უანგარო სიკეთის ძალა - გზაპრესი

უანგარო სიკეთის ძალა

ვინმეს რომ არ დაეწერა თავის დროზე რონ კლარკზე და მერე მასზე ფილმი არ გადაეღოთ, ალბათ, მხოლოდ რონის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ეცოდინებოდათ, თუ რაოდენ დიდი ადამიანი იყო იგი. ვფიქრობ, გურულ რონ კლარკს - ლადო აფხაზავასაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს და შესაძლოა, ვინმეს მასზეც მოუნდეს ფილმის გადაღება.

ძალიან ცოტას ეცოდინება ფილმი "რონ კლარკის ისტორია", ამიტომ მოკლედ გეტყვით: ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაში მიდის სამუშაოს დასაწყებად და ხედავს, რომ ერთი მოსწავლე ნაგვის ყუთში დგას. ეუბნება, რომ რონი კლარკია და იქვე კითხვასაც დაუსვამს, რატომ დგახარ ნაგვის ყუთშიო? მოსწავლე პასუხობს, რომ მასწავლებელმა უთხრა: რადგან არაფრის სწავლა შეგიძლია, შენი ადგილი ნაგვის ურნაშიაო.

- დამავიწყდა, რა მქვია მე?

- რონ კლარკი, ბატონო კლარკ! - იყო პასუხი.

- ესე იგი, რაღაცის სწავლა შეგიძლია! - მიუგო დამაიმედებლად ბატონმა კლარკმა...

დაინტერესებულმა ადამიანმა ადვილად შეიძლება ნახოს ეს ფილმიც და კიდევ "თავისუფლების მწერლები", სადაც ერთი პედაგოგის შრომას უზარმაზარი შედეგი მოაქვს. უბრალოდ, ეს მასწავლებელმა ჟინით, წარმატების სურვილით უნდა აკეთოს და არა - ხელფასისა თუ აღიარებისთვის.

რთულია იყო ნოვატორი რეგიონში, ისიც - სოფლის სკოლაში, სადაც კონსერვატიზმს ფესვები ღრმად აქვს გადგმული. რთულია სოციალური სახლის მენეჯერობა, რადგან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები უნდა გამოარიდო მძიმე პირობებს და ამისთვის უნდა აიტანო გინებაც, ლანძღვაც, ცილისწამებაც და ფიზიკური დაპირისპირებაც.

ლადო აფხაზავამ ყველაფერი შეძლო მოთმინებითა და შრომისმოყვარეობით. ახლა მას ბევრი იცნობს საქართველოში, როგორც "წლის საუკეთესო მასწავლებელს", ეროვნული ჯილდოს მფლობელს...

წელს აგვისტოს დასაწყისში ისევ შევხვდი ლადოს. ბაქოდან მომავალი ქუთაისში "ძალად დავტოვე". დაღლილს ფერიც აღარ ედო სახეზე. ღამის პირველი საათი იყო, როცა მცირე სუფრას ოთხი ადამიანი შემოვუსხედით. თანამესუფრეებმა ძლივს დაიჯერეს, რომ ეს ქერა, გამხდარი ახალგაზრდა კაცი ამდენის შემოქმედი და გადამტანი იყო.

გამორჩეული გურული კილოთი მასპინძლებს მადლობა გადაგვიხადა და ზურგჩანთიდან ნივთები ამოალაგა. ყველა ნივთს სოციალური სახლის ბენეფიციარის სახელი ერქვა. რაღაც აუდიომოწყობილობა, ფოტოაპარატი, მაისურები "ჩემი ბავშვებისთვის" ვიყიდე და ერთი სული აქვთ ახლა მათ, როდის ჩავალო.

დილით ადრე გავიღვიძე, მაგრამ ლადო უკვე "გაპარულიყო". დაძინებამდე გამაფრთხილა, დილის ცხრაზე ბავშვებთან მინდა ვიყოო და მისი საქციელი არც გამკვირვებია. შესაძლოა, ეს ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, შელამაზებული და გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, პირიქითაა - სიტყვა უძლურია გადმოსცეს ის განცდები, რაც გოჩუნასთან დაკავშირებით მოხდა:

გოჩუნა სოციალური სახლის ბენეფიციარია. ბუთქუნა ბავშვია, რომელსაც სასუნთქი გზების დაავადებების მიმართ დაბალი იმუნიტეტი აქვს და ადვილად ცივდებოდა. ღვთის ნებით, ახლა იმუნური სისტემა გაუუმჯობესდა, მაგრამ ერთხელაც, ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. ლანჩხუთის საავადმყოფოში გასინჯეს და არაფერია საგანგაშოო, - უთქვამთ ექიმებს. სოციალური სახლისკენ მიმავალ ლადოს გულმა არ მოუთმინა და ისევ დაბრუნდა საავადმყოფოში, რენტგენზე გააშუქეთ ამის ფილტვებიო. - საგანგაშო სიტუაციაა, ფილტვები უმძიმეს მდგომარეობაშია, ეგებ ქუთაისამდე მიაღწევინოთ ბავშვსო, - უთქვამს ექიმს. აი, აქედან იწყება ერთკვირიანი ისტერია. ლადო გამოდის ლანჩხუთის მაგისტრალზე და ავტომობილებს დაურიდებლად, შეშლილი სახით და გაშლილი ხელებით აჩერებს. "ბავშვი წამაყვანინეთ ქუთაისში", - ისმოდა ერთდროულად მუდარიანი, სასოწარკვეთილი და პრეტენზიული ხმა. უამრავ მძღოლთაგან ერთი ღვთისნიერი გამოჩნდა. საავადმყოფოში შებრუნებულმა ლადომ გოჩუნა ხელში აიტაცა ბუმბულივით, მანქანის უკანა სავარძელზე მიაწვინა, თავად მისი თავი კალთაში ჩაიდო და სამტრედიამდე მონოტონურად, ნერვულად და გაუზარებლად იძახდა მხოლოდ ერთ სიტყვას "ჩქარა!" უსაშველოდ გაიწელა გზა ქუთაისამდე, წყალტუბოს გადასახვევში მდებარე ახალი სამედიცინო კომპლექსის ზუსტი მდებარეობა არ იცოდა და სამტრედიიდან უკვე "ჩქარას" ჩაენაცვლა ნაცნობ მასწავლებელთან სატელეფონო მრავალჯერადი მოთხოვნა: "ქუთაისის შესასვლელში, სამტრედიის გზაგამტარ ხიდთან დამხვდი!" სამედიცინო ცენტრში გოჩუნას მიხედეს. გავარვარებული სხეული ყინულითა და წყლით დაუამეს, მერე ერთი კვირა მკურნალობდნენ და გამოკეთდა... დაიჯერებთ, რომ ამ შვიდი დღის განმავლობაში ვერავინ შეძლო, რომ ლადოსთვის თუნდაც, ლუკმა გადაეყლაპინებინა? უბრალოდ, არ უნდოდა. გოჩუნას პალატას არ სცილდებოდა და ნაკლებად ახსოვდა დანარჩენი ბენეფიციარები. მხოლოდ წყალს სვამდა, ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე ოცნებობდა და ლოცულობდა, - მაშინ ვიგრძენი მამაშვილური სიყვარულის ძალა. მართალია, შვილი არ მყავს, მაგრამ უკვე ჩემთვის გასაგებია, რას გრძნობს მამა, როცა შვილი ავადმყოფობსო...

GzaPress

ერთი კვირის თავზე გოჩუნა კარგად იყო, ლადომაც წყალს ფინჯანი ყავა ჩაანაცვლა, მერე ბედნიერი დაბრუნდა გურიაში, გოჩუნასთან ერთად... ამის შემდეგ როგორ გინდა, რომ ლადო შეაჩერო და არ გაუშვა "თავის

ბაღნებთან"?

მოკლედ, ლანჩხუთის სოფელ ჩიბათს ძალიან გაუმართლა. მასწავლებელი ჩიბათელ ბავშვებს მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს და არა - გაკვეთილების დასაზუთხად. თუ არ ვცდები, უკვე 17 წელია, რაც ასწავლის. სასულიერო სემინარიაში სწავლისას გადაწყვიტა რელიგიის მასწავლებლობა, მერე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მანტია მოირგო და ამით უკვე გზა გაეხსნა სტერეოტიპებთან საბრძოლველად. მისი მოსწავლეობის დროს სწავლება შიშზე იყო დაფუძნებული, ლადომ კი მომავალი გამოწვევებისთვის უნდა მოამზადოს მოსწავლეები...

ვისაც შეუძლია გაიხსენოს დაახლოებით 15-20 წლის წინანდელი სკოლა, იცის, რა გაურკვევლობა იყო მაშინ. უხელფასობა, სტრატეგიის გარეშე დარჩენილი განათლების სისტემა სრულ უპერსპექტივობას უხატავდა მასწავლებლობის მსურველებს, მით უფრო - კაცებს. თუ თვალს გადავავლებთ რეალობას, ახლა პედაგოგთა შორის ქალების კონტინგენტი ჭარბობს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "ტრადიციის" მიხედვით, ქალი ვიცით სკოლაში ან "კუხნაში", კაცი კი ფულს უნდა "აკეთებდეს". სკოლაში ფული არ "კეთდება".

ლადომ სტერეოტიპი ამ მხრივაც დაამსხვრია: კაცი მასწავლებელია და თან - კარგი! კარგია იმიტომ, რომ პრობლემებზე გამარჯვებას ასწავლის მოსწავლეებს. იცის, რომ ბავშვებს ვერ მოხიბლავს ინფორმაციის ფლობით, რადგან ახლა ყველა მხრიდან იღებს მოსწავლე მას: წიგნით, პრესით, ინტერნეტით, ვინმეს მონათხრობით... ახლა დროა, ახალგაზრდებმა ისწავლონ პრობლემის გამოკვეთა, მერე მისი მოგვარების გზების დასახვა და მიზნამდე მიღწევა!

