თავზეხელაღებული მოზარდები და "გულგრილი" მშობლები - გზაპრესი

თავზეხელაღებული მოზარდები და "გულგრილი" მშობლები

ჰოდა, მიწევს ამ გაუსაძლისი პირობების ატანა. სამაგიეროდ, სისხლს ვუშრობ მშობლებს და ამიტომაც, მთელი სოფელი თავზეხელაღებულ გიჟ გოგოს მეძახის", - ამ წერილის ავტორი 15 წლის ნათია გახლავთ. მას მესიჯის მიღებიდან რამდენიმე დღეში დავუკავშირდი და ვთხოვე, ჩემთან საუბარზე უარი არ ეთქვა.

- სკოლაში ვსწავლობ, სხვას რას უნდა ვსაქმიანობდე? თან, მიწის დამუშავებაში ვეხმარები მშობლებს. ძალიან მიყვარს წლის ეს დრო, რადგანაც ჩემთვის არავის სცალია, ყველა საქმეშია ჩაფლული და შინ საოცრად დაღლილები ბრუნდებიან. ვერ ვიტან ზამთარს - ამ პერიოდში სოფელშიც ცოტა საქმე აქვთ, უმეტესად შინ სხედან და დროის გაყვანაზე ფიქრობენ. ჰოდა, ასეთ დროს უფრო მეტად იძაბება ჩვენს ოჯახში ურთიერთობა, რადგან მამა სვამს და მერე, უკვე მთვრალს გონება ერევა, - ჯერ დედას ეჩხუბება, მერე მე, მერე - ჩემს ძმას, საკუთარ მშობლებს... ეს ყველაფერი ძნელი ასატანია. არ მესმის, დედას როგორ შეუძლია, სახლში მომხდარი აყალმაყალის შემდეგ მშვიდად იყოს და მაინც ისე გაიღიმოს, რა თქმა უნდა, თუ სტუმარი შემოვა, თითქოს არაფერი მომხდარა.

- ამ თემაზე მასთან არასდროს გილაპარაკია? ეტყობა, არაფერს იმჩნევს იმიტომ, რომ ესირცხვილება იმის აღიარება, ქმარი რომ უყვირის...

- მე კი ის უფრო მეტად მესირცხვილება, მეუღლისგან ამდენს რომ ითმენს. ქალია, საქონელი ხომ არა? მამას მართალია, ჩემთვის ხელი არასდროს გაურტყამს, მაგრამ მისი ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაც კი მაგრად მაღიზიანებს.

- შენ მომწერე, სოფელში თავზეხელაღებულს მეძახიანო...

- ასეა. იცი, ასეთი იმიჯი რატომ მაქვს? - მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ "შატალოზე", რომლის ინიციატორიც უფრო ხშირად, თავად ვარ. ჰოდა, გაბედოს ვინმემ და არ წამომყვეს...

- ურჩ კლასელს რას უზამ?

- არ ვცემ, მაგრამ სახალხოდ ისე შევარცხვენ, რომ სახლიდან თავის გამოყოფის სურვილიც აღარ გაუჩნდება. ეს იციან და გაკვეთილის გაცდენა რომც არ უნდოდეთ, მაინც მხარს მიბამენ... თუ ბავშვები ხეზე ავდივართ რაიმეს მოსაკრეფ-მოსაპარად, ყველაზე მაღლა ანუ კენწეროში მხოლოდ მე ვბედავ ასვლას... როცა ოჯახის წევრები მიყვირიან, ხშირად სახლიდან გავდივარ და ვიმალები. ჩემი ძებნით რომ დაიღლებიან, შინ მხოლოდ ამის შემდეგ ვბრუნდები. ერთხელ მთელი სამი დღე ვიმალებოდი. თითქმის ყველა თანასოფლელი მეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. როცა მათ ტყე-ღრეში ვეგონე, მე ლოგინის ქვეშ ვიწექი გაუნძრევლად. თუ მომშივდებოდა, სამზარეულოში ვიპარებოდი იმ დროს, როცა ვიცოდი, იქ არავინ იქნებოდა. დღეს საწოლის ქვეშ ვატარებდი, მოსაღამოვდებოდა თუ არა, სახლის უკან ვიმალებოდი და მერე ჩუმად ვუსმენდი, როგორ მოთქვამდა დედა, როგორ იგინებოდა მამა. მაშინ პირველად გაუბედა დედამ მამას ხმამაღალი სიტყვის თქმა, რამაც ძალიან გამახარა. ვიფიქრე, რომ ჩემი მისია შევასრულე, რადგან დედას ხმა ამოვაღებინე უსამართლობის წინააღმდეგ. ჰოდა, დილით მათ ჭიშკართან დავხვდი. პირველი სიტყვა, რაც ვთქვი, ეს იყო: თუ გამოკითხვებს დამიწყებთ, თუ ძალიან შემაწუხებთ, ისევ გავიქცევი. არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, თქვენგან შორს ყოფნა, დასვენება მინდოდა-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, დედამ გულში ჩამიკრა, მამამ ერთ შემიკურთხა და სახლში შევიდა. აი, მეზობლებთან კი მომიხდა თავის მართლება და როცა გაიგეს, რომ ამ დღეების მანძილზე სახლიდანაც არ გავსულვარ, ჩემს მშობლებს შეესივნენ, - ჯერ სახლში მოგეძებნათ ბავშვი, ყველა რომ აგვაწრიალეთ და ტყე-ღრე გვახეტიალეთო... აი, ასე დავსაჯე მშობლები, მაგრამ მამამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა: როცა თვრება, ვერ აცნობიერებს, რას აკეთებს.

