ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი მოს­წავ­ლის საყ­ვა­რე­ლი რუბ­რი­კე­ბი "გზა­ში" და პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­თა­ნაც იძ­მა­კა­ცებ­და - გზაპრესი

ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი მოს­წავ­ლის საყ­ვა­რე­ლი რუბ­რი­კე­ბი "გზა­ში" და პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­თა­ნაც იძ­მა­კა­ცებ­და

მან საატესტატო გამოცდებში 8 საგანში უმაღლესი შეფასება - 10 ქულა მიიღო და ამ შედეგით ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის სტატუსი მოიპოვა. ამჟამად თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით სწავლობს. როდესაც ნიკა ბეჭვაიას ინტერვიუზე შევუთანხმდი, არ დამიკონკრეტებია, რომელ რუბრიკაში ვაპირებდი მის ჩაწერას. ჩვენი შეხვედრა კი ასეთი დიალოგით დაიწყო:

- "ერუდიტში" უნდა ჩამწერო?

- სატელეფონო საუბრის დროს ეს არ მითქვამს, როგორ მიხვდი?

- ამ რუბრიკას ყოველთვის ვკითხულობ, ძალიან მომწონს. "გზაში" ასევე გამორჩეულად გონების სავარჯიშოს ორი სვეტი მიზიდავს. პასუხები დასმულ შეკითხვებზე ხშირად ვიცი. თუ არ ვიცი, ვკითხულობ და ვიმახსოვრებ.

რუსთავის IV საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. რეპეტიტორებთან არ მოვმზადებულვარ. სკოლაში მივიღე ის ცოდნა, რომლითაც ჯერ საატესტატო გამოცდები ჩავაბარე წარმატებით და შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. სკოლაში გაცილებით მეტს ვსწავლობდი, ვიდრე - სახლში.

კითხვა ძალიან მიყვარს. მხატვრულ ლიტერატურას ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი. ბოლო პერიოდში პროფესიული ლიტერატურითაც დავინტერესდი.

ბავშვობაში წიგნის სამყაროში ჩემი მეგზური ბებია იყო. ადრეული ასაკიდან გამორჩეულად დეტექტივები მიზიდავდა. აგათა კრისტი საყვარელი ავტორია.

ქართული მწერლობა გამორჩეულად მიყვარს. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" ის ნაწარმოებია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოხდინა. რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. ასევე ძალიან მიზიდავს კონსტანტინე გამსახურდიას თხრობის სტილი, ეს მწერალი გენიაა, როცა ვკითხულობდი, მეც მის ენაზე ვსაუბრობდი. შეუდარებელია ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია". სიწყნარე და სავარძელში მოხერხებულად მოკალათება წიგნის კითხვისთვის საუკეთესო მდგომარეობაა.

ლიტერატურული პერსონაჟები ჩვენ გვერდით რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, აუცილებლად ერკიულ პუაროსთან ვიძმაკაცებდი. ქალი პერსონაჟებიდან ანა მარია ან ტერეზა შემიყვარდებოდა "სამოსელი პირველიდან". რატომ? "ანა მარია ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა" (იცინის) - ახლა ეს ციტატა გამახსენდა.

ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ფაკულტეტზე კი არჩევანი ბოლო პერიოდში გავაკეთე.

ბოლოს "პალიტრა ლ"-ის გამოცემული "ზანგთა კვარტალი, მეგრეს მემუარები" წავიკითხე. ახლა უმეტესად პროფესიულ ლიტერატურაზე ვარ გადართული. მიუხედავად იმისა, რომ სულ კარგად ვსწავლობდი, თავისუფალი დროის გამონახვას მაინც ვახერხებდი. სპორტი მიყვარს, ფეხბურთი ჩემი ჰობია, კალათბურთს ვთამაშობ.

- ცნობილი ფიზიკოსი, ნილს ბორი წარმატებული სპორტსმენი იყო. რომელი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა ის მეკარედ?

- მგონი - ფინეთის, ხომ?

- დანიის ნაკრებში თამაშობდა. დაასახელე ქვეყანა, რომელიც ფეხბურთში დღემდე ჩატარებულ ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

- ბრაზილია.

- რა ერქვა ჩუქჩების საცხოვრებელ ქოხს, რომელიც ირმის ტყავით იყო დაფარული?

- არ მახსოვს.

- იარანგი. რა ჰქვია საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ყინულის აგურებისგან აშენებენ.

- იგლუ.

- არსებობს თუ არა საქართველოში დინოზავრის ნაკვალევი?

- დიახ.

- რომელ ოკეანეშია ფიჯის კუნძულები?

- წყნარ ოკეანეში.

- დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბლით, ნაცნობებს - კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს - მათი..."

- სისუსტეებით?

- ცდები.

- მათი შეხედულებებით?

- "...მტრებს მათი ინტელექტით". რამდენი შვილი ჰყავდა ილია ჭავაჭავაძეს?

- (ფიქრობს) მას შვილი არ ჰყავდა.

- "ბენტლი", "როლს-როისი", "იაგუარი" - რომელი ქვეყანა აწარმოებს ამ ავტომობილებს?

