რას სთავაზობდნენ ტელეკომპანიები ქართველ მოდელს - გზაპრესი

რას სთავაზობდნენ ტელეკომპანიები ქართველ მოდელს

სამოდელო სააგანტო "ლუკს მოდელის" წარმომადგენელი - სოფო ლუხუტაშვილიც ამ ეტაპზე მილანში გასამგზავრებად ემზადება. ის საკუთარ გეგმებზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა.

- მაქვს ორი პროფესია: ვარ მოდელი და ამავე დროს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ამ ეტაპზე ქალბატონ ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგანტოში - "ლუკს მოდელი" ვმუშაობ. სულ რაღაც 3 თვეა, რაც ამ სააგენტოსთან 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ვმონაწილეობ "ჯორჯიან ფეშენ ვიკსა" და სხვადასხვა ჩვენებაში, მაქვს ფოტოსესიები.

- როგორც ვიცი, მილანში გასამგზავრებლად ემზადები.

- დიახ, ახლო მომავალში მილანში ვაპირებ სამოდელო საქმიანობის გაგრძელებას.

- რამდენი წლის ხარ?

GzaPress- 19-ის. ვცხოვრობ მშობლებთან და 4 დედმამიშვილთან ერთად. დედა დიასახლისია და ოჯახური საქმიანობით არის დაკავებული. ჩემი ოჯახის წევრებით ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რომ ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მგულშემატკივრობენ.

- მამა რას საქმიანობს?

- 5 წლის ვიყავი, როცა მოსკოვიდან საცხოვრებლად საქართველოში გადმოვედით. მამას მოსკოვში საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. დედის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ მისი შვილები საქართველოში და ქართული ტრადიციების დაცვით გაეზარდა. მამაც, რა თქმა უნდა, დედას დაეთანხმა.

- შენს დედმამიშვილებზე რას გვეტყვი?

- 2 და და 3 ძმა ვართ. ბიჭები ჯერ პატარები არიან და მათ "დაჩაგვრას" ვახერხებთ (იცინის). ბედნიერებაა, როცა ბევრი დედმამიშვილი გყავს. პირადად მე, მათ გარეშე უბრალოდ, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- მოდელობა რა ასაკში გადაწყვიტე?

- ბავშვობიდან მინდოდა, მოდელი გავმხდარიყავი. ხშირად ვუყურებდი სხვადასხვა ჩვენებას, ფოტოსესიას. ყველაფერი მაინტერესებდა, რაც ამ სფეროში ხდებოდა. ახლობლები და ოჯახის წევრები კომპლიმენტებით ყოველთვის მანებივრებდნენ. მეუბნებოდნენ, - აუცილებლად, მოდელი უნდა გახდეო. მათი სიტყვები რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა საიმისოდ, რომ ოცნება ამესრულებინა. 11 წლის ვიყავი, როდესაც სამოდელო სააგენტოში მიმიყვანეს. თავდაპირველად ლალი ტოტიკაშვილის სააგენტო "ფეშენ შარმში" ვიყავი. ის, რომ უკვე მოდელი ვარ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ სფეროში წარმატებას მივაღწიო. სურვილი მაქვს, საქართველოს საზღვრებს გარეთაც გამიცნონ (იღიმის).

- ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ოჯახში შენი გადაწყვეტილება არავინ გააპროტესტა?

- თავდაპირველად მამას არ უნდოდა, სამოდელო საქმიანობას გავყოლოდი, რადგან ფიქრობდა, რომ სწავლა-განათლებაა უპირველესი. ამ საკითხში მამას მეც დავეთანხმე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ სამოდელო საქმესაც არ მოვწყდი... ახლა ძალიან განიცდიან იმ ფაქტს, რომ უცხოეთში მარტო უნდა წავიდე. მესმის მათი, მშობლები ჩემ გამო ნერვიულობენ, მაგრამ ისიც გაცნობიერებული აქვთ, რომ ხელი არ უნდა შემიშალონ, პირიქით - მხარში მიდგანან. ახლა მამა ჩემს ფოტოებს რომ ნახულობს, ვხვდები, ძალიან მოსწონს, მაგრამ ხმამაღლა არასდროს მაქებს.

- ისე, საკმაოდ თამამი ფოტოები გაქვს...

