ენ­კე­ნო­ბა ახალ თერ­ჯო­ლა­ში - ვაზ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იმერ­ლე­ბის სა­უცხოო დღე­სას­წა­უ­ლი - გზაპრესი

ენ­კე­ნო­ბა ახალ თერ­ჯო­ლა­ში - ვაზ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იმერ­ლე­ბის სა­უცხოო დღე­სას­წა­უ­ლი

ბევრს ემახსოვრება, კომუნისტურ პერიოდში სამთვლიან მოტოციკლზე ამხედრებული ფოტოგრაფები როგორ მიადგებოდნენ სოფლებს და გადაიღებდნენ შავ-თეთრ ფოტოებს სკოლის, კანტორისა თუ გლეხების ეზოებში. შესაძლოა, თქვენც მოგეპოვებათ იმდროინდელი ფოტოები, რომელზეც ჩანს სოფლის პეიზაჟი, გაფუყულსახიანი სოფლის ფუნქციონერები, ხელდაკოჟრილი გლეხები, მოსწავლე გოგონები უზარმაზარი ბაფთებით და ბიჭები - მუხლებთან გამობერილი შარვლებით...

არც სოფელი ახალი თერჯოლა იყო გამონაკლისი, იქაც მიდიოდა საბჭოური აპარატით აღჭურვილი ფოტოგრაფი და "აკარტოჩკებდა" იმერელ პროლეტარიატს... ახალ თერჯოლაში ფოტოაპარატის ჩხაკუნი ყველაზე ხშირად, 26 სექტემბერს ისმოდა. ამ დღეს სოფლად "ენკენობა" იმართებოდა - ეს სოფლის დღესასწაულია. ამ დროიდან თერჯოლაში რთველი ძალაში შედიოდა. წითელფოთოლა ოცხანურის საფერავის მტევნები ბეღურებივით ისხდნენ ზედმიწევნით სინგურისფერ ლერწებზე, ციცქები და ცოლიკაური დროულ ხელის შევლებას ითხოვდა. წელმაგარ გლეხებს ზვრებიდან ყურძენი ურმებით მოჰქონდათ, ჩაწურავდნენ ჭურებში და იყვნენ მშვიდად, რადგან სტუმრის გასამასპინძლებელი ღვინო წლიდან წლამდე ულევად ჰქონდათ...

იმერულ სოფელს ყოველთვის ჰყავს თავისი კოლორიტები და ერთი მათგანი ვიტალი გურულია. გურულები სოფელ ახალ თერჯოლაში უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ცხოვრობენ. გადმოცემის მიხედვით, გურულების საგვარეულო ჩოხატაურის რაიონიდან გადმოსახლებულა იმერეთში. ისინი ბერიძის გვარის შთამომავლები არიან.

პირველი, რითაც ვიტალიმ ახალ თერჯოლაში კოლორიტის სახელის დამკვიდრება დაიწყო, საგვარეულო შტოს აღწერა და ფურცელზე გადატანა იყო. მამამისი, ბენია გურული ერთადერთ ცოცხალ მემატიანედ დარჩენილიყო მთელ საგვარეულოში. მას ზეპირად სცოდნია გურიიდან გადმოხიზნულთა ამბები.

ვიტალიმ სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, ეკონომიკის ფაკულტეტზე. მოწინავე სტუდენტი იყო და უნივერსიტეტი, როგორც ძველი თაობის ადამიანები იტყვიან იმერეთში, წარჩინებით დაამთავრა.

შესაძლებლობის მიუხედავად, თბილისში არ დარჩა და მშობლიურ თერჯოლას დაუბრუნდა. ტყიბულის ტექნიკურ სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს, ასევე - ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ეკონომიკის კათედრაზეც მუშაობდა. შემდეგ, 12 წლის განმავლობაში იმუშავა საავტომობილო ქარხანაში, რიგითი ეკონომისტის პოზიციიდან წარმოების საგეგმო განყოფილების უფროსის თანამდებობას მიაღწია და ავტოქარხნის მმართველი გუნდის წევრად ითვლებოდა.

ეს ის წლებია, როცა მთელი მისი დრო და ენერგია სამსახურსა და პირად ცხოვრებას ეთმობოდა. დაოჯახდა და 3 შვილის მამა გახდა. სოფლის მცირე მეურნეობა, ძირითადად, მშობლების წყალობით არსებობდა.

მოახლოვდა ავბედითი 90-იანი წლებიც. ქუთაისური ავტოწარმოება, ისევე, როგორც მრეწველობის ბევრი სხვა დარგი, გაჩერდა. ავტოქარხნიდან ვიტალიმ ლითოფონის ქარხანაში გადაინაცვლა მთავარი ეკონომისტის პოზიციაზე, დიდხანს იქაც არ გაჩერებულა. მერე საჯარო სამსახურშიც იყო. 90-იან წლებში მცირე ხელფასით ოჯახის რჩენა შეუძლებელი გახდა. ამიტომ მეუღლესთან ერთად, მცირე ბიზნესს მოჰკიდა ხელი, რითაც შეეძლო, სამივე შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცა. როცა შვილებმა უმაღლესი სასწავლებელი დაასრულეს, ვიტალი სოფელში საბოლოოდ დამკვიდრდა.

