პოპულარულობის ხიბლი - "წარმატებამ ნორმალური ადამიანი არ უნდა შეგცვალოს" - გზაპრესი

პოპულარულობის ხიბლი - "წარმატებამ ნორმალური ადამიანი არ უნდა შეგცვალოს"

პოპულარობა, მატერიალური დამოუკიდებლობა, კარგ პირობებში ცხოვრება - ეს ყველაფერი მშვენიერია. თუმცა, მატერიალური უზრუნველყოფა არ ნიშნავს წარმატებას... მსახიობი ნინო მუმლაძე მიიჩნევს, რომ იღბლის გარეშე წარმატებული ვერ იქნები. მარტო ნიჭი და შრომისმოყვარეობა ამისთვის საკმარისი არ არის.

- რას ნიშნავს შენთვის პოპულარობა?

- სხვა ქვეყანაში - "კარგ შემოსავალს" ნიშნავს, ჩვენთან კი სამწუხაროდ, ასე არ არის. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, პოპულარობა პირველ რიგში, ხალხის სიყვარული და ყურადღებაა, რაც მე მაბედნიერებს და დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

- როდის იგრძენი, რომ გცნობენ?

- როდესაც პირველ სერიალში მივიღე მონაწილეობა. ქუჩაში მოვდიოდი, თავჩახრილი, "კეპკით". ვიღაც ქალმა გამაჩერა და მითხრა, - რაკი ქუდით იმალავ სახეს, გეგონა, ვერ გიცნობდიო? მერე გამიღიმა და წარმატება მისურვა. ძალიან მესიამოვნა და მივხვდი, რომ მომავალში ბევრი ასეთი შემთხვევა იქნებოდა. ბედნიერებაა, როცა ხალხის სიყვარულს გრძნობ... ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და ეს იყო მთავარი.

- გიფიქრია იმაზე, რომ ეს გამართლება იყო და იღბლიანი ადამიანი ხარ?

- იღბალის გარეშე წარმატებისა და პოპულარობის მიღწევა შეუძლებელია. თუმცა, თუ მხოლოდ იღბალს მიენდობი და ხელს არ გაანძრევ, ისე მალე გაქრება ყველაფერი და ისე მალე დაავიწყდები ყველას, თავადაც გაკვირვებული დარჩები.

- ოდესმე გიგრძნია, რომ ხალხს დაავიწყდი?

- არა, ჯერ ასეთი შეგრძნება არ გამჩენია. თუ არაფერს გავაკეთებ, მოვდუნდები და სიზარმაცე შემიპყრობს, რა თქმა უნდა, ყველას დავავიწყდები.

- პოპულარობა შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი მდგომარეობა?

- სიმართლე გითხრა, ბოლომდე ვერ მივხვდი ამ კითხვის არსს... დიდი ვარსკვლავები მუდამ პოპულარულები არიან, სიკვდილის მერეც კი... პოპულარობა ეს არ არის მდგომარეობა, ეს არის შენი საქმიანობისა თუ ქმედებების შედეგი.

- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო?

- რა თქმა უნდა, არა. ბევრი სუპერპოპულარული უცხოელი ვარსკვლავი არ არის გარეგნულად მომხიბვლელი.

- ოდესმე პოპულარობას ხელი თუ შეუშლია შენთვის და თუ გითქვამს, - სჯობს, არავინ მიცნობდესო?

- არა, მსგავსი დისკომფორტი არასდროს მიგრძნია. პირიქით, ჩემი ე.წ. ცნობადობა მიიოლებს ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ძალიან სასიამოვნოა.GzaPress

- იმის გამო, რომ ადამიანი ცნობილი გახდეს, ბევრი რისკავს და სხვადასხვა მეთოდს იყენებს მიზნის მისაღწევად. მაგალითად, ვიღაც ამას სიშიშვლით ცდილობს, ვიღაც სკანდალურ ნიღაბს ირგებს და ისეთ რამეს აკეთებს, რაც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს... რას ფიქრობ ასეთ შემთხვევებზე?

- სიმართლე გითხრათ, ამ კატეგორიის ხალხის არ მესმის. მომწონს, როდესაც მცნობენ და ჩემი საქმიანობის გამო მაქებენ, მაგრამ ხალხის ყურადღების მისაქცევად და თან, მიზანმიმართულად, არასდროს გამიკეთებია ისეთი რამ, რაც სხვას გააღიზიანებდა. მართლა ვერ ვხვდები, მსგავსი რაღაცები რაში სჭირდებათ.

