ემოციებით დატვირთული ზაფხული და მოგზაურობა ბარსელონაში - გზაპრესი

ემოციებით დატვირთული ზაფხული და მოგზაურობა ბარსელონაში

მოგზაურობა, ზღვა, მზე, ახალი შთაბეჭდილებები, მეგობრები და გართობა - წლის განმავლობაში, დატვირთული სამუშაო რეჟიმის შემდეგ, ყოველი ჩვენგანი ხომ ამაზე ოცნებობს... მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა ახლახან დაასრულა საზაფხულო არდადეგები. ამბობს, რომ ბევრი იმოგზაურა და თბილისში უსასრულოდ კარგი ემოციებით დატვირთული დაბრუნდა.

- ზაფხულის ცხელი დღეები თბილისში გავატარე. მთელი ზაფხული ვმუშაობდი. სექტემბრის დასაწყისში ბარსელონაში წავედი დასასვენებლად და ახლახან ჩამოვედი. იბიცაზეც ვიყავი. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ძალიან კარგი შვებულება გამომივიდა. ზღაპრულად დავისვენე.

- დასასვენებლად ვისთან ერთად იყავი?

- მეგობრებთან ერთად გახლდით. ცხრა ადამიანი შევიკრიბეთ და დავგეგმეთ ერთად დასვენება... მართლაც, დაუვიწყარი დრო ვატარეთ.

- ამდენი ერთად, ერთმანეთს დისკომფორტს არ უქმნიდით?

- არა, პირიქით, ვცდილობდით, თითოეულისთვის სასიამოვნო ყოფილიყო ეს მოგზაურობა.

- ზღვა თუ მთა - რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- ზღვა ძალიან მიყვარს. შემიძლია, თვეზე მეტხანს ვიყო ზღვაზე, ისე, რომ არც მომბეზრდება. ზღვა "ჩემია" და რაღაცნაირად მავსებს.

- როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას?

- ძირითადად ვცდილობ, შვებულება გასართობად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად გამოვიყენო. ისეთი მომენტიც მაქვს ხოლმე, როცა მხოლოდ შეზლონგზე წოლა მინდა და სხვა არაფერი. უბრალოდ, ხანდახან ასეთი "პენსიონერული" დასვენებაც სჭირდება ადამიანს, განტვირთვისთვის, რაღაცებზე დასაფიქრებლად.

- "პენსიონერული" დასვენების დროს წიგნის კითხვა თუ გიყვარს?

- კი, რა თქმა უნდა. წიგნის კითხვა, საინტერესო ფილმი ყურება ან უბრალოდ, მეგობრებთან საუბარი - ეს დასვენების ერთ-ერთი კარგი ხერხია.

- ზღვაზე ყოფნისას კლუბში თუ დადიხარ? ცეკვა გიყვარს?

- თუ დასვენებას გართობის სახე აქვს, რა თქმა უნდა, კლუბშიც დავდივარ. ცეკვაც ძალიან მიყვარს და ცოტა ალკოჰოლსაც "ვწრუპავ" ხოლმე (იცინის).

- რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, სიწყნარე და სიმშვიდე თუ ხალხმრავალ ადგილას ყოფნა და მხიარულება?

- უფრო - სიწყნარე და სიმშვიდე მხიბლავს, მაგრამ ძირითადად, ამას მხიარულებასაც ვუთავსებ ხოლმე.GzaPress

- ექსტრემალური გართობა თუ გიყვარს?

- ვგიჟდები ექსტრემალურ გართობაზე და დიდი სურვილი მაქვს, პარაშუტით ზურგზე დიდი სიმაღლიდან, მაგალითად, თვითმფრინავიდან გადმოვხტე, მაგრამ ჯერ ვერ მოვაბი თავი სურვილის ახდენას.

- გამოდის, რომ უშიშარი ხარ...

- კი, საკმაოდ. მიყვარს ექსტრიმი და ადრენალინი.

- დასასვენებლად დიდი ბარგით მიდიხარ ხოლმე?

- კი, ყოველთვის დიდი ბარგი მიგროვდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბევრი არაფერი მიმაქვს. ვფიქრობ, სჯობს ყველაფერი თან გქონდეს, ვიდრე რაღაც დაგჭირდეს და ინანო, რომ არ წაიღე.

- ყველაზე კომფორტული სამოსი რა არის შენთვის ზღვაზე ყოფნისას?

- შორტი, კედი, მაისური...

- საცურაო კოსტიუმის შერჩევისას ფერს ანიჭებ უპირატესობას თუ დიზაინს?

- რა თქმა უნდა, ორივეს. დიზაინი თუ არ მომეწონა, ფერს აღარ აქვს მნიშვნელობა და პირიქით... კომფორტული საცურაო კოსტიუმი ზღვაზე ყველაზე მნიშვნელოვანი სამოსია.

- გასარუჯად სოლარიუმს ხშირად სტუმრობ?

- კანის გამუქება ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ეს ყველას ალამაზებს. მიუხედავად ამისა, სოლარიუმს ხშირად არ ვსტუმრობ. წელიწადში შეიძლება, ერთხელ შევიარო, ისიც - დასასვენებლად წასვლის წინ, რადგან იქ დღეების დაკარგვა არ მინდა ნამზეურის ნელ-ნელა მიღებაში. თბილისიდანვე ვიწყებ და მერე ზღვის ოქროსფერ, ბუნებრივ ნამზეურსაც ვამატებ.

