შოკოლადი კიბოს პრევენციისთვის - გზაპრესი

შოკოლადი კიბოს პრევენციისთვის

ახლახან შოკოლადის შესახებ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ ცხადყო, რომ ამ საკონდიტრო პროდუქტის ზომიერი მირთმევა კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, გვიცავს ინფექციებისგან, არეგულირებს წნევას, სტიმულაციას უწევს ნერვულ სისტემას, დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და ზოგადად, ტვინის ფუნქციონირებაზე. შავ შოკოლადს სამკურნალო თვისებებს მასში დიდი რაოდენობით შემავალი ფლავონოიდები სძენს. ეს კომპონენტი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს.

შოკოლადის, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების და რაციონში ამ პროდუქტის სასურველი შემცველობის შესახებ ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი გვესაუბრება.

ქალბატონო ქეთევან, მითია თუ რეალობა, რომ შოკოლადი ხსნის დაღლილობას, აფერხებს კანის დაბერების პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს, განწყობას, ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკებს?

ამ თემასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი კვლევები და სტატიები ქვეყნდება. მკვლევართა ნაწილი დაავადებების პრევენციის მიზნით შოკოლადის აქტიურ გამოყენებას გვირჩევს მაშინ, როცა მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. კაკაო შეიცავს თეობრომინს, რაც ხელს უწყობს სიხარულის, სიამოვნების ჰორმონების გამომუშავებას. შოკოლადი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. ამ ნუგბარის მირთმევა დამატებითი ენერგიით გვავსებს, გვიხსნის სტრესს, ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს. რაც შეეხება კოსმეტოლოგიაში მის გამოყენებას, მოგეხსენებათ, საკმაოდ აქტიურად მოიხმარენ. საყოველთაოდ ცნობილი შოკოლადის ნიღაბი სახის კანს ხავერდოვანს, ელასტიკურსა და მკვრივს ხდის.

საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია შოკოლადის ჩართვა როგორც მოზრდილის, ისე ბავშვის ყოველდღიურ რაციონში?

შოკოლადი ალერგიული და კალორიული პროდუქტია. მისი ყოველდღიური გამოყენება, მით უმეტეს  ბავშვებისთვის, მიზანშეწონილი არ არის. შოკოლადის ულუფის განსაზღვრა, ანუ ზომიერი მირთმევა არათუ ბავშვებს, ზრდასრულებსაც ძალიან უჭირთ. სჯობს, ბავშვის ყოველდღიური რაციონი ხილითა და ბოსტნეულით გავამდიდროთ და არა შოკოლადით. არაგონივრულია ბავშვის შოკოლადით "დაჯილდოება" კარგი საქციელის სანაცვლოდ. სწორი კვების ჩვევის გამომუშავება, ჯანსაღი პროდუქტების დაგემოვნება სწორედ საბავშვო ასაკიდან იწყება. ბავშვს არ ექნება ტკბილის მიღების მოთხოვნილება, თუ მას ოჯახის წევრები არ მიაჩვევენ და რაციონში მის ნაცვლად უფრო ჯანსაღ ტკბილეულს ჩაურთავენ.

რა განსაკუთრებული დატვირთვა და სარგებელი აქვს კონკრეტულად შავი შოკოლადის მირთმევას?

თუ გსურთ ნამდვილი შოკოლადის გემოს გაგება, სწორედ შავი შოკოლადი უნდა მიირთვათ. ის ანტიოქსიდანტების წყაროა. მასში დიდი რაოდენობით შემავალი კოფეინი და თეობრომინი ასტიმულირებს ორგანიზმს, ამაღლებს შრომის უნარს და ზრდის ორგანიზმის ამტანობის მაჩვენებელს. სასურველია, რომ შოკოლადი უნდა მივიღოთ დღეში არა უმეტეს 25 გრამისა.

-რა შეიძლება მოჰყვეს ზედმეტი რაოდენობის შოკოლადის მიღებას როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში?

შოკოლადის ჭარბად მიღება ხელს უწყობს მის მიმართ დამოკიდებულების გაჩენას, ალერგიის განვითარებას, მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) დარღვევას, ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ბევრი სხვა, არასასურველი დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება. შოკოლადის ჭარბად მირთმევა აზიანებს კბილის მინანქარს (უპირატესად თეთრი და რძიანი შოკოლადი).

შესაძლებელია თუ არა, სუფთა შოკოლადის შეძენა და როგორ, რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ის?

სპეციალიზებულ მაღაზიებში უნდა შევიძინოთ. მაღალხარისხიანი შოკოლადის გამოსარჩევად უნდა გვახსოვდეს, რომ მირთმევისას ის იოლად დნება. გულდასმით უნდა გავეცნოთ მწარმოებელს, შემადგენლობას, გამოშვების თარიღსა და ვარგისიანობის ვადას. შოკოლადი მაღალტექნოლოგიური პროდუქტია და ის მძლავრი დანადგარებისა და ნატიფი ფიზიკურქიმიური პროცესების სინთეზით იქმნება. მისი ხარისხი და გემო კაკაოს მარცვლის ჯიშზეა დამოკიდებული. კაკაოს მარადმწვანე ხის სახელწოდება "ღმერთების საკვებია". მარცვლების შოკოლადად გარდაქმნის პროცესში მთავარ როლს ინგრედიენტები, დრო და ტემპერატურა ასრულებს. ამ სამი კომპონენტის ცვლილებით მრავალი სხვადასხვა უნიკალური რეცეპტის შექმნაა შესაძლებელი.

შორენა ლაბაძე