რაჭ­ვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი - გზაპრესი

რაჭ­ვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი

ჭიდაობის ძველი გულშემატკივრები ადვილად მიმიხვდებიან, როგორ შეიძლებოდა სეულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის ბედი კისლოვოდსკის ხალიჩაზე გადაწყვეტილიყო, თანაც - თამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. საქმე ის არის, რომ ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონით კატეგორიაში დავით გობეჯიშვილს რამდენიმე სერიოზული კონკურენტი ჰყავდა, ყველაზე ძლიერი მათ შორის ასლან ხადარცევი იყო. სწორედ ხადარცევთან მოუწყეს საკონტროლო შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც მოხვდებოდა ქვეყნის მთავარ გუნდში.

ხადარცევი ტაშკენტელი იყო, თუმცა, ეროვნებით ოსი და მის საქომაგოდ კისლოვოდსკში ლამის მთელი ორჯონიკიძის ჩინოსნები ჩავიდნენ. მხარდამჭერები არც ქართველ ფალავანს აკლდა. საქმეში საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი და გენერალური პროკურორი, ვახტანგ რაზმაძეც ჩაერივნენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის კისლოვოდსკში ჩასვლა აღმოჩნდა. მას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოჭიდავეთა შორის და ამით მეტოქეთა შანსები სამართლიან მსაჯობაზე გათანაბრდა, თუმცა - ნაწილობრივ.

დავით გობეჯიშვილი:

- მაშინ საბჭოთა ნაკრებში ასეთი პრინციპი იყო დამკვიდრებული: თუ თბილისის მეტად პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს, საკავშირო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატს ან მსოფლიოს თასს მოიგებდი, წლის მთავარ შეჯიბრებაში მონაწილეობა გარანტირებული გქონდა. მე 1988 წელს ყველა ამ მაჩვენებლებით ვჯობდი ხადარცევს და წესით, ოლიმპიადის საგზურიც მე მეკუთვნოდა, მაგრამ მისი მხარდამჭერები და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ივან იარიგინიც მის მხარეს იყვნენ. ამიტომაც დანიშნეს ის საკონტროლო შეხვედრა, თანაც ულიმიტო დროით - ჭიდაობა გაგრძელდებოდა ერთ-ერთის გამარჯვებამდე.

პირველი ქულა პირველივე სამწუთიან პერიოდში ავიღე, მაგრამ არ ჩამითვალეს. კიდევ სამჯერ მეკუთვნოდა თითო ქულა, თუმცა არც ისინი მომცეს. მეოთხედაც რომ არ შემიფასეს ილეთი, პროტესტი გამოვაცხადე, აღარ ვიჭიდავებ-მეთქი. ჩვენი "დინამოს" საბჭოს თავმჯდომარე, გენერალი ჯიმი მიქელაძე მომვარდა, - იჭიდავე, თორემ დაგაპატიმრებო. გავაგრძელე, რაღა უნდა მექნა, მაგრამ გამარჯვებისა უკვე ნაკლებად მჯეროდა. ნახევარი საათი ისე ვიჭიდავეთ, ქულა არ გაკეთებულა და ბოლოს, 31-ე წუთზე ისეთი ილეთი გავუკეთე ხადარცევს, ქულის არმოცემა შეუძლებელი იყო. ყველამ მომილოცა, თავად ხადარცევმაც. კარგი ბიჭი იყო, ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში სპარინგ-პარტნიორობას სწორედ ის მიწევდა.

დავით გობეჯიშვილმა ასლან ხადარცევს კი მოუგო, მაგრამ სეულის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ უფრო ძნელი ორთაბრძოლები ელოდა, პირველ რიგში ამერიკელთა მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონ, ბრიუს ბაუმგარტნერთან. ბაუმგარტნერი მართლაც ლეგენდარული ფალავანი იყო. საერთაშორისო სარბიელზე იგი 1981 წელს გამოჩნდა და 15 წელი გობეჯიშვილის გარდა ხალიჩაზე ტოლ-სწორი პრაქტიკულად არ ჰყოლია. კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონის სამი ტიტულის გარდა, ოთხ ოლიმპიადაზე ორი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. პირველად მან და დათომ 1985 წელს ერევანში, სსრკ-აშშ მოჭიდავეების სამატჩო შეხვედრაზე იჭიდავეს. მანამდე ამერიკელმა ყველა საბჭოთა მძიმეწონოსანი დაამარცხა და კიდევ ერთხელ წაგება ნაკრებთან გამომშვიდობას ნიშნავდა. ამიტომაც მასთან ჭიდაობა არავის უნდოდა. მწვრთნელებმაც მარტივი გამოსავალი მოძებნეს, ტიტულოვან ფალავანს 22 წლის გობეჯიშვილი ჩაუგდეს ხახაში.

