"ბაგრატიონთა მოჰიკანად" მონათლული ოდიშარ მასწავლებელი - გზაპრესი

"ბაგრატიონთა მოჰიკანად" მონათლული ოდიშარ მასწავლებელი

დათმობს თუ არა ადამიანი იმ გზაზე სიარულს, რომელსაც 60 წლის წინ უღალატოდ შეუდგა? თანაც, ჯერ კიდევ მხნეა, სასიამოვნოდ მოსაუბრე და ენერგიული...

როცა ევროპის ყველაზე მაღალ სოფელში ახვალ, წინასწარ იცი, რომ იქ ისეთ რამეს აუცილებლად შეამჩნევ, რაც წინა მოგზაურობისას გამოგრჩა მხედველობიდან. უბრალოდ, უშგული რამდენჯერაც უნდა ნახო, მთლიანობაში ვერც გონში დაიტევ, ვერც - თვალში და ვერც - გულში. შხარა, ენგურის ტალღები, მოწრიალე ღრუბლები, არყიანები, ნაკადულები, კოშკები და ადგილობრივების კოლორიტულობა უსასრულო სიკეთეა. თუ წერა გსურს, არასდროს მოგწყინდება სვანებსა და სვანეთზე წერა...

წელს ათასჯერ ვთქვი, სვანეთში ვერ მოვახერხე წასვლა და როგორი უფერულია ეს 2017-მეთქი. იღბლად, მეგობარი ემიგრანტი ჩამოვიდა იტალიიდან და რა ვნახოთო? - რომ იკითხა, პასუხიც უკვე მზად იყო! საქართველოში მხოლოდ სვანეთს შეუძლია მნახველის სასიამოვნოდ გაკვირვება ყველა დროს. ცამდე აზიდული მთები, მიწამდე დაშვებული ღამის ცა, უშუალო მასპინძლობა და სიტყვით აღუწერელი სილამაზე სვანეთშია ერთად თავმოყრილი, - კომპეტენტურად (ეგებ ტენდენციურადაც) ვუპასუხე მილანელს.

ოთხეული ჩავსხედით მანქანაში და ღამეული სვანეთის გზას, ასაკთან შედარებით, უჩვეულო ღრიანცელით გავუყევით. სვანეთის პირველ კოშკებიან სოფელ ლახამულას მიღწეულს, ტელეფონით მეხმიანებიან. დროის სიმცირის გამო, გზად მხვდებიან ამაყი და კეთილი სვანები. რადგან შინ სასტუმროდ არ გცალიათ, ეს მაინც გაიყოლეთო, - მაწვდიან საკმაოდ დიდ პარკს. ნობათი აბრიალებული ვაშლებია. უღრუბლო ციდან მეცხრე სხივი მზემ გვტყორცნა ამ დროს! მომეჩვენა, რომ მზე წითელი ვაშლების მსგავსად, ნინელი მასწავლებლის ეზოდან და გულიდან მოდიოდა. თანამგზავრებს ეამათ დამხვდურების სიხალისე და გულკეთილობა. ეცერამდე ლახამულელების ქებით ავაღწიე. იქ კიდევ, გურჩიანების რჩევით, დადეშქელიანების უმაღლესი კოშკი უნდა ვნახო. ქეთევან გურჩიანი დალაგებულად და მშვიდად გვიხსნის ბარიდან ამოხეტებულებს ეცერის ისტორიას, თან - სახლისკენ გვექაჩება! მერე მესტიაა, კალის თემი და საღამოს უშგულსაც მივადექით.

უშგულში რატიანების ბრწყინვალე ოჯახი მელოდება. ოდიშარ რატიანს ნოემბერში მასწავლებლობის 60 წლისთავი უსრულდება, მის მეუღლეს, თეოს - 59! მათზე ცოტაოდენი მითხრა ლელა ნიჟარაძემ, აკაკი შანიძის მიერ "სვან ქალად" წოდებულმა მეცნიერმა. მეც, ინტერესში ჩავარდნილმა, უშგულში ოდიშარის სახლის მდებარეობა ვკითხე. ზაურმა, ლეგენდად ქცეულმა ივდით ნიჟარაძის ვაჟმა მიმასწავლა და მივადექი სახლს, სადაც ამაგდარი პედაგოგები ცხოვრობენ.

GzaPress

ოდიშარს არ ეტყობა ასაკი. ცისფერთვალა სვანი მეუღლესთან ერთად მხვდება კართან. მასპინძელს სახე პირველ თოვლზე თეთრი აქვს და კიდევ უფრო თეთრი - თმა. თეოს წლების სიმძიმე მხრებზე დასწოლია, ორი შვილის უდროოდ გარდაცვალება - თვალის უპეებს. დრო ცოტაა, სათქმელი კი ბევრი. უთქმელიც ბევრი რჩება, რადგან ძნელია, ერთ შეხვედრაზე მოასწრო ღირსეული ადამიანების ამბის მოსმენა.

