კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის ნი­ღაბს ამო­ფა­რე­ბუ­ლი უზ­ნეო ადა­მი­ა­ნე­ბი - "რძალ­მა უზ­რ­დე­ლო­ბით მოგ­ვა­ბეზ­რა თა­ვი..." - გზაპრესი

კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის ნი­ღაბს ამო­ფა­რე­ბუ­ლი უზ­ნეო ადა­მი­ა­ნე­ბი - "რძალ­მა უზ­რ­დე­ლო­ბით მოგ­ვა­ბეზ­რა თა­ვი..."

როდის არის ზრდილობა და თავაზიანობა მოჩვენებითი? როგორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სახეზე ნიღაბი აიფარონ და ისე იმოქმედონ, თითქოს ძალიან ზრდილობიანები, კეთილშობილები არიან და საგულდაგულოდ შენიღბონ თავიანთი ხასიათის მანკიერი მხარეები?

"რძალმა უზრდელობით მოგვაბეზრა თავი..."

ნაილი, 69 წლის:

- ისეთ ადამიანზე მინდა გიამბოთ, რომელიც თავისი თანატოლებისგან თავაზიანობით გამოირჩეოდა. მეგონა, მასზე ზრდილი გოგო მთელ დუნიაზე არ დადიოდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ნათია ჩემი შვილის თანაკლასელი იყო. მახსოვს, კლასის დამრიგებელი დედამისს ყოველთვის მადლობას ეუბნებოდა კარგი შვილის აღზრდისათვის. ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორი მოწიწებით ესაუბრებოდა ნათია უფროსებს. მისი ქცევა აღტაცებას იწვევდა. როცა ჩემმა ვაჟმა გამოგვიცხადა - შეყვარებული ვარ, ნათია ცოლად უნდა შევირთოო, - სიხარულისგან ცას ვეწიე. ჩემს ოჯახში კარგად აღზრდილი გოგონა თავის ბუდეს მოიწყობდა, მე და ჩემს ქმარს ბედნიერი სიბერე გვექნებოდა - მეტი რა უნდა გვენატრა?! ქორწილი გადავიხადეთ და რძალი ოჯახში ზარ-ზეიმით შემოვიყვანეთ. თურმე, მისი სიმორცხვით დახრილი თვალების მიღმა, ჩვეულებრივი ენაჭარტალა ქალი იმალებოდა, რომელიც ყველაზე უტიფარი და თავხედი იყო.

- პირველად როდის აღმოაჩინეთ, რომ ნათია სინამდვილეში, სულაც არ იყო ისეთი ზრდილი, როგორიც გარეგნულად ჩანდა?

- ამის შემჩნევა ძნელი არ იყო, რადგან ოჯახში თავისი ნაკლოვანებების დაფარვას სულაც არ ცდილობდა, პირიქით - შეეძლო, საღამურით ევლო მთელ სახლში, უბოდიშოდ შესულიყო მამამთილის საძინებელში, რომელიმე წიგნის ასაღებად: ჩემი მეუღლე ბევრს კითხულობდა, ამიტომ წიგნების კარადა მის საძინებელში იდგა. ყველაზე საშინელი ის გახლდათ, რომ როცა ვინმე გვესტუმრებოდა, ნათია ისევ თავაზიანი და მოკრძალებული ხდებოდა. ასეთი ქცევით ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს იმსახურებდა. ამიტომაც მეუბნებოდნენ - რა ბედნერი ხარ, ასეთი რძალი რომ გყავსო. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ შეუძლია 20 წლის გოგოს ასეთი უცაბედი გარდასახვა და მუდამ თამაში-მეთქი?!.

ერთხელ, ჩემმა ქალიშვილმა მითხრა: იქნებ მიზეზი ის არის, რომ პატივს არ გცემთ და თავისი ცუდი ქცევით გაგრძნობინებთ - მეტს არ იმსახურებთო?.. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მისთვის ნიღაბი ჩამომეგლიჯა. არ შემეძლო, მშვიდად მეყურებინა, თუ რა ირონიული სახით მიყურებდა, როცა მარტონი ვიყავით. ხოლო თუ ვინმე გვესტუმრებოდა, მაშინვე "დედას" დამიძახებდა და თქვენობით მომმართავდა...

