დედოფლისწყაროდან - ნიუ-იორკში - გზაპრესი

დედოფლისწყაროდან - ნიუ-იორკში

ქეთი საკმაოდ აქტიური მოსწავლეა და ამასთან ერთად, ახერხებს, იყოს ჩართული სპორტულ აქტივობებში და სკოლის გუნდშიც მღეროდეს. ქეთიმ საკუთარი თავისა და აშშ-ში ერთწლიანი ცხოვრების შესახებ გვიამბო.

- პროგრამის არსებობის შესახებ მანამდეც ვიცოდი, მაგრამ მონაწილეობა მხოლოდ შარშან მივიღე. FLEX უკვე 20 წელია, არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება. პროგრამის ფარგლებშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გარკვეული რაოდენობის მოსწავლეებს ირჩევენ ამერიკულ სკოლებში სასწავლებლად. მოსწავლეები ამერიკაში ერთი წლით, მასპინძელ ოჯახთან ერთად ცხოვრობენ... ფინალისტობამდე დიდი და რთული გზაა გასავლელი. მთელი ტური მოიცავს სამ რაუნდს, სადაც მონაწილეებს ეძლევათ სხვადასხვა ტესტური დავალება, ესეები, ჯგუფური სამუშაო; ბოლო ეტაპია ინტერვიუ. მონაწილეთა აპლიკაციებს "ამერიკული საბჭოები" განიხილავს ვაშინგტონში. არჩეული ფინალისტები მასპინძელ ოჯახებში საცხოვრებლად ნაწილდებიან. შარშან მე აღმოვჩნდი ერთ-ერთი 45 ფინალისტთაგანი და აშშ-ში აგვისტოს ბოლოს გამოვემგზავრე. ამჟამად ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ოსვეგოში ვცხოვრობ.

- ელოდი, რომ აგირჩევდნენ?

- ფინალისტობა ნამდვილად მოულოდნელი სიხარული იყო ჩემთვის. მე და ჩემს ოჯახს დიდი მოსამზადებელი პერიოდიც დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვეცნობიერებინა. უკვე დაახლოებით 8 თვე გავიდა, რაც აქ ვარ. არაჩვეულებრივ მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობ. მყავს მასპინძელი დედა, მამა და და, რომელიც ასევე, ჩემი მასწავლებელია. მათთან ერთად დროს ტარება დღის საუკეთესო ნაწილია ჩემთვის. თავს ისე მაგრძნობინებენ, როგორც საკუთარ სახლში. თანაც, ერთი სული აქვთ, როდის ესტუმრებიან საქართველოს.

- ქეთი, ალბათ საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. როგორია შენი ერთი დღე?

GzaPress- ჩემი დღე ასეთია: დილით ადრე ვდგები და სკოლაში მივდივარ. აქაური სკოლა ქართულისგან სრულიად განსხვავებულია. თითო გაკვეთილი, ქართული გაკვეთილისგან განსხვავებით, 45 კი არა, ზუსტად 82 წუთი მიმდინარეობს. მოსწავლეებს სკოლაში აქვთ საშუალება, აირჩიონ სასურველი საგნები. მე რეგულარულად, რომელიმე ერთ კლასთან ყოფნა არ მიწევს, ყველა გაკვეთილს სხვადასხვა კლასთან ერთად ვესწრები. კლასგარეშე აქტივობების არჩევანიც მრავალფეროვანია. შემოდგომაზე ფრენბურთი ვითამაშე, ზამთარში - კალათბურთი, ამჟამად კი მძლეოსნობით ვარ დაკავებული. ასევე, ვმღერი სკოლის გუნდში და როგორც ჩემი პროგრამა ითვალისწინებს, აქტიურად ვარ ჩაბმული მოხალისეობრივ აქტივობებში. ჩვენს სკოლაში ჩატარდა "ნიჭიერი". ქართული სიმღერები შევასრულე ქართული ინსტრუმენტების თანხლებით. ვეცადე, ამერიკელებისთვის ქართული კულტურა მეჩვენებინა. მათ ძალიან მოეწონათ.

