40-წლიანი სასცენო კარიერა და მოსკოვის მიერ ჩაშლილი უცხოური ტურნეები - გზაპრესი

40-წლიანი სასცენო კარიერა და მოსკოვის მიერ ჩაშლილი უცხოური ტურნეები

მისი სახელობის ვარსკვლავი 2010 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ გაიხსნა. სახელმწიფოს ყველა უმაღლესი ჯილდოს მფლობელი იყო. იშვიათი სილამაზისა და ძალის დრამატული სოპრანო ნებისმიერ ვოკალურ სირთულეს ადვილად სძლევდა. უცხოელი მუსიკალური კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ: "დრამატული სოპრანო იშვიათად აღწევს ლირიკული სოპრანოს სისუფთავესა და ელასტიკურობას, ცისანა ტატიშვილი კი ამას მარტივად და ოსტატურად აკეთებს". მის რეპერტუარში იყო უამრავი სხვადასხვა ტიპის საოპერო ნაწარმოები, ხოლო შტრაუსის "სალომეას" შესრულება, საბჭოთა სივრცეში პრაქტიკულად, მხოლოდ მან შეძლო და მონსერატ კაბალიესთან, ბირგიტ ნილსონთან ერთად, მსოფლიო სამეულში შევიდა.

ქალბატონ ცისანას ევროპის მრავალ თეატრში უმღერია, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც, თბილისის ოპერის სცენა იყო. 2011 წელს მასზე წიგნი გამოიცა. ბიოგრაფიული ცნობები და შემოქმედებითი მოღვაწეობის ეპიზოდები ხელოვნებათმცოდნე კახა ლაზარიშვილმა შეკრა, რომელიც ქალბატონი ცისანას დიდი თაყვანისმცემელი და მისი უმცროსი მეგობარი გახლდათ.

2017 წლის 23 სექტემბერს, ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი, კონსერვატორიის პროფესორი და პედაგოგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. შევეცადე, მომღერლის პორტრეტი მისივე ინტერვიუებიდან და მოგონებებიდან "ამეკინძა".

სიმღერისადმი ლტოლვა

სიმღერის სიყვარული ბავშვობიდანვე გაუღვივდა. 8 წლის იყო, როცა კინოთეატრში დედასთან ერთად "დიდი ვალსი" უნახავს. სწორედ მილიცა კორიუსის შთამბეჭდავმა სიმღერამ და თამაშმა გადააწყვეტინა საოპერო მომღერლობა.

"ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. დედა - ქეთევან ზანდუკელი მე და ჩემს ძმას მარტო გვზრდიდა. მისი მოგონებებითა და მონაყოლით ვიცნობდით მამას. მამას - ბეჟან ტატიშვილს თავის დროზე პარიზში, სილამაზის კონკურსში გაუმარჯვია, შემდეგ ირკუტსკში მიუღია სამხედრო განათლება და სამშობლოში დაბრუნებულა. ერთხანს სამხედრო კომისარი იყო, შემდეგ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრას ხელმძღვანელობდა. ერთ ავბედით საღამოს, მეუღლისა და ახალდაბადებული ქალიშვილის მონახულების შემდეგ, სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულა, ამის შემდეგ კი მამა აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაიგო დედამ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. დედა მეორედ აღარ გათხოვილა. იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა, მუშაობა დაეწყო და შვილების აღზრდაზე ეზრუნა.

ჩემს ძმას - გოგის ძალიან უნდოდა მემღერა. მისი რჩევით გავხდი მომღერალი. დედამ ხმის გასასინჯად სანდრო ინაშვილთან მიმიყვანა, რომელმაც მომისმინა და აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში: შენი ლამაზი, ძლიერი ხმა მოგცემს საშუალებას ნამდვილი ვარსკვლავი გახდე და ჩვენი სამშობლო ასახელოო. თავის ასისტენტს, გულნარა ქართველიშვილს უხმო და დაავალა, ჩემთან დაეწყო მეცადინეობა, რადგან თავად მაესტრო მძიმედ ავადმყოფობდა და ლოგინს იყო მიჯაჭვული".

ჯანო ბაგრატიონის ანსამბლი

მის ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეპოზოდი, ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში ცეკვას უკავშირდება. თუმცა, ცისანა ტატიშვილმა სიმღერა არჩია.