თავდაპირველად მეურნეობის იმ მიმართულებებს გაჰყვა, რაც ტრადიციული იყო გურულების ოჯახისთვის: სიმინდის მოყვანა, მევენახეობა-მეღვინეობა, ჭაჭის არყის გამოხდა, მეცხოველეობა და მეფრინველეობა. მალევე მიხვდა, რომ ერთი ადამიანისთვის რთული იქნებოდა ფუნდამენტურად განევითარებინა ყველა ეს დარგი. მშობლებიც ცოცხლები აღარ იყვნენ, მცირემიწიანობაც ხელის შემშლელი პირობა იყო.

უმცროსმა ვაჟმა - ზაალმა, რომელიც ქუთაისის ორ სკოლაში სპორტის მასწავლებლად მუშაობს დღემდე, აიკვიატა, - მეფუტკრეობას მოვკიდოთ ხელიო. გურულების ოჯახმა 10 წლის წინ, 4 სკით წამოწყებული ეს საქმე ძლიერ საფუტკრე მეურნეობად აქცია და ამჟამად 100-ოდე ოჯახს უვლიან. პერიოდულად, თაფლთან ერთად, ფუტკრის ოჯახებსაც ყიდიან. ზაალი მხარში უდგას მამას და დიდი გეგმები აქვთ. თანაც, ბოლო წლებია, ფუტკარს მხოლოდ ეკოლოგიური, ბიოპრეპარატების გამოყენებით წამლობენ.

უმცროს ვაჟზე არანაკლებ "იდეინი" გამოდგა უფროსიც - ლაშას მეღვინეობა აინტერესებდა და მამა დაარწმუნა, რომ საოჯახო პირობებში დაყენებული ღვინო ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა ბაზარზე დამკვიდრებულ სხვა ღვინოებს და ნიმუშების ე.წ. ღვინის კლუბში გაგზავნა გადაწყვიტეს. შედეგმაც არ დააყოვნა და 2015 წლის საოჯახო მარნების ღვინოებს შორის, გურულების მარნის ციცქა-ცოლიკაურის ღვინო საუკეთესო ასეულში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, გურულების მარნის ღვინო იმერეთში და არა მარტო იმერეთში გამართულ ყველა ღვინის ფესტივალში მონაწილეობს.

როგორ ღვინდება გურულების 200 წლის ქვევრებში ყურძნის წვენი, საიდუმლო ნამდვილად არაა. მუდამ ასე აყენებდნენ იმერლები საბახუსე სითხეს, უბრალოდ, თერჯოლაში მინერალური შემცველობაა განსაკუთრებული და თუ აქაურ ციცქას ქიმიურ ანალიზს ჩაუტარებთ, შესაძლოა, მთელი მენდელეევის ტაბულა აღმოაჩინოთ მასში. ტაბულა რა მოსატანია, უბრალოდ, თუ ფაქიზი ყნოსვა გაქვთ, ციცქის ღვინოს ყოველთვის ასდის ახალდაკრეფილი ყურძნის სურნელება. ეს სურნელება ყველაზე მძაფრად ენკენისთვის ბოლოს, სისხამზე დაკრეფილ ციცქას ასდის და თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად ეწვიეთ იმერეთს რთველის დროს...

ვიტალის გაშენებული აქვს: ციცქა, ცოლიკაური, ძელშავი. ძელშავს ზოგან ძველშავს ეძახიან და მისგან სამარხვო (შესანახ) ღვინოს ამზადებენ. ამ ჯიშის ვაზი მხოლოდ ცენტრალური და ზემო იმერეთისთვისაა დამახასიათებელი. გეგმავენ ძველი იმერული, იშვიათი ჯიშის ვაზის, კაპისტონის რამდენიმე ასეული ნერგის ჩაყრასაც. თეთრი ჯიშებიდან დონდღლაბის გაშენებაც სურთ. დონდღლაბს კომუნისტების დროს ნაკლებ პატივს მიაგებდნენ, დაბალშაქრიანობის გამო, არადა, მსუბუქი ღვინის საწარმოებლად საუკეთესოა. თანაც, ისე ხვავრიელად მოისხამს, გულს რომ გაგიხარებს!

იმერეთს ტალავერიც ძალიან უხდება! ამიტომაც ვიტალი მაღალხარისხიანი, წითელყურძნიანი ჯიშის, მგალობლიშვილის გაშენებასაც აპირებს! ეგებ, ბევრს პირველად ესმის ვაზის ამ ჯიშების შესახებ და ჩვენი მიზანიც ეგ არის!..

