ხულიგნობა სცენაზე და კარცერში გატარებული ერთი კვირა - გზაპრესი

ხულიგნობა სცენაზე და კარცერში გატარებული ერთი კვირა

თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, გია აბესალაშვილი მსახიობობას მაღალი კრიტერიუმებით აფასებს და არა ისეთი მიდგომით - "რა უნდა ბიჭო არტისტობას, მიდი და გააცინე ხალხი". ყოველთვის უმართლებდა, რადგან საუკეთესო მეგობრები და საოცარი პედაგოგები ჰყავდა. მეგობრები "კაკლის მურაბა" კაცს ეძახიან. რაჭა მისი ფუძეა და აგვისტოს თვეს იქ ატარებს, მარიამობის დღესასწაულსაც ყოველთვის ესწრება. 10 წელია, სტიქაროსანია და საბურთალოს წმინდა ნინოს ეკლესიის მრევლი.

ჭკუა ფეხებში

- სუხიშვილების სტუდიაში ვცეკვავდი - ქალბატონი ნინო, ბატონი ილიკო, ეს სახელები ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. პედაგოგები იყვნენ: ფრიდონ სულაბერიძე, ბეჟან სურმავა, ამირან სალუქვაძე, გივი კოჯორაშვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ, არ ვიცოდი, სად ჩამებარებინა. ერთადერთი, რაც მომწონდა, ცეკვა იყო. სკოლაში ჯახირით ვსწავლობდი. სულ გასტროლებზე დავდიოდი და საბჭოთა კავშირის მასშტაბით უამრავი ქალაქი მოვიარეთ. გაკვეთილებს მატარებელში ვერ ვისწავლიდი, ეს ტყუილი ამბავია. ჩამოვდიოდი და სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილს, ვინ დამიწერდა ნორმალურ ნიშანს? ერთხანს ბევრი ორიანი გამომყვა. სუხიშვილების სტუდიაში ნიშნების ფურცელი მიგვქონდა ხოლმე, აინტერესებდათ, როგორ ვსწავლობდით. ყველგან წარჩინებული უნდა ყოფილიყავი. გოგი სუხიშვილი იყო დირექტორი, დახედა ნიშნებს და სანამ რამეს იტყოდა, დავიწყე: აი, ბატონო გოგი, გასტროლებზე ხომ ვიყავით წასულები და ამათ ორიანები გამომაყოლეს-მეთქი. - ეგ არაფერია, ვინ არის შენი დირექტორი, გამიგე მაგის ტელეფონიო. მეც, იმწუთში გავუგე. ბატონმა გოგიმ უთხრა, - ასე და ასეა, ეს ბიჭი ჩვენ გვასახელებს, იქნებ გაუწიოთ ანგარიში და ნიშნები გადააკეთოთო. ისინიც ადგნენ და ხუთიანებად გადააკეთეს (იღიმის). მაშინ მითხრა მამაჩემმა: შენ მანდ დაგღუპავენ. როგორც ვხედავ, ფეხებში გაქვს ჭკუა, იმის იქით აღარ იქნებიო. გადავწყვიტე, სადაც ნაკლები კონკურსი იყო, იმ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა. მერე გავიგე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქორეოგრაფიული ანსამბლი უნდოდა ჰყოლოდა. სტუდიიდან ჩემი ჯგუფელი გოგო-ბიჭები, თითქმის ყველანი იქ წავედით და შევქმენით უნივერსიტეტის ანსამბლი. თუმცა, რა შექმნა უნდოდა, იმავეს ვცეკვავდით, რასაც სუხიშვილების სტუდიაში. ისინი შეგვპირდნენ, ჩაგაბარებინებთო და მოსამზადებელზე ჩაგვრიცხეს. მთავარია, ერთი სამიანი მიიღოთ და რომელ ფაკულტეტზეც გინდათ, მოხვდებითო. საბუთები შევიტანე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა-დაგეგმვის ფაკულტეტზე. დიდი დამგეგმავი ჩემგან არ გამოვიდოდა და ვერც გამოვედი. იქაც ცეკვა-ცეკვით ვსწავლობდი.