"იცით, ბავშვობაში როგორი მორცხვი ვიყავი?! სიმორცხვისაგან ხმას ვერ "ვაჩვენებდი". როცა ვმღეროდი, ხელ-ფეხი მიკანკალებდა. ჯანო ბაგრატიონის სიდედრი, მაჭავარიანის ქალი ჩვენი ნათესავი იყო. მან ჯანოს ჩემი სიმორცხვის შესახებ უამბო. მაშინ ჯანომ თქვა, - ჩემთან მოიყვანეთ, ცეკვას ვასწავლი და სცენაზე დგომას შეეჩვევაო. ქართული ცეკვების შესასწავლად და სცენასთან შესაგუებლად დედამ ბაგრატიონის ანსამბლში შემიყვანა. იქ ერთი წელი ვიცეკვე სოლო პარტიები. სხვათა შორის, ჩემი მეწყვილე გამოჩენილი მოცეკვავე ომარ მხეიძე იყო. წარმატებით გამოვდიოდით სხვადასხვა კონცერტში, ამიტომ, როცა ჯანოსთან მივედი და ანსამბლიდან წასვლის შესახებ ვუთხარი, ცოტა განაწყენდა და მითხრა: შენც ახლა ნადეჟდა ხარაძეს არ აჯობოო. ვუპასუხე: ჯანო, შენ აუცილებლად მოხვალ ჩემს სპექტაკლებზე და ლოჟიდან დამიკრავ ტაშს-მეთქი..."GzaPress

რადიკალურად შეცლილი სურათი და წარმატება

"თეატრში რომ მივედი, დამხვდა მოქმედი სოპრანოების რამდენიმე თაობა და ის ვითარება, რომელში ბრძოლაც პირველობისთვის წესებს არ ითვალისწინებს. თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ ვყოფილვარ, ინიციატორი - არასოდეს. ჯანუღ კახიძეს გაუგია თეატრიდან ჩემს გაშვებას რომ აპირებდნენ, როგორც პროფესიულად უვარგისი კადრის. ამიტომ მან, პეტრე თომაძემ და შოთა კიკნაძემ თენგიზ მუშკუდიანს მიმართეს დასახმარებლად. თენგიზი უკვე პოპულარული და აღიარებული მომღერალი იყო. მისმა სიტყვამ გადაწყვიტა ჩემი ბედი. მივიდა დირექტორთან და უთხრა, ბრძანებისთვის ხელი არ მოეწერა. ამასობაში დეპოში გაიმართა კონცერტი და ვიმღერე არდიტის ვალსი. ვხედავდი, დირექტორი როგორი სიამოვნებით მისმენდა. მოგვიანებით, თენგიზთან საუბარში უთქვამს: გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებდი, ცისანა თეატრიდან რომ გამეშვაო..."

ძალიან მალე სურათი შეიცვალა - ცისანა ტატიშვილმა ოპერის პირველი სოპრანოს სტატუსი დაისაკუთრა და მის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ტარდებოდა, წელიწადში რამდენიმე გასტროლი ჰქონდა და საზღვარგარეთ დარჩენასაც სთხოვდნენ, მაგრამ სურვილიც რომ ჰქონოდა, საბჭოთა კავშირის რეჟიმი ამის უფლებას არ მისცემდა...

მეუღლე - გოგი თოთიბაძე

"ჩემი ძმა ბავშვობიდან ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. კიდევ ერთი დიდი გულშემატკივარი იყო გოგი თოთიბაძე - ჩემი მეუღლე, მეგობარი, ბრწყინვალე ადამიანი და ფერმწერი. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. ყოველთვის ერთმანეთის ურთიერთგაგება და დიდი პატივისცემა გვქონდა. სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, გოგი მეტად ელეგანტური და მომხიბლავი ადამიანი იყო. ის ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ქართული ენის გრამატიკის შემდგენლის, სილოვან ხუნდაძის შვილიშვილი გახლდათ. ის ჩემი შემოქმედების ზუსტი და ობიექტური შემფასებელიც იყო, რაშიც მუსიკალური განათლება ეხმარებოდა. ის ათი წლის განმავლობაში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გახლდათ. თითქმის ოცდაათი წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ამ ხნის განმავლობაში, როგორც მე ვღელავდი მის გამოფენებზე, ისე ის კარგავდა სიმშვიდეს ჩემი სპექტაკლების დროს".

პარტია, რომლის სიმღერაც ვერ მოხერხდა

"ჯანსუღ კახიძეს ძალიან უნდოდა "კარმენი" მემღერა. ბება თუმანიშვილი მოიწვია "დიდი თეატრიდან", მაგრამ სამწუხაროდ, თუმანიშვილი გარდაიცვალა. ასევე "ტურანდოტი". მისი დადგმა ჯანსუღმა რობერტ სტურუას შესთავაზა. რობიკო თავიდან დათანხმდა, მაგრამ იმდენად დატვირთული იყო რუსთაველის თეატრში და სხვაგან, რომ ვერ შეძლო სპექტაკლზე მუშაობა. მახსოვს, "ნაბუქოს" პარტიტურა გამომიგზავნა პრაღის თეატრის ადმინისტრაციამ, პრემიერისთვის ემზადებოდნენ და დამპატიჟეს, უნდა მესწავლა პარტია და ჩავსულიყავი, მაგრამ დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაიძაბა ვითარება, გარკვეული პერიოდი შეწყდა მიმოსვლა და პრემიერებზე ვეღარ ჩავედი.