ნათიას დედასაც დავუკავშირდი. თავიდან ინტერვიუზე უარი მითხრა და მთხოვა, - ნურც ჩემი შვილის წერილს დაბეჭდავო, მაგრამ დავამშვიდე, სახელს შეგიცვლით-მეთქი. კარგა ხნის საუბრის შემდეგ დამთანხმდა, ჩემს კითხვებზე ეპასუხა.

- არც კი ვიცი, რა უნდა გითხრათ. სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჩემს ქმარს რამდენიმე წელი გვიყვარდა ერთმანეთი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება. მანამდე მთვრალი ნანახი არ მყავდა. ამბობდა, - ღვინო არ მიყვარსო. დარწმუნებული ვარ, მაშინ გულწრფელი გახლდათ ან უბრალოდ, იცოდა, რომ სასმელს ვერ იტანდა და ამიტომაც არ სვამდა. პირველად ვაჟი შეგვეძინა და მთვრალი სწორედ იმ დღეებში ვნახე. ძეობა ვიზეიმეთ და აბა, როგორ არ დამელიაო? - თავი ასე იმართლა. მერე ნელ-ნელა მიეპარა ღვინოს და რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ყოველდღე სვამდა, ლოთად იქცა, განსაკუთრებით - ზამთარში ეძალება ალკოჰოლს, რადგან წლის ამ დროს სოფელში ბევრი საქმე არ არის. მეც ვერ დავუშლი დალევას, ამის უფლება არ მაქვს.

- თუ მთვრალი შეურაცხყოფას გაყენებთ, ცუდად გექცევათ, მის მიმართ საყვედური როგორ არ დაგცდენიათ?

- ათასჯერ მაინც მაქვს მისთვის ნათქვამი: ასე ნუ იქცევი, როცა სვამ, მერე ურევ და ჩვენც გვაწიოკებ-მეთქი. დაიმორცხვებს, ბოდიშს მიხდის, მაგრამ მერე ცდუნებას ვერ უძლებს და ხომ არ მოვკლავ? თანაც, ფხიზელი ისეთი ალალ-მართალი და უბოროტოა, რომ მთვრალი რომ მაგინებს, ესეც არ მაღიზიანებს. ასეთ დროს უბრალოდ, მეცოდება.

- თქვენმა გოგონამ მითხრა, რომ ზოგჯერ, თქვენს საცემრადაც იწევს.

- ასე იშვიათად ანუ მაშინ ხდება, როცა გადამთვრალია... მთვრალ კაცს კი შეცდომაც ეპატიება.

- თქვენ რომ დაუშვათ რაიმე შეცდომა, ის შეძლებს პატიებას?

- აბა, ისეთი რა უნდა დავაშავო (რა თქმა უნდა, ღალატის გარდა), რომ უპატიებელი იყოს? ეტყობა, ჩემმა გოგონამ მართლა ბევრი სისულელე ილაპარაკა თქვენთან. მერწმუნეთ, არც ისეა საქმე, როგორც გგონიათ. მე მიყვარს ჩემი ქმარი და მისგან ხმამაღალ სიტყვასაც ამიტომ ვიტან. რაც შეეხება ნათიას, ნერვული ბავშვია. ყოველთვის ემოცური იყო და ვერ იტანდა, ოჯახში ვინმე რაიმეს ხმამაღლა თუ იტყოდა; ასეთ დროს კუთხეში მიიყუჟებოდა და ყურზე ხელებს იფარებდა... მე კი არ მეგულება ოჯახი, საიდანაც ხანდახან მაინც არ ისმის ყვირილის ხმა.

