"აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური - გზაპრესი

"აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური

ბავშვობა კოჯორში გაატარა. ახლა იქ ხშირად ვეღარ მიდის, წნევა აქვს ხოლმე და იმიტომ. თუმცა, სიბერე ჯერ შორსაა. "ავდივარ მაშინ, როცა წინაპართა საფლავებს უნდა მივხედო, - ამბობს თემურ წიკლაური და დასძენს: - ჩემი ბიჭის საფლავიც იქ არის და ჩემიც იქ იქნება, სუფთა ჰაერზე..." ბატონი თემური თურმე, არც მთაში, არც ზღვაზე და საერთოდ, არასდროს ისვენებს. თვლის, რომ ასეთი რამ უფალმა არ არგუნა. ეს ამბავი ცოტა მიკვირს და ასეთი შეკითხვით მივმართავ:

- თუ არ ისვენებთ, საიდან იღებთ ენერგიას?

- ენერგიას უფალი გაძლევს, ამაში არაფერია გასაკვირი და გასარჩევი. თუ უფალთან ხარ, გაქვს ენერგია, თუ არადა, არ გაქვს, სხვა არაფერი. თან, შენი საქმეც უნდა გიყვარდეს. მომავალ წელს "ივერიას" 50 წელი უსრულდება. მართალია, ალექსანდრე ბასილაიას და კიდევ ოთხი წევრის გარეშე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ წარვდგეთ მაყურებლის წინაშე.

- ემზადებით საიუბილეო კონცერტისთვის?

- ეგ ჯემალ ბაღაშვილის პრეროგატივაა. ის არის ანსამბლის გონი და იდეური ხელმძღვანელი. იგი ქმნიდა, ქმნის და კიდევ კარგა ხანს შექმნის ბევრ კარგ რამეს. GzaPress

- თქვენი დაბადების დღეებიდან რომელიმე, განსაკუთრებული გაიხსენეთ.

- უცხოეთში ყოფნისას, ანსამბლის წევრები ვიკრიბებოდით და არა მარტო ჩემი, ყველას დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავდით. ეს მიღებული ფორმა იყო. განსაკუთრებული კი ის გახლდათ, რომ ფილტვების ანთება ოთხჯერ გადავიტანე სცენაზე. ჩემი ავად გახდომა არ შეიძლებოდა, რადგან სცენაზე ვიდექი კონცერტის დაწყებიდან დამთავრებამდე. მაშინ საკონცერტო დარბაზი არ თბებოდა და საშინლად უბერავდა. აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს, ზოგჯერ დღეში სამ-ოთხსაც კი ვმართავდით. იმდენი ხალხი მოდიოდა, იძულებული ვიყავით, ასეთი დატვირთვით გვემუშავა. ისეთი იდეის მატარებელ და ისეთ სიტყვებზე დაწერილ სიმღერებს ვასრულებდით, რაც ხალხს სურდა. ჩვენ, პირველ რიგში, ღმერთს ვემსახურებით, შემდეგ ხალხს.

- თქვენთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რა ლექსზე იქმნება სიმღერა?

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება უმთავრესიც. მაქვს სიმღერები ტაბიძის, შექსპირის ლექსებზე. ვმღერი ბეთჰოვენს, მოცარტს, შუბერტის სერენადას, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერებს ჯემალ ბაღაშვილის ლექსებზე. შეიძლება ზოგჯერ, ადამიანი არ აქცევს ყურადღებას სიმღერის ტექსტს, მაგრამ იდეას როცა იჭერს, მაშინ კმაყოფილია. ჩვენი "ჩხიკვთა ქორწილი" დაახლოებით ათასჯერ წარმოვადგინეთ და ყველამ ზეპირად იცის. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მიუზიკლებზე - "არგონავტები", "თოვლის ბებოს ზღაპარი", "ფიროსმანი". გარდა ამისა, ანსამბლმა წლების მანძილზე 22 საკონცერტო პროგრამა მოამზადა.

- თქვენი ოჯახის წევრები ხატავენ. თავად არ გიცდიათ ხატვა? ხელოვან ადამიანებს ხომ ზოგჯერ გვიან უჩნდებათ...

