"მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ კი იგივე გადავიტანო" - გზაპრესი

"მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ კი იგივე გადავიტანო"

ეკრანზე მისი გამოჩენიდან რამდენიმე წუთში, სოციალური ქსელები ვანოს ფოტოებითა და თბილი კომენტარებით აივსო. მართალია, პროექტში მუსიკალური ნომერი წარმატებით ვერ შეასრულა, მაგრამ საყვარელ გოგონას საკუთარ გრძნობებში ამჯერად სცენიდან, კიდევ ერთხელ გამოუტყდა: "მიყვარხარ, მენატრები და ყველაფერს გაპატიებ, რაც უნდა იყოს"... ის სიმღერის მომზადებისთვის კახა გრძელიშვილს ემადლიერება, რადგან ამ ადამიანმა ბევრი ენერგია დახარჯა, რათა მისთვის სიმღერა ესწავლებინა...

GzaPressვანო დვალიშვილი ქუთაისში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს. მისი დღე დილის 8 საათზე იწყება - 9 საათზე სკოლაში უნდა იყოს და გაკვეთილებს დაესწროს, 12-ისთვის კი მუშაობას იწყებს, რაც დაახლოებით, ღამის 12 საათამდე გრძელდება.

- დიდი ხანია, რაც ვმუშაობ. თუკი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ ან ვჭამ, ან მძინავს (იცინის). სულ რაღაცას ვაკეთებ, ვერ ვჩერდები. ეტყობა, მუშაობა ჩვევაში გადამეზარდა.

- რესტორანი შენი პირველი სამსახურია?

- არა. 12-13 წლის ვიყავი, როცა ავტოსადგურზე დამლაგებლად ვმუშაობდი. მეზობლები და ნათესავები ჩემს ოჯახს განიკითხავდნენ: ბავშვს რატომ ამუშავებენო? არადა, ეს ჩემი სურვილი იყო. მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა.

- როცა მუშაობა გადაწყვიტე, ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ?

- თავდაპირველად გაუხარდათ, ასეთი ინიციატივა რომ გამოვიჩინე, მაგრამ შემდეგ შენიშნეს, რომ ვიღლებოდი, ძილი არ მყოფნიდა, ამიტომ მეწინააღმდეგებოდნენ. ხშირად სამსახურს ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით ვანებებდი თავს. ძირითადად, ზაფხულში ან ზამთარში ვმუშაობ, როცა სკოლაში არდადეგები მაქვს.

- მაგრამ ახლა გაზაფხულია და სკოლაში სწავლა ჯერ არ დასრულებულა. მუშაობა რატომ გადაწყვიტე?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ზაფხულში ჩვენი ბიზნესი გვქონდა: ქუთაისში პატარა ლაუნჯ-ბარი გავხსენით, მაგრამ არ იმუშავა და 22 ათასი ლარი ვალად დაგვედო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ შეყვარებული გახლდით. 13 წელია, ჩემი მშობლები დაშორებული არიან. დედა სამხედრო სამსახურშია. ბაბუას ინსულტი ჰქონდა და ბებია უვლიდა, ამიტომ ბარის მუშაობა ჩემსა და ჩემს დაზე იყო დამოკიდებული. შემდეგ ჩემი და თურქეთში გაემგზავრა (ის თურქულ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მე მისით ძალიან ვამაყობ) და ბარის საქმეები მთლიანად მე დამეკისრა, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები სამსახურსაც დაეტყო - არაფერს აღარ ვაკვირდებოდი...

- შეგიძლია, შენი რომანის შესახებ გვიამბო?

