ნესტიან ბინაში მცხოვრები ბებია-შვილიშვილის ამბავი - გზაპრესი

ნესტიან ბინაში მცხოვრები ბებია-შვილიშვილის ამბავი

წერილში აღწერილია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონის ამბავი, რომელიც ავადმყოფ შვილიშვილს უვლის და რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი გასაჭირ-განსაცდელის მნახველები გაოცებას ვერ ფარავენ, ასეთ პირობებში ცხოვრებას და თავის გატანას როგორ ახერხებთო?

წერილის სტილი დაცულია:

"ქალბატონო ინგა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი გწერთ. დიდი ხანია, თქვენს სტატიებს ვკითხულობ და ყოველთვის მქონდა თქვენი გაცნობის სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, საკმაოდ დატვირთული და დაძაბული ცხოვრების გამო, ეს ვერ მოვახერხე. ყველა თქვენი სტატია თავისებურია. თქვენ არაჩვეულებრივად გეხერხებათ საინტერესოდ მოუთხროთ ადამიანებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების შესახებ. თქვენი სტატიების გარეშე ვერც წარმომიდგენია ჟურნალი "გზა".

განსაკუთრებით მომწონს ის, რომ თქვენ ყოველთვის საწყალ ხალხზე წერთ. მინდა, ერთ ადამიანზე მოგითხროთ, რომელიც ბედმაც დაჩაგრა და ჩვენმა უსულგულო ჩინოვნიკებმაც. მე პენსიონერი ვარ, სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობის 62-წლიანი სტაჟით, ყველა არსებული რეგალიებით. რამდენიმე თვეში 85 წელი შემისრულდება. არ იფიქროთ, რომ ჩემს დუხჭირ ცხოვრებაზე გწერთ. კარგად ვიცი, ეს ახლა არავის აინტერესებს, ვის სცალია მათი მშობლების აღმზრდელი ადამიანისთვის? ახლა ხომ ისეთი "გენიოსი" ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც ჩვენზე ჭკვიანები იბადებიან და 40 წელზე მეტი ხნის ადამიანები ზედმეტი ბარგი ჰგონიათ. რა ვქნათ, მათ უნდა დაგვხოცონ, თუ თვითონ დავიხოცოთ თავები? ეს უჭკვიანესი ახალგაზრდები ხომ ჩვენი შრომით მოვიყვანეთ აქამდე. განა, თვითონ კი შეაჩერებენ დროს და თვითონ არ გახდებიან 40 წლის და უფრო მეტის? ღმერთმა ნუ ქნას, მაშინ ხომ გადაშენდა ქვეყანა! თანაც, მათი დიდი ნაწილი მშობლების პენსიით არჩენენ საკუთარ შვილებს!

ჩემს ხელში ასეულობით სტუდენტს გაუვლია და მათ უსათუოდ ეხსომებათ, რომ მე მათ მარტო ეკონომიკურ საგნებს არ ვასწავლიდი, ყოველი ლექციის ბოლოს ვიტოვებდი 10-15 წუთს და ვესაუბრებოდი სამშობლოზე, კაცთმოყვარეობაზე, გაჭირვებულთა დახმარებაზე, ადამიანური ვალის შესრულებაზე და ა.შ. ჩემს ყოფილ სტუდენტებს ალბათ ახსოვთ ეს საუბრები, რომელიც მე ეკონომიკურ ცოდნაზე ნაკლები სულაც არ მგონია...

ჩემი პიროვნებით თქვენს შეწუხებას არ ვაპირებ. სხვა საკითხზე მინდა გესაუბროთ. მე აქ, თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობ, იტალიურ ეზოში და მსურს ჩემი მეზობლის მდგმურზე გიამბოთ. თქვენ ხშირად წერთ ადამიანთა უსულგულობაზე, რომელმაც დღეს სამწუხაროდ, ძალზე ფართო გავრცელება მიიღო. საუბედუროდ, დღეს ისე გადაგვარდნენ ქართველები, ისე შეიპყრო ისინი გამდიდრების სურვილმა, რომ ყველაფერი დაივიწყეს, რითიც ასე განვსხვავდებოდით სხვებისგან და რითაც ასე ვამაყობდით.

