ხელოვნურად შექმნილი ბედნიერება - გზაპრესი

ხელოვნურად შექმნილი ბედნიერება

ის 1937 წელსაა დაბადებული, მაგრამ მუდამ ამბობს, რომ 36 წლისაა.

ირმა კომუნისტების დროს ფოსტალიონად მუშაობდა ერთ პატარა სოფელში. წარმოუდგენელი სიმარჯვით ცნობილს, განათლება თითქმის არ ჰქონდა. თუმცა, ისეთი გულში ჩამწვდომი სიტყვებით საუბრობდა, ათ ძალად პოეტს რომ ეყოფა თავის მოსაწონებლად. ოთხკუთხა, მსხვილი ასოებით წერდა ხოლმე "ახალგაზრდა კომუნისტის" ან "სოფლის ცხოვრების" თავფურცლის არშიაზე იმ გლეხების სახელებს, ვისთვისაც პრესა უნდა დაეტოვებინა. ხაკისფერი ზურგჩანთა ჰქონდა, რომლის გარეთა ჯიბეში მუდამ ჰქონდა "რუმიანა" და წითელი პომადა. გიორგი ლეონიძის ფუფალას ჰგავდა და არც ჰგავდა.

ირმასთვის ყველაზე მომხიბვლელი და ამაფორიაქებელი 8 მარტი იყო. ამ დღეს გამოგონილი თაყვანისმცემლებისგან იღებდა მილოცვებს ღია ბარათებით. თავად წერდა ამ ბარათებზე ტექსტებს, ქალაქის საფოსტო ყუთებში ჩაყრიდა და მოდიოდა ერთი პატარა იმერული ქალაქიდან ასევე პატარა სოფელში გულისამაჩუყებელი და რომანტიკული ტექსტები სამხედრო პილოტისგან, მინისტრთა საბჭოს მაღალჩინოსნისგან, რომელიღაც რაიონული აღმასკომის თავმჯდომარისგან ან სულაც, შორეული ნაოსნობის კაპიტნისგან. ეს ტექსტები ირმას განუზომელ სილამაზეზე ღაღადებდნენ და მთავრდებოდა იმით, რომ სამსახურისგან მალე მოიცლიდნენ, სოფლად მოაკითხავდნენ და საქორწინო მოგზაურობასაც გამართავდნენ ლენინგრადში... სოფლად ცოტა ხვდებოდა, რომ ეშმაკობდა ირმა, რადგან მისგან ასეთ ხრიკებს ბევრი არ ელოდა!

ამ ბარათებს მარტში ყველაზე დიდი სანახაობრივი დატვირთვა ჰქონდა სოფლად. ირმა ყველა ქალს აჩვენებდა მათ და ზღაპრულ ქორწილში დაპატიჟებას ჰპირდებოდა ნინელის, თამარას, ვერიჩკას თუ ციალას...

ერთხელ, რომელიღაც მოცლილმა უთხრა, აქედან საპასუხო ბარათებს თუ უწერ თაყვანისმცემლებსო? კიო, - დაუფიქრებლად უთქვამს. ვიდრე გაგზავნი, ეგებ წაგვაკითხოო. წაგაკითხებთ აუცილებლადო, დაჰპირებია ირმა, ზედმეტად დაინტერესებულ არამკითხეს. დღე გაზეთებს რომ დაარიგებდა გასროლილი საფანტივით მიმობნეულ მოსახლეობაში, მერე დაჯდებოდა და ბავშვური, ოკრობოკრო ასოებით წერდა ბარათის ტექსტს. აი, საუბარი ასე თუ ისე, გამოსდიოდა, წერა კი არა! თითქოს ფურცელთან შეხებისას კარგავდა პოეტურ ნიჭს და ისეთი პროზა გამოსდიოდა, თავადაც რომ ეზიზღებოდა! ვისთვის უნდა ეთხოვა დახმარება?! კლუბის გამგე ერთობ სიტყვაწყლიანი ქალი იყო, მაგრამ მას ვერ ენდობოდა, სადღაც ორღობეში "ყელს გამოსჭრიდა". ზაირა მოანგარიშემ მარტო ციფრები იცოდა და ისევ ბიბლიოთეკარზე შეაჩერა არჩევანი. გლეხის ვახშმობას გადამცდარ დროს მიაკითხა ირმამ ბიბლიოთეკარს. კილომეტრზე მეტი გზა ფეთებით გაიარა, არავინ შემამჩნიოს, იღლიაში დედალამოჩრილი სადაც მივდივარო. გაოცებულ ბიბლიოთეკარს ხელებში ქათამი შეუძვრინა და შეევედრა, ლამაზი ტექსტი უნდა დამიწეროო. უქათმოდ და უქრთამოდ დაგიწერო, მაგრამ დედალს სადღა წააკრიახებდა ირმა და საქათმეში შეაცურეს საბრალო ფრინველი.