- როცა თქვენი შვილი ასე ძალიან განიცდის ოჯახურ კონფლიქტს, არ გიცდიათ, აყალმაყალისგან თავი შეგეკავებინათ? როცა კუთხეში მიყუჟული, ყურებზე ხელებს იფარებდა და ცდილობდა, ჩხუბი არ გაეგონა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი შვილი არ გეცოდებოდათ? ბოლოს და ბოლოს, მისი ფსიქოლოგთან მიყვანა მაინც არ გიცდიათ?

- ფსიქოლოგი რად უნდა, შვილო, გიჟი კი არ არის, უბრალოდ, ემოციური ბავშვია და როცა გაიზრდება, შეიცვლება.

- ამბობს, რომ ზოგჯერ გემალებათ...

- ასეა, სისხლი გაგვიშრო. ერთ დღეს ისე გადაიკარგა, ვერსად ვიპოვეთ და ლამის გავგიჟდით. მთელი სოფელი ეძებდა, ის კი მესამე დღეს ისე გამოგვეცხადა, ვითომც არაფერი დაეშავებინოს. მეგონა, მოვკლავდი, მაგრამ დავინახე თუ არა, მოჭარბებულმა ემოციებმა ხელ-ფეხი შემიკრა და მხოლოდ ტირილი შევძელი. იმისიც მეშინოდა, ბავშვს რომ ვიპოვით, მამამისს არ შემოაკვდეს-მეთქი, მაგრამ კაცმაც უსიტყვოდ დაუთმო ასეთი უაზრო საქციელი. შვილი რომ დაინახა, უთხრა: რადგან ცოცხალი ხარ, რას დავეძებო და ყანაში წავიდა სამუშაოდ. ისე, კარგი იქნებოდა, დაგვსაჯა, მერე მსგავს რაღაცას არ ჩაიდენდა... ნამდვილი გადარეულია. დილიდანვე იწყებს მთელი სოფლის შემოვლას, ყველას ემეგობრება. დილით გასული, შინ ზოგჯერ, გვიან ღამით შემოდის. ჰოდა, მთელი დღე მეზობლებში ვეძებთ ხოლმე. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ის არის, რომ ზუსტად ვიცი, ისეთს არაფერს ჩაიდენს, თავი რომ მოგვეჭრას. და კიდევ, მინდა გითხრათ: მიუხედავად ყველაფრისა, კარგი შვილია. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როცა სოფელში ბევრი საქმეა, თავჩაუხრელად შრომობს, ძმას და მშობლებს მხარში გვიდგას ისე, როგორც შეუძლია. კარგი გოგოა ჩემი შვილი. უბრალოდ, მოსწონს, მშობლებს რომ გვაწვალებს, მაგრამ რას ვიზამთ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ხომ ვიყავით ბავშვები და დედ-მამას ყველანი ვაწვალებდით.

ამ ოჯახის ცხოვრების სტილისა და მტყუან-მართალის გარჩევა თქვენთვის მომინდვია, მე კი სხვა რესპონდენტს გაგაცნობთ. მის ოჯახში არც ჩხუბია, არც მატერიალური სიდუხჭირე და არც მიწის ჩიჩქვნა უწევს ვინმეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ გოგონა უზრუნველად ცხოვრობს ისევე, როგორც ქალაქელი თინეიჯერების უმეტესობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ერთფეროვნება არ უყვარს და ცდილობს, ცხოვრება და დღეები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს, გიჟური იდეებს წყალობით გაიფერადოს, რის გამოც, როგორც თავადვე აღიარებს, მშობლებს ცხოვრებას უმწარებს...

