"დუმ­ბა­ძეს გუ­რი­ა­ში თუ კითხუ­ლობ, კი­დევ უფ­რო შე­ნი­ა­ნი­ა" - გზაპრესი

"დუმ­ბა­ძეს გუ­რი­ა­ში თუ კითხუ­ლობ, კი­დევ უფ­რო შე­ნი­ა­ნი­ა"

მსახიობი პაატა კიკვაძე დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე თამაშობს.

- ბოლო პერიოდში ინტერნეტმკითხველი გავხდი. მხატვრულ ლიტერატურას სტუდენტობის წლებში უფრო ვკითხულობდი. ისეთი პროფესია მაქვს, ბევრნაირი ლიტერატურის კითხვა მიწევს: მხატვრული წიგნების, დრამატურგთა ბიოგრაფიების, პიესების, ფსიქოლოგიური ლიტერატურის და ა.შ.

ბავშვობაში ჩემი მეგზური წიგნის სამყაროში მშობლები და ბიძები იყვნენ. გურიაში, დედაჩემის სოფელში გავიზარდე. 6 წლის ვიყავი, პირველად სცენაზე რომ დავდექი. ეს ოზურგეთში მოხდა და ის ემოცია დღესაც კარგად მახსოვს. ვასიკო ჩიგოგიძემ "ეგნატე ნინოშვილი" დადგა. სახალხო და დამსახურებული არტისტების გვერდით ვიდექი და ძალზე ბედნიერი ვიყავი.

არაერთი ნაწარმოები და მწერალია, წარუშლელი შთაბეჭდილება რომ მოახდინა ჩემზე. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება სწორედ ასეთი შთაბეჭდილებებით მავსებს. მიყვარს რუსული ლიტერატურა. "დათა თუთაშხიას" ან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს რომ წაიკითხავ, როგორ შეიძლება შთაბეჭდილება არ მოახდინოს, არ შეგძრას და არ შეგაზანზაროს? დუმბაძეს გურიაში თუ კითხულობ, კიდევ უფრო შენიანია.

ლიტერატურული პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, ალუდა ქეთელაურთან ვიძმაკაცებდი, "გველის მჭამელის" მინდიასთან ვიმეგობრებდი. აუცილებლად ვიძმაკაცებდი ზურიკელასთან, ილიკო და ილარიონთან... ვაიმე! რამდენი ჩამოვთვალე, ერთი უნდა დამესახელებინა? ნაწარმოების კითხვისას, საერთო პიროვნული თვისებებიც არაერთ პერსონაჟთან აღმომიჩენია. წიგნების კითხვა იმითაც არის საინტერესო, რომ გმირებს შენებურად ხედავ, აღიქვამ, შენც მისი თავგადასავლის მონაწილე ხდები. შემდეგ კი, როცა თეატრში ან კინოში მიდიხარ და კარგად ნაცნობ, წარმოსახვაში ხორცშესხმულ პერსონაჟს ხვდები, გიხარია, ისეთი ან იმაზე კარგი თუ იქნება, როგორიც წარმოგედგინა.

ზუსტად ვიცი, ქალი პერსონაჟებიდან, რომელი შემიყვარდებოდა. ინსტიტუტში სწავლის დროს "წვიმის გამყიდველი" დავდგით. ჩემი პედაგოგი ნუგზარ ლორთქიფანიძე გახლდათ, მან შეგვაყვარა თეატრი. ის პერიოდი გახლდათ, ქალაქში სინათლეც რომ არ იყო. ყველაზე მეტად ინსტიტუტში მისვლა მიხაროდა - იმ საყოველთაო სიბნელეში თეატრალური ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო; ბატონი ნუგზარის ლექციები კი ძალიან დიდი შთაბეჭდილების მომხდენი. "წვიმის გამყიდველში" არის ერთი გოგონა - ლიზი. ძალიან სათნო, ლამაზი, მეოცნებე, ეს გმირი შემიყვარდებოდა.

წლების განმავლობაში რეჟისორები კომედიაში უფრო მაკავებდნენ. მინდოდა, დრამა მეთამაშა. მსახიობისთვის ორივე საინტერესოა.

წიგნი არასდროს მომიპარავს, მაგრამ მოპარული მომიტანეს და დავიტოვე. დღემდე ვინახავ, ის ბოსხის კატალოგია.

- მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს. ერთი წვეთის შეხების შემთხვევაშიც კი რას აკეთებს ის?

- მორიელი ჩემი ზოდიაქოს ნიშანია, 13 ნოემბერს ვარ დაბადებული. ალბათ კვდება...

- დიახ. თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ ალკოჰოლთან?

- ნორმალური. ახალგაზრდობაში ძალიან ბევრი მივიღე და ახლა ვცდილობ, ერთ ლიტრზე მეტი აღარ მივირთვა.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებულ პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული", - რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

- დიახ. ღვინის სმასა და კითხვას შორის რამე საერთოს თავად თუ პოულობთ?

- რა თქმა უნდა, მსგავსება არსებობს. არ ვიცი, გადაჭარბებული კითხვა რამდენად ზიანის მომტანია, მაგრამ ალკოჰოლი კი ორგანიზმს ნამდვილად ვნებს.

- ფსიქიატრებისთვის ცნობილია ზოოფობია - შიში ცხოველების მიმართ, იხტიოფობია - შიში თევზების მიმართ, პანოფობია - შიში ყველაფრის მიმართ. რა არის გინეფობია?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებთ, მამაკაცებისთვის დამახასიათებელი შიშია.