რამდენიმე წლის წინ ვერავის წარმოედგინა, თუ გურიიდან აბასთუმნის ტყეში მოსწავლეებს წაიყვანდა და 21 დღე არასაკლასო გარემოში ნაბიჯ-ნაბიჯ წაიყვანდა ბავშვებს ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. ეს ნოვაცია ადვილი დასანერგი არ იყო, რადგან იდეას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ფინანსები კი ციდან რომ არ ცვივა, ყველას მოეხსენება. რკინის ქალამანი არ კმარა იმისთვის, რომ ფული მოიპოვო პროექტის განხორციელებისთვის. უნდა დაარწმუნო დონორი, რომ მისგან გაცემული სიკეთე ჰაერში გასროლილ ტყვიას არ დაემსგავსება.

ლადო თვლის, რომ დემოკრატია სკოლაში თითქოს უმნიშვნელო დეტალებით უნდა დაიწყო. სკოლის შინაგანაწესი, დამერწმუნეთ, ბევრ პედაგოგს წაკითხულიც არ ექნება. სკოლის დემოკრატიულობისთვის კი საჭიროა ყველა წესი შეიქმნას სასკოლო თემის მიერ. თავისივე დაწესებულის შეუსრულებლობა მორალურად აწუხებს ყველას, საიდანღაც მოტანილ-დაკოპირებული წესები მხოლოდ ასო-ნიშანთა ხროვაა და არაფერი სხვა... ჩიბათში კი შინაგანაწესს ყველა ერთად ადგენს, ასევე ერთად იცავენ და დემოკრატიული მმართველობაც ყალიბდება. იფიქრე, იმსჯელე, სხვის აზრს პატივი ეცი, გაითვალისწინე სხვისი გამოცდილება, არ დაიხიო უკან მიზნების მიღწევის გზაზე, შეაფასე, დააფასე, გაანალიზე, ყველაფერი კარგად იქნება - ესაა ლადოს ლექსიკაში მთავარი და წარმატებებიც მოდის...

განათლების სამინისტროს მისამართით უამრავი პრეტენზია გაისმის თითქმის ყოველდღე, მაგრამ არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ახლა სკოლა მართლა გათავისუფლებულია ვერტიკალური მმართველობისგან, ახლა მინისტრი სისხლის დალევით არ ემუქრება დირექტორებს და არც სკოლიდან უშვებენ მასწავლებლებს იმის გამო, რისთვისაც რამდენიმე წლის წინ ახსნა-განმარტების გარეშე ატოვებინებდნენ სამსახურებს!

ყველა მასწავლებელმა და სკოლამ უნდა იზრუნოს საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებაზე. თბილისში ვერ შეიქმნება ისეთი სისტემა, რომელიც გურიის ან აჭარის რეგიონს გამოადგება. სკოლა ყველამ საკუთარ თემს უნდა მოარგოს, - ეს ლადოს სიტყვებია.

ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი შეიძლება განვსაზღვროთ, არის ის, თუ რამდენმა მოსწავლემ გადაწყვიტა პედაგოგობა აღმზრდელების გავლენით. ლადოს 102 მოსწავლე ახლა პედაგოგიურ განათლებას იღებს და მათ უკვე აქვთ სანიმუშო მაგალითი თავიანთი მასწავლებლისგან.

"ეს დღეებია, ვერაფერი მოვუხერხე გულს, რადგან ჩემს პირადზე არასდროს მიფიქრია. რატომღაც, დღეს ჩემზეც დავიწყე ფიქრი და რაღაცის მოლოდინი შემომეპარა, ჩემს გულს კი ამის უფლებას არასდროს ვაძლევდი... მაშინ, როცა ძალიან მჭირდებოდა მშობლები, სულ მარტო დავრჩი უავეჯო ოთახში, რადგან ყველაფერი ჩემი მშობლების წამლის საყიდლად გავყიდე. მარტო დავრჩი, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ოჯახი მყავს და ამით ძალიან ვამაყობ", - ამბობს ლადო.

ლადო მისაბაძი მასწავლებელია, მაგრამ ცალკე თემაა სოციალური სახლის ბენეფიციარების საკითხი, ძალიან ფაქიზი და საფრთხილო. ამ ბავშვების მთავარი საყრდენი ცხოვრებაში ლადოა, მის გარეშე ისინი ქვიშაზე დარჩენილი თევზებივით უმწეონი დარჩებოდნენ... ახლა კი ლადოს დიდი გეგმები აქვს, "ბაღნებიზა" სამოსახლოდ თავის მამულს დაანაწევრებს და სახლების აშენებასაც დაიწყებენ ნელ-ნელა, კეთილი ადამიანების თანადგომით...

სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა თავისი ავადმყოფი კოლეგის დასახმარებლად ჯილდოს ნაწილს უანგაროდ ხარჯავსო. სასიამოვნოდ გაუკვირდა ბევრს, მე კი არ გამკვირვებია, რადგან ეს არც პირველია მისგან, არც - უკანასკნელი...

როლანდ ხოჯანაშვილი