ერთ დღეს, ჩემმა მეუღლემ ცუდად იგრძნო თავი; ძალიან ავღელდი, როცა თქვა: მგონი, საწოლიდან ადგომა არ შემიძლიაო. ისეთი ჯანმრთელი იყო, მუხას მოგლეჯდა, ცხოვრებაში ფრჩხილიც არ წამოსტკივებია. ნათიას ვთხოვე, უბნის ექიმი გამოეძახებინა. გულწრფელად აღელდა, შეწუხდა და რადგან ექიმს ტელეფონით ვერ დაუკავშირდა, მის მოსაყვანად წავიდა. როგორც კი კარი გაიხურა, ჩემმა ქმარმა მითხრა: ნეტავ, იცოდე, რა მოხდა - მიკვირს, გულმა რომ არ დამარტყაო, - შემდეგ კი ასეთი რამ მიამბო: ღამით წყალი მონდომებია და თავისი ოთახიდან გამოსულა; სამზარეულოს როგორც კი მიუახლოვდა, საუბრის ხმა შემოესმა: ნათია ჩვენს ვაჟს ეუბნებოდა - შენი მშობლები სიცოცხლეს მიმწარებენ და ან მარტო ვიცხოვრებთ, ან გაგეყრებიო...

- იქნებ ჰქონდა ამის თქმის მიზეზი?

- არა. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, მისი გული მოგვეგო. ვიცოდით, ჩვენს შვილს უყვარდა და არ გვინდოდა, შვილის ბედნიერებისთვის თუნდაც უმნიშვნელო რაიმეთი შეგვეშალა ხელი. ამიტომ, როცა ნათია გამოგვიცხადებდა - ტელევიზორი არ ჩართოთ, დასვენება მინდაო, - უსიტყვოდ ვემორჩილებოდით. არც მაშინ ვეუბნებოდით საყვედურს, როცა გათენებამდე მაგნიტოფონი ჰქონდა ჩართული და ძილის საშუალებას არ გვაძლევდა. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ შვილს გვიმხედრებდა, ჩვენი მოთმინების ფიალა აავსო. ჭკუა უნდა ვასწავლო-მეთქი, - ვუთხარი ჩემს ქალიშვილს და ვთხოვე, ჩემთვის ვიდეოკამერა ეყიდა. წარმოიდგინეთ, როგორი გამწარებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ამ ასაკის ქალმა ჩუმად გადავიღე ნათიას უზრდელობის გამოვლინებები, რომელიც მე და ჩემს ქმარს გულს გვიხეთქავდა. როგორ დაუჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ, თავად ვერაფერი შეამჩნია, ეჭვიც არ აუღია, ამიტომ ისიც კი დავაფიქსირე, თუ როგორ მეუბნებოდა: დაბერდი და გამოყეყეჩდიო... მე და ჩემი ქმარი მართლა გვიან დავოჯახდით. 43 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ შემეძინა. ამიტომაც ამბობდა ნათია, - დაბერდიო. საღამოს, ჩემი შვილი რომ მოვიდა, გულმა რეჩხი მიყო. ისე ავნერვიულდი, რომ ვერ შევძელი, მაგნიტოფონი ჩამერთო, ამიტომ დილით, როცა სამსახურში წასვლა დააპირა, მალულად პორტფელში ჩავუდე, ხოლო შემდეგ დავურეკე და ვთხოვე: თუ მშობლები გიყვარს, კასეტა ნახე-მეთქი. ისე დაინტერესებულა, - ნეტავ, დედაჩემი ასეთს რას მთხოვსო? - რომ მაშინვე უყურებია.

- როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ცოლს გაეყარა. მათი ოჯახის დანგრევა არ მნდომებია. შვილს სიმართლე გადავუშალე თვალწინ, გადაწყვეტილება კი დამოუკიდებლად მიიღო... ნათიას ბევრი ქომაგი გამოუჩნდა. ჩვენი ნათესავების უმეტესობა ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ნათიასნაირი ზრდილი გოგო არ შეიძლებოდა, დედამთილ-მამამთილს ცუდად მოპყრობოდა. რას წარმოიდგენდნენ, რომ მისი ზრდილობა მხოლოდ მოჩვენებითი იყო, სინამდვილეში კი, ნათიამ სწორედ უზრდელობით მოგვაბეზრა თავი...

"ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი შვილიშვილი მყავდა..."

