"მე ჯონ ლენონი მოვკალი!" - 37 წელი საპატიმროში და 9 უარი შეწყალების მოთხოვნაზე - გზაპრესი

"მე ჯონ ლენონი მოვკალი!" - 37 წელი საპატიმროში და 9 უარი შეწყალების მოთხოვნაზე

5 გასროლა, 37 წელი საპატიმროში და 9 უარი შეწყალების მოთხოვნაზე - სულ ეს დარჩა იმ მარკ ჩეპმენისგან, რომელმაც დიდების მოპოვების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილმა ჯონ ლენონის მკვლელობა გადაწყვიტა, თუმცა აღიარების ნაცვლად, უვადო პატიმრობა და მილიონობით ადამიანის სიძულვილი დაიმსახურა.

ბავშვობის წლები

მარკ დევიდ ჩეპმენი 1955 წლის 10 მაისს დაიბადა ტეხასის შტატის პატარა ქალქ ფორტ-უერტში, სამხედრო საჰაერო ძალების სერჟანტის დევიდ კერტის და მედდის კეტრინ ელიზაბეტ ჩეპმენის ოჯახში, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული კეთილდღეობით, მით უფრო, რომ მარკის მშობლები ხშირად კამათობდნენ, ნაკლებად ადარდებდათ შვილის ბედი და საერთოდ არ ზრუნავდნენ მის აღზრდაზე. მუდმივი სკანდალისა და ხმაურისგან თავის დასაღწევად მცირეწლოვანი ჩეპმენი ან სახლიდან გარბოდა ან საკუთარ გამოგონილ სამყაროში ეძებდა საიმედო თავშესაფარს, სადაც შიშის და ძალადობის ნაცვლად მხოლოდ სიმშვიდე და სიყვარული იყო.

პიროვნების ჩამოყალიბება

მარკს, რომლის ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა სხვა ნაკლებად წარმატებული ოჯახის ბავშვების ყოველდღიურობისგან, პირველად 10 წლის ასაკში გაუჩნდა ნამდვილი გატაცება, როცა მუსიკა აღმოაჩინა, მთელი გულით შეიყვარა ცნობილი ოთხეული ლივერპულიდან და თავის გამოგონილ სამყაროშიც "დაასახლა".

მართალია, საკუთარ თავში ჩაკეტილ, ნაკლებად კომუნიკაბელურ ჩეპმენს ძალიან უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ დაცინვისა და დამცირების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად ცდილობდა ყოფილიყო "ისეთი, როგორიც ყველა" და 14 წლისამ ჯერ მარიხუანას გაუსინჯა გემო, მერე კი, სხვა ნარკოტიკებს, თავისუფლებისა და თვითრეალიზაციის ძიებაში კი, სისტემატურად აცდენდა სკოლას და რამდენიმე დღით სახლიდანაც იკარგებოდა. მშობლების მზრუნველობას მოკლებული მოზარდი ყველგან სიყვარულს ეძებდა და დიდების ნებისმიერ ფასად მოპოვებაზე ოცნებობდა, თუმცა ერთი შეხედვით აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილი მალე აკვიატებულ აზრად და თითქმის მანიად გადაიქცა.

"ბითლზი" ჩეპმენის ცხოვრებაში

მარკის მოზარდობა, როცა ის მუდმივად იდეალის, კერპის ძიებაში იყო, "ბითლზის" დიდების პიკს დაემთხვა და ჩეპმენმაც სწორედ ჯონ ლენონში მიაგნო სასურველ ორიენტირს. მისი ოთახის კედლები პოპულარული ჯგუფის პოსტერებითა და აფიშებით აჭრელდა, თვითონ თმა გაიზარდა, ჩაცმის სტილით ბაძავდა და სათვალეც კი მუსიკოსის მსგავსი მრგვალი ჩარჩოთი მოირგო.

აღფრთოვანებული მარკისთვის, ლენონი პირველ რიგში სიყვარულისა და მშვიდობის განსახიერება იყო და მხოლოდ შემდეგ მუსიკოსი, რომლის ფილოსოფიური ლირიკა თითქოს მის სათქმელს ამბობდა და სწორედ ამიტომ იქცა მიმბაძველობა მისთვის დიდებასთან მიახლოების ერთადერთ საშუალებად. ჩეპმენი ხშირად აიგივებდა საკუთარ თავს ლენონთან, მასავით წერდა მუსიკას და უკრავდა გიტარაზე სკოლის ჯგუფში, თუმცა გატაცება ხანმოკლე აღმოჩნდა.

"ბითლზის" დაშლა 15 წლის ემოციურმა მოზარდმა საკმაოდ მტკივნეულად განიცადა და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთადერთი თავშესაფარი - ბავშვობაში გამოგონილი სამყარო არ დანგრეოდა, სწრაფად შეუდგა ახალი კერპის ძიებას. თუმცა ლენონი არასდროს გამქრალა მისი ცხოვრებოდან და მართალია, ოდესღაც სიყვარულისა და აღფრთოვანების განსახიერება ერთ მშვენიერ დღეს სიძულვილის ობიექტად იქცა, მაგრამ მაინც საბედისწერო ფიგურად დარჩა მის ცნობიერებაში, რადგან სწორედ სიყვარულისა და თანასწორობის იდეა, რომელსაც მუსიკოსი ქადაგებდა, იქცა ჩეპმენის ცხოვრების აზრად, თუმცა დროთა განმავლობაში სრულიად განსხვავებული - პათოლოგიური ხასიათი შეიძინა.  არაჩევეულებრივი ისტორია იხილეთ www.palitranews.ge-ზე