ვინ რას აკეთებს მაშინ, როცა დედამიწაზე სინათლე ჩაქრება? - გზაპრესი

ვინ რას აკეთებს მაშინ, როცა დედამიწაზე სინათლე ჩაქრება?

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მზის სხივი დედამიწამდე ჩამოსვლას 8 წუთს ანდომებს. მზე რომ გაქრეს, 8 წუთი პლანეტაზე სიბნელე დაისადგურებს. რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ამ 8 წუთის განმავლობაში? ეს ის თემაა, რომელზეც რეჟისორებმა: გიორგი გოგიჩაიშვილმა და დავით აბრამიშვილმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს. "8 წუთი~ შემქმნელებისთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ფილმი აჩვენეს მაღალი დონის არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, მოიპოვა არაერთი აღიარება და რაც ყველაზე მთავარია, ფილმმა ყველაზე გლობალური - მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (სადაც 1615 ფილმი უჩვენეს) ოქროს მედალი აიღო - მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 ათასმა კინომოყვარულმა საუკეთესო ფილმად დაასახელა. ამ წარმატების შემდეგ, "8 წუთმა~ 2018 წლის "ოსკარზე~ ჩვენების უფლება მიიღო. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი სლავა ნათენაძე ასრულებს. როგორ დაიწყო მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია, როგორი იყო ფილმზე მუშაობის პროცესი და ვინ არის მისი გმირი? - ამ ყველაფერზე მსახიობი თავად მოგვითხრობს.

- ბავშვობაში ახალციხეში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე. მე-5 კლასში ვიყავი, როცა ახალციხის სახელმწიფო თეატრში, სპექტაკლში "მედეა~ ერთ-ერთი შვილის როლი შევასრულე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იმ წლებში გადაყლაპული სცენის მტვრით მოვიწამლე. არასდროს სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია. ცალსახად ვიცოდი, მომავალში მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. მაშინ წარმოდგენებს სად აღარ ვმართავდით, სულ გასტროლები გვქონდა და ჩემთვის ეს საინტერესო იყო.

- პროფესიონალი მსახიობების გვერდით თამაშობდით. ალბათ, ყველაზე მეტად გეფერებოდნენ, გიფრთხილდებოდნენ.

- რა თქმა უნდა, ასე იყო. სკოლის მოსწავლის გრაფიკი ყველამ ვიცით: სკოლა, შინ დაბრუნება, გაკვეთილების მომზადება, მერე ცოტა დრო სათამაშოდაც უნდა გამონახო, საღამოს 9-10 საათზე უნდა დაიძინო... ჩემთვის ეს რეჟიმი აღარ იყო. სპექტაკლები საღამოს 8 საათზე იწყებოდა, 10-11 საათამდე თეატრში ყოფნა მიწევდა. გასვლითი სპექტაკლების დროს, სკოლაში სულ ვეღარ დავდიოდი. სოფლებში, პატარა ქალაქებში, ღია სცენაზე, დიდ დარბაზებში - სად აღარ გვითამაშია. ვენახში და ხილის ბაღებშიც კი გაგვიმართავს წარმოდგენები. მაშინ ამას თეატრებისგან სახელმწიფო ითხოვდა, სპექტაკლები ყველას უნდა ენახა.

- სკოლაში პოპულარული ბიჭი იყავით?

- არა მხოლოდ სკოლაში, ქალაქშიც პოპულარული ვიყავი.

- გოგონებში განსაკუთრებით?

- შეიძლება, ასეც იყო. მუსიკალური ნიჭიც მქონდა, სკოლის საესტრადო ანსამბლის წევრი ვიყავი, დავდიოდით კონცერტებზე.

- თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ, თქვენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- სტუდენტობის წლები ძალიან საინტერესო იყო. გურამ საღარაძის ოჯახში გაზრდილი ვარ. მისი მეუღლე, ტანია ბუჰბინდერი ჩემი პედაგოგი იყო. ჯგუფში 7 თუ 8 სტუდენტი ვიყავით, ეს არ იყო კლასიკური ფორმა პედაგოგისა და მოსწავლეების ურთიერთობის. ჩვენს პედაგოგთან სახლში ხშირად მივდიოდით, ზაფხულობით ზღვაზე ვიყავით, ზურგჩანთებით ტყეში დავდიოდით... ვინაიდან ახალციხიდან ვიყავი ჩამოსული და ამ ქალაქში ბინა არ მქონდა, სტუდქალაქში ვცხოვრობდი. ტანიამ ეს რომ გაიგო, მითხრა, შენ იქ აღარ იცხოვრებ, ჩვენთან გადმოხვალო. ასეც მოხდა, შემდეგ დავნათესავდით. გურამი და ტანია ჩემი მეჯვარეები იყვნენ, შემდეგ შვილიც მომინათლეს.