ლია, 50 წლის:

- 30 წელი ვიმუშავე სკოლაში. სხვადასხვა ზნისა და ხასიათის ბავშვებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ერთი - გოგიტა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ყოველთვის, როცა გონების თვალით ვიხსენებ ჩემს მოსწავლეებს, პირველ რიგში, ის მახსენდება. ლამაზი, თმახუჭუჭა, ცისფერთვალება ბიჭი, რომელზეც გოგონები ჭკუას კარგავდნენ, უამრავ თავსატეხს მიჩენდა: ერთხელ, ჩანთაში ვირთხა ჩამისვა; ჩანთიდან სათვალე უნდა ამომეღო და როგორც კი ხელი ჩავყავი, საშინელი ტკივილი ვიგრძენი - გააფთრებულმა ვირთხამ რამდენიმე ადგილას მიკბინა; ვიკივლე, შიშისა და მოულოდნელობისგან შოკში ჩავვარდი... მეორე დღეს, სკოლის დირექტორმა მკითხა: რომელ მოსწავლეზე გაქვთ ეჭვიო? პასუხი ვერ გავეცი, რადგან 3 სექტემბერი იყო - ე.ი. მოსწავლეეებთან სამი დღის ნაცნობობა მაკავშირებდა. სულ რამდენიმე დღეში კი მივხვდი: ასეთ რამეს მხოლოდ გოგიტა თუ გააკეთებდა...

მახსოვს, ერთხელ ისე მატირა, რომ სხვა მასწავლებლებსაც თვალზე ცრემლი მოადგათ. ჩვევად მქონდა - კლასში გაკვეთილზე პიჯაკის გარეშე არ ვჩერდებოდი. იმ დღეს კი, ისე ცხელოდა, იძულებული გავხდი, პიჯაკი გამეხადა და სკამზე გადამეკიდა. გაკვეთილები რომ დამთავრდა, ჩავიცვი და სამასწავლებლოში გავედი. ერთმა მასწავლებელმა მითხრა: სახე ცარცით გაქვს გათეთრებულიო. ჯიბეში ჩავიყავი ხელი ცხვირსახოცის ამოსაღებად და იქიდან ხელს უამრავი ჭიაყელა ამოვაყოლე. მასწავლებლებსაც ელდა ეცათ, მე კი დიდი ხნის მანძილზე ვეღარ ვიყოფდი ჯიბეში ხელს... სწორედ მაშინ მითხრა დირექტორმა: ჩვენი ბედ-იღბალი მაგის ბაბუაზე რომ არ იყოს დამოკიდებული, სკოლიდან დიდი ხნის წინ გავრიცხავდი, მაგრამ იძულებული ვარ, თქვენი ცრემლიც ვაპატიოო... თურმე, ბაბუამისი მინისტრი ყოფილა. მტკიცედ გადავწყვიტე, მასთან შინ მივსულიყავი და გოგიტას შესახებ ყველაფერი დაწვრილებით მომეთხრო. სკოლის დირექტორმა შეხვედრა მომიწყო. გოგიტას მშობლებმა ოჯახში დამპატიჟეს. თვალებს არ დავუჯერე, როცა გოგიტა დავინახე - შეუძლებელი იყო, ასეთი წესიერი, მორცხვი, თავაზიანი და სიტყვაძუნწი მოზარდით ადამიანი არ მოხიბლულიყო...

ბაბუამისმა განცვიფრება შემატყო და მეორე დღეს, სამსახურში მანქანა გამომიგზავნა. მძღოლი გზაში მესაუბრა. მითხრა: ვიცი, გოგიტა ყველაზე უზრდელი ბავშვი რომ არის, მაგრამ "მიხაილოვიჩს" როგორ გავუბედავ ამის თქმასო?!. მე გავუბედე, ვირთხის ამბავიც ვუამბე, ჭიაყელებისაც და კიდევ ბევრი სხვაც. ყურადღებით მომისმინა და ჩაილაპარაკა: ვერ ვიჯერებ. როგორ მინდა, თქვენი სიტყვები ტყუილი იყოსო... ერთხანს დუმდა, შემდეგ კი მთხოვა: მითხარით, რა გავაკეთო იმ ტკივილის კომპენსირებისთვის, რომელსაც გოგიტა გაყენებთო? - დირექტორს მოსთხოვეთ, სხვა კლასის დამრიგებლად გადამიყვანოს. უთხარით, რომ თქვენი შვილიშვილისთვის უფრო ძლიერი პედაგოგი გინდათ-მეთქი.

- შეგისრულათ თხოვნა?

- არა, მაგრამ ერთი კარგი საქმე ნამდვილად გააკეთა: გოგიტას არ უთხრა ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შესახებ, თორემ, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ, ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა... გამოსაშვებ საღამოზე ტრაგედია დატრიალდა: გოგიტამ დანით დაჭრა თანაკლასელი. ამის შემდეგ, ბაბუამისმა დამირეკა და მითხრა: მაპატიეთ, მაშინ რომ არ დაგიჯერეთ. ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი შვილიშვილი მყავდაო...

