"თავს უცხოდ ვგრძნობ სამ­შობ­ლო­ში" - გზაპრესი

"თავს უცხოდ ვგრძნობ სამ­შობ­ლო­ში"

საზღვარგარეთ დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, მივიღე სასურველი საბუთი, რომელიც მაძლევს უფლებას, ვიყო ლეგალი საბერძნეთში და თან, ავისრულო დიდი ხნის ოცნება და ჩამოვიდე საქართველოში, ჩემს სამშობლოში, რომელიც წლების წინ დავტოვე და ახლა, დროებით, მაგრამ მაინც დავუბრუნდი. მინდა, გითხრათ, რომ უცხო თვალით შევხედე ჩვენს ქვეყანას, მესიამოვნა და თან, ბევრი რამ მეტკინა. მინდა, ჩემი წერილით ვამხილო ის ადამიანები, რომლებიც შორს მყოფს თბილ წერილებს გწერენ, მაგრამ როცა ჩამოდიხარ, ცივი გარემო გხვდება და იმის მიხედვით, თუ ვის რა მოუტანე, თბება ირგვლივ მყოფების განწყობა და ეს რეალობაა, მერწმუნეთ..." - ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გულახდილად ისაუბრა იმ თემაზე, რომელიც მისი თქმით, ბევრ ემიგრანტს აწუხებს. ბევრი მათგანი, შინ დაბრუნების შემდეგ ხვდება, რომ გაუცხოებულია ყველაფერ ქართულთან და რომ ვირტუალური მოკითხვები გაცილებით თბილად ხვდება გულს, ვიდრე პირადი შეხვედრა ოდესღაც საყვარელ ადამიანებთან...

"მოუთმენლად ველოდი იმ წამებს, როცა ტრანსპორტიდან გადმოსულს, ახლობლები დამხვდებოდნენ, იმ სითბოს მაგრძნობინებდნენ, რომელსაც წლებია, დანატრებული ვარ. მართალია, საბერძნეთშიც მყავს მეგობრები, ახლობლები, მაგრამ როცა აქ, ქართულ მიწაზე უნდა შეხვდე შენიანს, რომელიც წლებია, არ გინახავს, სულ სხვა მოლოდინებით ივსები. ქართულ მიწაზე ფეხი რომ დავდგი, მაშინ მივხვდი, რას ჰყვებოდნენ ემიგრაციიდან შინ დაბრუნებულები. მართლაც ძალზე ემოციური მომენტია, რომლის გადმოცემა შეუძლებელია და სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, თითქოს თავბრუ დამეხვა. ჩემი გულისცემა მესმოდა და მეგონა, ყველა გაიგონებდა... მერე იყო შეხვედრა შვილებთან, მეუღლესთან, დედმამიშვილებთან, ნათესავებთან.

იმ საღამოსვე წავედით რესტორანში და გული ვიჯერე ყველას მოფერებით. ისინი ჰყვებოდნენ რაღაც ამბებს, რომელშიც მე ხშირად მახსენებდნენ, ანუ ისე იხსენებდნენ ოდესღაც ჩემთან ერთად გატარებულ დღეებს, რომ თავიდან ვიფიქრე, ნეტავ, ხომ არ მოვკვდი-მეთქი? მერე ვიჩქმიტე და მივხვდი, რეალურ სამყაროში ვიყავი, უბრალოდ, ბოლო წლებში მომხდარ მოვლენებში მათ გვერდით არ ვიყავი და საერთო გასახსენებელიც არაფერი გვქონდა.

თუმცა, მაინც ბედნიერი ვიყავი ამით და თავს ვიმშვიდებდი, - ალბათ, ასე იმიტომ იქცევიან, რომ ძალიან მოვანატრე ყველას თავი-მეთქი. ბოლოს დაღლილები დავიშალეთ, მე კი ყველას ვთხოვე, არ დაკარგულიყვნენ და თავისუფალ დროს ჩემთან შემოევლოთ, ჭიქა ყავაზე და საჭორაოდ...

შინ მისულს, ყველაფერი სხვანაირად მოწესრიგებული დამხვდა. ვიცოდი, რემონტი რომ გაკეთდა, ავეჯიც გამოიცვალა, მაგრამ ძველი რომ თითქმის არაფერი დამხვდა, ცოტა არ იყოს, მეწყინა.