- მათთან ცხოვრების პერიოდიდან, ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?

- პირდაპირი და ძალიან თბილი ადამიანები იყვნენ. გურამ საღარაძეს მთელი ქვეყანა იცნობდა. მე, ერთი პატარა ბიჭი, უეცრად მათი ოჯახის წევრი გავხდი. თავი როგორ უნდა მეგრძნო? წესით, შებოჭილი და მორიდებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ორი ადამიანის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, თავი შებოჭილად არასდროს მიგრძნია. ძალიან უბრალოები და გულიანები იყვნენ. ცნობილია, ბატონ გურამს მეგობრებთან ერთად ბანქოს თამაში უყვარდა. როცა ყველანი შეიკრიბებოდნენ, ოთახში იკეტებოდნენ, ხელი არავის უნდა შეეშალა, იქ ძალიან დიდი აზარტი და ემოციები იყო.

წეროვანში აგარაკს ფაქტობრივად, ერთად ვაშენებდით, ხეხილს ვრგავდით. გურამს მიწასთან მუშაობა ნაკლებად უყვარდა, მაგრამ ტანიას ეს საქმე სიამოვნებას ანიჭებდა.

მახსოვს, გურამ საღარაძეს მამა რომ ჰყავდა სახლში დასვენებული, წავიდა და სპექტაკლი ითამაშა. დღეს მე თეატრალურში მსახიობის ოსტატობას ვასწავლი და გული მწყდება, ინდიფერენტული თაობა წამოვიდა. მონდომებულ სტუდენტს იშვიათად შეხვდები. ოსტატობის ლექცია არასდროს გამიცდენია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სასწავლებელში ამისთვის ვსწავლობდი. ახლანდელ თაობაში ასეთი მიდგომა არ შეინიშნება. დღეს ნათესავის ქორწილის გამო აცდენენ ლექციებს. თეატრალურში ჩაბარება მოდური გახდა. არ აცნობიერებენ, რამდენი შრომა უნდა ამ პროფესიას. უმრავლესობას ჰგონია, მსახიობი თუ გავხდები, პოპულარული ვიქნებიო. სინამდვილეში, თუ არ ისწავლა, სცენაზე დროშა ეკავება მთელი ცხოვრება, მსახიობისთვის ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს. ჩემი პედაგოგისგან მხოლოდ პროფესია არ მისწავლია. საღარაძეებთან ადამიანობისა და სიკეთის არაერთ მაგალითს ვხედავდი. ტანიას ძალიან უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით - ძაღლები. მისთვის ჯიშს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ზამთარში წეროვანში დიდი თოვლი იცის, კვირაში ორჯერ მივდიოდით და ძაღლებისთვის საჭმელი მიგვქონდა.

GzaPress

არ ვიცი, ეს ასაკის ბრალია თუ სულის ძახილი, თბილისის ზღვის უბანში კერძო სახლი ვიყიდე და როცა თავისუფალი დრო მაქვს, სულ მიწაზე ვშრომობ, იქ ჩემი პატარა მეურნეობა მაქვს.

- თეატრში გაცილებით მეტი როლი გაქვთ შესრულებული, ვიდრე - კინოში. რატომ?

- დიახ, კინოროლებით დიდად გათამამებული არ ვარ. როგორც ჩანს, ეგ მატარებელი თავის დროზე გავუშვი.

- როლებზე უარს ამბობდით?

- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც ფილმში - "კაპიტნები~ მთავარ როლზე დამამტკიცეს, თეატრალურიდან რამდენიმე ახალგაზრდა აგვიყვანეს. ეს ამბავი ქალბატონ ტანიას დიდად არ მოეწონა. ჩემთვის არ უთქვამს, გადაღებაზე არ წახვიდეო, მაგრამ ვიცოდი, ლექციების გაცდენა მომიწევდა და მას ეს არ ესიამოვნებოდა. მოკლედ, ამ როლზე უარი ვთქვი.

- სამაგიეროდ, ახლა ითამაშეთ ფილმში, რომელმაც არაერთი წარმატება უკვე მოიპოვა. "8 წუთზე~ რას გვეტყვით?