მაკა, 17 წლის:

- კარგი მშობლები მყავს, და-ძმაც სიყვარულით მექცევიან, მაგრამ მე ზოგჯერ სიგიჟეები წამომივლის ხოლმე და ოჯახში ყველას გულს ვუწვრილებ. საქმე ის არის, რომ ყველაზე უმცროსი და შესაბამისად, განებივრებული ვარ. ადრე დამჯერი გოგო ვიყავი, რასაც მეტყოდნენ, იმას ვაკეთებდი, გზიდან არ გადავუხვევდი. თუ მშობლები მთხოვდნენ: აქ იდექი და არ გაინძრეო, რამდენიმე საათი ალბათ, ისე ვიდგებოდი, თვალსაც არ დავახამხამებდი, მაგრამ ახლა შევიცვალე. რატომ? მომბეზრდა ეს ყველაფერი! ახლა დამჯერი გოგოს იმიჯი აღარ მაკმაყოფილებს, რაღაც სხვა მომინდა და ამ სხვას დავუწყე ძებნა. ამ ყველაფერს იმანაც შეუწყო ხელი, რომ შარშან სხვა სკოლაში გადამიყვანეს. ახალ "სასტავს" თავიდან ვერაფერი გავუგე, მერე ყველას დავუმუღამე და... დავიწყე შავი ფანქრის ხმარება, თვალებზე მუქი ჩრდილების წასმა. ამის გამო ჯერ მამა გადაირია, მერე დედაც აჰყვა, ბოლოს კი და-ძმაც დაირაზმნენ ჩემს წინააღმდეგ. ამ წინააღდეგობამ კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი იმისა, რომ საკუთარი მიზანი დამეცვა და პროტესტის ნიშნად, ცხვირზე პირსინგი გავიკეთე. შინ მისულს ცხვირზე საყურე რომ შემამჩნიეს, მამამ დაუსტვინა: ამან მგონი, მართლა გარეკაო. მერე გადაწყვიტეს, ძველ სკოლაში დავებრუნებინეთ და საბუთების გადატანაზე დაიწყეს ზრუნვა, მაგრამ მათ წინაშე დიდი კედელი აღვმართე. განვაცხადე, რომ თუ უკვე ჩემთვის სასურველ სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლებას არ მომცემდნენ, საერთოდ შევეშვებოდი მეცადინეობას, უარს ვიტყოდი წიგნების კთხვაზე, განთლების მიღებაზე. როცა მითხრეს: ჰოდა, ძალიანაც კარგი, ამ შემთხვევაში, გაგათხოვებთ და ისე იცხოვრებ, როგორც ქართველი ქალების უმეტესობა ცხოვრობსო, პროტესტის ნიშნად, ჭამაც შევწყვიტე. ჩემმა საქციელმა მშობლები შეაშფოთა. გადაწყვიტეს: დაე, რაც უნდა, ის აკეთოს! შევეშვათ, თორემ წინააღმდეგობით შეიძლება, უფრო მეტად დავღუპოთო. ამ პირველმა გამარჯვებამ გამიჩინი ჟინი, რომ მომავალში უფრო დიდი ბრძოლები მომეგო და დღეს ისე ვცხოვრობ, როგორც მსურს.

- მაშინ შენთვის წინააღმდეგობა ბოლომდე რომ გაეწიათ, როგორ ფიქრობ, ფარხმალს დაყრიდი და ძველებური მაკა გახდებოდი?

- არ იცი, შეიძლება, ასეც მომხდარიყო, მაგრამ ისიც შესაძლებელი გახლდათ, რომ უფრო მეტად გამეპროტესტებინა ყველაფერი... როგორც ვხვდები, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს (იცინის).

- რას ნიშნავს, - "ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა?"

- ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე შინ 9 სააათამდე უნდა დავბრუნებულიყავი, ახლა შეიძლება, 12-ზე მივიდე ან იშვიათად, მაგრამ მაინც, ცოტა უფრო გვიან. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ასეთ დროს რაიმე ცუდს ვაკეთებ. უბრალოდ, მეგობრებთან ერთად ამოჩემებულ ადგილას მივდივარ. იქ არც ვსვამთ და არც ვეწევით! ვსხედვართ, ვსაუბრობთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ წიგნებსაც ვკითხულობთ. ამას რომ ვამბობ, ბევრს უკვირს, რადგან მათთვის ჩაშავებული თვალები სხვა რამეებთან ასოცირდება. მე არც როკერი ვარ, არც პანკი ან გოთი, უბრალოდ, მკვეთრი მაკიაჟი მიყვარს, პირსინგებსაც თავისებური ხიბლი აქვს და ეს ჩემი უდიდესი გატაცებაა. სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, უამრავი პირსინგი მექნებოდა, აქ კი შედარებით მოკრძალებულად რომ უნდა მოვიქცე, ეს გააზრებული მაქვს. ამას წინათ დაფარულ ადგილას სვირინგიც გავიკეთე. ამის შესახებ მშობლებმა ჯერ არაფერი იციან (იღიმის).