- (მაწყვეტინებს) ჯერ არ დამიდგა გვიან... შეიძლება ჩემთვის ჩუმად დავწერო ლექსი ან მუსიკა შევქმნა, მაგრამ ვცდილობ, ეს არ გავაკეთო, რადგან სხვები ჩემზე უკეთესად ასრულებენ ამ საქმეს. თანახმა ვარ, ვიყო გამტარი და შემსრულებელი იმ მუსიკისა და იდეების, რასაც სხვები მთავაზობენ და რაც მე მომწონს.

- არსებობს მხატვარ ონისე ჩიკვაიძის მიერ შესრულებული თქვენი შესანიშნავი პორტრეტი, როგორ შეიქმნა იგი?

- სანამ მუშაობას დაიწყებდა, მკითხა და ჩემი აზრი ვუთხარი, - რასაც ვმღერი, იმას თუ გადაიტან ტილოზე, კარგი იქნება-მეთქი. ონისეს სურათს დასაწუნი არაფერი აქვს. ღვინის თასი რომ გიჭირავს კაცს ხელში, ჩოხა გაცვია და ვენახში ზიხარ, მეტი რა უნდა მოითხოვო? ქრისტიანი კაცისთვის ასეთი იდეა ბევრს ნიშნავს. მაგრამ ჩემთვის მაინც ცოტა ამბიციურია, იმიტომ, რომ რელიგიურ საწყისებთან არის ერთობაში.

- თქვენთვის პირველი ფილმია "სინათლე ჩვენს ფანჯრებში". ე.წ. კასტინგი გაიარეთ?

- პირველი და უკანასკნელი მხატვრული ფილმი იყო. მე არ ვარ ფილმოგენიური, ეს სახელი სპეციალურად დავარქვი ჩემს თავს. როლზე შერჩევა კი ასე მოხდა: პირველი მაისის აღსანიშნავ დემონსტრაციაზე რუსთაველზე მოვაბიჯებდით და რეჟისორ გუგული მგელაძის დავალებით, ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, რომელმაც სინჯისთვის კინოსტუდიაში მიმიწვია. ასე იყო თუ ისე, რაღაც გამოვიდა. მერე ფილმის გადაღებები დაიწყო, დიდი ვაი-ვუი არ ყოფილა. ჩემს თავს ცოტა გარედან ვუყურებ ხოლმე - როლი შენს ჰაბიტუსზე უნდა იყოს მორგებული, შენს მსოფლმხედველობაზე მიახლოებით მაინც ან ძალიან დიდი მსახიობი უნდა იყო. თუ შეგნებულად მიუდგები, ასეა. ვფიქრობ, რომ შეიძლება მომარგონ ყაჩაღის როლი (იცინის) ან ტერორისტის... მხატვრული ფილმი სხვა რამეა. რაც შეეხება "ივერიას" ფილმებს, ჩვენი შექმნილი მიუზიკლები იყო და ისინი ფილმებად გადავიღეთ.

- "არგონავტებში", "სიყვარული, ივერია და..." - ლიკა ქავჟარაძე თამაშობდა. როგორ გაიხსენებთ მას?

- ლიკა მაშინ იყო 15 წლის ბალღი. გადაღებებზე მარტოს ხომ არ გამოუშვებდნენ და დედა დაჰყვებოდა. უაღრესად ლამაზი იყო, მართლაც ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს ჰგავდა. "არგონავტებში" მედეას თამაშობდა. ფილმში ასეთი ეპიზოდია: კოლხთა მეფის აიეტის ვაჟი აფსირტე გამოეკიდა ბერძნებს, როცა მათ მედეა მოიტაცეს. არგონავტებმა აფსირტე მოკლეს. ლიკას გასვენებაში ვთქვი: როგორც აიეტმა, ვაჟი დავკარგე და ახლა, გოგოც დავკარგე მედეას სახით-მეთქი. ნათელში იყოს, დიდი კვალი დატოვა ქართულ კინოში.

GzaPress

- ბოლო დროს, სად იმღერეთ?

- 2 თვის წინ მარტვილში ვიყავი, იქ ეკლესია ააშენა ერთმა პიროვნებამ. კასპობა იყო ამას წინათ და იქაც მიმიწვიეს. კიდევ სად ვიყავი? აა, თეთრიწყაროში, ქალაქის დღესასწაულს - თეთრწყაროობას დავესწარი. ასეთ ღონისძიებებზე 4-5 სიმღერას ვმღერი, მეტი უნდათ? კი ბატონო, თავს არ ვზოგავ.