GzaPress- დიახ, მაგრამ არ მინდა, ისე "გამოჩნდეს", თითქოს ის ცუდი პიროვნება გახლავთ. ყველაფერი ჩემი ბრალი უფრო იყო... ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის თურქულ სკოლა-ლიცეუმში ვსწავლობ. თურქულ სკოლას საქართველოში რამდენიმე ფილიალი აქვს, მათ შორის - თბილისშიც. დედაქალაქში მეგობრები მყავს. ჰოდა, ელენე სწორედ საერთო მეგობარმა, შარშან გამაცნო. პირველი, რაც დავინახე, მისი თვალები იყო... აღმოჩნდა, რომ მამა თურქი ჰყავს. ის ჩემთვის საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. უბრალოდ, მეგობრულად ვისაუბრეთ და ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შემდეგ ერთმანეთს "სკაიპით" ხშირად ვეკონტაქტებოდით: ვიცინოდით, ერთმანეთს ვიდეოებს ვუგზავნიდით... მაისში საქართველოდან 6-ბავშვიანი გუნდი შეიკრიბა, რომელიც თურქეთში, კულტურულ ფესტივალზე საქართველოს წარადგენდა. ამ გუნდში მე და ელენეც ვიყავით. ისე მოხდა, რომ ავტობუსში გვერდიგვერდ ვისხედით და მთელი გზა ვლაპარაკობდით. როცა დაღამდა, ელენეს ჩემს მხარზე ჩამოეძინა. იცით, ჩემს ცხოვრებაში სხვა გოგონებიც ყოფილან, მაგრამ ასეთი სითბო არასოდეს მიგრძნია. ვიცი, ზედმეტად დრამატულად ჟღერს, მაგრამ ასეა... თურქეთში, ფესტივალზე ერთმანეთს არ ვშორდებოდით, ყველგან ერთად დავდიოდით. უკან დაბრუნებისას, ერთმანეთს სხვანაირად ვუყურებდით, ვდუმდით; უბრალოდ ვისხედით და ველოდით, ვინ რას იტყოდა. ყველაფერი უსიტყვოდ, 1 კოცნით გამომჟღავნდა...

- შემდეგ თქვენი რომანი როგორ განვითარდა?

- ძალიან ცუდად: იმას ვგულისხმობ, რომ მე ქუთაისში ვცხოვრობ, ის - თბილისში. ერთმანეთს დიდხანს ვერ ვხვდებოდით. "სკაიპით" და ტელეფონით კი ვკონტაქტობდით, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, მის გვერდით ყოფნა გინდა. ჩემი ოჯახი წინააღმდეგი არ იყო, რომ მის სანახავად წავსულიყავი, მაგრამ ოჯახური ბიზნესი სწორედ იმ პერიოდში დავიწყეთ: ბარში მე და დედამ ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ. დაახლოებით 1 თვე შეყვარებულს საერთოდ ვერ შევხვდი. ერთხელ დედამ მოწყენილობის მიზეზი მკითხა და როცა შეიტყო, სიურპრიზი მომიწყო: ბარში მყოფი მენეჯერისა და მეგობრებისთვის უთქვამს, - აბა, "ობშიაკი" "ჩამოყარეთო" (იცინის). ფული შეიკრიბა, დედა თავისი მანქანის საჭეს მიუჯდა, ბენზინი ჩავასხით და ბათუმისკენ გავემგზავრეთ, რადგან იმ პერიოდში ელენე ბათუმში, დედასთან ერთად ისვენებდა. გზადაგზა მანქანას ვაჩერებდით და სადაც კი ყვავილებს ვნახავდით, ვკრეფდით. საბოლოო ჯამში, იმხელა თაიგული გამოვიდა, დილის 4 საათზე, ელენეს რომ მივუტანე, შესაბამისი ზომის ვაზა ვერ იპოვეს (იცინის)... შემდეგ, შეყვარებულის სანახავად, თბილისში ყოველკვირა მივდიოდი. ყველაფერი ძალიან კარგად იყო! ჩემი ეჭვიანობის გამო დავშორდით: ნერვები ეშლებოდა; სწყინდა, რომ ვაკონტროლებდი. მერე ჩემ მიმართ თითქოს, გაცივდა, რამაც სულ გამაგიჟა... შემდეგ შევრიგდით, თითქოს ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ ერთხელ ტელეფონზე ცივად მიპასუხა. ვერ გავიგე, რა მოხდა. მივწერე, - მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ მისგან ანალოგიური პასუხი არ მიმიღია. იმავე საღამოს, სამარშრუტო ტაქსით თბილისში გავემგზავრე. მეორე დღეს ელენეს სკოლაში მივაკითხე. თურმე გადაწყვიტა, ურთიერთობა დროებით შეგვეწყვიტა. მითხრა, - საკუთარ თავში გარკვევა მჭირდებაო... ქუთაისში დავბრუნდი. 2 დღეში დამირეკა, - ვიფიქრე და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. პირველი დღეები ჩემთვის ძალიან რთული იყო. მესამე დღეს, მასზე ფიქრსა და ეჭვიანობას შევყევი და გულის შეტევა დამემართა. "სასწრაფო" გამოიძახეს, რეანიმაციაში მოვხვდი. ჩემი ოჯახი შეშინდა. როგორღაც, ეს კრიზისი გადამატანინეს, წამლებით გამჭყიპეს... დამამშვიდებლების მიღების შემდეგ, ყურადღებას არაფერს ვაქცევდი და ჩვენს ბარში კომბოსტოსავით ვიჯექი. როცა წამლის მიღების კურსი დავასრულე, თავის შეკავება ვერ შევძელი და ელენეს შესახებ ახალი ამბების გაგება დავიწყე... დღემდე ვიმედოვნებ, რომ ოდესმე დაბრუნდება.