- ოდესმე თუ უთქვამთ შენზე, - პოპულარობა "თავში აუვარდაო"?

- არა. ვფიქრობ, პოპულარობამ და წარმატებამ ნორმალური ადამიანი არ უნდა შეგცვალოს. ამან შეიძლება უბრალოდ, თავდაჯერებულობა შეგმატოს.

- პირად ცხოვრებაზე პოპულარობა ხშირად ცუდად მოქმედებს. ამ მხრივ თუ გქონია დისკომფორტი?

- არა, პირიქით, ხშირად ხდება, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოვწონვარ, ეს საამაყოა და ეს ფაქტი მეც მახარებს.

- წარმატებული ადამიანი უფრო მეტად დამოუკიდებელია, თავდაჯერულია. როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი ძალაუფლების შედეგია?

- წარმატება, დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა ჩემთვის უფრო, თავისუფლებასთან ასოცირდება. ძალაუფლების მოპოვების სურვილი კი სხვა კატეგორიის ადამიანებს აქვთ.

- შენთვის წარმატების მთავარი მოტივაცია რა არის?

- მიზანი! წარმატება ხომ რაღაცისთვის გვჭირდება, მაგალითად, უკეთესი შემოსავლისთვის, თავდაჯერებულობისთვის, სახელისთვის. შეიძლება, ამით ვიღაცას უმტკიცებდე შენს მნიშვნელობას... რაც უფრო მტკიცეა მიზანი, მით მეტია მოტივაციაც და ბრძოლისუნარიანობაც.

- ამ ეტაპზე თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?

- ვმუშაობ თეატრში, ვარ რადიოშიც, პერიოდულად გადაღებებიც მაქვს. თუმცა, თუ ჩემს ამჟამინდელ შემოსავალს გავითვალისწინებთ, გეტყვით, რომ წარმატებული მაინც ვერ ვარ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში თავის საქმეში კარგად რეალიზებული ადამიანებიც ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს წარმატებული პიროვნება.

- წარმატება და გამართლება ერთმანეთთან დაკავშირებულია?

- კი, წარმატება ისევე, როგორც პოპულარობა, დამოკიდებულია იღბალზე.

- როგორ ფიქრობ, თუ ხარ წარმატებული, პოპულარული და მატერიალურად უზრუნველყოფილი, უფრო იოლია "კარგად" გათხოვდე?

- რა ვიცი... პოპულარულიც ვარ, ვფიქრობ, გარკვეული დოზით წარმატებულიც, კარგი შემოსავალიც მქონია, მაგრამ (იცინის)...

- პოპულარობის გამო რაიმე სკანდალში გახვეულხარ?

- არა... მე თავად არ ვარ სკანდალური პიროვნება და არც ჩემი პოპულარობა ასოცირდება სკანდალთან. ამიტომ ხალხს ძირითადად, დადებითი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ.

- გაიხსენე ჭორი, რომელმაც შეგაშფოთა...

- ჩემზე ჭორებს რომ ვიგებ, ძირითადად, მეცინება. არასდროს მიმაქვს გულთან ახლოს. ხალხს რაც უნდა, მაინც იმას იტყვის, ნებისმიერი სიბინძურე შეიძლება მოიგონონ და ამიტომაც, სისულელეებზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. მთავარია, ადამიანი საკუთარ თავთან იყო მართალი. სიმართლე არასდროს დაკარგავს თავის გზას.

- ამბობენ, რომ სიმხდალის ყველაზე საშინელი გამოხატულება საკუთარი თავის შეცოდებაა... შეგცოდებია ოდესმე საკუთარი თავი?

- ალბათ, ოდესღაც ყველას გვქონია რთული ცხოვრებისეული, დეპრესიული პერიოდი და ასეთ დროს მსგავსი შეგრძნება ბუნებრივია.

- პოპულარობა თავისუფლებას ზღუდავს?

- თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა და თუ შინაგანად თავისუფალი ხარ, ვერც ერთი გარე ფაქტორი ვერ შეგიშლის ხელს.

- ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია?

- დიახ, შესაძლებელია, ოღონდ, ეს იქნება დროებითი...

- შენი აზრით, ბევრი ფული და ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრება - ეს უკვე წარმატებაა?

- პოპულარულობა და კარგი შემოსავალი ნამდვილად წარმატებაა... თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ პოპულარული შეიძლება დიდი სკანდალურობით ან სულაც, სისულელით გახდე და ამავე მიზეზით ბევრი ფულიც იშოვო, რაც რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ხარ.

სოფო ჭონიშვილი