"მწვანე" მარადისელი ბიჭი - "კაბინეტმა და ღიპის დადებამ ბებოს არცნობაც იცის!" - გზაპრესი

"მწვანე" მარადისელი ბიჭი - "კაბინეტმა და ღიპის დადებამ ბებოს არცნობაც იცის!"

ყოველწლიურად რამდენიმე ახალგაზრდაზე მაინც ვწერ და სასიხარულოა, რომ ბევრი მათგანი სამაგალითოა მიზანსწრაფულობითა და ცხოვრების სტილით. ახლახან პატარა კახელმა ფერმერმა, ლევან ლაზაშვილმა მომიკითხა, - თქვენ რომ დაწერეთ ჩემზე, მის მერე ტელევიზიებმაც ჩამწერეს და პრეზიდენტთანაც მქონდა შეხვედრაო... შესაძლოა, ეს მედია და სახელისუფლებო ყურადღება ლევანისთვის იმდენად დიდი მოტივი გახდეს, რომ მშრომელი ადამიანის რთული გზიდან გადახვევა არასდროს იფიქროს. ახლა კი მარადისელ თენგო შაინიძეზე უნდა გესაუბროთ, უპრეტენზიოდ რომ მიიწევს წინ და ზნეკეთილ მოქალაქედ ყალიბდება.

მარადისი გასული საუკუნის მიწურულს შეუქმნიათ აჭარელ ეკომიგრანებს. მშობლიურ მხარეს მოწყვეტილ ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ მწვანე და ნალექუხვი მხარის გარეშე, მაგრამ მარნეულის ღალიან-ბარაქიანი მიწა იოლ საზრდოს აძლევს მოსახლეობას, ამიტომაც ადვილად შეეჩვივნენ იქაურობას, თანაც, აჭარასაც არ ივიწყებენ. იშვიათად მაინც ჩადიან საწინაპროში, თუნდაც დღესასწაულების აღსანიშნავად!

თენგოს თუ ჰკითხავთ, არაფერი განსაკუთრებული მასში არაა. ორიოდე წელიც არ უნდა, სკოლას დაასრულებს, მერე აუცილებლად მოუწევს დიდი არჩევანის გაკეთება. ეკოლოგობა სურს, მაგრამ არავინ იცის, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ რაზე შეაჩერებს არჩევანს.

მშობლები და დები მისთვის სამყაროს დასაწყისია. მართალია, დები ხშირად აბრაზებენ, მაგრამ პატარებს ზოგჯერ დაუთმობელსაც უთმობს, რადგან ის ჯერ ერთი, ოჯახის უფროსი შვილია და თანაც, ვაჟია... დღეს რომ ანერვიულეს დებმა, ხვალისთვის ეს უკვე ტკბილი მოგონებაა. ოჯახური გარემო თენგოსთვის ელექსირია. არავის უმხელს, მაგრამ თვალები გათქვამენ, როგორი სიყვარულით უყურებს ეზოსა და მოედანზე მოთამაშე ტყუპს! ითამაშონ, გაერთონ, ოღონდაც დროის ფასიც ისწავლონ, ეს უნდა მზრუნველ ძმას...

თენგოს დატვირთული განრიგი აქვს. დილის 7 საათზე დგება, ემზადება სკოლაში წასასვლელად, საოჯახო საქმეებსაც ხელი უნდა წაჰკრას და ნახევარი კილომეტრით მოშორებულ სკოლაში ზოგჯერ 10 წუთით დაგვიანებით მიდის... ეს არაფერი, თენგო წუთებით კი არა, წლობით წინაა და საკლასო კართან გაწითლებულს, მასწავლებლები გულღიად იწვევენ გაკვეთილზე! დანარჩენს თავად თენგო გვეტყვის ოდნავ სპეციფიკური ქართულით:

"სკოლა მიყვარს, რადგან აქ ვიღებ ცოდნას. იქ თითქმის სულ მე ვლაპარაკობ, კლასში მოსწავლეები ცოტანი ვართ და გაკვეთილის ამოწურვის შემდეგ, გარემოს დაცვასა და მის მნიშვნელობაზე ვყიყინებ. გაკვეთილების შემდეგ ვბრუნდები სახლში და გავრბივარ სამზარეულოში. მუცელამოყორილი აჭარული ბუღასავით ვიბერები და მაგიდიდან დივანზე გადავდივარ. ვისვენებ ათი წუთით და ვამოწმებ ფორესტრყ.გე-ს, თუ ვინ რა მასალა დაამატა "კეცხოველის პრემიის" ფარგლებში. შემდეგ უკვე ვიღებ ურიკას, რომელიც არის წარმოებით "Mადე ინ Mარადისი" და მივდივარ ყანაში, ძროხებისთვის ჩალის მოსატანად. როცა მათთვის საკვებს ამოვიტან, მე და დედაჩემი მივდივართ კვლავ ყანაში, რადგან ბროკოლია მოსაჭრელი. ვიდრე ბროკოლს მოვჭრით და გავამზადებთ, ამ დროს უკვე ძროხებიც მოდიან და ვბრუნდებით შინ. შემდეგ ვცდილობ ვიკითხო კლასგარეშე ლიტერატურა და მერე ვიწყებ გაკვეთილების მომზადებას. მიყვარს პარასკევი და შაბათი, ამ დღეებში გავდივარ მოედანზე და ბავშვებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს. ვფიქრობ, სოფლის ცხოვრება გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ქალაქის. თუ სოფლად გყავს მეგობრები, მათი იმედი ყოველთვის გაქვს. მათთან ერთად გიწევს მუშაობა ყანაში, მიდიხარ მინდორზე, მოგაქვს თივა, დადიხარ მთებში და განიცდი იმას, რასაც განიცდიდა ელგუჯა და ხევისბერი გოჩა. ჩემი სოფლის ჰავა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსავალი წელიწადში ორჯერ მივიღოთ. ამიტომაც, სამიწათმოქმედო სამუშაოები თითქმის მთელი წელი გრძელდება. მართალია, გრაფიკი ცოტა დატვირთული გვაქვს, მაგრამ არაფერი ჯობია ნადში მუშაობას..."

GzaPress

თენგო ისლამის აღმსარებელია. თვლის, რომ უნდა დაიცვას თავისი რწმენა. ის ისეთ სულიერ შვებას ნახულობს მეჩეთში, როგორც სხვანი - სინაგოგასა და ეკლესიებში. ძალიან უყვარს სტამბოლის ცისფერი მეჩეთი. მგონი, გამორჩა მხედველობიდან ამ მეჩეთზე წარწერა: "რასაც აქ ეძებ, ვისაც აქ ეძებ, დახუჭე თვალი, შენშია სულაც", მაგრამ ოდესმე კიდევ ჩავა სტამბოლში და აია სოფიასაც ნახავს, ოტომანთა სასახლეების კომპლექსსაც და მარმარილოს ზღვასაც... თენგო ბუნებით პაციფისტია და მშვიდი შრომა მისთვის ნეტარებაა. უნდა, რომ სამყარო სრულად თავისუფალი იყოს შიშისგან, ნარჩენებისა და ძალადობისგან. განსაკუთრებით ნარჩენები აღიზიანებს. უკვირს, რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს ის გარემო ჰქონდეს სუფთა, რომელშიც ცხოვრობს?!

"აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტი ვარ. აქ დავიბადე, მაგრამ აქაურობაზე მეტად, მშობლიური კუთხე მიზიდავს, საიდანაც მოდის ჩემი ფესვები. აჭარა ჩემთვის ამქვეყნიური ედემის ბაღია. მთელი წლის განმავლობაში თვალწინ მიდგას მისი მთები, ტყე... მიყვარს კორტოხის ტყეში სეირნობა და ნაძვის ხიდან კევის ხელში ჩაგდება; მიყვარს აჭარული მსხალი და ვაშლი; მიყვარს ჩემი ლოდიძირი და იქაური ირმის ჭოლო, რომელზეც არაერთხელ გამიგორებია ბურთი. მაგნიტივით მიზიდავს მწვანე ტბა, რომელშიც არაერთხელ შემიტოპავს".

ახლა კი სხვა მხრიდანაც მოგიწევთ თენგოს დანახვა. ეპიზოდური სეგმენტები მისივე ნაამბობია...