რატიანების საგვარეულო წარმოშობაზე სხვადასხვა და საინტერესო ვერსია არსებობს. ამბობენ, ოვსთა ან სამხრეთ საქართველოდან დევნილი რატი კლდეკარის ერისთავის შთამომავალნი არიანო. მეორე ვერსია საქართველოს ისტორიის არასასიამოვნო, მიჩუმათებულ ფაქტს უკავშირდება. თქმულების მიხედვით, თამარმა შეიტყო მამის განზრახვის შესახებ, რომ დემნა ბატონიშვილი უნდა დაესაჯა გიორგი მესამეს და მთებში გახიზნა ბიძაშვილი, ერთგულ ქვეშევრდომთა დახმარებით. დემნა ბაგრატიონი შეფარულად რატიანი გახდა და თავიც გადაირჩინაო, ამბობენ...

სად გადის სიმართლის ზღვარი გვარის წარმოშობაზე, ეს ძნელი დასადგენია, მაგრამ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც თავისუფალი სვანის სახელითაა ცნობილი, თავის ეთნოგრაფიულ წერილებში აღნიშნავს, რომ რატიანებს უკავიათ უშგულის თემში სოფელ ჟიბიანის ცენტრალური ნაწილი, ხოლო მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე ცხოვრობს ხაჭვანებისა და ბეშიძეების (ეს გვარი ამჟამად არ გვხვდება) რამდენიმე ოჯახიო. ბესარიონის თქმითვე, რატიანებს ეკუთვნით წმინდა გიორგის საგვარეულო ეკლესია და ღვთისმშობლის ტაძრის (ლამარია) მცველობა. ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, როგორ გაგზავნა ერთადერთი შვილი უშგულელმა მახშვმა ბაგაშ რატიანმა სოფლის ინტერესების გამო მძევლად. არც ის ფაქტია ყურადღების მიღმა დასატოვებელი, რომ უშგულის ყველაზე ფართო ტყუპი კოშკი რატიანების კუთვნილებაა. მკვლევართა აზრით, კოშკის ზომა და დუროების რაოდენობა მისი მფლობელი გვარის წარჩინებულობაზე მეტყველებს (ნიჟარაძეებს რომ არ ეწყინოთ, აღვნიშნოთ ისიც, რომ მეორე, ამ ნიშნით გამორჩეული კოშკია ჩაჟაშში. ნიჟარაძეების საგვარეულო კოშკში ახლა მუზეუმია განთავსებული).

ვინც უშგულს ერთხელ მაინც სწვევია, აუცილებლად მოჰკრავდა თვალს არაორდინარულ მხატვარს, ფრიდონ ნიჟარაძეს. ოდიშარის სახლში, კედელზე, ფრიდონის ნახატი შევამჩნიე და კიდევ, ოდიშარის "ბაგრატიონთა მოჰიკანად" მონათვლაც მისი დამსახურებაა!

ოდიშარს ბაგრატიონობაზე პრეტენზია არა, მაგრამ საინტერესო ბიოგრაფია ნამდვილად აქვს. 1931 წელს დაბადებულმა რვაწლიანი სკოლა უშგულში დაამთავრა, მერე საბარგო მანქანით თბილისამდე ჩავიდა, სწავლა სამხედრო-საჰაერო ძალთა სპეცსკოლაში გააგრძელა, თუმცა ამით არ დასრულებულა მისი განათლების მიღება: ჯერ უკრაინაში სწავლობდა, მერე ქუთაისის პედინსტიტუტში. 1957 წლიდან უშგულის სკოლის რუსული ენის მასწავლებელია (პუტინი რომ არ უყვარს, ამას აუცილებლად აღნიშნავს!), ათიოდე წელი სკოლასაც უხელმძღვანელა...

1961 წელს გამორჩეული უშგულელის ოჯახს ასულის ხელი სთხოვა. თეო (თინათინ) ნიჟარაძე პრინციპულობითა და შრომისმოყვარეობით ცნობილი ქალია, ცალკე ნიჟარაძეების გვაროვნული სიამაყე უნდა აღინიშნოს, მაგრამ ოდიშარი სასურველი სასიძო გახლდათ და ნიჟარაძეებმაც ვერ თქვეს უარი...

ოდიშარის ოჯახში შვიდი შვილი აღიზარდა: ხუთი ასული და ორი ვაჟი. უფროსი, ჯულიეტა ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ასაკში, სამი წლის წინ კი, 47 წლის როზეტა მძიმე სენით გარდაიცვალა. ელისო ფინანსისტია, მზევინარი და თემური - ისტორიკოსი, მედეა - ფილოლოგი, თამაზი - ექიმი.

