"დე­და 12 წე­ლი არ მყავ­და ნა­ნა­ხი..." - ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­და ბროდ­ვე­ის სცე­ნა­ზე - გზაპრესი

"დე­და 12 წე­ლი არ მყავ­და ნა­ნა­ხი..." - ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­და ბროდ­ვე­ის სცე­ნა­ზე

ირინოლა მეგრელიშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს. მან საქართველო 16 წლისამ დატოვა, ამერიკაში გადასვლის შემდეგ კი სკოლაში სწავლა დაამთავრა, კოლეჯში ჩააბარა, მუშაობაც დაიწყო და პარალელურად, თეატრშიც თამაშობდა. ირინოლა საქართველოში არდადეგების დროს ჩამოვიდა.

- უკვე 21 წელია, რაც ბებიაჩემი ამერიკაში ცხოვრობს, ხოლო დედა იქ 15 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ, რაც დედამ მწვანე ბარათი აიღო, შვილის წაყვანის უფლებაც მოიპოვა. იმ დღეს, როცა ეს ამბავი გავიგე, მარჯანიშვილზე, საბავშვო თეატრში ვიყავი, პრემიერისთვის ვემზადებოდი. დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი საბუთები მზად იყო და თვე-ნახევარში უკვე ამერიკაში მივდიოდი. მანამდე ყველა მოსწავლე და მასწავლებელი დამცინოდა, რადგან სულ ვიძახდი, ამერიკაში მივდივარ-მეთქი, ეს მომენტი კი არა და არ დადგა. ისე გამოვიდა, რომ მე-11 კლასის მეორე სემესტრიდან ამერიკაში გადავედი, სკოლა იქ დავამთავრე და შემდეგ კოლეჯში მოვხვდი.

- დედა რამდენი წელი არ გყავდა ნანახი?

- 12 წელი არ მყავდა ნანახი. 4 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ წავიდა. კონტაქტს მხოლოდ სკაიპითა და ვაიბერით ვახერხებდი. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ როცა ვნახე, ვერ გამოვხატე, ემოციები თითქოს ამერიკაში ფეხის შედგმისთანავე დავკარგე. ბებია არასდროს მყავდა ნანახი. ჩასვლის შემდეგ დაახლოებით 1 წელიწადში მივხვდი, რომ ნამდვილად იქ ვცხოვრობ და ეს ყველაფერი რეალობაში ხდება. აეროპორტში მყოფები დედას თვალს ვერ სწყვეტდნენ, ის `ბოლო ხმაზე~ ტიროდა. მივხვდით, თავიდან უნდა გაგვეცნო ერთმანეთი.

- თავის დროზე, დედაშენი რატომ წავიდა ამერიკაში?

- ბებიამ შვილის გარეშე ვერ გაძლო (იღიმის). ასევე, დედა ფიქრობდა, რომ ასე უკეთეს მომავალს შემიქმნიდა. ორივე მუშაობს, პირადი ექთანები არიან. კურსები დაამთავრეს და სხვადასხვა შტატში მუშაობენ. ბინა ბრუკლინში გვაქვს, სადაც მე ვსწავლობ, მაგრამ დედაჩემი ლონგ-აილენდშია, ხოლო ბებია - ნიუ-ჯერსიში. ამჟამად მარტო ვცხოვრობ. ისინი ჩემთან ხშირად ჩამოდიან და ვცდილობთ, დღეები დავამთხვიოთ, ყველანი ერთად რომ ვიყოთ.

- თავიდანვე მარტო ცხოვრობდი?

- არა, დედა არ მშორდებოდა, სკოლაში მივყავდი, მოვყავდი და ა.შ. თან, სკოლაში ტელეფონები აკრძალული იყო. ამიტომ ზუსტად იცოდა, როდის უნდა მოეკითხა ჩემთვის. ყოველდღე 9 გაკვეთილი მქონდა, რადგან იქ, ბოლო 4 წლის განმავლობაში 4 გამოცდა ბარდება. ამიტომ, როცა კლასელებს 3 გამოცდა უკვე დაწერილი ჰქონდათ, მე ოთხივე უნდა ჩამებარებინა. მინდოდა, სკოლა მალე დამემთავრებინა, მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო, ზედმეტი ერთი წელი კიდევ მესწავლა. ამიტომ ზაფხულის სკოლაშიც ვიარე, კარგად რომ მოვმზადებულიყავი. თან ვმუშაობდი, პარალელურად თეატრშიც დავდიოდი.GzaPress

- სად მუშაობდი?