ორიოდე დღის მერე ოთხკუთხა ასოებით გადაწერილი ბარათი სოფლის ენააცრილი დედაკაცების ხელიდან ხელში გადადიოდა.

"შენზეა ახლა ჩემი შროშანული სიცოცხლე და მომავალი დამოკიდებული, ჩემო. დიახ, ჩემო! მე ვიცი, რომ ახლა შორს ხარ და მიწევს სევდიანობის თამაში ხალხის თვალში, თითქოს დაგკარგე უძვირფასესი! არადა, ვიცი, რომ დაცვარული ვარდები, ბრილიანტის ეულთვლიანი ბეჭედი და ჩემდამი მოძღვნილი ლექსი ერთად უნდა მომიტანო... როცა გარეთ ღამეა სქელი და ამღვრეული, როცა ადამიანების გულში სიცივის მარაგია ულევად, როცა ბევრი ქალი სიყმაწვილისას მირთმეული დამჭკნარი თაიგულის ხსოვნით ცხოვრობს, მე ვიხედები სარკეში და ვამბობ, ჩვენ ნამდვილად ვართ ერთმანეთის შესაფერისები! მე არ მიწევს იმ ქალებივით მოლოდინი, ლოდინი სამსახურად რომ გადაუქცევიათ. იცი, ჩემო, რამდენისთვის თავგზა ამიბნევია და ცდუნებისთვის გამიძლია შენ გამო! მე ამისთვის განა, ჯამაგირს ვითხოვ! ვიცი, რომ შორეული ნაოსნობიდან ჩამოხვალ და მარჯნის ყელსაბამსაც ჩამომიტან და გამახარებ, ეს არის ჩემი ხელფასი მოთმინებისთვის! ამიტომაც არ ისადგურებს ჩემს სულში სიცივე, არასდროს ვდგები ქარაფებთან უსასოო ქალივით და არ ვდარდობ მომავალს, რადგან ის ჩვენია, თანაც ისეთი მათრობელა, როგორც ბანგი! ეს წერილი შენთვის იწერება, ჩემო... ყოველთვის ზღვარგადასული მეოცნებე ვიყავი, ვოცნებობდი ყველასა და ყველაფერზე. ძნელად დასაჯერებელი იქნება ალბათ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული და შეუგნებული ცხოვრება სიყვარულზე ვიყავი შეყვარებული... ჯერ კიდევ გაუაზრებლად, ყველანაირი ვნებისა და ჟინის გარეშე. ადრეულ ბავშვობაში ჩემთვის სიყვარული იყო მზე, მთვარე, ბროწეულის ხე, ყველა ჩემ მიერ დათვლილი ვარსკვლავი. არაფერი მაბედნიერებდა ისე, როგორც მარტოდ დარჩენილს იმ ჯადოსნურ სიყვარულზე ფიქრი, როგორც ზღაპარშია. ხან კონკია ვიყავი, ხან ფიფქია და ხან მეშვიდე ჯუჯა, ფიფქიაზე უანგაროდ და უიმედოდ შეყვარებული! მერე, ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში სხვანაირად დავიწყე სიყვარულზე ფიქრი... ვფიქრობდი და მაინც ზღაპრულ და ჯადოსნურ ფერებს ვაძლევდი ჩემს არარეალურ სამყაროში გამოგონილ ოცნების მამაკაცს მომავლიდან! ვოცნებობდი და ვიყავი ბედნიერი. ვოცნებობდი მანამ, ვიდრე შენ არ გაგიცანი და მერე უცებ ვიქეცი პატარა მეოცნებე შეყვარებულ ფერად გოგონად. ხშირად მჯობნიდა სევდა, ძალიან ხშირად! ბევრი რამის თქმა შეიძლება, ბევრის გახსენება, ბევრის დაწერა, მაგრამ... მერე შენ გამოჩნდი, ჩემო... გამოჩნდი და დავიწყე ოცნების კოშკის წყობა, ნელ-ნელა, აგურ-აგურ, ნაბიჯ-ნაბიჯ. მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ჩემთვის უტოლო და განუმეორებელი! მე შენით ვისწავლე სიყვარული და ერთგულება, შენით მომეცა რწმენა და ისევ მივყევი ოცნებას. შენ შენ ხარ და სხვა დანარჩენი - ყველა ისინი არიან! შენით იწყება მზე ჩემთვის და როცა შენ დამთავრდები, დამთავრდება მზეც! ეს აღარ არის მეოცნებე პატარა გოგოს შეყვარება სიყვარულზე! მე ჯიუტად ვაშენებ ჩემი ოცნების კოშკს და მწამს, ოდესმე აუცილებლად დავადგამ სახურავზე დიდ და ბრწყინვალე მრავალფერ ვარსკვლავს, მთელი სამყარო რომ დამიდგეს წინ! სხვა ყველა ისინი არიან..."