- როგორც ვიცი, ოქროს ქორწილის წელი გქონდათ, არ აღნიშნეთ?

- არაჩვეულებრივი მეგობარი მყავს, ვასილ ბოლაშვილი, რომელმაც დაიჟინა და შინაური წრე შეგვკრიბა ადგილზე, რომელსაც სხვათა შორის, "ფიროსმანი" ჰქვია. შეისვა სადღეგრძელოები, ვიმღერეთ, ვიხუმრეთ და ასე დამთავრდა მეუღლესთან თანაცხოვრების 50 წელი. ახლა, დაიწყო 51-ე.

- თქვენი მეგობრები ამბობენ, რომ ხართ სამართლიანი, თვითკრიტიკული, მკაცრი, მოწესრიგებული, ძლიერი. თავად კიდევ, რას დაამატებთ?

- არასდროს ვაგვიანებ. ვთვლი, რომ დაგვიანებით პატივს არ ვცემ ჯერ საკუთარ თავს და მერე იმას, ვისთანაც მივდივარ. ამას არ დავუშვებ. კვირაში 2-3-ჯერ ხმას ვამუშავებ. ღვთის ნაჩუქარ ნიჭს, რომელსაც ხმა და მუსიკალობა ჰქვია, მკაცრად და სამართლიანად ვუდგები. სცენაზე დგომაც უფლის ნაბოძები ნიჭია და მისი მოთხოვნილებაა - რადგან ეს მადლი მოგეცი, კეთილი ინებე და შეასრულე. თუ როგორ ვასრულებ, ეს სხვა თემაა. ეს არის უზარმაზარი და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა. ღვთის საჩუქარს უაღრესი გაფრთხილება სჭირდება. ახლა, ოთხდისკიანი ალბომი გავაკეთე, რომელიც არ იყიდება. სახლში მაქვს და ვისაც მინდა, ვჩუქნი, მორჩა! 80 სიმღერის მომსმენი კაციშვილი არ არის (იცინის). რეჟისორმა კახა კახაბრიშვილმა, შენ გინდა თუ არა, არ გეკითხებიო, DVD-ის გამოშვება იკისრა, სადაც ერთად მოუყარა თავი სხვადასხვა ნაწყვეტს და სიუჟეტს ჩემი შემოქმედებიდან. ასეთი რა გავაკეთე? ალბომზე სიმღერები აღნიშნული მაქვს და ვისაც ვჩუქნი, ვეუბნები: ესენი მოისმინე და თუ დრო დაგრჩა, მერე დანარჩენი-მეთქი. ასეთი ვარ მე.

- ბატონო თემურ, "ივერიის" არქივარიუსი ბრძანდებით...

- ადრე, კონცერტების დროს, ხალხი პატარა ქაღალდებს გადმოგვაწვდიდა ხოლმე, სადაც ეწერა: "გთხოვთ, შეასრულოთ ეს სიმღერა", "მე თქვენ ძალიან მიყვარხართ", "დღეს რა შესანიშნავად იმღერეთ" და ა.შ. ასეთი შინაარსის წერილები მოგვდიოდა. ამ ყველაფერს ვინახავდი და 200-300 ცალი კი არა, ათეულათასობით დაგროვდა. ზოგს რაღაც იდეები ჰქონდა და იმას გვთავაზობდა, სცენარებს გვიგზავნიდნენ, ზოგიერთი ლექსებს გვიწერდა. პირადად ჩემთვის მოწერილი, დაახლოებით 200-მდე ლექსი იქნება. აი, ასე ავლენდა ხალხი ჩვენ მიმართ სიყვარულს. ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ, იმიტომ, რომ მაშინ სცენასა და მაყურებელს შორის ცოცხალი ურთიერთობა იყო.

- დაბოლოს, რას ეტყვით მკითხველს?

- თუ ადამიანი სიყვარულით ცხოვრობ, თუ შენ მთლიანად გფლობს სიყვარული, ე.ი. ღმერთს ებარები და მაშინ, ყველაფერი დანარჩენი აზრს კარგავს. ღვთის გზით მავალი ყველას ჰპატიობ, ყველას შეუნდობ, მოსიყვარულე ადამიანი ხარ შინ და გარეთ. არ არსებობს ჩემი აზრით, განსაზღვრა მტრისა და მოყვრისა, რადგან ყველა გიყვარს.

ნანული ზოტიკიშვილი