- დიდი ბრიტანეთი.

- ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?

- ჟორჟოლიანმა.

- "მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისევე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც. კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია" - კონსტანტინე გამსახურდიას რომელი გმირი ამბობს ამ სიტყვებს?

- გიორგი მეფე.

- რომელი მხედართმთავარი აარსებდა თავის მოსახელე ქალაქებს დაპყრობილ ტერიტორიებზე?

- ალექსანდრე მაკედონელი.

- 1895 წელი კინემატოგრაფიის დაბადების წელია. რომელ ქალაქში გაიმართა პირველი კინოსეანსი?

- არ მახსოვს.

- პარიზში. სადაური სიტყვაა "ბიბლიოთეკა"?

- ბერძნული.

- რომელი ქვეყანა იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში?

- ურუგვაი.

- "არ მკითხოთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი, შემდეგი მილიონები კი სუფთად მაქვს ნაშოვნი", - ამბობდა ადამიანი, რომელიც პირველი მილიარდერი იყო მსოფლიოში. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- როკფელერი.

- დაფნა, ვაშლი, ბროწეული, ვარდი - ბერძნული მითოლოგიით, რომელი მცენარე ითვლება ქორწინების სიმბოლოდ?

- ბროწეული.

- "თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი, იამაყე. თუ არა და, გაიხარე". რომელი ცნობილი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ეს გამოთქმა ვიცი, ავტორსაც გავიხსენებ, ფრანგია, ხომ?

- დიახ.

- (ფიქრობს) მოპასანი.

- პოეზია გიყვარს?

- ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - გალაკტიონი, ტიციანი, ლეონიძე, ასათიანი...

- "ქალი? მიყვარს, მიყვარს ქალი/ ღვინოც, მაგრამ არა ქარხნის,/ პურიც, მაგრამ არა ფურნის,/ პური - თონის,/ ღვინო - ჭურის,/ ქალი - მსგავსი გაზაფხულის". რომელ პოეტს ეკუთვნის ეს ლექსი?

- სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ.

- მუხრან მაჭავარიანს. ვინ იყო პირველი ინდოელი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო?

- (ფიქრობს)...

- მიგანიშნებ, ის იყო ცნობილი მწერალი, კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე.

- თაგორი.

- რა ეწოდება ბანკიდან ან სხვა ტიპის ორგანიზაციიდან ფულის გადაადგილებას ბრონირებული მანქანითა და დაცვის თანხლებით?

- ეს პროფესიული კითხვაა, ინკასაცია.

- რა ჰქვია ფასიან ქაღალდს, რომელიც მის გამცემს ავალდებულებს, გასცეს თანხის ძირითადი ნაწილი და პროცენტი განსაზღვრულ ვადაში?

- ობლიგაცია.

- კონფუცი ცუდ მმართველად მას მიიჩნევდა, ვინც ხალხს სძულდა. ცოტათი უკეთესად მას, ვინც ხალხს უყვარდა. ვის მიიჩნევდა იგი საუკეთესო მმართველად?

- არ მახსოვს.

- ვისი სახელიც ხალხმა არ იცოდა. წლების წინ ღვინის სახელწოდება, ჩამოსხმის წელი და ის ინფორმაცია, რომელიც დღეს ეტიკეტზეა, ბოთლის რომელ ნაწილზე იყო დატანილი?

- საცობზე.

- შუმერელმა მოაზროვნეებმა გამოიგონეს ციფრები, მაგრამ ვერ მიაგნეს მათემატიკის ერთ-ერთ უდიდეს საოცრებას. ეს ციფრი მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში აღმოაჩინეს ბაბილონელებმა. რომელ ციფრზეა ლაპარაკი?

- 0.

- "ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს, როცა წვიმს". რომელი პროფესიის წარმომადგენლებზე ამბობდა ამ სიტყვებს მარკ ტვენი?

- ბანკირებზე.

- ისააკ ნიუტონის 300 წლის აღასანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?

- წითელი ვაშლი.

- "ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ მე სულელი არ ვარ", - რომელი ცნობილი ესპანელი მხატვარია ამ გამონათქვამის ავტორი? მიგანიშნებ, მან ჯოკონდა ულვაშით გამოსახა.

- სალვადორ დალი.

- ერთხელ სალვადორ დალის ერთ-ერთმა პარფიუმერიულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსთვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა: სახლში მოიძია საგანი, ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და დამკვეთებს განუცხადა, რომ ის ფლაკონის თავსახურის მაგივრობას გასწევდა. თან შესთავაზა, სუნამოსთვის "გაელვება" დაერქმიათ. რისგან დაამზადა მან ფლაკონი?

- ნათურისგან.

- ეს ინგლისელი მწერალი ქალი I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. მას დეტექტიური ჟანრის 60-მდე ნაწარმოები აქვს შექმნილი. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?

- აგათა კრისტი.

- დაბოლოს, დაასრულე ბუფონის ცნობილი გამონათქვამი: "არაფერი ისე გადამდები არაა, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს..."

- "...ცნობილი ადამიანი".

თამუნა კვინიკაძე