ბედის საძებნელად ოკეანს გაღმა წასული წარუმატებელი ფერმერის თავგადასავალი - გზაპრესი

ბედის საძებნელად ოკეანს გაღმა წასული წარუმატებელი ფერმერის თავგადასავალი

- მოგვიყევით თქვენი ახალგაზრდობის შესახებ. როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა და რას აკეთებდით მანამდე?

GzaPress- სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტეტში ჩავაბარე. მაღალი ქულები ავიღე, მაგრამ არქიტექტურულზე დიდი კონკურენცია იყო, ამიტომ საღამოს სწავლებაზე, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიაზე მოვხვდი. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია და მე მამაჩემის მეგობრის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. არასტანდარტული ნაკეთობების ქარხანა იყო. იქ ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის, საკმაოდ კარგად - ელექტროშედუღებაც. ჯარში წასვლამ მომიწია და ორი წლის განმავლობაში საბჭოთა ჯარში ვიმსახურე. მერე უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. საქმის კეთება მინდოდა... ახლობლებთან ერთად გადავწყვიტე, ფერმერობა გვეცადა. მაშინ ცეკას პირველი მდივანი გივი გუმბარიძე იყო. მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარესთან, ქვილითაიასთან შევედით. წითელ ხიდთან 110 ჰა მიწა მოგვცეს. კარგი ფერმერი არ აღმოვჩნდი და ჩემი წილი ისევ ქართველზე გავყიდე, - ეს უკვე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოხდა... მერე აირია ცხოვრება და ის წლები ძალიან უინტერესო იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ქართველისთვის. "ომიანობა" გახლდათ და აქედან გამომდინარეობდა ყველა დანარჩენი დიდი პრობლემა.

- როგორ და რამდენი ხნის წინ აღმოჩნდით ამერიკის შეერთებულ შტატებში?

- ჩემს სამეზობლოში ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ მათგანს - რიტას დედაჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ზაფხულობით ხშირად ისვენებდნენ ჩვენს სახლში, კოჯორში. ისინი საცხოვრებლად ამერიკაში წავიდნენ და სწორედ რიტამ გამომიგზავნა მოწვევა. კონსულმა 6-თვიანი ვიზა მომცა. მახსოვს, დედაჩემისა და ჩემი მეუღლის ოქროულობა ჩავდეთ ბანკში და ბილეთი ისე ვიყიდე. 1998 წლის თებერვალში უკვე ამერიკაში ვიყავი.

- მუშაობის დაწყება როგორ მოახერხეთ? თავიდანვე კარგი შემოთავაზებები გქონდათ თუ დიდი შრომა და დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ? რამდენად რთული იყო ამერიკაში ფეხის მოკიდება?

GzaPress- თავიდან ბრუკლინში ვცხოვრობდი; სხვაგან ვერც წავიდოდი ინგლისური ენის უცოდინარობის გამო. სამსახური იმ დროს ადვილად იშოვებოდა, მაგრამ მშენებლობაზე მუშაობა ნამდვილად არ მიზიდავდა: უმძიმესი სამუშაოა. რუსულ გაზეთში სწორედ ისეთი კომპანიის განცხადებას გადავაწყდი, როგორშიც დღეს ვმუშაობ. ჩემს პირველ უფროსს ვიქტორი ერქვა, ჩეჩნეთიდან იყო, ეროვნებით ებრაელი. მან ბევრი რამ მასწავლა... საქართველოში ოჯახის შენახვის ხარჯებს მარტო ვერ ვწვდებოდი. ქალებისთვის აქ ფულის დაზოგვა უფრო ადვილია, რადგან ბინაში ფულის გადახდა არ უწევთ, ხშირად - საჭმელშიც... ჰოდა, 2 წელიწადში მეუღლეც ჩამოვიყვანე; ლაშა, ჩვენი შვილი კი საქართველოში დავტოვეთ. ნიუ-ჯერსიში დავიწყე მუშაობა. ახალი უფროსი საიმიგრაციო საბუთების პრობლემის მოგვარებას დამპირდა. ისევ ბრუკლინში მიწევდა ცხოვრება და დღეში 5 საათს ვკარგავდი გზაში. ბოლოს გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ამ შტატში გადმოვსულიყავით. როცა სამსახურის უფროსს ბოლო საბუთი უნდა მოეწერა ხელი, უარი მითხრა: ხელი რომ მოგიწერო, წახვალო. წამოვედი. 3 წელი და 5.000 დოლარზე მეტი დავკარგე.