GzaPress

შემთხვევა

- ჩემი მსახიობობა ერთმა შემთხვევამ განაპირობა: ქუჩაში რაღაცას ვყვებოდი და შევამჩნიე, ვიღაც გოგო ფოტოებს მიღებდა. რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. - არაფერიო. ის გოგო ყოფილა ლალი კოლხიდაშვილი, ასისტენტი კინოსტუდიიდან. მერე დამიბარეს და მითხრეს, რომ ფილმში "წერილები ბამიდან" უნდოდათ ჩემი გადაღება. ციმბირში უნდა წავსულიყავით დაახლოებით 6 თვით. ძალიან მომეწონა "პაეზდკა" და ამ ადამიანებთან ურთიერთობა. 14 დღე მივდიოდით ციმბირში. იქ თავიდან ვაგონებში მოგვათავსეს, სანამ სახლებში გადაგვიყვანდნენ. მეორე დილით ლორთქიამ (გურამ ლორთქიფანიძე) რომ გაიღვიძა, ჩამოწია ფანჯარა და ქუჩაში მიმავალ ქალს ეკითხება: "კაკაია სტანცია?" "დურაკ", - უპასუხა ქალმა. ამას ეგონა, რომ ისევ მატარებელზე იყო ვაგონი მიბმული.

გადაღებები ავად თუ კარგად, მიდიოდა. იქ ერთი-ორი ჩემი ჭკუის ახალგაზრდა გავიცანი. ერთი იყო ვიქტორ კიკნაძე, რომელმაც მითხრა: უნივერსიტეტიდან გამოგაგდებდნენ და მოდი, აქ ჩააბარე. შენ უკვე ბამელი ხარ, ირკუტსკში შეიტანე საბუთები და გამოცდების გარეშე, პირდაპირ დაგსვამენო. მისი აზრი მომეწონა. ვფიქრობ, სად შევიტანო საბუთები? სად და, სატყეოზე, აბა, რა! საბუთებს ვაგროვებ და მოვიწერე სახლში, რომ ატესტატი მინდა. ჩემები მიხვდნენ, დარჩენას ვაპირებდი. ლერი მაჩაიძე იყო ჩვენი ოპერატორი და გაგა დემეტრაშვილი - ფილმის დირექტორი, ორივე რაჭველი. ამათ მამაჩემი დაუკავშირდა და შინაურულად უთქვამს: მაგას მოჰკიდეთ ხელი, აქამდე ჩამომიყვანეთ და დანარჩენი მე ვიციო. მოკლედ, მორჩა გადაღება და ჩამოვედით. ბატონი რეზო ჩხეიძის ხელშეწყობით დავიწყე მუშაობა თუმანიშვილის თეატრში, გამნათებლად. მერე რეკვიზიტორი ვიყავი, შემდეგ - სცენის მემანქანე. თუ რამე საამქრო არსებობდა, ყველგან ვიმუშავე შეთავსებით. უნივერსიტეტში აღსადგენად სტაჟი მინდოდა. ფილმის სტაჟი რაღაცნაირად კი ჩამითვალეს, მაგრამ არ მყოფნიდა. შემდეგ მირჩიეს, ჩამებარებინა თეატრალურში. მაშინ ბატონ მიშას აჰყავდა ჯგუფი. ჩემს ამ გადაწყვეტილებას ოჯახში დიდი სიხარული არ გამოუწვევია, მაგრამ მაინც ასე მოხდა...

"მე ეს მომწონს..."

- საოცარი პედაგოგები გვყავდა, მათ შორის, ცოტნე ნაკაშიძე. მასთან ერთად დიდი გზა გავიარე, რა თქმა უნდა, თუმანიშვილის ხელმძღვანელობით. თეატრში რომ შევიდოდით, აღარ გამოვდიოდით, ბატონი მიშაც ღამე ჩვენთან ერთად რჩებოდა. მახსოვს, როცა გვციოდა, შავ ფარდებში გავეხვეოდით ხოლმე. მერე გავიღვიძებდით ღამის 4 საათზე და დავიწყებდით ისევ რეპეტიციას. საოცარი ხანა იყო. როგორც პედაგოგები გვასწავლიდნენ, მსახიობი უნდა მიეჩვიოს დაკვირვებას ყველაფერზე. წლების მანძილზე ეს უკვე მექანიკაში ჯდება, მინდა-არ მინდა, ყველას ვაკვირდები ლაპარაკზე, ქცევაზე, მანერაზე...