ზოგს ისე მოეწონა ეს წერილი, სასწრაფოდ გადაწერეს და გაამრავლეს ნაცნობებში. ერთმა გათხოვილმა ქალმაც გადაწერა და თავის ბრიგადირ ქმარს აჩვენა საღამოს, - ნახე, ირმა ფოსტალიონი რას სწერს შორეული ნაოსნობის კაპიტანსო. დაღლილმა ქმარმა შეუღრინა ცოლს, მოცლილი და უტვინოა ისიც და შენ კიდევ უარესიო. სოფლის რუსულის მასწავლებლის ცოლმაც აჩვენა თავის ქმარს ეს უსტარი. ცხვირის ძგიდზე გაკვეხებული სათვალის ზემოდან გადმოხედა მწიგნობარმა ცოლს და დაეკითხა: იცი, რუსულში "მეს" აღმნიშვნელი "ია" რატომაა ანბანის ბოლოში? ამდენი "მეს" ძახილი წერილში რა უბედურებააო? ცოლმა ხელი ჩაიქნია, კაცების უმეტესობამ არ იცით, სად და როგორია ბედნიერება, ვერ გაიგებთ ქალისას ვერასდროსო...

ეს ბარათი დიდხანს ტრიალებდა სოფლად, მერე ყველაზე კარგი კალიგრაფიის მქონე დაწყებითი კლასის მასწავლებელს გადააწერინა ირმამ, ცოტაოდენი სუნამოც აპკურა და კონვერტში საგულდაგულოდ ჩადო. გარედან მე დავაწერ კონვერტსო, აქაოდა, არ გაიგოთ, ვის სად ვუგზავნიო... დიდხანს იდო ის წერილი ბუხრის თავზე შემოდებულ პატარა "შკატულკაში", მერე კინაღამ დაავიწყდა, რომ წაეღო ქალაქში და საფოტო ყუთისთვის მიებარებინა. იცოდა, თუ არასწორად მიაწერდა მისამართს, ფოსტა უკან დაუბრუნებდა. სისხამი დილა იყო, სოფლის ავტობუსი ქალაქის სადგურს რომ მიადგა. ირმა გაბრუებული იყო ჯაყჯაყით და ხალხის ხორხოცით. ვერც ის გაიგო კარგად, რას ჰყვებოდა სასაცილოს მატრაბაზი ვალიკო ან რა სასაცილო იყო ის, ამ ბატიტვინა კაცს წინა კვირაში ცოლმა ორი ტოპრაკი რომ გამოატანა, რომელთაგან ერთში ნათესავისთვის გადასაცემი სათესი ლობიო ეყარა, მეორეში - მუქთახორა კატა იყო "მოხონძლილი". ეს უკანასკნელი მდინარეში უნდა მოესროლა ტოპრაკიანად... ვალიკოს კიდევ შეშლია, ლობიოიანი მდინარეში გადაუგდია, იმავე დღეს ნათესავისთვის კი "კუხნის" მაგიდაზე დიდი ამბით წარდგენილი "ლობიო" აკნავლებულა...

ირმას ენანებოდა წერილი დასახევად, გაგზავნითაც ვერსად გზავნიდა. უკვე ის დედალიც ენანებოდა, წერილის დასაწერად რომ გასცა. ბოლოს, ნაკუწებად ქცეული წერილი თუჯის მოზრდილ ურნაში ჩაუძახა, თუმცა, სოფლად დიდხანს ინახებოდა გაყვითლებულ ფურცლებზე იმ წერილის ასლები...

ირმა ახლაც წითლად იღებავს თმას, ახლაც ორმოც წლამდეა, ახლაც კვასკვასა პომადით სასაცილოდ ითხუპნის ტუჩებს და ელოდება ხან შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ხანაც - პილოტს და ზოგჯერ მოსკოვის დიდი თეატრის წამყვან მსახიობს...

სახლში, ბუხრის თავზე ისევ დევს "შკატულკა". ზარდახშაში წითელი პომადების გვერდით, დაცარიელებამდე მისული რამდენიმე იაფფასიანი სუნამოს შუშაა, რომლებიც ახლახან გამოუგზავნა მორიგმა თაყვანისმცემელმა...

რას იზამ, პოეტურობა უხდება ცხოვრებას, იტყვის და წაიღიღინებს კინოფილმიდან სატრფიალო სიმღერას ირმა და თავი ისევ ზღვის ქაფისგან შექმნილი აფროდიტე ჰგონია! ან ვის რას უშლის თავისი წარმოდგენებით? ჰქონდეს თავისი წილი ბედნიერება, ის ხომ თავად შექმნა?!

როლანდ ხოჯანაშვილი