ტელეფონით "გამოჭერილი ბიზნესმენი" - გზაპრესი

ტელეფონით "გამოჭერილი ბიზნესმენი"

თუ სადმე კურიოზულ სიტუაციას გადავაწყდები, მომენტს ხელიდან არ ვუშვებ და როგორც ბიცოლაჩემი თალიკო იტყვის: უსირცხვილოდ და დაუზოგავად გამოვაჭენებ ხოლმე საქვეყნოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი... ჰოდა, არავინ რომ არ გამიბრაზდეს, ახლა საკუთარ თავს გადახდენილ ამბავს მოგიყვებით და იმაზე გაცინებთ, რამაც თავად ლამის ჭკუიდან გადამიყვანა და ჩვეული რაჭული სიდინჯეც დამაკარგვინა...

ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ჟურნალ "გზაში" სასიყვარულო რომანებს ვაქვეყნებდი და რადგან ეს ჩემი "მწერლობის" საწყისი ეტაპი და პირველი ნაბიჯები იყო, იქვე ტელეფონის ნომერი გახლდათ მითითებული, რათა მკითხველს ჩემთან დაკავშირების საშუალება ჰქონოდა...

მახსოვს, იმ პერიოდში, სასიყვარულო ფრონტზე გამოცდილ-გამოწვრთნილმა ბევრმა ადამიანმა დამცინა: როგორ გეტყობა, რომ ოცნებებში დაფრინავ და სიყვარული მართლა ასეთი ღვთიური გგონიაო მხოლოდ, მაგრამ ბევრმა ისიც კი დაიჯერა, რაც თავად არ მიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდი.

ზოგთან კამათი დამჭირდა, ზოგთან ტყუილის თქმაც და როგორღაც, ყველა "დავაწყნარე", მაგრამ ერთმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. მისი ტელეფონის ნომერს რომ დავხედე, მივხვდი, სხვა ქვეყნიდან რეკავდა და როცა დამტვრეული ქართულით მითხრა: თურქი ბიზნესმენი ვარ, საქართველოშიც ვმუშაობ და ენაც ადვილად ვისწავლეო, დავუჯერე. ყურადღებით მოვუსმინე და სხვაზე მეტი დროც დავუთმე. თან, თავიდან განსაკუთრებულიც არაფერი უთქვამს: ძალიან მომწონს თქვენი ნაწერი და თუ რამეში გამოგადგებით, მინდა, თქვენ გვერდით ვიყო. ზაფხულში თურქეთის ნებისმიერ კურორტზე შემიძლია დაგპატიჟოთ, სადაც გემრიელად დაისვენებთ და დასაწერ მასალასაც ბლომად მოიპოვებთო...

ნამდვილად არ მიფიქრია: ავშენდი-მეთქი, რადგან ტელეფონს ამოფარებული ადამიანების დაპირებების არასოდეს მჯეროდა. ჰოდა, მოკლედ ვუპასუხე: როცა თბილისში ან ქუთაისში მოხვდებით, დამიკავშირდით, გავიცნოთ ერთმანეთი და შორეული გეგმები შემდეგ დავსახოთ-მეთქი...

ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო: ამიკლო ზარებითა და შეტყობინებებით: "სულ ჩვენს შეხვედრაზე ვოცნებობ..." "მგონია, რომ ბედი ვიპოვე..." "სულ ქართველ მეორე ნახევარზე ვოცნებობდი..." ვეუბნებოდი, გათხოვებაზე არ ვფიქრობ-მეთქი, მერე გადავწყვიტე მომეტყუებინა და "გავუმხილე", რომ ქმარი მყავდა და მისი გამოცვლა სულაც არ შედიოდა ჩემს უახლოეს გეგმებში. არაფერმა გაჭრა, ამიტომ მის ზარებს აღარ ვპასუხობდი. ის კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში რეკავდა და აღარც ღამით ერიდებოდა ჩემთვის ძილის დაფრთხობას... ახლობელ მამაკაცებს ვთხოვე დახმარება, რომლებმაც თავიდან ზრდილობიანად სცადეს მისთვის აეხსნათ: ცოლის გათხოვება ვის გაუგიაო? მერე აგინეს კიდევაც და მაინც არ შემეშვა: რადაც უნდა დამიჯდეს, მიგახვედრებ, რომ ჩემი უნდა გახდეო და რადგან სხვა გზა არ დამიტოვა, პოლიციას მივმართე, სადაც უცებ დამიდგინეს, რომ "ეს ჩემი თურქი ბიზნესმენი" არც მეტი, არც - ნაკლები, ლაგოდეხელი დღიური მწყემსი ვინმე ვანო (ვანია) გახლდათ (გვარიც ვიცი, მაგრამ დავინდობ და მოვერიდები მის საქვეყნოდ შერცხვენას), რომელიც ნახირს აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს აძოვებდა და შეეძლო აზერბაიჯანული (და არა თურქულით) ნომრით სარგებლობა...

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გავემწარებინე, რომ ჩავჯექი მანქანაში და ახლობლებთან ("დაცვასთან") ერთად დავადექი თავზე, დაღლილს მთელი ლავაში რომ ჩაებღუჯა შრომისგან დახეთქილი თითებით და უგემურად ლოღნიდა. როგორც ჩანს, ცხვრის კლიენტები ვეგონეთ და გამარჯობის თქმაც არ გვაცალა, ისე მოგვიშორა თავიდან: ახლა გასაყიდი ცხვარი არა მყავსო...

- მე იმის გასაგებად მოვედი, ჩემო ენვერ-ვანია, ქორწილის თარიღს როდის დათქვამ და თურქეთში დასასვენებლად როდისთვის მოვემზადო-მეთქი?!

ისეთ დღეში ჩავარდა (მით უფრო, როცა სამი "ბუღასავით მოზვინული" კაცი დაინახა ჩემ უკან), ცოტაც და, ატირდებოდა... შემეცოდა და აღარაფერი ვუთხარი. მხოლოდ ჩემთან ერთად მყოფმა პოლიციელმა დაანამუსა, ხელი გაფრთხილებაზე მოაწერინა, აუხსნა, რაც მოუვიდოდა, თუ ჩემს შევიწროებას ისევ შეეცდებოდა და წამოვედით...

ეს ამბავი ორი მიზნით დავწერე: პირველი ისაა, რომ ყველამ გაითვალისწინოს, ვისაც ჰგონია მსგავსი ქმედება "ხახვივით შერჩება" და ასეთ "გართობაზე" უარი დროზე თქვას. მეორეც, იმ გოგონების გაფრთხილება მინდა, ინტერნეტით და ტელეფონით გაცნობილ ბიჭებს რომ ენდობიან და ოცნების პრინცებად წარმოიდგენენ: ასეთი სასწაული მილიონში ერთხელ შეიძლება მოხდეს და გაგიმართლოთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ხელმოცარული მამრები ერთობიან თქვენს ემოციებზე ზემოქმედებით და თუ სიფრთხილით მოეკიდებით მსგავს ურთიერთობებს, მერწმუნეთ, არ წააგებთ...

ინგა ჯაყელი