სოფლად დაბადებულ-გაზრდილი კაცისთვის ძნელი არ ყოფილა ქალაქიდან ფუძეზე დაბრუნება. ახლა უკვე ქალაქად ვეღარც ჩერდება, ორიოდე საათით შვილებსა და შვილიშვილებს თუ ჩააკითხავს და ისევ თავისი მამულისკენ მიიჩქარის. დილის შვიდზე უკვე ფეხზე დგას გამრჯე კაცი, ბევრჯერ მამლის ყივილსაც დაასწრებს ადგომას. წვრილფეხ-მსხვილფეხს რომ დააპურებს, მერე თავადაც ისაუზმებს ასი გრამი არყის თანხლებით და მიდის შუახნის კაცი ყანაში ან ვენახში! შუადღემდე ესათუთება ქართველი კაცის სიამაყეს - ვაზს და შუადღისას, სადილობის ჟამს შინ ბრუნდება. ნასადილევს თვალს მოატყუებს, საღამო ხანს ისევ მიდის სავარგულში. ზოგჯერ ფუტკარიც მისახედია, ქვევრებიც და მოულოდნელად მოსული სტუმრებიც!

"ხშირად ვერ ვახერხებთ შვილები სოფლად ასვლას, მაგრამ დიდხანს თუ გაგრძელდა ეს განშორება, უკვე მონატრება მიპყრობს და სოფლისკენ მექაჩება, სადაც ვიცი, მუდამ მიმელიან. არა აქვს მნიშვნელობა, მარტო ავალ, 5 ან თუნდაც, 10 კაცთან ერთად, ერთნაირი სიხარულით გვხვდება დედ-მამა. დიდი დრო არ სჭირდება სუფრის გაშლას. ახარებს ვიტალის ასეთი დღეები, ყოველი ადამიანის გაცნობა. სუფრა ჩვეული რიგისა და წესის დაცვით მიდის. თამადა, რა თქმა უნდა, ვიტალია. არ უყვარს განსხვავებული, დიდი სასმისები. სტუმარს სურვილისამებრ, სასმლის დაძალების გარეშე ურჩევს დალევას. თავდაპირველად ღვინის დეგუსტაციას მართავს. მინიმუმ სამი სახეობის ღვინოს მაინც გავსინჯავთ, მერე უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთს ვირჩევთ. ხშირად გიტარა ალამაზებს სუფრას და იმერული ჰანგები არღვევს სოფლის მყუდროებას შუაღამემდე. კარგად მღერის მამა. დღემდე ცდილობს ახალ-ახალი სიმღერების შესწავლას, რომ ბანის მოცემა მაინც არ გაუჭირდეს. მარტო უწევს ცხოვრება კვირის სამუშაო დღეებში. დედა დღემდე ქუთაისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს ექთან-ლაბორანტად, ამიტომ პარასკეობით ადის სოფელში და შაბათ-კვირას იქ ატარებს. დედაც თერჯოლის რაიონშია დაბადებული და გაზრდილი, სოფელ ბარდუბანში. ჩემმა მშობლებმა ქალაქში დაუკავშირეს ბედი ერთმანეთს, 30 წლის ასაკში. მას შემდეგ ასე, გუგულებივით მოდიან, როგორც ახლობლები აღნიშნავენ ხოლმე. მამა ორშაბათიდან ისევ მარტო რჩება. თუმცა, მარტოობასთან გამკლავებაც არ უჭირს, იმდენი საქმე აქვს ყოველდღიურად, მოწყენისთვის ვერ მოიცლის. სოფელიც ხალისიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხითაა სავსე. ჩემს სოფელში მეზობლისთვის ხელის გამართვა, ჭირისა და ლხინის გულწრფელად გაზიარება დღემდე შემორჩენილია", - ამბობს ლაშა გურული.

ვიტალისთვის ყველაზე ბედნიერი დრო მაშინ დგება, როცა სოფლად შვილიშვილები ჩადიან. ასეთ დროს ისიც ბალღდება და წლების სიმძიმე თუ ჯაფისგან დაღლაც ქარწყლდება პატარების მოფერებისას.

ენკენობა ისევ გაიმართება ახალ თერჯოლაში. ისევ გაამზადებენ იმერლები პეწიან სუფრას, რომელზეც "მთავარი" მაინც გლეხის საოჯახო მარნის ღვინო იქნება! არა აქვს მნიშვნელობა, ოცხანურის საფერავი იქნება თუ ციცქა-ცოლიკაურისა, მსმელს გააჩნია, თორემ ღვინო ყველა კარგია! ვიტალიც ყოველ 26 სექტემბერს დიდი ამბით დახვდება ქალაქიდან ამოსულ შთამომავლებს, რომლებსაც არაერთი თანამეინახე ამოჰყვებათ, - აბა, მარტოკაცი ჭამაშიაც ცოდვააო...

და მაინც რატომ უყვართ ქართველებს ასე ვაზი? ლოცვის ტოლფასი და მსგავსია ყურძნის დაკრეფაო, - უთქვამს ნოდარ დუმბაძეს. აი, ვიტალი კი ხშირად ასე ღიღინებს თავის ზვარში: "ვენახო, ჩემო ვენახო, ვერ გავძლებ ისე, ვერ გნახო! მიწაშიაც რომ დამმარხონ, იქიდან უნდა გეძახო!"

როლანდ ხოჯანაშვილი