- ამერიკაში ყოფნა არ გიჭირს?

- რასაკვირველია, ამერიკული ცხოვრება ქართულისგან ძალიან განსხვავდება. უცხო გარემოსთან შეგუება ადვილი არ ყოფილა. ურთიერთობების ჩამოყალიბებაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია: მეგობრების შეძენას ვგულისხმობ. საქართველოში, ვთქვათ, იზრდები, სწავლობ ერთ ადამიანთან ერთად და სულ მასთან ხარ, ეჩვევი, აქ კი ისეთი არავინაა, ვისთან ერთადაც დროის უმეტეს ნაწილს გავატარებ. როგორც ვთქვი, გაკვეთილებიც სხვადასხვა ბავშვებთან ერთად მიტარდება. შესაბამისად, რთულია, მოასწრო ახლო, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ვინმესთან. თუმცა, ყველა ფინალისტმა გავიარეთ პროგრამის წინა მოსამზადებელი ეტაპები, რომ აქ ცხოვრებისთვის უკეთ მოვმზადებულიყავით. ქართველების გარეშე ყოფნა ნამდვილად ძნელია, მაგრამ სოციალური ქსელის საშუალებით ოჯახთან და მეგობრებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. საერთოდ, ქართველები და ამერიკელები პირველ რიგში, განსხვავდებიან ცხოვრების სტილით და საერთოდ - მენტალიტეტით. ამ ყველაფრის შესწავლა სასიამოვნო გამოცდილებაა, ამავდროულად, ვგრძნობ, რომ ქართულ ფასეულობებსაც უკეთ შევაფასებ. ყოველთვის ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ.

- ექსკურსიებზე თუ დადიხარ აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში?

- აქ ყოფნის მანძილზე ბევრ ექსკურსიაზე ვიყავი. საშობაოდ ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში წავედი. მართლაც, ზღაპრული ქალაქია და მიხარია, რომ მისი მონახულების შანსი მომეცა. მოვინახულე ფილადელფიაც, დავათვალიერე ისტორიული ღირსშესანიშნაობები. დაახლოებით ორი კვირის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, სადაც ვმონაწილეობდი პროექტში - Workshop For Youth Leaders in Teaching English ("ინგლისური ენის სწავლების ახალგაზრდა ლიდერთა უორკშოპი"). ეს იყო ერთკვირიანი ტრენინგების ციკლი, სადაც მივიღეთ საბაზო ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავხდეთ ინგლისური ენის წარმატებული მასწავლებლები ჩვენს ქვეყნებში. ჩემი აპლიკაცია სხვა 27 მოსწავლის აპლიკაციებთან ერთად აირჩიეს. ეს მოსწავლეები 19 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. ვაშინგტონში სწავლისა და შემეცნების გარდა, გვქონდა საინტერესო ექსკურსიები და გასართობი ღონისძიებებიც.

- სამშობლოში როდის ბრუნდები?

GzaPress- ივნისში უკვე მოვემგზავრები. საქართველო აქ ჩამოსვლის დღიდანვე მენატრება, მაგრამ ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო და აქ გატარებული თითოეული წამი მაქსიმალურად გამოვიყენო. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მოვუყვე ამერიკელებს ჩემი ქვეყნის შესახებ, მით უმეტეს, რომ უმეტესობამ მისი არსებობის შესახებაც არაფერი იცის. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი კულტურისა და ტრადიციების კარგი წარმომჩენი ვიყო. პატარა ელჩის როლში ყოფნა არასდროს მბეზრდება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ისევ ჩემს სკოლაში დავბრუნდები და მე-12 კლასს დავამთავრებ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას უნივერსიტეტში გავაგრძელებ, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, რა მიმართულებით. ამასთანავე, აუცილებლად გავაგრძელებ მოხალისეობას, პროექტების შექმნასა და განხორციელებას. ვეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომელიც მომეცემა როგორც FLEX-ის კურსდამთავრებულს, რომ სასარგებლო საქმე ვაკეთო.

ეკატერინე აბაშიძე