განო მელითაური: "თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ" - გზაპრესი

განო მელითაური: "თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ"

ამ ქალთა ჯგუფის ხელმძღვანელი თამარი გახლდათ, რომელმაც ყველაზე დიდხანს, ლამის საუკუნე იცოცხლა. იშხნელებს უამრავი შთამომავალი ჰყავთ, მაგრამ ამჟამად გვინდა, სწორედ ქალბატონი თამარის მემკვიდრეებზე შევჩერდეთ. ალბათ საინტერესოა, ამ დიდებული ქალბატონის გენი დღეს როგორ განაგრძობს არსებობას. ჩვენ მის შვილთაშვილს, განო მელითაურს დავუკავშირდით, რომელიც ბოლო დროს "პალიტრა ტვ"-ის ეთერში მეუღლესთან, კოტე თოლორდავასთან ერთად, გადაცემაში - "გაკოს შოუ" გამოჩნდა.

- ჩემთვის თამარი პირველ რიგში, დიდი ბებიაა, რომელთანაც 9 წლამდე ვიზრდებოდი. ლამის 100 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ ღრმად მოხუციც ენერგიით სავსე იყო... სახალხო არტისტის, ცნობილი მომღერლის შთამომავალი რომ ხარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამ ყველაფერს წლებთან ერთად აანალიზებ.

- მან და მისმა დებმა ქალაქურ სიმღერას, ქართულ რომანსს ჩაუყარეს საფუძველი და სწორედ მათგან იღებს სათავეს ის არაჩვეულებრივი ჰანგები, რომელსაც შემდგომ არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა...

GzaPress- ისინი საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები იყვნენ, რაც საოცრად მეამაყება... ბავშვობიდან, რა სიტუაციაშიც უნდა მოვხვედრილიყავი, ჩემ გარშემო ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ იშხნელების შთამომავალი ვარ. მათ მიმართ მუდმივად დიდ ინტერესს ამჟღავნებდნენ.

- თამარს რამდენი შვილი ჰყავდა?

- ორი ქალიშვილი - ლილი და დარეჯანი ჰყავდა. ლილი ბებიაჩემი გახლდათ. სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია, დარეჯანი კი ცოცხალია. ლილის შვილები არიან დედაჩემი - თინა მენაბდე და დეიდაჩემი - მანანა...

- როგორც აღნიშნე, ხანდაზმულ თამარ იშხნელთან 9 წლამდე იზრდებოდი. ის ტიპური ბებია იყო? საოჯახო საქმეები თუ ეხერხებოდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ საოჯახო საქმეს ლილი აგვარებდა, თამარიც საქმიანობდა, რაღაცების კეთება მასაც შეეძლო... დებს საკმაოდ დაძაბული ცხოვრება ჰქონდათ, შორიდან კი ისე ჩანდა, თითქოს მხოლოდ გიტარაზე უკრავდნენ, მღეროდნენ და არაფერზე დარდობდნენ. არადა, ერთ-ერთ დას შვილიც კი დაეღუპა...

- თამარი როდის გარდაიცვალა?

- 1995 წელს... ის და მისი დები ძლიერი ქალები იყვნენ. მარტო ის რად ღირს, რომ გაბედეს და იმ დროში გიტარა აიღეს ხელში, სცენაზე მყოფებმა თავიანთი სიტყვა თქვეს. ნამდვილი ლეგენდები არიან და ამიტომაც, მათი ფირფიტა მსოფლიო საუკეთესო ათეულშია შესული... ვიმეორებ, მეამაყება, რომ თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ!.. ის პატარებს კონცერტებს გვიწყობდა, უამრავ საინტერესო ამბავს გვიყვებოდა. გალაკტიონის ლექსები უყვარდა და გამოთქმით გვაკითხებდა (გალაკტიონის პოეზია ჩემი სამაგიდო წიგნიც იყო). განსაკუთრებით უყვარდა ლექსი: "ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი" და დღეში სამჯერ მაინც ვუკითხავდი, ასე "მსჯიდა" ხოლმე (იცინის). ცელქი ვიყავი, ის კი - ძალიან საყვარელი...