უგულო საქმოსანი

ნანა, 70 წლის:

- ავადმყოფი შვილი მყავს, მარტოხელა ქალი ვარ, თანაც - დამსახურებული პედაგოგი. ვიფიქრე, ჩემი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან მივალ, იქნებ დახმარების ხელი გამომიწოდოს-მეთქი. თანაც მეგონა, რომ ძალიან გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი იყო, ჩემს სატკივარს გულთან მიიტანდა და უარით არ გამომისტუმრებდა. მის მშობლებსაც ვიცნობდი. კარგი ხალხი იყო. წესით, მათი შვილი ურიგო კაცი არ უნდა ყოფილიყო... დავურეკე. ჩემი გაჭირვების შესახებ ვუამბე. დახმარება აღმითქვა. შეხვედრაც დამინიშნა. მივედი, ვესაუბრე. მიღიმოდა და დაიმედებული წამოვედი. მაგრამ გავიდა ერთი კვირა, მერე თვე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მეგონა, თავის ხელქვეითებს დაავალა, დაეხმარეთო და მისი სიტყვა არ შეასრულეს, ამიტომ ისევ ვცადე მასთან დაკავშირება. მობილურ ტელეფონზე თითქმის მთელი კვირა ვურეკავდი; ალბათ, ნომერი იცნო და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, გამგეობაშიც მივედი, სადაც მას მიღების დღე ჰქონდა დაწესებული. იქ მითხრეს: ტყუილად მოხვედით, არ სცალია და აქ არ მოდის ხოლმეო... ამის შემდეგ გადავწყვიტე, მასთან პარლამენტში მივსულიყავი. კართან ავიტუზე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. მთელი დღე ველოდი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა. რომ შემომხედა, უსიამოვნო სახე მიიღო. მივხვდი, ჩემმა დანახვამ გააღიზიანა. ამას მისგან არ მოველოდი. მივუახლოვდი, მაგრამ ზედაც არ შემომხედა, ზურგი შემაქცია და პარლამენტის შენობაში შევიდა... მეორე დღესაც მივედი. მინდოდა, გამეგო, ასე რატომ მომექცა. მისნაირი ზრდილობიანი ადამიანისგან ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ზრდილობა მხოლოდ ნიღაბი იყო...

როგორც კი გამოჩნდა, წინ გადავუდექი. არავინ გვიყურებდა, თითქმის მარტოები ვიყავით. მეგონა, ამჯერად მაინც, ღიმილით მომესალმებოდა, მან კი დამიყვირა: გამატარე, შენთვის მცალია? ხომ ხედავ, სხდომაზე მაგვიანდებაო!.. ადგილზე გავქვავდი. მოულოდნელობისგან ლამის დავმუნჯდი. მერე ვიფიქრე: იქნებ ვეღარ მიცნო, იქნებ ცუდი მეხსიერება აქვს და ერთი ნახვით ვერ დამიმახსოვრა-მეთქი?.. თავზარდაცემული, იმედს მაინც ჩავებღაუჭე და შვილის გამო, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, გამომეცადა. მესამე დღესაც დავხვდი პარლამენტის მისაღებში. ალბათ იფიქრა, ცოტა მკაცრად თუ არ მოვექეცი, თავიდან ვერ მოვიშორებო და ისევ შემაქცია ზურგი. გავეკიდე, ვიფიქრე - გარეთ ბევრი ხალხი დგას და ვერ გაბედავს, რომ არ დამელაპარაკოს-მეთქი... ვიღაც კაცთან მივიდა და უთხრა: ვინ არის? მომაშორეთ, მაგის დედაც! მაგის გამო აქ მოსვლა შემძულდაო... ყვირილი მოვრთე: როცა გვეხვეწებოდი, ხმა მომეცითო, - მაშინ "გენაცვალეთი" რატომ მელაპარაკებოდი-მეთქი?.. - მაგრამ ჩემი ნათქვამი ალბათ, აღარც გაუგონია, მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. მე კი სახლამდე ძლივს მივლასლასდი, შერცხვენილი და შეურაცხყოფილი.