- შეყვარებული არ ხარ?

- არა, შეყვარებული არ მყავს და ამას არც განვიცდი. ზუსტად ვიცი, ბედი არსად გამექცევა... იმედია, როცა დაოჯახებას გადავწყვეტ, მაშინ ეს ახირებები აღარ მექნება, თორემ წარმომიდგენია, სადედამთილო ჩემს იმიჯზე რასაც იტყვის (იცინის).

- შეიძლება, შენს მშობლებს დაველაპარაკო?

- აბა, ამას რა აზრი აქვს? ზუსტად ვიცი, რასაც გეტყვიან: შვილი გაგვიგიჟდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებთ და თქვენ რა გითხრათო?

- მეგობრების მშობლები რას ფიქრობენ შენს "სასტავზე"?

- ისინიც ჩემი მშობლებს "ტყავში" არიან. თუმცა, ერთ-ერთი მეგობრის - ნიაკოს დედა (რომელიც ქმარს გაშორებულია) ძალიან მაგარი ქალია. მას ჩვენი ესმის და ცდილობს, "გვედაქალოჩკოს". სხვათა შორის, სწორედ ამიტომ, ხშირად ვიკრიბებით ნიას სახლში. ზუსტად ვიცით, მის ოთახში დაუკაკუნებლად არავინ შემოვა, ზედმეტი კითხვებით არავინ შეგვაწუხებს.

ნია მასხულია, 17 წლის:

- ბავშვობიდანვე თავისუფლად მზრდიდნენ, არაფერში მზღუდავდნენ. მერე მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ეს ამბავი იმდენად განვიცადე, რომ ხასიათი გამიფუჭდა, სკოლაში სიარული აღარ მინდოდა, საკუთარ ოთახში ხშირად ვიკეტებოდი. მეგონა, სახლიდან მამას წასვლის გამო ყველა დამცინებდა. ჰოდა, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი შვებას მუსიკის მოსმენაში ვპოულობდი. მერე ჩათი გახდა ჩემი მეგობარი, ვირტუალური მეგობრებიც გავიჩინე. გადავწყვიტე, სხვებისგან რაიმეთი გამორჩეული ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ადამიანებს ვეღარც პირსინგებით გააკვირვებ, ვეღარც ტატუებით. ჰოდა, ვიფიქრე, რაიმე შუალედური ამეღო ამა თუ იმ მიმდინარეობიდან. ახლა არც პანკი ვარ, არც გოთივით იქცევი და ა.შ. მაგრამ მაინც ვექცევი ადამიანების ყურადღების ქვეშ. პირველად პირსინგი მკლავზე გავიკეთე და ეს სიახლე ძალიან მომეწონა. ჩემს მეგობრებსაც აქვთ პირსინგი: ზოგს ცხვირზე, ზოგს - ჭიპზე, ერთს - ენაზე, მაგრამ მათგან გამორჩეული ვარ, თან - ლიდერიც გახლავართ. ისინი მე შემოვიკრიბე, შემდეგ ერთ "სასტავად" ჩამოვყალიბდით. ხშირად ვიკრიბებით ჩემს სახლში. დედა მეგობრებთან ერთად ყოფნას გვიან ღამემდეც არ მიშლის. მან იცის, რომ უცნაური რაღაცების მოყვარული ვარ, მაგრამ ცუდს არაფერს გავაკეთებ. ისე არ მოვიქცევი, რომ დედას გული ვატკინო. აი, მეზობლებს კი თავზეხელაღებული გიჟი გოგო ვგონივარ. ერთხელ გავიგონე, ჩურჩულებდნენ: ეს მგონი, ვერ არის. მამამისის წასვლამ შეშალა. დედამისი ყურადღებას ვეღარ აქცევსო. მათ პასუხი არ გავეცი, მაგრამ გულში მაგრად გამეცინა. დედა ყველაზე მაგარი ქალია ამქვეყნად და ის უყურადღებოდ წამითაც არ მტოვებს. როცა სამსახურშია, მაშინაც ცდილობს, გამაკონტროლოს და ამას ისე აკეთებს, რომ გული არ მატკინოს. ვხვდები, ჩემზე ღელავს. მას რაიმეში რომ შევეზღუდე, მერწმუნეთ, ახლა შეიძლება, რადიკალურად განსხვავებული იმიჯი მქონოდა, მაგრამ ხელიდან წასული გოგოს სახელით მეცხოვრა. არაფერს ვაშავებ, უბრალოდ ვცდილობ, გამორჩეული ვიყო და სულ ეს არის ჩემი დანაშაული.

