დედა, რომელმაც შვილის სიკვდილი ვერ იდარდა... - გზაპრესი

დედა, რომელმაც შვილის სიკვდილი ვერ იდარდა...

ორიოდე თვის წინ ქალბატონმა, რომელმაც ჩვენთან გადაწყვიტა თავის სატკივარსა და უდიდეს ტრაგედიაზე საუბარი, ერთადერთი ოცდაათი წლის ვაჟი დაკარგა და ისე დაასაფლავა, ვერც იტირა და ვერც იდარდა:

_ უბედური ცოლი ვიყავი და კიდევ უფრო უბედური დედა გამოვდექი. მომავალმა ქმარმა ისე მომიტაცა ჩვიდმეტი წლის ასაკში, არც ვიცნობდი. მეზობლის ქორწილში მოვწონებივარ და ორიოდე კვირაში ყაჩაღებივით დამხვდნენ გზაში ის და მისი მეგობრები... ბევრი ვეხვეწე მშობლებს: ნუ დამტოვებთ ამ უცხო კაცთან-მეთქი, მაგრამ არ გამიგონეს: განატაცებსა და მობრუნებულს ვინღა შეგირთავს? შენი ბედი ეგ ყოფილა და უნდა შეეგუო მომხდარსო. ორი თვის შემდეგ გავიგე, რომ სანდროს მესამე ცოლი ვიყავი. მაშინ გამიკვირდა მე უბედურს, თორემ მოგვიანებით, როცა თავისი ხასიათი გამოამჟღავნა და მთვრალმა ლამის სასიკვდილოდ მცემა, კი მივხვდი, რატომაც არ გაუჩერდნენ ცოლები. იმათ ალბათ, პატრონიც უვარგოდათ, ჩემებმა კი რამდენჯერ მნახეს ნაცემ-დალურჯებული და თანაგრძნობის ნაცვლად, დამემუქრნენ: ქმრის ოჯახიდან წამოსვლა არც იფიქროო... ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გამიმეტეს და ამიტომაც, ყველანაირი კავშირი გავწყვიტე დედ-მამასთან და ძმებთან...

ერთადერთი შვილი ქორწინებიდან მეშვიდე წელიწადს გამიჩნდა. მანამდე სამჯერ მომწყდა მუცელი, რადგან ქმარი მცემდა და ექიმამდე არ მიშვებდა.

_ სახლში დედამთილ-მამათილიც გეყოლებოდათ. ისინი არაფერს ეუბნებოდნენ შვილს?!

_ სანდროს სატანა ჰყავდა სულში ჩასახლებული და არც დედ-მამას დაინდობდა. ეშინოდათ მისი და ჩუმად იყვნენ... შვილიც მამას დაემსგავსა და რამდენჯერ მათქმევინა, რომ იცოდეთ: ნეტავ, შენც მუცელში გამწყალებოდი და დედობა არ მღირსებოდა-მეთქი...

მეშვიდე კლასში იყო, ქურდობისთვის რომ დაიჭირეს: მასწავლებელს მოჰპარა იმ დღეს აღებული ხელფასი. მართალია, დაინდეს და ციხეში არ გაუშვიათ, მაგრამ იმ დღის შემდეგ სკოლაში აღარ უვლია, ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა. თექვსმეტი წლისამ ულამაზესი თოთხმეტი წლის გოგო მოგვაყენა კარს: ჩემი ცოლია და არც ეცადოთ ჩვენს დაშორებასო. შემეცოდა პატარა გოგო და ვურჩიე, არ დარჩენილიყო გიოსთან: მძიმე ხასიათი აქვს და არ გაგახარებს-მეთქი, მაგრამ შეყვარებული იყო და არ დამიჯერა. შვილი დამიპირისპირა: დედაშენი სახლიდან წასვლას მაძალებსო. კმაყოფილი უცქერდა, შვილმა ლანძღვა რომ დამიწყო და ხელიც გამარტყა. არადა, ერთი თვეც არ იყო გასული, რაღაცაზე რომ იჩხუბეს და ისე სცემა, წინა კბილები დააყრევინა. არ იყო ღირსი, მაგრამ ჩუმად გამოვიძახე ექიმები და საავადმყოფოში წავაყვანინე. იქიდან კი აღარც დაბრუნებულა ჩვენთან. კიდევ კარგი, მას მაინც არ უგანა დედ-მამამ...

