კარის ეკლესიის საძირკველზე აგებული ტაძარი და პატრიარქის მიერ მოხატული ფრესკა - გზაპრესი

კარის ეკლესიის საძირკველზე აგებული ტაძარი და პატრიარქის მიერ მოხატული ფრესკა

გვიან შუა საუკუნებში თბილისს, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ჩრდილოეთის მხრიდან, ჩუღურეთისა და ახალსოფლის (კუკიის) შემდეგ დიდუბე ემიჯნებოდა, რომელიც XIX საუკუნემდე სოფლის ტიპის დასახლებად ითვლებოდა. ისტორიულ წყაროებში ის დროდადრო "თვალს ეფარებოდა" და არ მოიხსენიებოდა, რაც მტრის ხშირ შემოსევასა და ამ ადგილის აწიოკებაზე მეტყველებს.

დიდუბე მოიცავდა ტერიტორიას დღევანდელი აღმაშენებლის გამზირიდან (მუშტაიდის ბაღის გავლით) დიღმის მისადგომამდე. ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალის უმრავლესობას ისტორიკოსები ენეოლითურ პერიოდს მიაკუთვნებენ, ხოლო მცირე ნაწილს ძვ. წ. აღ I ათასწლეულის II ნახევრის და ჩვ. წ. აღ. I საუკუნეებს. რაც დიდუბის ტერიტორიაზე ადრეული ხანის ცხოვრების მიმანიშნებელია.

სპარსეთის სახელმწიფო ოდითგანვე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მტრად ითვლებოდა. მათი აგრესია ჩვენი ერის გაქრისტიანების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. სპარსელების ერთ-ერთ შემოსევას, რომელსაც წინ ვახტანგ გორგასალი აღუდგა, ისტორიკოსი ჯუანშერი აღწერდა. ქართველი მემატიანის ცნობით, ბრძოლის დაწყებამდე ქართველთა ჯარი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე დაბანაკებულა, ხოლო სპარსელები _ მტკვრის მეორე ნაპირზე "ცხენის ტერფიდან" მოყოლებული მტკვრის ქვემო დინებისკენ _ ქალაქისკენ გაშლილან. მოგვიანებით ამავე ადგილზე ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: თბილისის ჩრდილოეთით არის მინდორი დიდუბისა, რომელსაც ეწოდა "ცხენის ტერფი". ამ სახელის გაჩენის დრო უცნობია, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, ამ ადგილმა მსგავსი ხატოვანი სახელი თავისი რელიეფის _ ვაკე, დაცემული, სწორი მიწების გამო მიიღო. ისტორიული მასალების კვლევისას ჩანს, სახელი "ცხენის ტერფი" ვახუშტიმდე მხოლოდ ერთხელ გვხვდება, XI-XII საუკუნეებში კი ეს ადგილი უკვე დიდუბედ მოიხსენიება.

დიდუბე, როგორც ადგილის სახელი, პირველად ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, კერძოდ XI საუკუნის ერთ-ერთ დავის სიგელშია ნახსენები. სოფელი დიდუბე რამდენჯერმე მოიხსენიება თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსების თხზულებებშიც. როგორც ირკვევა, 1193 წელს, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწილი დიდუბეში შემდგარა. სამეფო სასახლეში გამართული ქორწილის შესახებ, თამარ მეფის ცხოვრების აღმწერი ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი წერდა: "... შეიყარნეს დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს". დიდუბეშივე მდგარა მეფის სასახლე და კარის ეკლესიაც. GzaPress

სახელწოდება დიდუბე ორი სიტყვის ნაზავია. ესენია: "დიდი დუბე" და "დუბე ვაკე", რაც დაბლობის აღმნიშვნელი სიტყვებია. გვიან შუა საუკუნეებამდე ამ სახელს ჩამოსცილდა მსაზღვრელი "დიდი" და შემდეგში ის მხოლოდ დაბალი ადგილის შემცველ სიტყვად _ "დუბედ" მოიხსენიება. სულხან საბა "დუბეს" ასე განმარტავდა: დუბე _ დაბალი ადგილი.

XIII საუკუნიდან თითქმის მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში დიდუბის შესახებ არანაირი მასალა არ მოიპოვება, რასაც მტრის შემოსევებითა და პოლიტიკური არასტაბილური ვითარებით ხსნიან, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა სოფლის განადგურება გამოიწვია. დიდუბის აღდგენა და სამშენებლო სამუშაოები როსტომ მეფის პერიოდში დაიწყო და ვახტანგ VI-ის მეფობის ხანაშიც გაგრძელდა. ამ დროს სოფელი თავიდან დასახლებულა და მას შემდეგ აღარ მოშლილა. თუმცა, მტრის შემოსევების შედეგად კვლავ არაერთხელ დაზარალებულა და გაპარტახებულა.