- კონფლიქტური სიტუაციის?

- ცდებით. ეს არის შიში ქალების მიმართ.

- (იცინის) ამას კარგად დავიმახსოვრებ.

- "ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა,/ უაზრო ღელვა, შიში, ეჭვები,/ ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ,/ მაგრამ ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი./ მე მირჩევნია, ვზიდო ხუნდები,/ ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით./ მე ის მსურს - ჩემთვის რაც შეშურდებათ,/ ანდა - ტკივილით დათმობენ სხვები", ვისი პოეზიიდან არის ეს ლექსი?

- ოთარ ჭილაძის ხელწერას ჰგავს.

- რა ერქვა ძველ საბერძნეთში ადგილს, სადაც ერთმანეთს სიმღერაში, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრასა და ორატორობის ხელოვნებაში ეპაექრებოდნენ?

- ეს იქნებოდა ამფითეატრი.

- დიახ. თეატრი ერქვა. ფეხბურთი გიყვართ?

- ზომიერად.

- 1966 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში არგენტინისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოსთხოვა, მოედანი დაეტოვებინა. ფეხბურთელი მოედნიდან არ გავიდა, რადგან გერმანული ენა არ იცოდა და მსაჯის ნათქვამი ვერ გაიგო. ამის შემდეგ ფეხბურთში ახალი წესები გაჩნდა. რომელ წესებზეა ლაპარაკი?

- ფეხბურთელი სტადიონიდან გაუშვა, ის არ გავიდა, რადგან ვერ გაიგო, რა უთხრა (პაუზის შემდეგ) ბარათები. ყვითელი და წითელი ბარათები?

- დიახ. საიდან მოდის გამოთქმა - "ცოლმა ქმარს რქები დაადგა"?

- წამიკითხავს, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ, თუ არ ვცდები, ძველი საბერძნეთიდან, ხომ? ნადირობის მოყვარული იმპერატორის ამბავთანაა დაკავშირებული.

- დიახ, იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი ქალების მოყვარული ყოფილა. როცა რომელიმე ქალი მოეწონებოდა, მის ქმარს იმპერატორის მამულში ნადირობის ნებას რთავდა, რაც დიდ პატივად ითვლებოდა. ვისაც ეს საპატიო უფლება ეძლეოდა, მის ჭიშკარზე ირმის რქებს მიაკრავდნენ. იმპერატორი კი სანდიროდ წასულის ცოლს ესტუმრებოდა.

- აი, ამის შემდეგ კარგად დამამახსოვრდება.

- რამდენი ფეხი აქვს რვაფეხას?

- რვა.

- რომელი მეტია: 20-ის 25% თუ 25-ის 20%?

- თაბარია.

- რა ეწოდება თანამდებობათა წოდებათა თანამიმდევრობას უმდაბლესიდან უმაღლესისკენ?

- იერარქია.

- "მე შემიძლია გავუძლო ყველაფერს, გარდა ცდუნებისა". რომელი ცნობილი ინგლისელი მწერალი ამბობდა ამ სიტყვებს?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებთ, ის ირლანდიაში დაიბადა, ეს სიტყვები კი ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში "დორიან..."

- ...(მაწყვეტინებს) "დორიან გრეის პორტრეტში", ოსკარ უაილდი.

- დაასახელეთ პირველი საბჭოთა ფილმი, რომელიც "ოსკარით" დაჯილდოვდა.

- "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა".

- ამ ცნობილ ფრანგ დიზაინერთან გალაკტიონის მუზას, მერი შერვაშიძეს უმუშავია.

- კოკო შანელთან.

- როგორ იწყება "ვეფხისტყაოსანი"?

- "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა...".

- "ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია, ვინც..."

- "...მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".

- ვინ არის მიხეილ თუმანიშვილის ძეგლის ავტორი, რომელიც კინომსახიობთა თეატრის წინ დგას?

- (იცინის) ახლა კი დავიღუპე, არ ვიცი.

- გია ჯაფარიძე. ეს ქალბატონი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულებით. ფოტოზე გამოსახული იყო ხელის მტევნის ძვლები, თითზე საქორწინო ბეჭდით. ფოტო მისი მეუღლის პრაქტიკაში პირველი სურათი იყო. დაასახელეთ მეუღლის გვარი.

- ვაიმე! გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), ხელის მტევნის ძვლები (ფიქრობს)? ის კაცი რენტგენი იყო?

- დიახ. რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- არ მახსოვს, ამ პერსონაჟთან შეხება არასდროს მქონია.

- მე კი სულ მიკვირს, ეს შეკითხვა რესპონდენტებს რატომ აბნევთ?

- (იცინის) დამაბნიე, ისაკი ერქვა.

- ქრისტეს 10 მცნებიდან რომელია პირველი მცნება?

- "მე ვარ უფალი ღმერთი შენი".

- მანდილოსნებს კომპლიმენტს ხშირად ეუბნებით?

- დიახ.

- ყოველთვის გულწრფელი ხართ?

- რა თქმა უნდა.

- უცნაური წესი არსებობდა სახელმწიფო ტოგოში. თუ მამაკაცი ქალს კომპლიმენტს ეტყოდა, რა ვალდებულება ეკისრებოდა მის წინაშე?

- არ ვიცი, რადგან სიტყვა "უცნაური" ახსენე, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, მისი ცოლად მოყვანა ევალებოდა.

- დიახ. დაბოლოს, დაასრულეთ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი, როგორც ყველაზე..."

- "...ყველაზე სახიფათო სათამაშო".