დავით გობეჯიშვილი:

- დავიწყეთ თუ არა ჭიდაობა, დაახლოებით ერთ წუთში უკვე 5:0 ვიგებდი. ფეხებში შესვლა მომინდომა, მაგრამ დავასწარი და ხალიჩაზე დავტოვე. მერე "ვერტუშკა" წამოიწყო და აქაც ორქულიან ილეთზე დავიჭირე. შემდეგ მე თავად შევედი ფეხებში და კიდევ გავზარდე ანგარიში. სიცხიანი ვჭიდაობდი და მეორე პერიოდში დავიღალე, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიჭიდავე და დავამარცხე. ნამდვილი სენსაცია იყო, ჩემს გამარჯვებას არავინ ელოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რევანში მალევე ამიღო.

ერევნის სამატჩო შეხვედრისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ ყველა ინტერესით ელოდა ამ გოლიათების მორიგ ორთაბრძოლას, რომელიც ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გამართულიყო. ჩემპიონატის სტარტზე ქართველმა ფალავანმა 3 წუთში მოუთავა საქმე ავსტრიელ გაბრიელ ტოტს და მეორე წრეში ბაუმგარტნერს შეხვდა. გობეჯიშვილმა უკვე იცოდა, რომ დასწრებაზე უნდა ეჭიდავა და თავიდანვე უპირატესობა უნდა მოეპოვებინა. ჯერ ჩოქბჯენში გადაიყვანა და 2 ქულა აუღო. მერე ფეხებში შევიდა, აიტაცა 130 კგ-ნი კაცი და 6:0 დაწინაურდა. მალე ისევ ტრიალი და 8:0, საბოლოოდ კი 9:3 დაამარცხა ამერიკელი. დანარჩენ მეტოქეებზე არც ღირს საუბარი. როგორც დათოს პირადი მწვრთნელი, გურამ საღარაძე ამბობს, ბუდაპეშტში მისმა შეგირდმა ორჯერ ისეთი ოთხქულიანი ილეთი გამოიყენა, რომელიც არასდროს უსწავლებია. დათო მართლაც უნიკალური მოჭიდავე იყო. უნგრეთის დედაქალაქიდან დავით გობეჯიშვილმა მსოფლიოს ჩემიონატების პირველი ოქროს მედალი ჩამოიტანა. იმ წელს იგი ჩვენმა ჟურნალისტებმა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

ბუდაპეშტის შემდეგ გობეჯიშვილი და ბაუმგარტნერი კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშებისათვის საერთო ანგარიში უკვე 4:3 იყო ამერიკელის სასარგებლოდ. როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმე წონაში ყველა ელოდა, რომ ჩემპიონის ვინაობა ძველი მეტოქეების პაექრობაში უნდა გარკვეულიყო.

დავით გობეჯიშვილი:

- ოლიმპიური თამაშებისათვის კარგად ვიყავი მომზადებული. წლის დასაწყისში თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოვიგე, მაგრამ მაშინ ბაუმგარტნერი არ ჩამოვიდა. სამაგიეროდ, ცოტა მოგვიანებით ამერიკულ ტოლიდოში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე შევხვდი და 11:6 დავამარცხე. სეულშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებას მივაღწევდი, თუმცა კარგად მესმოდა, რომ ოლიმპიური ტურნირი აბსოლუტურად განსხვავებული შეჯიბრებაა პირველ რიგში ემოციურად და დიდი ენერგიაც მიაქვს, ამიტომ ყველა მეტოქესთან სრული მობილიზებით უნდა მეჭიდავა. ფინალამდე ხუთი შეხვედრა ვიჭიდავე და ხუთივე ისე მოვიგე, ერთი ქულაც არ დამითმია, თავად კი 45 ქულა მოვაგროვე. ფინალამდე ოლიმპიურ სოფელში რომ მეძინა, დამესიზმრა, თითქოს ოლიმპიური ოქროს მედალი მეჭირა ხელში. გავიღვიძე და მართლაც ცხვირწინ ვხედავ ამ მედალს. თურმე ვლადიმერ აფციაური გამხდარა ჩემპიონი და მძინარეს სახესთან მიტრიალებდა, შენც იმავე სინჯის ჯილდო აგეღოსო.