- საერთოდ, თამამი ფოტოების გადაღება არ მიყვარს. თუმცა, ბოლო ფოტოსესიაზე, რომელზეც თქვენ მეუბნებით, ამის გაკეთება მომიხდა. ბოდე ჩამაცვეს, რადგან ფოტოები უცხოეთში უნდა გაეგზავნათ და აუცილებელი იყო, ცოტა სითამამე გამომეჩინა. ვფიქრობ, მოდელისთვის სითამამე აუცილებელია.

- კიდევ რა თვისებაა აუცილებელი იმისათვის, რომ წარმატებული მოდელი იყო?

- პირველ რიგში, თავდაჯერებული უნდა იყო; უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოგივა.

- როგორ ფიქრობ, მოდელი უკომპლექსო უნდა იყოს?

- რა თქმა უნდა, უკომპლექსოც უნდა იყოს და თამამიც.

- პოპულარობისა და წარმატების მისაღწევად ფოტოკამერის წინ შიშველი თუ იპოზიორებ?

- ვფიქრობ, არასოდეს გავშიშვლდები. ისე, რამდენიმე ასეთი შემოთავაზება მქონდა ქართული ტელეკომპანიებიდან, მაგრამ არ დავთანხმდი. ვფიქრობ, პოპულარობისა და წარმატების მიღწევა გაშიშვლების გარეშეც შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ ქალი ჩაცმულიც ძალიან მომხიბვლელია და იმისთვის, რომ შენი სილამაზე შეამჩნიონ, გახდა საჭირო არ არის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული არ მყავს და საერთოდაც, ჯერ მსგავს რაღაცებზე საფიქრად დრო არ მაქვს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სიყვარული მიზნების განხორციელებაში შემიშლის ხელს. ჯერ მხოლოდ საკუთარ თავზე, კარიერაზე ვარ ორიენტირებული. როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, ამ დროს აუცილებელია, მისი აზრიც მოისმინო და გაითვალისწინო, მე კი ჯერჯერობით, ეს არ მაწყობს. არც არასერიოზული ურთიერთობები მომწონს, რომელიც მხოლოდ 3 თვეს ან ცოტა უფრო მეტხანს გრძელდება. ვფიქრობ, ვინც შემიყვარდება, ჩემი ქმარიც ის გახდება.

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. ისინი ხშირად მანებივრებენ ათასგვარი საჩუქრით.

- რას გჩუქნიან ხოლმე?

GzaPress- ძალიან ხშირად მჩუქნიან ვარდებს, სუნამოს, მაგრამ რატომღაც, თავად არასდროს ჩნდებიან. როგორც ყველა ქალს, ასეთი ყურადღება რა თქმა უნდა, მსიამოვნებს (იცინის). ეტყობა იციან, რომ თუ საჩუქრის პირადად მორთმევას შეეცდებიან, არ ავიღებ და ამიტომაც, შეფუთულს კართან მიტოვებენ. მიმაჩნია, რომ თაყვანისმცემლისგან საჩუქრის მიღება, თუ იმ ადამიანზე სერიოზულად არ ფიქრობ, არ შეიძლება, რადგან ამით მას რაღაცის იმედს ტყუილად ჩაუსახავ.

- ამ ეტაპზე უცხოეთიდან კონკრეტული შემოთავზება გაქვს?

- რამდენიმე დღეა, რაც ჩემი "პოლაროიდები" მილანსა და ჰონკონგში გაიგზავნა. მოლოდინის რეჟიმში ვარ. თანაც, უნივერსიტეტში გამოცდები მაქვს და ვცდილობ, საზღვარგარეთ გამოცდების ჩაბარების შემდეგ გავემგზავრო. იქ 3-თვიან კონტრაქტს გავაფორმებთ.

- როგორ ფიქრობ, მოდელის პროფესია საქართველოში მომგებიანია?

- ჩემი აზრით, საქართველოში შეუძლებელია, მოდის სფერო ისე განვითარდეს, რომ მოდელობა სარფიან პროფესიად იქცეს.

- ახლა კი მოდელობა სარფიან გათხოვებასთან უფრო ასოცირდება. ამაზე რას ფიქრობ?

- არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თუ მოდელი ხარ, აუცილებლად სარფიანად გათხოვდები. ჩემი აზრით, კარგი ოჯახის შესაქმნელად მოდელობა საჭირო არ არის.

სოფო ჭონიშვილი