- მანჰეტენზე ბარში მიმტანად ვმუშაობდი. თუ საბუთები გაქვს, სამსახურის პოვნა იოლია, მაგრამ მაინც არც ისე მარტივი. მახსენდება, სამსახურში ამიყვანეს, მაგრამ როცა მთავარმა მენეჯერმა ჩემი ასაკი გაიგო, დაფიქრდა, შეეძლო თუ არა, მიმტანად მუშაობის უფლება მოეცა. ბოლოს და ბოლოს, ალკოჰოლთან შეხება მიწევდა... საბოლოოდ, მაინც დამტოვა და 4 თვე ვიმუშავე. ყველას უკვირს, როცა ვამბობ, რომ მიმტანობა მენატრება. კმაყოფილი ვიყავი ჩემი სამსახურით, უამრავი ადამიანი გავიცანი და ბევრი რამ ვისწავლე, უცხოელებთან ყოველდღიური კონტაქტით ენაც გავიტეხე. შემდეგ ბრუკლინში ვმუშაობდი, მაგრამ მანჰეტენზე ძალიან კარგი ანაზღაურება მქონდა. ქართველი გოგო იყო ჩემთან ერთად, რომელსაც საბუთები არ ჰქონდა და შედარებით ცოტას უხდიდნენ.

ბრუკლინში წამოსვლამდე სუში ბარში ვმუშაობდი მიმტანად და იქაც კმაყოფილი ვიყავი. ახლაც მინდა მუშაობა. ხალხს ჰგონია, რომ ამერიკაში წარმატება წამიერად მიიღწევა. არადა, იქაც თავდაუღალავი შრომაა საჭირო, თავი რომ გადაირჩინო. მაგრამ თუ რამეს აკეთებ, ამერიკაში აუცილებლად დაგიფასებენ. ეს შესაძლებლობების ქვეყანაა, მაგრამ თავად უნდა ეძებო და იპოვო.

- როგორც ვიცი, იქ თეატრშიც თამაშობდი...

- სკოლას თეატრის გაკვეთილები ჰქონდა და სწავლის შემდეგ, ერთი სპექტაკლი დავდგით. ბროდვეიზე მოვხვდი და ჩემთვის ეს სასწაული იყო. ჩასვლიდან დაახლოებით 8 თვეში ბროდვეის სცენაზე ვიდექი - ოლივერ ტვისტი დავდგით, გარკვეული მონაკვეთი ვითამაშეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ პირველი გამოსვლა იყო ბროდვეიზე, მაგრამ არა - საბოლოო. რაც შეეხება თეატრს, ქართულ თეატრში ვმუშაობდი, რომელიც საქართველოზე სიგიჟემდე შეყვარებული ამერიკელი კაცის, ვიქტორ სივენსონის თეატრია. მას ქართველი ცოლი ჰყავს და დააარსა თეატრი, სადაც ისტორია, ქართული ენა, მათემატიკა, ქართული ცეკვები, ბალეტი და ა.შ. ისწავლება. აქ ბავშვების და დიდების თეატრიცაა. იყო ლაპარაკი, რომ პატარებთან მეთამაშა, მაგრამ მე უკვე ბევრი რამ მქონდა ნასწავლი. დიდების წამყვანი რეჟისორი, ქალბატონი ხათუნა იოსელიანი მელაპარაკა და ჩემით დაინტერესდა, ამიტომ დიდებში ამიყვანეს. იქ პირველად ვითამაშე სპექტაკლში `შთამომავლობა~ და კანადაში მოვხვდი გასტროლებზე. ქართულმა თეატრმა დიდი დანაკლისი შემივსო. თუმცა, ახლა ქართულ დასში აღარ ვარ. ამერიკაში თუ შენი ასაკისა და შენი ტიპაჟის მსახიობი სჭირდებათ, ამ შემთხვევაში დაგიძახებენ. ამჟამად დასში ჩემთვის შესაბამისი როლი არ არის, მაგრამ ჩემმა რეჟისორმა მითხრა, რომ ჩემთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს.

- როდიდან გაგიტაცა მსახიობობამ?