ისევ ნიუ-ჯერსიში გამოვნახე სამსახური. ახალი ბოსი ინდოელი იყო, განათლებული და პატიოსანი ადამიანი. წლების წინ, ინდირა განდის თვითმფრინაფის მეორე პილოტი ყოფილა. მითხრა: მინიმუმ სამ წელს თუ იმუშავებ ჩემთან, საბუთების მოწესრიგებაში დაგეხმარებიო. 7 წელი ვიმუშავე, მან კი მოცემული სიტყვა შეასრულა.

- შეგიძლიათ მოგვიყვეთ მუშაობის პროცესის შესახებ? კერძოდ, რა შედის თქვენს მოვალეობაში და გყავთ თუ არა დამხმარეები?

- დღესდღეობით ვმუშაობ დიდ კომპანიაში - DCI Signs and Awnings. მთელი ამერიკის მასშტაბით ვაყენებთ ფირმების რეკლამებს და ამაში უდიდესი წვლილი მე მიმიძღვის. შრომითა და მონდომებით ადამიანს შეუძლია, ყველაფერს მიაღწიოს. სამსახური დილის 7 საათზე მეწყება, მაგრამ როცა მეტი საქმეა, 6 საათზეც ვიწყებ ხოლმე, ამიტომ 4-ზე მიწევს გაღვიძება. სახლში საღამოს 6-ზე ვბრუნდები. დამხმარეებიც მყავს, რადგან ყველაფრის გაკეთებას ფიზიკურად ვერ შევძლებ. "შერატონის", "მარიოტის", "კოლუმბიის", "ერიქსონისა" და სხვა დიდი კომპანიების შეკვეთები როცა გვაქვს, საქმეს თავად ვაკეთებ, რადგან ყველაფერი ნახაზების მიხედვით უნდა გაკეთდეს, ნახაზის წაკითხვა და მით უმეტეს - მისი ზუსტად გადმოტანა კი ყველას არ შეუძლია. 5 "დამყენებელი" ჯგუფი გვყავს, თითოეულში 2-3 კაცია. რაც შემეხება მე: აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მჭირდება: შედუღება, შეღებვა, ყველანაირი დანადგარის გამოყენება, ელექტროგაყვანილობის დამონტაჟება.

- საქართველოს სტუმრობთ? დაბრუნებას ხომ არ აპირებთ და საერთოდ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

GzaPress- საქართველოში ერთხელ ვიყავი, როცა დედა იყო ცუდად. სამწუხაროდ, მამა, დედა და და ამ 7 წელიწადში დავკარგე. მე და ჩემმა მეუღლემ ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვუშველეთ. ჩემი და გათხოვილი არ იყო და მისმა სიკვდილმა გული მომიკლა... ასე რომ, ჯერჯერობით საქართველოსკენ გული არ მიმიწევს. მთელმა ოჯახმა ამერიკის მოქალაქეობა მივიღეთ. 16 წლის შვილი, ლაშა კარგად სწავლობს და რაც მთავარია, დედას დიდ პატივს სცემს, რაც დედაჩემის დამსახურებაა. ბოლოს და ბოლოს, ლაშა 11 წლის განმავლობაში ბებიასთან იზრდებოდა... ლაშას სამშობლოს სიყვარულს ვასწავლით და ოდესმე საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით.

ეკატერინე აბაშიძე