- თუ იცი, დებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- იშხნელები ბევრნი იყვნენ (12 და-ძმა) და ერთმანეთთან თურმე, ლაღი, თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემს პატარაობაში მათგან მხოლოდ თამარი იყო ცოცხალი და კარგად მახსოვს, მთელი შტოს წარმომადგენლების საოცარი ტრადიციული ოჯახური თავყრილობები, სიმღერა, საუბრები გამორჩეულ პოეტებსა და კინოზე, ძველი ამბების გახსენება... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო... თამარი 90 წელს იყო გადაცილებული, იტალიაში რომ გადაფრინდა და ფესტივალზე "სანტალუჩია" იმღერა... ბოლოს წელში მოხრილი გახლდათ, მაგრამ სტუმარი რომ მოვიდოდა, გიტარას ხელში აიღებდა, წელში გაიმართებოდა და პატარა გოგოსავით ენერგიული ხდებოდა. მახსოვს, ლამაზი თმა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ხანდაზმული გახლდათ, ყოველთვის მოვლილი და მოწესრიგებული იყო. მისი კაბები, თეთრი მძივი და სხვა აქსესუარები ახლაც თვალწინ მიდგას... მე და ჩემი ძმა ეშმაკი და მოუსვენარი ბავშვები ვიყავით, თამარს ვაბრაზებდით, ის კი ჩვენს ცელქობას იუმორით პასუხობდა.

- მშობლები მასთან ხშირად გტოვებდნენ?

- კი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ბებია ლილიც ჩვენთან იყო... ისე, ლილის ფანტასტიკური საოპერო ხმა ჰქონდა, მაგრამ მთელი ცხოვრება დედას, შვილებსა და ოჯახს მიუძღვნა. ის საოცარი ბებია იყო. მშვიდი, მოკრძალებული და ძალიან საყვარელი ქალი გახლდათ. ჩუმად გაიცრიცა და წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან მენატრება. ის ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა.

- დებმა იშხნელებმა შთამომავლებს მემკვიდრეობით რა გადმოგცეს?

- რა თქმა უნდა, სიმღერის სიყვარული... დარეჯანი, თამარის მეორე ქალიშვილი ახალგაზრდობაში ძალიან აქტიური გახლდათ, მუდმივად სანათესავოს შეხვედრებს უწევდა ორგანიზებას, საღამოებს აწყობდა და რაღაცნაირად ახერხებდა, რომ ყველანი შეეკრიბა... ახლა კი ასეთ აქტიურ ურთიერთობას ვეღარ ვახერხებთ, ეს იშვიათად გამოგვდის. სამაგიეროდ, თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვახსოვს, რომ ჩვენ უკან დები იშხნელები დგანან და ეს ყველაზე მთავარია.

- მგონი, გარეგნულად ჰგავხარ კიდეც შენს წინაპრებს...

- დიახ, ასეა და ეს არის ის, რაც ძალიან სათუთი, წმინდა, ძვირფასი და სანუკვარია რამ არის ჩემთვის... ჩემს ცხოვრებაში ასევე, მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანია მანანა მენაბდე. გარდა იმისა, რომ თამარის შთმამომავალია დ ამ გენეტიკური კოდის გამგრძელებელია, საოცარი ხელოვანია. მის მიმართ ყოველთვის რიდი მქონდა, მის აზრს პატივს ვცემდი. ჩვენ დღესაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. მართალია, დეიდაჩემია და შესაბამისად, ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი, მაგრამ მეგობრობაც გამოგვდის. ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა და მასთან მუდმივი მიმოწერა მაქვს. სხვათა შორის, ის არაჩვეულებრივად წერს, კარგი მეიგავეა, მაგრად ხატავს, ფანტასტიკურ კოლაჟებს აკეთებს. მასში ერთდროულად ბევრი ტალანტია თავმოყრილი. საოცარი სტილი და მსოფლმხედველობა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ მანანასთან ასეთი ახლო ურთიერთობა მაქვს და მის რჩევებს ვიზიარებ. ის დები იშხნელების საქმეების ღირსეული და თვითმყობადი გამგრძელებელია.

- შენი წინაპრების სახელი ამა თუ იმ საქმის წარმატებით მოგვარებაში თუ დაგხმარებია?

- არასდროს დამჭირვებია იმის თქმა, თუ ვისი შთამომავალი ვიყავი. უკვე აღვნიშნე კიდეც, რომ ეს ისედაც, ყველამ იცოდა. ჩემი მშობლები რეჟისორები არიან, გადასაღებ მოედანზე გავიზარდე, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, მშობლების, წინაპრების წყალობით იოლი გზით მიმეღწია წარმატებისთვის. მინდოდა, ყველაფერი დამოუკიდებლად მომეგვარებინა. რეზო ჩხეიძის სახელოსნო დავამთავრე, მისი ყოფილი სტუდენტი ვარ და სადიპლომო ფილმი თუ სხვა რამ, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე...

- თავად თუ მღერი?