ეპიზოდი პირველი: "დღეს მეგობრებს მოგვიწია სამუშაოდ გასვლამ, სიმინდი გვქონდა ბაზარში წასაღები. როცა მივედით, ტომრები გავინაწილეთ. პირველმა მე ავიღე და, რა თქმა უნდა, პატარა. დავიწყეთ მუშაობა, ყველაფერი წესისამებრ მიდიოდა, თუ მე გამომქონდა ნაკვეთიდან 60 ცალი, მას - 80. ბოლოს სანაძლეო დავდეთ, რომ ის შეძლებდა ტომარაში ჩაეტია 150, როცა მასში 120-ზე მეტის ჩატევა თითქმის შეუძლებელია. გასაკვირი არის ის, რომ მან შეძლო 200-ის ჩალაგება. შემდეგ კი მითხრა: თუ ფარ-ხმალს დავყრიდი, ვერაფერს შევძლებდი. ზუსტად ეს მითხრა ერთმა განსაკუთრებულმა ადამიანმა, რომელიც დიდ სტიმულს მაძლევს. დაცემა ადვილია, წამოდგომაა რთული. მთავარია, შეგეძლოს წამოდგომა, დაცემას ყველა შეძლებს".

ეპიზოდი მეორე: "აჭარაში მივდივარ. ბებიამ ბათუმიდან სამგზავრო ჩანთა გამომიგზავნა. ეზოში მომიტანეს. არ ველოდი, ცრემლი მომერია. ოთახში შევიმალე და ჩუმად ვიტირე. ჩანთაში ერთი ფილა შოკოლადიც იდო. არა, ეს რომ შევჭამო, ასე მეგონება, ბებიას ვჭამ. წავიღებ და ტყუპს მივცემ, მაგათთვის სულერთია, თუ დასჭირდათ, ბებიასაც შეჭამენ".

GzaPress

ეპიზოდი მესამე: "დღეს სკოლაში ვიღაც იურისტი იყო მოსული. ჩოგბურთის მაგიდა რომ დაინახა, აქ ჩემპიონი ვინ არის, თუ შეუძლია, მეთამაშოსო. გავედი ბაში-აჩუკივით. ვჩემპიონობ. ვეთამაშე. მოვუგე. ერთი პარტია კიდევო. დავთანხმდი. პირველი ხუთი ქულა წამართვა. ავნერვიულდი და ნელ-ნელა დავიწყე პოზიციების დათმობა. - როცა იგებდი, უფრო კარგად თამაშობდი, წაგება დაიწყე თუ არა, იმ წუთში დაეცი. ნაადრევად ფარ-ხმალს ნუ დაყრიო, - მითხრა. მთელ დღეს ამ სიტყვებზე ვფიქრობდი..."

ეპიზოდი მეოთხე: "აჭარაში ვარ. მთაში. მწვანე ტბა მართლა მწვანე ყოფილა. აქ დავეც კარავი. ფიჩხი მოვაგროვე. ცეცხლი დავანთე. ღამით დარჩენა მინდოდა, მაგრამ სადა მაქვს დათვებთან ჭიდაობის თავი? მთელი დღეა, აქაურობის მოწყობა-მოლამაზებაზე ვფიქრობ. გავერანებულ ადგილებს სიცოცხლეს ვანიჭებ. კოტეჯები ავაშენე, გასართობი ადგილებიც მოვამრავლე, კინოთეატრიც წამოვჭიმე. ტბაზე უკვე მოტორიან ნავებს ვუშვებ და ახლა დათვმა რომ დამტოროს ან მგელმა შემჭამოს, რა ეშველება კაცობრიობას?"

ეპიზოდი მეხუთე: "ბებია გამახსენდა რატომღაც. დიდი ხანია, ერთად აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ არ მავიწყდება, მისი ოცნება რომ ვარ. - ბებია, კარგად ისწავლი, ოქროს მედალს აიღებ, უმაღლესს დაამთავრებ, კაბინეტში დაჯდები, მე მოვალ, ფრთხილად დავაკაკუნებ და რომც არ გამომხედო, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებაო, - ათასჯერ მაინც უნატრია ასე. ახლა მწვანე ტბაზე, კარავში შეყუნცული იმაზე ვფიქრობ, ვაითუ, აუხდენელი ოცნება ვარ ბებიაჩემის. ვხვდები, რომ კაბინეტში ჯდომა კი არა, კომბალი მსურს გავიდო მხარზე და ვიხეტიალო. თანაც, ბებო, ხომ ხედავ, შენ ჩემზე უკეთ გცოდნია, კაბინეტმა და ღიპის დადებამ ბებოს არცნობაც რომ იცის".

P.s. არ ვიცი, ამ ეპიზოდებიდან რომელი უფრო მოეწონება მკითხველს, მაგრამ თენგო ის "მწვანე" ბიჭია, სამშობლოს ყველა დროს და ყველა ადგილას რომ გამოადგება...

როლანდ ხოჯანაშვილი