მატყუარა შეყვარებული

ია, 28 წლის:

- ალბათ, არავინაა იმაზე საშიში, ვისაც იოლად შეუძლია, კეთილშობილი, ზრდილი ადამიანის ნიღაბი მოირგოს, სინამდვილეში კი ბოროტი და სასტიკი ადამიანია. გიგა ასეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. 10 წლის წინ, ვერის ბაღში გავიცანი. მეგობართან შეხვედრა მქონდა დანიშნული. დათქმულ დროზე ადრე მომიხდა მისვლა, ამიტომ უსაქმოდ ვიხეტიალე, ბოლოს კი დაღლილმა, თავისუფალი სკამის მოსაძებნად მიმოვიხედე. მოულოდნელად, უცნობი ყმაწვილი მომიახლოვდა და მითხრა - ნება მიბოძეთ, დაგეხმაროთო. ეს ფრაზა ჩემი თანატოლებისგან არასდროს გამეგონა. ამიტომაც დავაკვირდი სრულიად უცნობ ყმაწვილს და საუბარშიც ავყევი. ჩემზე ათი წლით უფროსი იქნებოდა. დაბრძენებული მამაკაცივით საუბრობდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ჩემ შესახებ. მოვიხიბლე. ვიფიქრე: ასეთი ზრდილობიანი მამაკაცი ალბათ, მთელ ქვეყანაზე არ არსებობს-მეთქი... ერთი თვის შემდეგ, დაქალებს ვკითხე აზრი მის შესახებ. მითხრეს: ზედმეტად თავაზიანია, ზოგჯერ მისი გადამეტებული თავაზიანობა მომაბეზრებელიც კი არისო... მე კი სწორედ ამის გამო მომწონდა. შემდეგ, შემიყვარდა კიდეც. ერთმანეთს დავუახლოვდით. მასთან იმდენ დროს ვატარებდი, რომ მეგობრები კინაღამ დავკარგე. ჩემი ცხოვრების აზრი გიგა გახდა, მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა გვქონდა: ზოგჯერ, გიგა თბილისიდან რაიონში მიდიოდა და მთელი კვირით მტოვებდა. მეუბნებოდა, რომ ბრმა დედა ჰყავდა, რომელიც სიკვდილის პირას იყო. ხშირად უთქვამს ჩემთვის, - შენ რომ არა, გვერდიდან არ მოვცილდებოდი, წუთითაც არ მივატოვებდიო...

გიგა სხვებსაც მოსწონდათ, განსაკუთრებით - ჩემს მშობლებს. ზრდილობიანია, ასეთი თავაზიანობა ნამდვილად ქების ღირსიაო, - მითხრა ერთხელ მისი ქცევით მოხიბლულმა ბაბუამ. მაგრამ ჩემმა ძმამ აითვალწუნა. მისი ზრდილობა მოჩვენებითია. არა მგონია, დღეში ასი ბოდიშის და მადლობის თქმა მისთვის ჩვეულებრივი რამ იყოს, ვფიქრობ, რაღაცას გვიმალავსო... ამ სიტყვებმა მამაჩემი ძალზე გააღიზიანა: მაშინ დაამტკიცეო!.. როცა მამას რაიმე არ მოეწონებოდა, ჩემს ძმას მაშინვე ეუბნებოდა: ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, გიგას რომ დამსგავსებოდი და ეგეთი უზრდელი არ ყოფილიყავიო... კოკა თხუთმეტი წლის იყო და გამძაფრებული ჰქონდა თავმოყვარეობის გრძნობა, ამიტომ მამის ნათქვამს მტკივნეულად განიცდიდა. გადაწყვიტა, გიგასთვის ნიღაბი ჩამოეგლიჯა.

ზაფხულის თბილი საღამო იდგა. გიგამ მამაჩემს სთხოვა: თუ ნებას დამრთავთ, იას სასეირნოდ წავიყვანო. მამაც დათანხმდა. მე და გიგა ხელიხელჩაკიდებულები გამოვედით ქუჩაში. კოკას მოვკარი თვალი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ აგვედევნებოდა?.. ვაკის პარკში ერთ-ერთ სკამზე დავსხედით. როგორც შეყვარებულებს სჩვევიათ, ჩვენც ჩავეხუტეთ ერთმანეთს. გიგამ ფერება დამიწყო. მართალია, ზღვარს გადავიდა და შუა პარკში კინაღამ გამაუპატიურა, მაგრამ კოკას რეაქცია მაინც გადაჭარბებული მგონია: დიდ ხის ნაჭერს სტაცა ხელი და ორივეს გვესროლა. მერე ერთმანეთს სცემეს...

გიგა იმ დღიდან აღარც გამოჩენილა. კვირის თავზე გავიგე, რომ თაღლითი ყოფილა, გულუბრყვილო ხალხს ფულს სძალავდა - ბანკის თანამშრომელი ვარ და "გაყინულ" წიგნაკებს გაგინაღდებთო... მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასე, უკვალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. სამაგიეროდ, დამიტოვა უამრავი უპასუხო კითხვა და დაუძლეველი შიში იმისა, რომ ადამიანების ცნობა არ შემიძლია...