ჩვენს ეზოში ერთი ქალი ცხოვრობს ქირით, სარდაფში, რომელსაც ბედმა ყველა მხრიდან მოუსპო არსებობის საშუალება. ჰყავს ერთადერთი შვილიშვილი, დაბადებიდან ინვალიდი, უნარშეზღუდული. ბავშვი 8 წლისაა. მას არც დაჯდომა შეუძლია, არც ლაპარაკი. დაავადებულია ცერებრარული დამბლით, დამოუკიდებლად ვერ იჭერს თავს და კიდურებს. ყველაფერთან ერთად, აქვს ეპილეფსია. არ არის საჭირო დიდი სიბრძნე იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ ამ ადამიანის მდგომარეობა. ჩვენმა სამართლიანმა ჯანდაცვის კომისიამ ბავშვს მოუხსნა სოციალური დახმარება და დატოვა მარტო პენსიის ამარად. პენსია მათი საარსებო ერთადერთი წყაროა. ბებიას ჯერ საპენსიო ასაკიც არ აქვს. საპენსიო კომისიაზე ბავშვი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გატარდეს. ამ წელს, ივნისის თვეში, ბებიამ ბავშვი 4 დღით გვიან წაიყვანა, რადგან მანამდე ეს ვერ მოახერხა პატარას ავადმყოფობის გამო _ ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა. ჰოდა, კომისიამ არც აცხელა, არც _ აცია და მოუხსნეს დახმარება. არავითარმა თხოვნამ არ გაჭრა. წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა ახლა: დაქირავებულ ბინაში 150 ლარს იხდიან, სხვა შემოსავალი კი არ აქვთ. შემოწმებაზე მოსულმა სოციალურმა მუშაკმა ბრძანა: ამ ბნელ სადრაფში ცხოვრება როგორ შეიძლებაო? უჰაერობისა და უმოძრაობის გამო, ბავშვს ხშირად ემართება ფილტვების ანთება და ბებიას თითქმის მთელი ღამეები არ სძინავს. არ ჰყავს საკვების მიმწოდებელი, ვერ მიჰყავს საავადმყოფოში. მითხარით, ამას რა ჰქვია? ბავშვს ისეთი დაავადება რომ ჰქონდეს, მორჩენის რაიმე შანსი იყოს, კიდევ შეიძლება კანონზე ლაპარაკი, მაგრამ მორჩენის 1% იმედიც რომ არ არსებობს, ხომ შეიძლება, 15-კილოგრამიანი ბავშვის ზედმეტად ტარება ავარიდოთ ადამიანს?

ბავშვს მამა არ ჰყავს, დედა კი სადღაც არის გადახვეწილი, რომ შვილისთვის წამლების ფული მაინც შეაგროვოს, მაგრამ რა უნდა იშოვოს 23 წლის პატარა გოგომ, რომელსაც საშუალო განათლებაც არ აქვს და თავადაც ავადმყოფია? დღემდე, მეზობლების დახმარებით უდგათ სული, მაგრამ სამწუხაროდ, არ ცხოვრობენ მდიდრების უბანში. ჰოდა, როდემდე უნდა იყვნენ ღვთის წყალობის იმედად?

ვეკითხები ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, გული აღარ გაქვთ? სინდისიც სულ დაკარგეთ? თქვენ წინ რომ ასე იტანჯებოდეს ადამიანი, რას იზამდით? ნუთუ შეგეძლოთ გეყურებინათ გულგრილად, როგორ იხრჩობა 8 წლის ანგელოზი უჰაერობისა და ავადმყოფობისგან ან როგორ ტირის უმწეობისგან მისი ბებია? საცოდავი ქალი, ვის არ მიადგა დახმარების სათხოვნელად, ბავშვით ხელში, მაგრამ ყველგან ყრუ კედელი დახვდა.

მაპატიეთ, თუ გაწუხებთ, მაგრამ თქვენ იმიტომ მოგმართეთ, რომ იქნებ გულთან მიიტანოთ ამ გაჭირვებული ადამიანის ამბავი _ ამის იმედს თქვენი პუბლიკაციები მაძლევს. მე ისინი ბევრ ვრცელ მოთხრობებს მირჩევნია და მერწმუნეთ, თანამოაზრეც ბევრი მყავს.

მეტად თავს აღარ შეგაწყენთ, მთელი ჩვენი ეზოს მცხოვრებთა სახელით მოგმართავთ, იქნებ ამ საწყალი ქალისთვის და მისი შვილიშვილისთვისაც გამონახოთ დრო და იქნებ თქვენ მაინც მიაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ ამ ოჯახის დახმარებას. ვინ იცის, იქნებ ამ ბებია-შვილიშვილისთვისაც გამოჩნდეს სინათლის სუსტი სვეტი მაინც, რათა აღუდგინონ კუთვნილი სოციალური დახმარება, რომ ბინის ქირის გადახდა, წამლების შეძენა და ავადმყოფი ბავშვისთვის მინიმალური საკვებისა და ჰიგიენური საშუალებები შეძენა შეძლონ.

მაპატიეთ, დრო რომ წაგართვით. მერწმუნეთ, დროის ფასი მეც კარგად ვიცი, მაგრამ თქვენ იმდენი გაჭირვებული ადამიანი გინახავთ, ეს ამბავი არ გაგიკვირდებათ. წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიშსაც მოგიხდით. ღმერთი სიკეთეს არ დაგიკარგავთ.

თქვენი ჟურნალის მკითხველი, ლელი ჭანტურია..."

P.s. რედაქცია აუცილებლად დაინტერესდება ამ ადამიანების ბედ-იღბალით. იმედია, ერთად შევძლებთ ამ ოჯახის დახმარებას.