"მთა­ში უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა" - 13 წლის გი­დის ოც­ნე­ბე­ბი - გზაპრესი

"მთა­ში უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა" - 13 წლის გი­დის ოც­ნე­ბე­ბი

13 წლის ნიკა არაბული ოჯახთან ერთად, ყოველ ზაფხულს თავის სოფელში - ჯუთაში ატარებს. ქალაქში ყოფნისას გული მთისკენ მიუწევს, ენატრება იქაურობა და ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობს მშობლიური სოფლის სილამაზეზე, გული სითბოთი აგევსება. 9 წლის იყო, როდესაც საკუთარი ცხენით მიჰყვებოდა ჯუთაში ჩასულ ტურისტებს და უფროსებს ტოლს არ უდებდა გიდობაში.

- თბილისში დავიბადე, ერთი კვირის ვყოფილვარ, ჯუთაში რომ წავუყვანივარ მშობლებს. მამა იქ დაბადებული და გაზრდილია და ჩვენც, 5 წლის მანძილზე, ზამთარ-ზაფხულ იქ ვცხოვრობდით. მახსოვს, ძალიან მიხაროდა თოვლის მოსვლა. ჩემთვის ეს სასწაულის ტოლფასი იყო. ბავშვები ყოველდღე ციგით ვსრიალებდით. ჯუთაში სკოლა არ არის და ამიტომ, 6 წლის რომ გავხდი, მშობლებმა საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მე იქ ყოფნა მერჩივნა - მთაში უფრო მეტი თავისუფლებაა, არც შებოჭილი ვარ, მეგობარიც ბევრი მყავს და კარგადაც ვერთობი.

- მაინც როგორ ერთობით ხოლმე?

- ცხენებს ვაჭენებთ. მთაში ყველა ბავშვმა - ბიჭმაც და გოგომაც პატარა ასაკიდან იცის ცხენით ჯირითი. მე 6 წლისამ ვისწავლე. სოფელში სამი ცხენი მყავს: ჩემს ცხენს "ციგანა" ჰქვია, დანარჩენებს - "ჯერანა" და "ნიკორა". სექტემბრიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ვეღარ ვნახულობ "ციგანას" და ძალიან მენატრება...

- თბილისში მეგობრები თუ გაიჩინე?

- რა თქმა უნდა, მეგობრები აქაც მყავს, მაგრამ იქ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ და როგორ გითხრათ, უფრო კარგად ვგრძნობ თავს.

- სკოლაში როგორ სწავლობ?

- კარგად, ჯერჯერობით ათოსანი ვარ. გარდა ამისა, დავდივარ სპორტზე და ინგლისურზე, მინდა, ინგლისურიც ზედმიწევნით კარგად ვიცოდე.

- ნიკა, შენი არჩევანი რომ იყოს, ჯუთაში იცხოვრებდი?

- (დაუფიქრებლად მპასუხობს) იქ რომ სკოლა იყოს, აუცილებლად სოფელში ვიქნებოდი ზამთარ-ზაფხულ. სწავლა როგორც კი გვიმთავრდება, ჯუთაში მივდივართ და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვრჩებით. იქ ბებია და ბიძა მყავს. ისინი პატრონობენ სახლსაც, საქონელსაც, ცხენებსაც. ბებო ძალიან მოხუცდა. ბოლო რამდენიმე წელია, ზამთარში თბილისში ჩამოგვყავს და გაზაფხულამდე ჩვენთან არის. სოფელში სულ 20-30 კომლია, მაგრამ ზამთარში მხოლოდ 8 ოჯახი რჩება, ძირითადად, მოხუცები. სოფლამდე მისასვლელი გზა 6-7 თვით იკეტება და ამიტომ ვისაც ბავშვები ჰყავს, მათთვის რთულია იქ გამოზამთრება.

- მითხარი, რატომ და როდის გადაწყვიტე გიდობა?

- ჩემი ერთი თანატოლი გოგო დაჰყვებოდა ცხენით ტურისტებს და მის შემხედვარეს, მეც გამიჩნდა გიდობის სურვილი. სამი წლის წინ სასტუმროდან მამამ უკრაინელი ტურისტი ჩამოიყვანა ცხენით. მოულოდნელად, აუცილებელი საქმე გამოუჩნდა და მკითხა, შენ თუ შეძლებო? - რატომაც არა-მეთქი, დავთანხმდი და ძალიან მომეწონა ცხენით უცხოელი სტუმრის გასეირნება. ინგლისური კარგად ვიცი, იქაურ ადგილებსაც ვიცნობ, ამიტომ ასაკის მიუხედავად, არც გიდობა გამჭირვებია.

- რას უყვები ტურისტებს ჯუთაზე ან რომელ ადგილებს უჩვენებ ხოლმე?