სანდრო ცოტა ხნით დააკავეს და მალე გამოუშვეს. თან, ამ დროს ჩემს ქმარს ინსულტი მოუვიდა და ისე მძიმედ იყო, ვერ გადავარჩინეთ.

ვაღიარებ, რომ ვერც ქმარი ვიტირე. არ მიყვარდა, არც ჩემს პატივისცემას იმსახურებდა და იმიტომ... შვილი რომ მას დაემსგავსა და უფრო უარესიც გამოდგა, ამიტომაც შემძულდა ქმრის სახელიც და საგვარეულოც. მართალი ყოფილა: `მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა~... როგორ არ ვეცადე, მაგრამ შვილთან არაფერი გამივიდა. რასაც მამისგან `სწავლობდა~, ის შეისისხლხორცა და არავინ უყვარდა, არც ქურდობა იყო მისთვის უცხო და არც ყაჩაღობა. ოცდაათი წლისამ ორჯერ მოასწრო ციხეში ჯდომა. რომ იჭერდნენ, მიხაროდა, მოსვენებული ვიყავი. დაბრუნდებოდა და თავიდან იწყებოდა ჩემი ტანჯვა: დებილს და ავადმყოფს მეძახდა. თუ რამე არ მოეწონებოდა, თავში მესროდა დამიზნებით, რაც ხელში მოჰყვებოდა. სიკვდილამდე ხუთი თვით ადრე ახალი ცოლი მოიყვანა. შესახედავად კარგი იყო და ამით ატყუებდა გოგონებს. შემეცოდა ის უბედური, მაგრამ არაფერი ვუთხარი: პირველი რძლის ქმედება გავიხსენე და აღარ მოვინდომე კვლავ ჩემზე გადმოენთხია ორივეს ბოღმა...

ორ კვირაში მოუვიდათ ჩხუბი. ქალის კივილის ხმა რომ გავიგონე, ვერ მოვითმინე და შევვარდი მათ საძინებელში. ყელში ქამარი წაეჭირა და ახრჩობდა საბრალო გოგოს. დავეჭიდე და მოვაშორე. გამწარებულმა იმ ქამრით გვცემა ორივე და სახლიდან გამოგვყარა. გოგო იმ ღამეში გაიქცა თავისიანებთან. გათენებამდე მოცვივდნენ მამამისი, ბიძა და ბიძაშვილები, ჩემმა უნამუსო შვილმა კი მათაც რომ გინება დაუწყო, ისე სცემეს, ტვინში სისხლი ჩაექცა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხომ ერთადერთი შვილი მომიკლეს და არ ვუჩივლე იმ ხალხს. როგორც დაზარალებული მხარის ერთადერთმა მოწმემ, ჩემი შვილი დავადანაშაულე მომხდარში და პოლიციასაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე დახურეს საქმე...

შვილი ისე დავასაფლავე, ცრემლი არ გადმომვარდნია. ახლაც ჩემი თავი მეცოდება და ამას უფრო ვდარდობ: რა დავაშავე, რომ ასეთი უბედური ცოლი და დედა გამოვდექი, რატომ გამიმეტა ამისთვის ღმერთმა?!.

P.შ. სიმართლე გითხრათ, ზემოთ თქმულისთვის კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. მხოლოდ იმას თუ ვიტყვი, რომ მოძალადეებთან არაფრის ფასად არ უნდა დავრჩეთ არც თავად და არც სხვები უნდა გავიმეტოთ ამისთვის. უფრო მეტიც: მგონი დროა, კანონს გადავხედოთ და მოძალადეების მიმართ სასჯელი ერთი-ორად გავამკაცროთ...

ინგა ჯაყელი