ერთხელ გასვენებაზე ვართ და ბატონი მიშა თუმანიშვილი (იქაც კი მუშაობდა) გვეუბნება: შეხედეთ ამ ბავშვს, როგორ ტირისო. ერთ-ერთი ჭირისუფალი პატარა ბიჭი იყო. არ ვიცი, მისი ბებია თუ ბაბუა გახლდათ გარდაცვლილი. ჩვენც შევხედეთ ამ ბავშვს და ვერ ვამჩნევთ ტირილს. ვისზე ამბობთ, ეს ბიჭი ხომ არ ტირის-მეთქი? - ვკითხე ბატონ მიშას. კარგად დააკვირდი, რამდენნაირი ტირილი შეიძლება იყოსო. ბავშვს თვალები ზემოთ ჰქონდა აპყრობილი. ჭადრებს უყურებდა და ნერწყვს ყლაპავდა შიგადაშიგ. თვალები აქვს ცრემლით სავსე და რომ დახაროს, ცრემლი ჩამოუგორდება. ეს არ უნდა, ბიჭია და "გაუტყდება". ასე ზევით იყურება და აფახულებს თვალებს, მაგრამ ტირის, ჭკუაზე არ არის. ამის დანახვას მახვილი თვალი უნდა.

მსახიობობა არის საშუალება, ბევრ რაღაცას გაექცე პირადი ცხოვრებიდან. შენ შეგიძლია იცხოვრო ვიღაცის ტკივილით, ვიღაცის სიხარულით, ვიღაცის ბედნიერებით - მე ეს მომწონს.

GzaPress

კარგი გადაწყვეტილება

- ვფიქრობდი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვინ წამიყვანს, ისეთი პატრონები მყავს, რეზო ჩხეიძისა და მიშა თუმანიშვილის სახით-მეთქი. ერთი-ორჯერ ბატონმა რეზომ დამიხსნა, ფილმებზე გამაფორმა. ბატონმა მიშამაც ითხოვა, ჯერ ნუ წაიყვანთ ჯარში, თეატრში გვჭირდებაო. მერე მართლა ვმუშაობდი ფილმზე "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", რამდენიმე ეპიზოდი გადაღებულიც გვქონდა (შემდეგ რამაზ გიორგობიანმა ითამაშა ის როლი) და მაგ დროს მტაცეს ხელი. კომისართან მივედი, ფილმზე ვმუშაობ-მეთქი. არ ვიცი შენი ფილმი, მერამდენედ უნდა გადაგივადოო. მივვარდი რეზო ჩხეიძესთან, იმანაც გაიკვირვა, - რას ჰქვია, ჯარში მიდიხარო? დაწერა წერილი, რომელიც დიდი ამბით მივუტანე კომისარ თავბერიძეს. მან გამომართვა, წაიკითხა, დაჭმუჭნა და ნაგავში გადაუძახა. ხვალვე აქ გამოცხადდიო, - მითხრა. გავვარდი ისევ რეზოსთან და ვუთხარი, თქვენს წერილს ასე მოექცა-მეთქი, დავძაბე სიტუაცია. ეცა ტელეფონს, გადარეკა-გადმორეკა და არაფერი არ მშველის.

მთავარი რა არის, იცით? ჩემი მეგობრის, თემურის მამა, ოთარ გვალია არის რესპუბლიკის კომისარი. ეს ბოლო ინსტანციაა. მივადექი ბატონ ოთარს, ჯარში მიშვებენ-მეთქი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებააო (იცინის). მერე შვილს დაუძახა: ეს ჯარში მიდის. ახლა ორივენი წადით, გადაიღეთ ფოტო და მერე მოდით ჩემთანო. არ დავზარდით ამ თხოვნას. სამუშაო ოთახში დიდი მაგიდა ჰქონდა და შუშა ედო ზემოდან. ამ შუშაში შეაცურა ჩვენი ფოტოები და ამბობს: აი, ახლა ჩემთან რომ მოვლენ ჯარიდან გათავისუფლების თხოვნით, ვეტყვი, ჩემი ორივე შვილი ჯარშია (ფოტოებზე მიუთითებს) და თქვენსას რანაირად დავტოვებო? ორივე ჯარში გაგვიშვა, მოსკოვიდან 2600 კმ-ში... ახლოს ვიყავით, ცხინვალში (იცინის).