- მინდა, ჩემი სოფელი შეუყვარდეთ. სხვა სოფლებში რომ გადახვიდე, აუცილებლად ჯუთა უნდა გაიარო. ჯუთის სილამაზით აღფრთოვანებული ტურისტები გულგრილად ვერ უვლიან გვერდს იქაურობას და რამდენიმე დღით რჩებიან. ზაფხულში უფრო ლამაზია სოფელი, ყველაფერი მწვანედ ხასხასებს. ბევრი ლამაზი ადგილია, მაგრამ პირველ რიგში, ხელოვნური ტბის - ერკონოვანოს მოსანახულებლად მიმყავს ხოლმე ყველა. რომ ნახოთ, რა ფერი აქვს ამ ტბას სხვადასხვა ამინდში, გაოცდებით. ზოგჯერ ცისფერია, ზოგჯერ მწვანე და ზოგჯერ - ლურჯი. ტურისტები აღფრთოვანებული რჩებიან ტბის სილამაზით, სურათებს იღებენ და სოციალურ ქსელებში ტვირთავენ. მერე, უფრო და უფრო მეტი ტურისტი მოდის ჩვენი სოფლის სანახავად. ჭიუხსაც ვაჩვენებ უცხოელ სტუმრებს. ეს არის ჩამოშლილი კლდე, რომელსაც იქაურები "გამოქანულას" ვეძახით. ზოგს კრატერი ჰგონია და მე ვუყვები, რომ ადრე აქ ყოფილა უშველებელი კლდე, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოშლილა და ასეთი სახე მიუღია. სურვილის შემთხვევაში "გამტყვრალ კლდესაც" ვათვალიერებინებ, ისიც ძალიან ლამაზი ადგილია. კლდის მაღალი სვეტია აღმართული. თურმე, ადრე მეხი დასცემია და შუაზე გაუპია. ამიტომაც ეძახიან "გამტყვრალს", ანუ შუაზე გაპობილს... GzaPress

- ტურისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? პატარა რომ ხარ, ამის გამო პრეტენზიას ხომ არ გამოთქვამენ?

- უფრო ხშირად ირანელები, ინგლისელები, ებრაელები და გერმანელები გვსტუმრობენ. განსაკუთრებით კომფორტულად ებრაელ ტურისტებთან ვგრძნობ თავს. ისინი ძალიან თბილად მექცევიან, ფოტოებიც გადაიღეს ჩემთან ერთად და პატარ-პატარა სუვენირებიც მაჩუქეს.

- რა ღირს გიდის მომსახურება და თვითონ უთანხმდები თუ არა მათ ანაზღაურებაზე?

- ანაზღაურებაზე უფროსები თანხმდებიან, თითოეულ ტურისტს თავისი გამყოლი მიჰყვება. ზოგმა თავად იცის ცხენის "მართვა", მაგრამ ვინც არ იცის, მის ცხენს თოკით მე ვატარებ. ერთი უფროსი მაინც მოგვყვება ხოლმე, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. სამსაათიანი გასვლა 50 ლარი ღირს. ერთი საათი უნდა ასვლას, ერთი საათი ტბაზე ჩერდებიან და ერთი საათიც უკან ჩამოსვლას სჭირდება. ყოფილა შემთხვევა, ერთ დღეში მეორედაც ავსულვარ, მაგრამ - იშვიათად.

- თუ გამიმხელ, რამდენი გამოიმუშავე ამ ზაფხულს ან რაში ხარჯავ საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს?

- (იცინის) სხვათა შორის, არ დამითვლია, მართლა არ ვიცი. ჩემს დას სასკოლო ნივთების ყიდვაში დავეხმარე, ხოლო ჩემს პატარა ძმას სათამაშოები ვუყიდე.

საუბარში ნიკას დედა, ლელო ნაროზაული ჩაერთო:

- ჩემი შვილი რომ არის, ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ ნიკა თავის ასაკთან შედარებით, ძალიან ჭკვიანი და სერიოზულია. 13 წლისაა, მაგრამ უკვე დაზუსტებით იცის, რა უნდა. ბოლო სამი წელია, რაც თავისი მომზადების საფასურს (ინგლისურზე და სპორტზე დადის) თავად იხდის და ამით მშობლებს ძალიან გვეხმარება.

- საუბრის დასასრულს, იქნებ გაგვანდო, რაზე ოცნებობ. რა გინდა, გააკეთო, სკოლას რომ დაამთავრებ?

- მინდა, იმდენი ფული მოვაგროვო, რომ საზღვარგარეთ წავიდე სასწავლებლად. იქიდან დაბრუნებულმა ტურისტული კომპანია უნდა დავაარსო და ჩემს სოფელში დიდი სასტუმრო ავაშენო. ძალიან მინდა, ჯუთა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და შეიყვაროს!

P.შ. ნიკა იმდენად შრომისმოყვარე, მოტივირებული და მიზანდასახულია, რომ მჯერა, აუცილებლად აისრულებს ამ ოცნებებს. წარმატებას ვუსურვებთ თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებულ ამ პატარა მშრომელ ბიჭს!

ნინო ჯავახიშვილი