1813 წელს შედგენილ საქართველოს რუკაზე დიდუბე უკვე აღარაა დატანილი, 1883 და 1887 წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე დიდუბე კვლავ გვხვდება, მაგრამ ის უკვე ქალაქის ფარგლებშია მოქცეული.

დიდუბე თავისი მდებარეობისა და რელიეფის გამო, წლების განმავლობაში ცხენოსანთა ასპარეზისა და აღლუმების გასამართი ადგილი იყო. რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ აქ ძველებურად გრძელდებოდა საცხენოსნო თამაშობანი და აღლუმები. ერთ-ერთ ასეთ აღლუმს XIX საუკუნის 30-იან წლებში ნიკოლოზ პირველიც დასწრებია. მომდევნო პერიოდში იქვე იმართებოდა ცხენების ბაზრობა და დოღი. 1846 წელს დიდუბეში მოეწყო იპოდრომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე არსებობდა. გასული საუკუნის დასაწყისში აქედან საცდელ გაფრენებს აწყობდა ქართველი მფრინავი ბესარიონ ქებურია. ის მსოფლიოში 210-ე პილოტი გახლდათ და თბილისის ცაში პირველი საფრენი აპარატით სწორედ ის აფრინდა.

მუშტაიდის ბაღი 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზიმ გააშენა. მან დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული.

1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები, სპექტაკლები. 1935 წელს ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.

GzaPress

1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა. ის დროთა განმავლობაში შემცირდა და სააბრეშუმო სადგურის კომპლექსიდან დღეს ფაქტობრივად მხოლოდ აბრეშუმის მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელიც გზის გაყვანის შემდეგ "დინამოს" მხარეს მოექცა.

თუთის ხეებს შორის მოქცეული მუზეუმის შენობა 1890-1892 წლებში პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აიგო. აქ ორი ძირითადი სართული, სარდაფი და სხვენია. შენობის ექსტერიერი ფსევდომავრიტანული და ფსევდოგოტიკური სტილების ნაზავს წარმოადგენს, ინტერიერში კი კლასიცისტური ელემენტები ჭარბობს. შენობის ავთენტურობას ის ფაქტიც განსაზღვრავს, რომ საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში დღემდე შემონახულია ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული ავეჯი.

თავდაპირველად დიდუბე საბურთალოს 1939 წელს აგებული საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა. 1954 წლის დასაწყისში კი მდინარე მტკვარზე ახალი, დიღმის ხიდი აიგო. სწორედ ამ დროიდან გაუქმდა ბორანიც, რომლის საშუალებითაც ქალაქის მცხოვრებნი ერთი უბნიდან მეორეში გადადიოდნენ. 1955 წელს რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ ახალი ქუჩის გაჭრით, ერთმანეთს დაუკავშირდა ნაძალადევისა და დიდუბის რაიონები.

დიდუბეში მდებარეობს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამოს" სტადიონი, რომელიც 1936 წელს არქიტექტორ არჩილ ქურდიანის პროექტის მიხედვით აშენდა. ნაგებობას რეკონსტრუქცია ორჯერ ჩაუტარდა, სულ ბოლოს ჩვენს უახლოეს წარსულში, ახლა ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. გიულდენშტედტისა და მოსკოვის სამხედრო-ისტორიულ არქივში დაცული რუკების მიხედვით ვარაუდობენ, რომ დღევანდელი დინამო არენას მიდამოებში დიდუბის ძველი ციხე უნდა მდგარიყო.

1939 წელს დიდუბეში პანთეონი გაიხსნა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები განისვენებენ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს. პანთეონის გვერდით მდებარეობს ღვთისმშობლის შობის ეკლესია, რომელიც კერძო პირთა შემოწირულობით 1872-1884 წლებში თამარის დროინდელი ძველი ეკლესიის ადგილზე აუშენებიათ. ძველი ტაძრის საფუძველზე ახალი ტაძრის მშენებლობის ინიციატორი ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ ზედგენიძე იყო. თავდაპირველად ტაძარი მოყვარულმა მხატვრებმა მოხატეს, ხოლო 1976 წელს ტაძრის მოსახატად ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ბანძელაძე მიიწვიეს. ის გარდაცვალების შემდეგ ამ ტაძრის ეზოში დაკრძალეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში შესრულებული წმინდა თამარ მეფის ფრესკის ავტორი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლავთ.

რაც შეეხება დიდუბის მთავარ გამზირს, ის აკაკი წერეთლის სახელს ატარებს. 1958 წელს, მაშინდელი საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოფილ ბრძოლის ქუჩას ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელი მიეკუთვნა. 1966 წლის 11 იანვარს მეტროსადგური "დიდუბე" ამუშავდა. 1979 წელს კი მეტროს მეორე სადგური "წერეთელი" გაიხსნა.

ანა კალანდაძე