ოლიმპიური შეჯიბრებების დასკვნით დღეს, ჩემი ფინალის გარდა, ფინალური მატჩი ტარდებოდა საბჭოთა და ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის. იქ გელა კეტაშვილი თამაშობდა, მაგრამ საქართველოს და სსრკ-ის სპორტის მაღალჩინოსნები ჩემი ჭიდაობის სანახავად მოვიდნენ. მეუბნებოდნენ, ყველა მედალს ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში შენი გამარჯვება გვირჩევნიაო. გადამწყვეტი შეხვედრა ბაუმგარტნერთან თავიდან ბოლომდე მე მიმყავდა, პირველ პერიოდში ერთი ქულა ავართვი, მეორეში კიდევ ერთი და ორთაბრძოლის დამთავრებამდე 17 წამით ადრე 3:0 ვიგებდი. პრაქტიკულად შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მახსოვს, ჩოქბჯენში მყავდა დაჭერილი ბაუმგარტნერი და ჩვენებს ხელიც დავუქნიე, კარგად არის საქმე-მეთქი. 4 წამიღა რჩებოდა საფინალო სასტვენამდე ერთი ქულა რომ დავუთმე და საბოლოოდ 3:1 გავიმარჯვე.

ოლიმპიური ტრიუმფატორები სეულიდან მოსკოვში საგანგებო რეისით გადაფრინდნენ, სადაც მოგვიანებით მიხეილ გორბაჩოვთან თბილი მიღება მოუწყვეს. ჩემპიონ მგზავრებს შორის, რაღა თქმა უნდა, ქართველი სპორტსმენებიც იყვნენ: ნინო სალუქვაძე, გელა კეტაშვილი, ვლადიმერ გოგოლაძე, ვლადიმერ აფციაური და დავით გობეჯიშვილი. თბილისში საგანგებო მიღება ჰქონდათ ჯუმბერ პატიაშვილთან, ფილარმონიაში კი საზეიმო საღამოც გაიმართა.

საზეიმო საღამოები და ბანკეტები პირველ რაჭველ ოლიმპიურ ჩემპიონს არც შემდგომში მოჰკლებია და როგორც ხშირად ხდება, დიდ გამარჯვებას დაღმასვლა მოჰყვება ხოლმე. დათოსაც 1989 წელი პრაქტიკულად ჩაუვარდა, მაგრამ მომდევნი სეზონში ისევ ის დავით გობეჯიშვილი იყო. თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვების შემდეგ სიეტლში, "კეთილი ნების თამაშებზე" გაემგზავრა და კვლავ დაამარცხა ბაუმგარტნერი, შემდეგ კი ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტულიც მოიპოვა. ფინალში მისი მეტოქე ისევ ამერიკელთა ჯილა იყო და წონის ლიდერების ორთაბრძოლა კვლავ ქართველის გამარჯვებით დამთავრდა. ეს დავით გობეჯიშვილის ბოლო დიდი გამარჯვება იყო.

1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლაბა გამოაცხადა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ჩვენს ათლეტებს საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობა აუკრძალეს.Aამის გამო ბევრმა საერთოდ დაანება თავი დიდ სპორტს, მათ შორის დათომაც, ჩაის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. თუმცა, შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) გუნდის შემადგენლობაში გადაწყდა 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. გობეჯიშვილი უკვე კარგა ხანია არ ჭიდაობდა და არც აპირებდა ხალიჩაზე გამოსვლას, მაგრამ მეგობრები შეუჩნდნენ და სამკვირიანი ვარჯიშის შემდეგ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგი დსთ-ის ჩემპიონატი. თუმცა ბარსელონისათვის სრულყოფილად მომზადება ვეღარ მოასწრო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

"სულ ორი კვირის ვარჯიში დაგვაკლდა", - დანანებით თქვა ბარსელონის შემდეგ გურამ საღარაძემ. ოლიმპიადისათვის ის კარგად არ იყო ნავარჯიშები. თავად დათოს კი მიაჩნია, როცა ადამიანი იბადება, თავისი იღბალი იმთავითვე დაჰყვება. არც ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობაა ურიგო, თუმცა, ხუთი წუთით ადრე წასვლა ჯობს ხუთი წუთით დაგვიანებასო.