გული იმაზე მწყდება, რომ მილანის "ლა-სკალაში" ვერ ვიმღერე".

სასცენო პარტნიორები და ჩაშლილი უცხოური ტურები

ბერლინის ოპერაში რეჟისორმა ფელეზენშტეინმა "აიდაში" მთავარი პარტიის სამღერლად ქართველი მომღერალი მიიწვია. მუშაობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო და მალე სპექტაკლის პრემიერის აფიშები ქალაქში გამოიკრა.

"პრემიერის დღე რომ მოახლოვდა, გადაღლილობისგან შეუძლოდ გავხდი. წამიყვანეს კლინიკაში, იქ საუკეთესო ექიმმა გამსინჯა, რომელიც თურმე, ჰიტლერის პირადი ექიმი ყოფილა თავის დროზე. გამსინჯა და მირჩია, დავბრუნებულიყავი თბილისში, რათა დამესვენა. სხვა შემთხვევაში, უკეთ გახდომის იმედს ვერ მაძლევდა. რამდენიმე დღე იყო პრემიერამდე დარჩენილი და ვერაფრით დავტოვებდი სამუშაო პროცესს. "მაოცებს თქვენი გამბედაობა და საქმის სიყვარული", - მითხრა მან და დაამატა, რომ აუცილებლად მოვიდოდა სპექტაკლზე და მომისმენდა. გამამხნევა და დამარწმუნა, რომ სპექტაკლები ჩემი დიდი გამარჯვებით ჩაივლიდა. გამიხარდა, აქტიურად ჩავერთე სარეპეტიციო პროცესში და ერთ-ერთი რთული მიზანსცენის დროს დეკორაციაში ჩამივარდა ფეხი. დირიჟორმა ორკესტრი გააჩერა. დაძაბული, ყველა მე შემომცქეროდა. ეგონათ, ფეხი მოვიტეხე. საბედნიეროდ, მოტეხილობა არ აღმოჩნდა. პრემიერა შესანიშნავად ვიმღერეთ მე და ნოდარ ანდღულაძემ. ნოდარი ჩემი მაესტრო და საუკეთესო პარტნიორი იყო მრავალი ათეული წელი. ბერლინის ოპერაში ჩემი მოთხოვნით ჩამოიყვანეს... პარტნიორების მხრივ განებივრებული ვიყავი...GzaPress

ერთხელ, გერმანიაში დირიჟორმა კი ოლერმა გალა-კონცერტი გამართა და მსოფლიოში გამოჩენილი მომღერლები მიიწვია, მათ შორის იყვნენ ბირგიტ ნილსონი და მონსერატ კაბალიე. თბილისიდან მე ჩავედი. კონცერტს კარაიანის ნდობით აღჭურვილი პირი ისმენდა. ის მომიახლოვდა და მითხრა, მაესტრო კარაიანი "ტრუბადურს" დგამს და ლეონორას შემსრულებელს ეძებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსმენა გაახარებსო. მართლაც, მოგვიანებით კარაიანის პრესსამდივნო "გოს-კონცერტს" დაუკავშირდა და მოითხოვა, ჩავსულიყავი ზალცბურგში მაესტროსთან შესახვედრად, მაგრამ მოსკოვიდან ასეთი პასუხი მიუღიათ: ცისანა ტატიშვილი ქვეყანაში არ იმყოფება. სამაგიეროდ, შეგვიძლია დიდი თეატრის სოლისტი მილაშკინა შემოგთავაზოთო, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადეს. ჩემთვის ასე ხშირად ჩაუშლია მოსკოვს უცხოური ტურნეები".

დაბოლოს...

40-წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში, ცისანა ტატიშვილს არაერთხელ ჰქონდა საშუალება საზღვარგარეთ, არაერთ ქვეყანაში დარჩენილიყო, მაგრამ ყოველთვის საქართველოში ბრუნდებოდა. წლების წინ, მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მისულს, მითხრა: "საქართველოში დავრჩი. მიცნობენ, მსმენელს ვუყვარვარ - ამ სითბოსა და სიყვარულს არაფერში გავცვლი. მატერიალური კეთილდღეობა წამიერია, ხალხის სიყვარული კი მუდმივი".

...ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო, მსოფლიო სცენის დედოფლობა ამად არ უღირდა.

ანა კალანდაძე