- თეატრში 5 წლისა მიმიყვანეს. დედას ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ მისმა მშობლებმა აუხსნეს, რომ მსახიობი ვერ გახდებოდა, ეს ძალიან რთული იქნებოდა და ა.შ. ამიტომ მან იურიდიულზე ჩააბარა. წარმოდგენა არ ჰქონდა, იგივე სურვილი თუ მქონდა. ჩემმა გამზრდელმა ბებიამ ზოგადად, ხელოვნება გამაცნო, მომაწონა და შემაჩვია. სკოლაში პირველი 3 წელი თბილისში ვისწავლე, ხოლო შემდეგი - 3 წელი გურიაში ვიყავით. ვფიქრობ, იქაური ხალხი რომ არ გამეცნო და არ დამენახა, როგორ სცემენ პატივს ხელოვნებას, როგორ სხვანაირად ასწავლიან ბევრ რამეს, შეიძლება, მსახიობობაზე საერთოდ არ მეფიქრა... ბევრი მეუბნებოდა, რად გინდა მსახიობობა, ჟურნალისტიკა, პიარი სჯობსო და ა.შ. მაგრამ ცხოვრება თეატრის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

ახლა კოლეჯში ვსწავლობ, სადაც დამაფინანსეს კიდეც 100%-ით და უკვე მეორე კურსზე გადავდივარ. მინდა, ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მანჰეტენზე გადავიდე, სადაც თეატრისა და კინოს სასწავლებელია. კოლეჯში სპექტაკლებიც იდგმება და ორჯერ ვცადე მონაწილეობა, თუმცა მესამე ტურში ვერც ერთხელ ვერ გადავედი - ინგლისურად ლაპარაკის დროს თავისებური აქცენტი მაქვს და ამის გამო. მართალია, პროფესორმა, სპექტაკლების რეჟისორმა მითხრა, რომ აქცენტი ზოგადად, პრობლემა არ არის, პირიქით, მომგებიანია განსხვავებული ტიპაჟიო, მაგრამ გული მაინც მწყდება, რომ ორი წელია, აქცენტის გამო როლზე არ მამტკიცებენ.

- როგორც ჩანს, ბევრ რამეს უთავსებ ერთმანეთს...

- თბილისშიც ასე ვიყავი. არ შემიძლია სახლში ყოფნა. მირჩევნია, დაკავებული ვიყო, ვიდრე თავისუფალი და ვფიქრობდე, რა გავაკეთო-მეთქი?

- ალბათ, შენი ოცნება ისევ ბროდვეია, არა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მივხვდი, წინასწარ ლაპარაკი არ ვარგა. კონკრეტული გეგმა აღარ მაქვს. ერთადერთი, დედას ნახვა და აქ ცხოვრება მქონდა დაგეგმილი, ხოლო ახლა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პატარ-პატარა ოცნებები მაქვს. დღევანდელი დღით ვცხოვრობ.

- როგორ შეადარებდი ქართველ და ამერიკელ პარტნიორებს სცენაზე?

- სკოლაში ყველა დამწყები იყო და ცოტა არ იყოს, გართობაშიც გადაგვდიოდა რეპეტიციები. შემიძლია, შევადარო ქართული თეატრის ბავშვები და ამერიკელი მოზრდილები. ვიტყოდი, რომ საქართველოში პატარები უფრო მონდომებულები არიან, იბრძვიან რაღაცისთვის.

- მთელი ცხოვრება ამერიკაში დარჩენას აპირებ?

- კი, ვაპირებ, რადგან ძალიან შევეჩვიე იქაურ ცხოვრებას და ვფიქრობ, სწორედ ამერიკაშია ჩემი ადგილი. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ვისწავლო, მერე კი არ ვიცი, რა საფეხური იქნება.

- რა რჩევას მისცემდი ქართველ თინეიჯერებს, რომლებსაც მსახიობობა უნდათ?

- ამერიკელი ბავშვები ვერ აფასებენ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ. ასე რომ, ქართველებს ვურჩევ, არ დაკარგონ იმედი, ყველგან დაინახონ შესაძლებლობები და პროფესიის არჩევისას სხვა ადამიანის აზრს ყურადღება არ მიაქციონ. მაღიზიანებს, როცა ბავშვებს ზოგჯერ, მშობლები უწერენ მომავალს. წლების მერე ადამიანმა არ უნდა თქვას, დედამ ან მამამ მითხრა ასე და ოცნება ამიტომაც ვერ ავიხდინეო. ყველამ თავად, დამოუკიდებლად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ამას უნდა შევეჩვიოთ.

ეკა აბაშიძე