ქალბატონი ქეთი კი შვილზე ღელავს, რადგან მისი გოგონა ვირტუალურ სამყაროს ვერ წყდება, რეალობაში კი მხოლოდ მაშინ ბრუნდება, როცა ეს აუცილებელია.

ქეთი, 46 წლის:

- თინეიჯერი შვილი მყავს და უკვე აღარ ვიცი, როგორ დავიმორჩილო. ნამდვილი თავზეხელაღებული ყაჩაღია, მე კი ვცდილობ, ამ ყველაფრისადმი გულგრილი ვიყო, რაც ცხადია, არ გამომდის; ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს მისი მესმის, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როგორ ვიყო მშვიდად, როცა ვხედავ, რომ შვილს ვკარგავ, ჩემი გულგრილობა კი სიყალბეა? მის ასაკში მე სათამაშოებით ვერთობოდი, ის კი მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობებით არის გატაცებული. უამრავი ბიჭი ემესიჯება. ყველას პასუხობს და ხან ერთთან მიდის პაემანზე, ხან - მეორესთან. ვატყობ, მათ ატყუებს. თითოეულს სიყვარულს ეფიცება, სინამდვილეში კი არავინ უყვარს. თქვენ წარმოიდგინეთ, ის მეგობრებიც კი აღარ ჰყავს გვერდით, რომლებიც მეგონა, რომ დებივით უყვარდა. რეალობას მოსწყდა თითქოს და ლამის, მეც ინტერნეტის მეშვეობით მეკონტაქტოს. ერთხელ ჩემი მეუღლე მისმა მდგომარეობამ ისე გააცოფა, კომპიუტერი ფანჯრიდან მოისროლა, მაგრამ ამას საშინელი შედეგი მოჰყვა: ჩემმა გადარეულმა შვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ღირსები არ ვიყავით და თავის მოკვლით დაგვემუქრა. ეს ჯერ ხუმრობა გვეგონა, მაგრამ როცა წამლები დალია და "სასწრაფოს" გამოძახება მოგვიხდა, მივხვდით, სახუმაროდ არ გვქონდა საქმე. მერე შევეცადეთ, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაგვეტანა. ზაფხული იყო და დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ უარი გვითხრა. მისი მეგობრები მოგვყავდა სახლში, სუფრას ვშლიდით, ვმხიარულობდით, ის კი არც იღიმოდა. თითქოს, მისი მეგობრები იქ არც იყვნენ, ერთ წერტილს მიაშტერდებოდა და იჯდა თავისთვის, მერე კი საერთოდ, ოთახიდან გადიოდა. მოკლედ, რა ხერხს არ მივმართეთ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მერე მამამისმა გადაწყვიტა, დაესაჯა. ჰოდა, სოფელში გაუშვა, ბებიასთან. რამდენიმე კვირა იქ იყო, მერე კი ბებიამ დაგვირეკა: კაცო, გამაგებინეთ, ამ ბავშვის სიკვდილი გინდათ თუ ჩემი გაგიჟება? საჭმელს აღარ ჭამს, არც სახლიდან გადის, მთელი დღე ოთახში ზის, მზის სხივს არ ენახვებაო... იძულებული გავხდით, მისთვის კომპიუტერი მოგვეტანა. თავიდან, ამასაც აპროტესტებდა და ახლოსაც არ ეკარებოდა. მერე სახლში ფსიქოლოგი მოვუყვანეთ, მაგრამ არც კი დაელაპარაკა... ერთ დღეს სამსახურიდან შინ დაბუნებულმა, კომპიუტერში მოჩათავეს შევუსწარი და ძალიან გამიხარდა, რადგან ამდენი ხნის შემდეგ, ძლივს დავინახე გაღიმებული. ის ვირტუალური სამყაროთი სულდგმულობს, ეკონტაქტება უცხოელებსაც. აი, ასეთია ჩემი შვილი და აღარ ვიცი, რით ვუშველო. იქნებ მირჩიოთ რამე, თორემ ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, მეც შევიშალო.

ლიკა ქაჯაია