- ეს აპოკალიფსური ფილმია, ქართული კინემატოგრაფიისთვის თემა ძალიან უცხოა. მსგავსი ხასიათის ფილმი საქართველოში არასდროს გადაუღიათ.

- მზე რომ გაქრეს, 8 წუთში პლანეტაზე სიბნელე დაისადგურებს. არავინ იცის, ვინ რას მოიმოქმედებს ამ წუთების განმავლობაში. ფილმში რა ხდება?

- ფილმი ცხოვრებისეულია. ადამიანებმა ვიცით, ჩვენი სიცოცხლე ოდესღაც დამთავრდება, ამას შეგუებულები ვართ. სულ სხვაა, როცა გეუბნებიან, 8 წუთში სინათლე გაქრება. ეს არის მომენტი, როცა შეიძლება ყველაზე არაადეკვატური იყო. ზოგიერთი შესაძლოა ჭკუიდან გადავიდეს, ზოგიერთი მონსტრი გახდეს ან გაკეთილშობილდეს. ფილმშიც ასეთ ამბებთან გვაქვს საქმე. ამ 8 წუთში სულ მძაფრი ემოციებია.

- თქვენი გმირი ვინ არის? როგორც ვიცი, შვილს ურეკავთ.

- ფილმს ნუ მომაყოლებთ (იღიმის).

- ცოტა რამ უნდა გვიამბოთ.

- ჩემი გმირი ილუზიონისტია, ცირკის ყოფილი მსახიობი. ცირკიდან წამოსვლის შემდეგ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, რის გამოც შვილთან კონფლიქტი აქვს. აპოკალიფსის მოახლოების ამბავს ტელევიზიით იგებს და შვილს ურეკავს. ჩემი შვილის როლს მსახიობი გიორგი შარვაშიძე ასრულებს, ანი ბებიას გმირი კი მისი შეყვარებულია.

- გადაღებები თბილისსა და ბაკურიანში იყო. ამ პროცესს როგორ გაიხსენებთ? მაშინ ფიქრობდით, რომ ფილმი ასეთ აღიარებას მოიპოვებდა?

- გადაღების პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ჩემი სცენის გადაღება მხოლოდ თბილისში მოხდა. სცენარით იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, ვიცოდი, ფილმს წარმატება რომ ექნებოდა. მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ძალიან პრესტიჟულია.

- ამ ფესტივალს 20-წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში "8 წუთი~ არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც ამ ფესტივალზე 1615 ფილმს შორის, ჯერ ათეულში გავიდა, შემდეგ კი გაიმარჯვა.

- დიახ, ამ ფესტივალის წესები ასეთია: ჯერ 10 საუკეთესო ფილმს ასახელებენ, შემდეგ გამარჯვებულ ფილმებს მსოფლიოს 250 ქალაქში აჩვენებენ. იქ მაყურებელს ბიულეტენებს ურიგებენ და აძლევენ ხმას იმ ფილმს, რომელიც მოეწონებათ. ათი ფილმიდან 3 გამარჯვებული სახელდება, რომლებსაც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ერგებათ. ჩვენ გავიმარჯვეთ, ფილმმა ოქროს მედალი მოიპოვა. მამაკაცის მთავარ როლზე ვიყავი წარდგენილი, მაგრამ ამ ნომინაციაში, მეორე ფილმის გმირი გავიდა. მას არც ერთი ფეხი არ ჰქონდა. ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ფილმმა "ოსკარზე~ ჩვენებაც ავტომატურად მოიპოვა.

- ყოველი ახალი როლი მსახიობისთვის ახალი გამოწვევაა, როგორ უშინაურდებით, ითავისებთ ამ როლებს?

- ამ ყველაფერს თეატრალურში გვასწავლიან, ესაა ჩვენი პროფესიონალიზმი. როლს ბევრი ფიქრი უნდა. ზოგჯერ სცენარს სამჯერაც კი ვკითხულობ, იმ პერსონაჟის უკან რაღაცებს ვეძებ, შინაგან თვისებებს ვუღრმავდები... კარგია, როცა რეჟისორის, სცენარისტის და მსახიობის ფიქრების თანხვედრა ხდება. ამ ფილმზე ნიჭიერი ხალხი მუშაობდა, მაგრამ ფილმის "კეთების~ დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ. პირველივე "გასროლა~ შთამბეჭდავი გამოუვიდათ. "8 წუთი~ კიდევ არაერთ ფესტივალზეა მიწვეული. იმედია, ამ ფილმს წინ კიდევ დიდი წარმატება ელის.

თამუნა კვინიკაძე