ისევ დაიჭირეს. თუმცა არ ვიცი, რისთვის, ამით არ დავინტერესებულვარ. მას მერე, რაც ჩვენგან წავიდა, ის უცხო კაცად იქცა ჩემთვის. ოჯახის დანგრევამ და "რქებმა" გააგიჟა, გაალოთა და გააპარტახა. არადა, ნასწავლი კაცი ყოფილა, ძალიან განათლებული!.. მამამ დედას ღალატის ამბავი საზღვარგარეთ ყოფნისას გაიგო და მას მერე, რაც ჩამოვიდა, ჩვენს ოჯახში გამუდმებით'"კონცერტი" იყო, ამ "ომმა" კი ორ-სამ თვეს გასტანა. ჰოდა, სწორედ იმ პერიოდში შემძულდა მამა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რატომ სჯიდა დედას და მეგონა, უსამართლოდ სცემდა. მამა ჩემს თვალში ლოთი, გარეწარი, მოძალადე და ურჩხული გახდა...

- ის პროფესიით ვინ იყო?

- განათლებით ფიზიკოსი, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას. თავის დროზე ძალიან მშვიდი, წესიერი კაცი ყოფილა. უცხოეთიდან მოწვევა რომ მოუვიდა, გაუხარდა და წავიდა... მაგრამ აქ დაბრუნებული რამაც გააგიჟა, ეს უკვე იცით. მისნაირი პიროვნებისთვის დიდი სირცხვილი იყო "რქები" და ალბათ ამან გაალოთა. მერე სოფლის სახლი, მიწებიც გაუყიდია. ახლა კი, როგორც გითხარით, ციხეშია...

- მეზობლები შენი ოჯახის ცხოვრების სტილს როგორ ეგუებოდნენ? ასეთ დროს, როგორც წესი, პოლიციაში უჩივიან ოჯახს, რომელიც მათ აწუხებს...

- ჰოდა, მეზობლებს ჩვენთვის რომ არ ეჩივლათ, ამიტომაც იცვლიდა ჩვენი ოჯახი ბინას ასე ხშირად...

- დედაშენმა ისიც არ გააპროტესტა, როცა ქალიშვილები მის "პროფესიას" დაეუფლნენ?

- დედამ ეს ყველაფერი ფულის, გაჭირვების გამო გააკეთა და ზოგჯერ მესმის მისი. ფუფუნებას მიჩვეულს დამლაგებლად ან მზარეულად რომ ემუშავა, იცოდა, ხელფასი მხოლოდ 200-300 ლარი ექნებოდა და ეს არ გვეყოფოდა... ვფიქრობ, ფული უნდოდა და წყაროსაც მიაგნო, მაგრამ ისეთ პიროვნებასაც ეძებდა, ვინც მისი ერთგული მეგობარი გახდებოდა, ვინც მასზე იზრუნებდა. სხვათა შორის, "ასეთი" რამდენიმე პიროვნება (ცხადია, სხვადასხვა დროს და არა - პარალელურად) იპოვა კიდეც, მაგრამ საკითხავია, ვინ ვისზე ზრუნავდა, რადგან "მათ" სინამდვილეში, დედა არჩენდა. თითოეულმა იცოდა, ქალი ფულს როგორც "აკეთებდა" და ეს სულაც არ ადარდებდათ. მერე, როცა ასე ცხოვრება მოჰბეზრდებოდათ, თავიანთი გზით მიდიოდნენ...

- აღნიშნე, რომ დედასთან და დებთან ერთად აღარ ცხოვრობ. საინტერესოა, თავშესაფარი ვინ მოგცა? დავიჯერო, ქირის გადახდას ახერხებ? თუ ასეა, მაშინ ფულს რა გზით შოულობ, თავს როგორ ირჩენ?

- ავტოსადგურში ვმუშაობ, ბარგის გადამზიდველად. ასევე, კვირაში ორი დღე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს ვეხმარები საქონლის დალაგებაში. ამ ყველაფერს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ვაკეთებ, მეცადინეობას კი შუაღამე ვიწყებ. ერთი ოთახი მაქვს დაქირავებული და თვეში 80 ლარს ვიხდი. მეპატრონეს ჰგონია, რომ დედა სამუშაოდ თურქეთშია და ფულს მიგზავნის. თბილი მოხუცი ქალია და სკოლაშიც ის დამყვება, კრებაზეც მოდის... ისე, ხანდახან დედაც მეხმარება, როცა რაღაც "წამოუვლის" ხოლმე.

- ახლა, როცა დედას და დებს ნახულობ, რას გეუბნებიან? უკვე დიდი ხარ და ნუთუ, მათ არ სთხოვ, ამ საქმეს შეეშვან?

- სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი აღარც მაღელვებს, ამას შევეჩვიე. რაიმე რომ ვუთხრა, არც ერთი არ დამიჯერებს. ისინი შეეჩვივნენ ამ საქმესაც და ფუფუნებასაც. აბა, სხვაგან სად გადაუხდიან მათ დღეში 50 და 100 ლარს?!

