"ქართველს არავინ უნდა გერჩიოს" - გზაპრესი

"ქართველს არავინ უნდა გერჩიოს"

მოცეკვავე მზია ორველაშვილის ცხოვრებაში უსიამოვნო პერიოდები ყოფილა. ამის შესახებ მზიას ჩვენთან გულახდილად უსაუბრია. ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის შეცვლა რომ შეეძლოს, 4 წლის წინ, უკრაინელ ქორეოგრაფთან დაწყებულ ურთიერთობას (რომელიც წყვილის დაშორებით დასრულდა) შეცვლიდა... უსიამოვნო წარსული უკან დარჩა - მზიამ მეორე ნახევარი იპოვა, ვის გვერდით ყოფნაც აბედნიერებს და უფრო მეტად თავდაჯერებულს ხდის...

- კარგად ვარ, რა მიჭირს? ყველაფერი საუკეთესოდ მაქვს. ახალი სამუშაო სეზონი დავიწყე, გავთხოვდი... უკვე ერთი თვეა, ქმარი მყავს.

- ვინ არის შენი რჩეული?

- ჩემი რჩეულიც მოცეკვავეა, ოღონდ - სამეჯლისოსი კი არა, ქართული ხალხური ცეკვების. აპრილში, შოუ-ბალეტში ცეკვა ერთად დავიწყეთ. ერთმანეთი იქ გავიცანით. თავდაპირველად, ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით - თითქმის დაძმური ურთიერთობა გვქონდა. ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. ჩემი მესაიდუმლე იყო და ისიც ყველაფერს მანდობდა... მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. შემდეგ, სამსახურთან დაკავშირებით, ბათუმში გავემგზავრეთ. იქაც თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებდით. უბრალოდ, ის ბათუმელია და თავის ოჯახთან ცხოვრობდა, მე კი - დაქალთან. დღის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით. შემდეგ ჩინეთში გასტროლზე გაემგზავრა, მე აქ დავრჩი და მომენატრა. გავაცნობიერე, რომ მიყვარს. ისიც მიხვდა, რომ ვუყვარვარ. უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით.

- ცოტა უცნაური ხომ არაა, დაძმური მეგობრობა სხვაგვარ სიყვარულში რომ გადაიზარდა?

- ხომ ამბობენ, - შეიძლება, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოსო? ჰოდა, ჩვენც ასე დაგვემართა.

- დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილება გაცნობიდან რამდენ ხანში მიიღეთ?

- 4 თვეში. ერთობლივად გადავწყვიტეთ.

- წარუმატებელი ურთიერთობების მერე, გარისკვა არ გაგიჭირდა?

- ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ცალ-ცალკე ორივემ ბევრი ვიფიქრეთ. მე განათხოვარი ვარ, შვილი მყავს. ტატოსთვის იმის გააზრება, რომ ურთიერთობას შვილიან ქალთან იწყებდა, რთული იქნებოდა. ის დაქორწინებული არასოდეს ყოფილა... ჩემთვისაც რთული იყო. ვფიქრობდი, - ვაი, რომ ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც მგონია-მეთქი... ამ წუთში მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის არასოდეს არანაირი ბზარი არ გაჩნდება. ტატო ტრადიციულად აღზრდილი ადამიანია...

- შენს ახლობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა შეიტყვეს, რომ ისევ გათხოვებას აპირებდი?

- ჩვეულებრივი. ჩემს ძმებს ტატოსთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ - მეგობრობენ, ძმებივით არიან. ჩემი რჩეული კარგად მიიღეს და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძმებს დიდ პატივს ვცემ...

- ქორწილი გქონდათ?

- ზაფხულში ვგეგმავთ, როცა დათბება... გრანდიოზულ ქორწილს ვაპირებთ, მაგრამ თუ რა და როგორ იქნება, ამას საიდუმლოდ დავტოვებ, მერე ნახავთ...

- მეუღლესთან თანაცხოვრების ამბავი როგორ მიდის?