- ოდესმე საზღვაო რომანი თუ გქონია, თუნდაც ფლირტის დონეზე?

- საზღვაო რომანი რასაც ჰქვია, ის კურორტიდან წამოსვლის დროს მთავრდება და სიმართლე გითხრა, ასეთი რომანი ნამდვილად არ მქონია (იღიმის).

- წელიწადის რომელი დრო უფრო გიყვარს?

- წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. მოკლედ, ძალიან სწორადაა ეს სამყარო შექმნილი, თავისი წელიწადის დროებით. თუმცა, ზაფხული მაინც ყველას მირჩევნია.

- შვილთან ერთად თუ ახერხებ ხოლმე სრულყოფილ დასვენებას?

- ჩემს შვილთან ერთად ზაფხულშიც მივდივარ კურორტზე და ზამთარშიც, მაგრამ ამას დასვენებას ვერ დავარქმევ. რაც მთავარია, ბავშვი ისვენებს. მე კი ვიცი, რომ მასთან ერთად დასასვენებლად არ მივდივარ... წინასწარვე შეგუებული ვარ იმას, რომ მხოლოდ მის ჭკუაზე უნდა ვიარო. ძალიან ცელქია და მოუსვენარია.

- ლაშქრობებზე სიარული თუ გიყვარს?

- არასდროს ვყოფილვარ ლაშქრობაში.

- დასვენების პერიოდში თუ ვარჯიშობ, ზრუნავ სხეულის გაჯანსაღებაზე?

- ზღვაზე დასვენების დროს ბევრს ვცურავ და ეს ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. როცა საზღვარგარეთ ვარ, იქ ბევრს ვსეირნობ და შესაბამისად, ფეხით სიარულიც ძალიან კარგია. გამოდის, არასდროს ვდუნდები. ყოველთვის, სადაც უნდა ვიყო, ვცდილობ, ვიზრუნო საკუთარ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ სხეულზე.

- კოსმეტიკა თუ მიგაქვს ხოლმე თან?

- კი, აუცილებლად... ყველაფერი ყოველთვის თან მაქვს, რა იცი, რა ხდებას პრინციპით (იცინის).

- შვებულების დროს რომელ საათზე იწყება შენი დილა?

- როცა ბავშვი იღვიძებს, მაშინ, ანუ ხან როდის და ხანაც - როდის... ისე, დილის ძილი ძალიან მიყვარს და თუ მაქვს საშუალება, შანსს ხელიდან არ ვუშვებ.

- წყალი ენერგიას გმატებს თუ გღლის?

- თავიდან, როცა ორგანიზმი ცოტა დაღლილია და არ არის მიჩვეული ცურვას, ვიღლები... შემდეგ ეჩვევი და პირიქით, ტონუსში მოჰყავხარ.

- ზამთარში თუ იღებ შვებულებას?

- დიახ, ზამთარშიც ვცდილობ დავისვენო. ზამთრის კურორტზე ყოფნაც ძალიან სასიამოვნოა. თოვლი, ყინვა, თხილამურები - ეს ყველაფერი ორგანიზმს აჯანსაღებს.

- რამდენ ხანში იღდგენ ენერგიას, მთელი წლის დამღლელი სამუშაო რეჟიმის შემდეგ?

- საერთოდ, ორ კვირაზე ნაკლები დროით არ მივდივარ ზაფხულში დასასვენებლად და ზამთრის შვებულებაც მინიმუმ, 10 დღე მაქვს. GzaPress

- რომელ ქვეყანაში დაისვენებდი სიამოვნებით?

- ძალიან ბევრ ქვეყანაში წავიდოდი დასასვენებლად. საერთოდ, სულ მოგზაურობაში გავატარებდი ცხოვრებას. ახლა ახალი შთაბეჭდილებებით ვარ ჩამოსული ბარსელონადან და ძალიან კმაყოფილი ვარ.

- შენს პირად ცხოვრებაში რა სიახლეა?

- ყველაფერი ძველებურად, კარგადაა (იღიმის).

- შენთვის სიყვარულს ასაკი აქვს? პატარა ასაკში უფრო იოლია შეყვარება?

- ასაკს ალბათ, არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ, პატარა ასაკში სხვანაირად გიყვარს, შემდეგ რაღაცებს აფასებ და უფრო დაკვირვებული ხდები...

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ შენი გული მოიგოს?

- ამ კითხვაზე ყოველთვის თითქმის ერთნაირი პასუხებია ხოლმე არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების მხრიდანაც: ისეთი უნდა იყოს, ასეთი უნდა იყოს ან ეს შეძლოს, ის შეეძლოს... როცა "ის" გამოჩნდება, მგონია, ამას აუცილებლად მიხვდება ორივე სქესის წარმომადგენელი. იგრძნობს, რომ ის "ის" არის (იცინის).

- მომავალში ოჯახის შექმნას აპირებ?

- კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად მექნება სრულყოფილი ოჯახი, ამის გარეშე მგონი, ნაკლებად საინტერესოა ცხოვრება.

სოფო ჭონიშვილი