- შენმა ნაამბობმა ძალიან შემაწუხა... არ გიცდია, რომ ფსიქოლოგისთვის მაინც გეთხოვა დახმარება? იქნებ უბრალოდ, გეშინია გოგონებთან ურთიერთობის და ნამდვილ სიყვარულს მამაკაცებთან ამიტომაც ეძებ?

- იცი, გასულ ზაფხულს გადავწყვიტე, რომ შევეშვა ამ ყველაფერს, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს იგივეა, ნარკომანმა რომ უარი თქვას "წამალზე". თანაც, გასულ სექტემბერს გულში "რაღაც" ვიგრძენი... ბიჭი შემიყვარდა. ის ჩემი სკოლელია და მასთან წმინდა მეგობრობა მაკავშირებდა. ცხადია, ჩემს წარსულსა და ლტოლვაზე არაფერი იცოდა... ის დღემდე ჩემი უდიდესი ტანჯვაა, რადგან ძლიერ მიყვარს, მაგრამ ვიცი, ამას ვერასდროს ვეტყვი. ერთხელ მოვისმინე მისგან: ყველა თავისუფალია გრძნობებში და ვისაც ვინ უნდა, ის შეიყვაროს, არ უნდა ამას გეისა და "ლეზბის" დარქმევაო. მისმა სიტყვებმა გამახარა, მაგრამ სულ ტყუილად... ახლა მასთან მეგობრობაც აღარ მაკავშირებს. ვიღაც ქალთან ყოფილა და რატომღაც, ეს ყველაფერი ტელეფონით გადაუღია. ეს კადრები შემთხვევით ვნახე და მას მერე "გამარჯობასაც" არ მეუბნება...

- მეეჭვება, რომ იმ რაიონში, სადაც შენზე ყველა ძალადობდა, იმ ბიჭს არ სცოდნოდა რაიმე...

- მე არ მითქვამს, რომ რაიონიდან ვარ... უბრალოდ, აღვნიშნე, რომ თბილისიდან შორს გახლავართ! ერთ-ერთ დიდ, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ვცხოვრობ. ასე რომ, ჩემ შესახებ მართლა არაფერი იცოდა... ან შესაძლოა, იცოდა და არ მიმხელდა... თუმცა, ჩვენ ძირითადად ქალაქის გარეუბნებში ვცხოვრობდით, რადგან ასეთ ადგილებში შედარებით იაფია ბინა და არა მგონია, ქალაქში რაიმე სცოდნოდათ ჩემს ოჯახზე, მით უმეტეს, რომ დედასთან ერთად არსად ვჩნდებოდი.

- მისი ვიდეო რომ ნახე, ამის გამო გაბრაზდა?

- თავიდან არ მითქვამს, რომ ეს კადრები ვნახე, ამას საიდუმლოდ ვინახავდი. მაგრამ მერე ერთი ამხანაგი გოგო მოვიდა და მითხრა, - შენი ძმაკაცი საშინელი ადამიანიაო. მომიყვა, როგორ ცუდად მოექცა ერთ-ერთ გაკვეთილზე, როგორ შეაწუხა. მეგობარმა მითხრა: ამ გოგოს არ დაუჯეროო. ვუპასუხე, - ისიც არ დავიჯერო, რისი ამსახველი ვიდეოც შენს ტელეფონში ვნახე-მეთქი? დადუმდა. მას მერე აღარ მელაპარაკება და როგორც უცნობ ადამიანს, ისე ჩამივლის ხოლმე გვერდით... მტანჯავს მასზე ფიქრი, ამ ბიჭს ვერ ვივიწყებ. რა ვქნა, რომ ქალებისადმი ლტოლვა არ მაქვს. თუმცა, ჩემდა საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გარეგნულად არ მემჩნევა... სამწუხაროდ, მეგობრებიც არ მყავს. აბა, როგორ ვუწოდო მეგობარი ისეთ ამხანაგს, რომელსაც ჩემს დიდ საიდუმლოს, ტკივილს ვერ ვუმხელ? ჩემზე და ჩემს ოჯახზე მხოლოდ ასე ფარულად თუ ვისაუბრებ, ალბათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვიღაცას გული გადავუშალე... სულ სამი ოცნება მაქვს: პირველი, - მინდა მყავდეს ისეთი მეგობარი, რომელსაც ყველაფერს გავანდობ და მერე ჩემი წარსულის გამო არ "დამაიგნორებს". მეორე: მინდა, ნამდვილი სიყვარული მეც გამოვცადო და მესამე: "დალაგებული" ორიენტაცია, მაგრამ არ ვიცი, ამას როგორ მივაღწიო. მე ხომ ფიზიკურად და მორალურად დასახიჩრებული ადამიანი ვარ! მგონია, არც ერთ ჩემს ოცნებას არ უწერია რეალობად ქცევა.

ლიკა ქაჯაია