- ორივე ვმუშაობთ. ის სეუ-ს ანსამბლში ცეკვავს, თავისი სამსახური აქვს. მიხარია, რომ ჩემს შვილს გვერდით მდგომი ადამიანი გამოუჩნდა, რომელიც მას მამასავით ეპყრობა. წარმოიდგინე, ტატო ყველაფერში მხარში უდგას. გაკვეთილების მომზადებაშიც ეხმარება, როცა სახლში არ ვარ.GzaPress

- შენ და შენი მეორე ნახევარი რაზე კამათობთ?

- არაფერზე. ჩვენ შორის ურთიერთგაგება სუფევს.

- შენი კულინარიული შესაძლებლობებით ანებივრებ?

- ამბობს, - ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებო. გუშინ ღამის პირველ საათზე ვაჭამე. გამასუქებო, მეუბნება (იცინის)...

- შენი აზრით, როგორი საქციელი არ შეჰფერის გათხოვილ ქალს?

- ის, რომ ცანცარებენ. მეც ძალიან მხიარული ვარ, მაგრამ ამ მხიარულებას თავისი საზღვარი აქვს. არ შეჰფერით, შვილებს რომ უპატრონოდ ტოვებენ, თავად კი ღამის კლუბებში დადიან. ბავშვს ბებიას ან სხვა ვინმე ახლობელს რომ უტოვებენ და კარგ მეგობრებთან ერთად, გასართობად მიდიან, ამას არ ვგულისხმობ. ჩემი თვალით მინახავს, ზოგი გათხოვილი გოგო ქმრის გვერდით ზის და სხვას ელაქუცება, ანუ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ჩემთვის მიუღებელია: უკაცრავად, მაგრამ სასმლით ისე "გასკდება", თავს კარგავს და ავიწყდება, რომ ქმარი გვერდით უზის... უკან არ იყურებიან, ოჯახს ანგარიშს არ უწევენ... როცა ქალი თხოვდება, სხვის ოჯახში შედის, უფრო თავდაჭერილი უნდა გახდეს და ქმარს სულ თვალებში შესციცინებდეს; ისეთ რაღაცას არ აკეთებდეს, რითიც თავის ოჯახს, ქმარს შეარცხვენს.

- ქალობა რთულია?

- ზოგისთვის, ვინც ფეხიფეხგადადებული სახლში ზის - არა.

- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?

- გააჩნია, როდის, როგორ, რა მაცვია... ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სექსუალური ვარ, უფრო - ზომიერად.

- როდის გააცნობიერე, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ინტერესს იწვევდი?

- ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდიდან მაქცევდნენ ყურადღებას. ვალენტინობასა თუ სხვა დღესასწაულებზე ჩემთვის საჩუქრები მოჰქონდათ... ვერ ვიტყვი, რომ თაყვანისმცემლები არ მყოლია, პირიქით - ყოველთვის ჭარბად იყვნენ.

- ცხოვრებაში ისეთი პერიოდი თუ გქონია, როცა იფიქრე, არავის მოვწონვარო?

- არა, ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, რადგან ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა. ყოველთვის სტუდიაში, კონკურსებზე, ვარჯიშზე ვიყავი. არასდროს მიფიქრია, - რატომ ვარ მარტო-მეთქი? მგონია, რომ ასეთი ფიქრები ისეთ ადამიანს ექნება, ვინც სახლში ზის და სხვა საფიქრალი არ აქვს...

- სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყება დაგიგეგმავს?

- არა, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანმა შენს ცხოვრებაში დაგეგმილად არავინ უნდა შემოუშვა, თუ გრძნობა არ გეწვევა. ჩემთან ჯერ გრძნობა "მოდის" და ურთიერთობას მერე ვიწყებ.

- წარსულმა ურთიერთობებმა რა გასწავლა?

- ის, რომ ქართველს არავინ უნდა გერჩიოს. შენი ქართველი რომ გაგიგებს და გაგიტანს, ისე უცხოელი ვერ მოიქცევა, ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი უცხოელი მეგობარი და ნაცნობი მყავს. როცა გვერდით ქართველი ქმარი, ქართველი ვაჟკაცი გიდგას, გგონია, რომ მაგარი ქალი ხარ, სხვანაირი თავდაჯერება გაქვს, არაფრის გეშინია, რადგან იცი, რომ ის შენ გამო ყველაფერს "თავით გაანგრევს"...

ეთო ყორღანაშვილი