- "იქს-ფაქტორში" მონაწილეობა იმიტომ გადაწყვიტე, რომ მისთვის სიყვარული კიდევ ერთხელ აგეხსნა?

GzaPress- დიახ. ამის შესახებ ჟიურის წევრებს თავიდანვე ვუთხარი. როგორც ჩანს, მონტაჟისას "ამოიჭრა"... როცა ჩემი გამოსვლის ჯერი დადგა, ერთადერთი, ელენეს ნაჩუქარი სამაჯურის სამაგრი მამშვიდებდა, რომელზეც თურქულად აწერია: "შენზე უარს არ ვიტყვი". რა თქმა უნდა, საშინლად ვიმღერე. მინდოდა, სიმღერა სწრაფად დასრულებულიყო და ჩემი სათქმელი მეთქვა. ჩემ შესახებ ბევრი ამბობს, - სცენაზე დგომისას, კინაღამ ცრემლები წამოუვიდაო. "ფეისბუკზე" "დავპოსტე", - თვალში რაღაც ჩამივარდა-მეთქი. შეიძლება, ბევრისთვის გასაგები იყოს: როცა მართლა გიყვარს, გრძნობებს ვერ იკავებ. სცენაზე, როცა უკვე ჩემი სათქმელი უნდა მეთქვა, კანკალი დამეწყო. ტანზე მცხელოდა, ხელის თითები კი მეყინებოდა... გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ელენესგან მესიჯი მივიღე: "ფეისბუკი" შენი ფოტოებით აჭრელებულია, ფურორი მოახდინეო. "ვიმესიჯეთ". როცა ვკითხე, თუ სურდა, რომ ისევ ერთად ვყოფილიყავით, მიპასუხა, - არაო... მე მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ ისევ დაინგრეს და იგივე გადავიტანო. უბრალოდ, მომენატრა, მართლა სიგიჟემდე მომენატრა!

- ვანო, ძალიან პოპულარული გახდი. თაყვანისმცემლები რას გწერენ?

- გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ უამრავი შეტყობინება და მეგობრობის თხოვნა მივიღე. მეგობრებმა სიურპრიზი მომიწყვეს და ჩემი "ფეიჯი" შექმნეს, რის გამოც ნერვები მომეშალა: ტელეეკრანზე 5 წუთით გამოვჩნდი, არც დიდი მომღერალი ვარ და არც - განსაკუთრებული პიროვნება.Aარ მინდა, ხალხმა იფიქროს, რომ "თავში ამივარდა". ამიტომ სამსახურიდან ღამის პირველ-ორ საათზე შინ რომ ვბრუნდები, 3-4 საათამდე არ მძინავს, რადგან ამ დროს აბსოლუტურად ყველა ადამიანის შეტყობინებას ვპასუხობ. თუ ვინმე გამომრჩება, თავიდან "ვსქროლავ" და მესიჯებს ვამოწმებ. ჩემი აზრით, ეს სწორი საქციელია. მწერენ, - ვაიმე, "იქს-ფაქტორში" გიყურეთ, ძალიან საყვარელი იყავიო! ძირითადად, ის აინტერესებთ, თუ რა მიპასუხა "იმ გოგომ" (იღიმის).

- "იქს-ფაქტორში" თქვი, - ღმერთმა ყველას აშოროს ის განცდა, როცა არ იცი, დედა ცოცხალია თუ არაო. ამ მხრივ, შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი რომელი იყო?

- როცა დედა ავღანეთში იყო და 3 კვირის განმავლობაში, ინტერნეტით ვერ მეკონტაქტებოდა. რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ის პერიოდი ნამდვილი ტანჯვა იყო, სიგიჟის ზღვარზე ვიყავი... შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქების გამო, ინტერნეტის კაბელი დაზიანებულა.

- სამხედრო სამსახურზე არ გიფიქრია?

- კი, უფრო მეტიც - მიოცნებია. ოჯახის წევრებმა ჩემი ხასიათი იციან - კურსების გავლის შემდეგ, აუცილებლად ცხელ წერტილში გავემგზავრებოდი. ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ, რატომაც მეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, სპორტით ვიყავი დაკავებული და შეჯიბრებისას, ფინალში ტრავმა მივიღე - ხერხემალს დიდად ვერ დავტვირთავ. შანსი მაქვს, თურქულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვისწავლო, ამიტომ ეს გზა ავირჩიე.

- შენი ინტერესი თურქეთისადმი რამ განაპირობა?

- უბრალოდ, ბებიამ გადაწყვიტა: ბავშვებმა ქართული, რუსული, ინგლისური იციან, უკრაინული ენაც ესმით და თურქულ სკოლაში შევიყვანოთ - თურქულსაც ისწავლიანო. ნელ-ნელა შევეჩვიე, ეს ენა მომეწონა. თურქებიც მომწონს და მათი ქვეყანაც.

- მამასთან ურთიერთობა გაქვს?

- ბოლოს მარტში შევხვდი, მაგრამ შეხვედრასაც ხომ გააჩნია? მამის მხრიდან,Bბებია-ბაბუა 13 წელია, არ მინახავს - როგორც ჩანს, ჩემი ნახვის სურვილი არ გასჩენიათ. მამაც იმიტომ ვნახე, რომ დედამ დამაძალა. მასთან კარგი ურთიერთობა ნადვილად არ მაქვს... არის რაღაც, რასაც მას არასოდეს ვაპატიებ...

- სკოლისთვის გაკვეთილების მომზადებას როგორ ასწრებ?

- სკოლაშივე ვიმახსოვრებ, ვსწავლობ ან გაკვეთილს სამსახურში ვიმეორებ.

- დასვენების დღე არ გაქვს?

- არა. ვინაიდან რესტორანში ძირითადად, სტუმრებს თურქული სამზარეულოთი ვუმასპინძლდებით, ბევრი ტურისტი შემოდის. ისეთი მიმტანი კი გვყავს, რომელსაც ინგლისურის ქართულად თარგმნა შეუძლია, მაგრამ თურქულის ქართულად, ინგლისურად, რუსულად თარგმნას მხოლოდ მე ვახერხებ. უკრაინულიც მესმის. არაბულსაც ვსწავლობდი, მაგრამ კარგად არ ვიცი.

ეთო ყორღანაშვილი