ნამდვილი ნაღმები

- ჯარში მენაღმეები გვერქვა და ნაღმი არ გვქონდა ნანახი. საწოლი მაქვს ისეთი, დავწვები და ძირს ვარ - ვსრიალებ, ლეიბიანად მოვდივარ. მერე მოვიფიქრე: ავწიე საწოლი, ორი ტანკსაწინააღმდეგო მინა შევუყუდე ერთ მხარეს და მერე მხარესაც - ორი. სასწავლო მინა იყო ქვიშით სავსე ტომარა, მას თეთრი ზოლი ჰქონდა, ხოლო ნამდვილს - წითელი ზოლი დაჰყვებოდა. ორივე სახის მინა მინდორში, ტალახში ეყარა და ვერ მივაქციე ამ ზოლებს ყურადღება. შევალაგე ეს მინები, გავასწორე საწოლი, დავწექი და აგაშენა ღმერთმა, აღარ ვსრიალებ, დავიძინე. დილით მაღვიძებს კაპიტანი: "აბესალაშვილი, პრასნის სინოკ". თურმე საწოლის ქვეშ ნამდვილი ნაღმები დევს. ჩუმად მეუბნება, უცბად რომ არ შევხტე ან რომ არ გამოძრავდეს საწოლი და არ "აიწიოს" ყველაფერი. რა "სინოკ", რომ დაიყვირებდნენ ერთს, პირდაპირ ჩექმებში ვხტებოდით. გავახილე თვალი, ჯერ ისევ სიზმარში ვარ და მეც ვუღიმი. მიმაფარეს ხელი პირზე და გამომათრიეს. ყველანი - სხვა ბიჭები, იქვე ახლოს, გათხრილ სანგრებში ჩამალულები იყვნენ. ერთი კვირა კარცერში ვიჯექი.

GzaPress

ხულიგნობა

- ზოგჯერ "მოეშვება" სპექტაკლი, როცა დიდხანს ვთამაშობთ და მომინდება ხოლმე, რაღაც ვიხულიგნო. ამოვიჩემე გია როინიშვილი, ზედმეტად სერიოზულად ეკიდება ყველაფერს. ვთამაშობთ სპექტაკლს "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". გოგა პიპინაშვილს თითქოს ჩუმად ვეუბნები, მაგრამ გიას გასაგონად: "რამ გადარია ზურა გეწაძე, ნასვამი რომ მოვიდა, რამ დაალევინა სპექტაკლის წინ?" ამას "ყურები გაეზარდა": რა მოხდა? ვინ არის ნასვამიო? - ვინ და ზურა გეწაძე, მაგრამ არა უშავს, წამოწვა და მანამდე გამოფხიზლდება-მეთქი. მერე წავედი და მოვძებნე ვაზნები. ფუჭი ტყვიები იარაღში ჩავდე. გეწაძე გავაფრთხილე, რაც ჩავიფიქრე, იარაღი მას უნდა ჰქონოდა. იქ ერთი სცენაა, სადაც არ ვმონაწილეობ. გოგას ვუთხარი, ამ დროს შევვარდეთ-მეთქი. გიამ დამინახა და რაც იფიქრა, მივხვდი: ზურა ხომ ნასვამია და რამე რომ დაემართოს, ეტყობა, ეს გააგრძელებს ლაპარაკს. ეპიზოდის მიხედვით როინიშვილს ეუბნება გეწაძე: ღვინო დალიეო. მანამდე გოგამ პატარა ჭიქა დიდი ბოკალით შეცვალა. შიგნით "პარაშოკი ზუკოა" ჩასხმული, უბედურება სითხე იყო. ამ საწყალმა დაიწყო დალევა და, ვერა ვსვამო. - რას ჰქვია, ვერა სვამ? დალიე ბოლომდეო, - აძალებს ზურა. იარაღი ხომ ამიტომ გვაქვს. "ბრახ" - ერთი გასროლა ფეხებში, "ბრახ" - მეორე. ბოლოს გეწაძემ პისტოლეტი შუბლზე დაადო. გია ფიქრობს, მესამე რომ გავარდეს, თვალს გამომთხრისო. რა იცის, ორზე მეტი ტყვია არ დევს და აგრძელებს დალევას. ძლივს სვამს, მაგრამ წრუწუნასავით ბოლომდე გამოცალა.

ნანული ზოტიკიშვილი