GzaPress- კი, ვმღერი და მუსიკა მიყვარს, მაგრამ არა იმდენად, რომ მუსიკოსობა პროფესიად ამერჩია. თან, ბავშვობიდან გადასაღებ მოედანზე გავიზარდე და კინოთი მოვიწამლე. პატარაობიდან ვწერდი და არჩევანი იოლად გავაკეთე. ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის სახელოსნოში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. რაც შეეხება სიმღერას, ის მეგობრების წრეში, შვილებთან და ისე, ჩემი სიამოვნებისთვის დავიტოვე, იმ ადამიანებისგან განვსხვავდები, ვინც არაადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და რადგან მის ოჯახში მღერიან, მომღერლობას იბრალებს, მე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. გული მწყდება და მაღიზიანებს ის უგემოვნობა, რასაც ცოცხალმკვდარი ქართული "შოუბიზნესი" ჰქვია. საშინელ, მდარე ხარისხის გაურკვეველ სიმღერებს ჩაწერენ და მერე წლების განმავლობაში ჟღერს რადიოებსა და ტელევიზიებში. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი და მუსიკოსია საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, შესაბამისი პირობები არ აქვთ, რათა თავისი საქმე აკეთონ, ბოლომდე დაიხარჯონ.

- დაბოლოს, შეგიძლია, შენი გეგმები გაგვანდო?

- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვწერდი, მშობლები არასდროს მაფეტიშებდნენ. უბრალოდ, ერთადერთხელ ვახუშტი კოტეტიშვილს წააკითხეს ჩემი ნამუშევრები და მერე გავიგე, რომ ისინი პირველ განახლებულ "ივერიაში" დაიბეჭდა... არ ვიცი, წერა თავიდან რამ დამაწყებინა. ალბათ იმან, რომ ჩვენს ოჯახში ტრაგედია მოხდა: 13 წლის და სისხლის გათეთრებით გარდამეცვალა. თეონას ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა... ლექსებსაც ვწერდი. დღეს იმ პერიოდის ჩემს ნაწერებს რომ ვკითხულობ, იმდენად ფილოსოფიურია, მიკვირს. იმ პატარა განოს დიდ განოს რომ ვადარებ, მგონია, პატარა განოს ნაწერებს დიდი განო ჯერ ვერ დაეწია... ჩემს ფიქრებს ვახმოვანებდი, რასაც შემდეგ უფროსები საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდნენ. ახლაც გვაქვს ის გაყვითლებული ფურცლები შენახული, რომლებიც 1990-92 წლებით არის დათარიღებული. ეს ის პერიოდია, როცა თეონა უკვე აღარ იყო. ნაწერები ბედისწერაზეა... სამომავლოდ კინოა ჩემი არჩევანი, მე ხომ უპირველესად, რეჟისორი ვარ...

ახლა კი ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპი მაქვს: გადაცემა, რომელიც კოტესთან ერთად "პალიტრა TV"-ზე გავაკეთე, რომელიც თავიდან მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, ძალიან სერიოზულ და აზარტულ საქმიანობად იქცა, რადგან იმაზე მეტი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა, ვიდრე ველოდით. კომფორტულად ვგრძნობ თავს წამყვანის, უფრო სწორად, "გაკოს შოუს" მასპინძლის ამპლუაში და უდიდეს გამოცდილებას ვიძენ. უამრავ სიახლესა და გადაცემის საინტერესო განვითარებას ვგეგმავთ და ამ საქმეში მთლიანად ვარ ჩართული. თუმცა, უახლოეს მომავალში ჩემს ნაწერებსაც მინდა, მივხედო...

- როდესაც კოტემ შეგიყვარა, თუ იცოდა, რომ იშხნელების შთამომავალი იყავი?

- კი, იცოდა... მაგრამ ვიდრე ერთმანეთს გავიცნობდით, ასეთი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში: თამარის პანაშვიდის დღეს, კოტე ავარიაში მოყვა. აბაშიძეზე დიდი ავარია მოხდა და ბევრი მანქანა გაეხვა გაუგებრობაში. მაშინ 8 წლის ვიყავი, მამაჩემის მანქანაში ვიჯექი და იმ მძიმე კადრს ფანჯრიდან ვუყურებდი. მამამ "სასწრაფო დახმარება" გამოიძახა და შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა.

- შენი შვილები არ მღერიან?

- საბედნიეროდ, ჩემს ორივე შვილს აღმოაჩნდა მუსიკალური მონაცემები. ტასო ძალიან კარგად მღერის, ხოლო თარაში, რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის (2 წლის გახლავთ), ცდილობს კარგად იმღეროს.

ლალი ფაცია