შვილებმა გული გამითბეს თავიანთი ჩახუტებით, მაგრამ მაინც ვიგრძენი, რომ ისეთივე თბილები აღარ იყვნენ, როგორებიც წლების წინ. ვიფიქრე, ეტყობა გაიზარდნენ და ამის ბრალია, პატარებს ხომ უფრო მეტად შეუძლიათ სითბოს გამოხატვა. მოკლედ, საჩუქრები სასწრაფოდ დახსნეს, გადამკოცნეს, მადლობაც გადამიხადეს, მაგრამ შორს მყოფსაც ასე მიხდიდნენ ხოლმე მადლობას...

მერე ბავშვები გაიკრიფნენ თავ-თავიანთ ოთახებში და დავრჩით მე და ჩემი ქმარი მარტოები. აი, მაშინ მივხვდი, რომ ცუდადაა ჩემი საქმე. მეგონა, რაღაც ცოდვას ჩავდიოდი, ჩემ წინ სრულიად უცხო კაცი იდგა თითქოს, რომელთანაც პირველი ღამე უნდა გამეტარებინა. ამას ვერ შევძლებდი და არც იმან დამაძალა. მივხვდი, მხოლოდ ჩემი დაბრუნების მოლოდინით არ უცხოვრია წლების მანძილზე. ამას ისედაც ველოდი, მაგრამ მაინც განვიცადე. ცოტა ხანი ვიწექით ერთად და არც ერთს არ გვიძინია, მერე მან თავს უშველა, - გარეთ გავალ, ჰაერი არ მყოფნის, ბოლო დროს ცუდად ვარო და მეც მეშველა, მშვიდად დავიძინე მარტომ. დილით ის სასტუმრო ოთახში იწვა და უსაშველოდ მაღალ ხმაზე ხვრინავდა...

დილას ბავშვები სასწავლებელში წავიდნენ, ქმარი - კაცმა არ იცის, რა საქმეებზე, უფრო სწორედ, "პახმელიაზე" იყო და ალბათ ლუდის საყიდლად, მე კი დავრჩი მარტო. რომ მეგონა, ხალხი მონატრებული ახლობლებით აივსებოდა, თქვენც არ მომიკვდეთ, არც არავის დაურეკავს და მოსვლით ვინ შეიწუხებდა თავს? ისევ თავად ჩამოვრეკე მოწყენილმა, მაგრამ ყველა ძალიან დაკავებული იყო. ქუჩაში გასვლა მინდოდა, მაგრამ მარტო სეირნობა არასდროს მყვარებია და ისევ სახლის დალაგებით ვიჯერე გული. უქმე დღეებამდე სულ იმას ვფიქრობდი, რომ ჩემს სახლში უცხო სხეულივით ვიყავი და მომკლა მარტოობამაც, ყოველდღე მთვრალი ქმრის ყურებამ.

ბავშვებმა მხოლოდ ერთი დღე მოიცალეს დედისთვის და გავისეირნეთ. შეცვლილია ყველაფერი და მინდა გითხრათ, უკეთესობისკენ, ქალაქი ვეღარ ვიცანი...

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ვიგრძენი, რომ შვილებისთვის შორიდან უკეთესი დედა ვარ, მათ საბერძნეთში მყოფი უფრო ვჭირდები და ქმარიც ინტერნეტით უფრო თბილად მელაპარაკება, თან იქიდან ხომ ვერ ვგრძნობ ალკოჰოლის სუნს. ნათესავებიც მხოლოდ რაღაცის სათხოვნელად თუ მოვლენ, ზოგს ფულის დამატება უნდა რაღაცისთვის, ზოგს - საბერძნეთში წასვლა და დახმარებას მთხოვს ამ საქმეში და ა.შ. მე კი უბრალოდ, გულის სითბოთი ასავსებად ჩამოვედი და აღარ მინდა იმის მოსმენა, თუ როგორ უჭირთ, ამას ხომ საბერძნეთში მყოფსაც ხშირად მწერდნენ...

ჰოდა, ერთი სული მაქვს, როდის გავიქცევი საქართველოდან. ვფიქრობ, უკვე ჩემი სამშობლო საბერძნეთია..."