შვილების გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას ოდიშარი კაცური გამძლეობით ფარავს, მის მეუღლეს კი ძალიან უჭირს სატკივარის დაფარვა... შვილების წარმატებებითაც არ უჭედავენ ყურს ვინმეს, კარგი ისედაც ჩანს, მართალია, მორიდებულად და მოკრძალებით, მაგრამ მაინც!

როგორ მოახერხეს რატიანებმა ასპარეზზე გასვლა ასე ღირსეულად? თეოს საკვირაო ტრადიციად ჰქონდა წიგნის კითხვა. წარმოიდგინეთ, კვირა დღე, როცა გარეთ ადრეული ზამთრის სუსხი ძვალსა და რბილში ატანს, ოჯახის დედა კითხულობს ვაჟას პოემას, შვილები უსმენენ... ბოლოს ყველა თავის აზრს გამოთქვამს და გრძელი ღამეების უთავბოლობა, უპერსპექტივობა და უიმედობა მარცხდება წიგნით!

როგორები იყვნენ სკოლაში ცოლ-ქმარი რატიანები? თეოს პრინციპულობაზე ლეგენდები დადის. ერთხელ მედეას შინ უთხოვია, - დედა, გაკვეთილის სწავლა ვერ მოვასწარი და ნუ გამომიძახებ, რომ არ შევრცხვეო. ალბათ, მიზეზი უსწავლელობისა ბავშვური სიცელქე და სიზარმაცე იყო, თორემ თეო არ გააწითლებდა მეორე დღეს თავის ასულს კლასის წინაშე...

რატიანებზე ბევრი აქვს მოსაგონარი ლელა ნიჟარაძეს (გასაგები მიზეზების გამო, მას ამჟამად, ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურად თვლიან სვანური ენისა და ეთნოგრაფიის საკითხებში):

GzaPress

"ოდიშარი დიდი სიყვარულისა და რაინდული სულის მატარებელი ადამიანია. სკოლაში რუსულ ენას გვასწავლიდა. ჩვენ ეს საგანი დიდად არ მოგვწონდა, მაგრამ ის იყო ისეთი მასწავლებელი, რომელსაც შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდა იმ მოსწავლეებთანაც, ვისაც, რაღაც მიზეზის გამო, მისი საგანი არ უყვარდა. გვიყვებოდა საინტერესო ისტორიებს, ხშირად - სასაცილოსაც კი, წერდა ლექსებს და ამ ლექსებს ვსწავლობდით. გაკვეთილის უსწავლელობის შემთხვევაში, მას ჰქონდა თავისი დასჯის მეთოდი: "დაამწყვევდა" მოსწავლეებს კლასში მანამ, სანამ არ ჩააბარებდნენ გაკვეთილს. ეს დასჯა მე არ მეხებოდა, რადგან ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ მეც მთელი დღე ვრჩებოდი დანარჩენ კლასელებთან ერთად, სოლიდარობის გამო. კლასში გვყავდა ე.წ. ლიდერი და თუ შეიძლება, ითქვას, ბუნტისთავიც კი, მამაჩემის ძმის შვილიშვილი - თემრაზ ჭელიძე. მოკლედ, ვერც მისი ხვეწნა-მუდარა ჭრიდა ოდიშართან, რომ დროზე გავეთავისუფლებინეთ "ტყვეობიდან". ერთხელაც, ამ ყველაფრის გამო, თემრაზმა შურისძიება გადაწყვიტა და კლასში შემოსულ ოდიშარს სიცილით შევეგებოთო, დაგვმოძღვრა... ახარხარებულ მოსწავლეებს მასწავლებელმა გვიყურა, მერე ფეხზე ადექითო, - გვანიშნა. რომ წამოვდექით, გვითხრა, რამდენიც გინდათ, იმდენი იცინეთო...

დიდთოვლიანობა, მოგეხსენებათ, არ არის უცხო უშგულისთვის, ამიტომ ხშირად, ზამთარში ზვავის საშიშროების გამო, სწავლა წყდებოდა ერთი-ორი კვირა მაინც. როცა საშიშროება გაივლიდა, გაუკვალავ თოვლში ბავშვებს წინ მამაჩემი და ოდიშარი გაგვიძღვებოდნენ ხოლმე. მამაც სკოლაში მუშაობდა, მათემატიკას ასწავლიდა".

ვისაც ერთხელ მაინც გაურღვევია წელამდე თოვლი და მისულა სკოლამდე იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ყველა დროში გამოსაყენებელი იარაღი - ცოდნა მიეწოდებინა, მან გამორჩეულად იცის, რა სიყვარული და პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა.

ყველამ იცის, რამდენად წაადგა თავიანთი ცხოვრებით საქართველოს ეს ორი ადამიანი - ოდიშარი და თეო. მომავალ წელს ისევ ავალ უშგულში და მოგახსენებთ დანამდვილებით, რა ქნეს რატიანებმა, გაბედეს თუ არა საყვარელი საქმის მიტოვება...

როლანდ ხოჯანაშვილი