ფოსტალიონის მოგონებები, ხელნაწერი წერილების რომანტიკა და "მოკითხვამდე" შეყვარებულებისთვის - გზაპრესი

ფოსტალიონის მოგონებები, ხელნაწერი წერილების რომანტიკა და "მოკითხვამდე" შეყვარებულებისთვის

გურამ გალდავა 45 წელია, საქართველოს ფოსტის თანამშრომელია. მისი პროფესიული ბიოგრაფია ერთი სოფლის ფოსტალიონობით დაიწყო.

- აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა 1972 წელს დავამთავრე. წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მქონდა. ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაბარება მოვინდომე, გამოცდებზე გავედი, მაგრამ ვერ მოვხვდი. ამის გამო იმდენად ვინერვიულე, რომ დეპრესია დამეწყო, გარეთ აღარ გავდიოდი, ჩავიკეტე, ჭამაზეც კი უარს ვამბობდი. მეგონა, დიდი სირცხვილი იყო. ამ მწარე იმედგაცრუებისას, გაზეთ "კომუნისტში" შემთხვევით ამოვიკითხე, კავშირგაბმულობის ინსტიტუტი აბიტურიენტების მიღებას აცხადებდა და სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებით, გამოცდები შემოდგომაზე იწყებოდა. მშობლებს ვუთხარი, - აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი. მანამდე საჭირო იყო, კავშირგაბმულობის დარგში სტაჟი მქონოდა. ფოსტალიონად მუშაობა ჩვენს სოფელში დავიწყე. პარალელურად უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ვემზადებოდი.

- თქვენი პირველი სამუშაო დღე გაიხსენეთ?..

- ველოსიპედი მყავდა, წერილებსა და გაზეთებს ჩანთაში ჩავალაგებდი და სოფელში დავდიოდი. საკმაოდ მძიმე ჩანთა იყო. ყველა გაკვირვებული მიყურებდა, ამ პოზიციაზე ვერავის წარმოვედგინე.

- თავად რა განცდა გქონდათ?

- სიმართლე გითხრათ, უხერხულობის გრძნობა მქონდა. შეიძლება ამ განწყობას ისიც მიმძაფრებდა, რომ ჩემი ფოსტალიონობა ზაფხულის არდადეგების პერიოდს დაემთხავა, სოფელში დასასვენებლად უამრავი ადამიანი იყო ჩამოსული. მე კი მიზანი მქონდა და ჩემი გეგმა, რომელიც უნდა შემესრულებინა.

- ეჭვი მაქვს, დამსვენებლებს შორის, იყო გოგონა, რომელიც მოგწონდათ.

- (იცინის) ჰო, ახალგაზრდა გოგონების უფრო მრცხვენოდა. განსაკუთრებით არ მინდოდა, ერთს რომ ვენახე. ყველამ იცოდა, რომ გამოცდებს ვაბარებდი და უეცრად ფოსტალიონი გავხდი. თავს უხერხულად ვგრძნობდი.

სოფელში იყო ადგილი, სადაც ველოსიპედითა და ჩანთით გავლა, არ მინდოდა. არადა, იქვე ახლოს წერილი მქონდა მისატანი. გამოსავალი ვიპოვე, წერილი ჩემს მეგობარს მივეცი და ვთხოვე, ადრესატამდე მიეტანა. მას იმდენად ვენდობოდი, ჩემი თხოვნა შეასრულა თუ არა, აღარ გადამიმოწმებია. შემდეგ გავიგე, ჩემი მეგობარი მდინარეზე საბანაოდ წასულა, წერილს 2 დღე ჯიბით დაატარებდა. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, მსაგავსი რამ აღარ განმეორებულა.

- ფოსტალიონობა შრომატევადი საქმეა, ხომ?

- ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო. მაშინ ხომ ინტერნეტი არ არსებობდა, არც მობილური ტელეფონი იყო. პრესა ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. ჩემი დანახვა ყველას უხაროდა, ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობდი, განსაკუთრებით - ხანში შესული ადამიანებისგან.

- ოჯახებში შეპატიჟება, გამასპინძლება, მსგავსი შემოთავაზებები თუ იყო?

- რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევა ხშირად იყო, მაგრამ საამისოდ არ მეცალა. 450 ოჯახში ვიყავი მისასვლელი.

- დღის განმავლობაში რამდენ წერილს აბარებდით?

- 50-60 წერილს ვაბარებდი, მაგრამ უამრავი გაზეთი იყო: "კომუნისტი", "სოფლის ცხოვრება", "ლელო"... რუსულენოვანი გაზეთებიც ემატებოდა. მოსახლეობისთვის სავალდებულო იყო, გამოეწერათ.

შემდეგ ისე მოხდა, რომ აბაშის რაიონის საფოსტო კავშირგაბმულობის უფროსი საპენსიო ასაკის გამო თანამდებობიდან წავიდა. რაიკომის მდივანმა, მგელაძემ ითხოვა, ეს თანამდებობა დამეკავებინა, მამასაც ძალიან უნდოდა, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. თბილისში ვიყავი უკვე წამოსული, სხვა გეგმები მქონდა და რატომღაც აბაშაში დაბრუნება აღარ მინდოდა.

- გაიხსენეთ წერილი, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ.

- ყოველთვის ძალიან დიდი ემოცია ახლდა იმ წერილებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები მშობლებს უგზავნიდნენ. ერთი შემთხვევა მახსენდება: ბიჭი საბჭოთა კავშირის შორეულ ქალაქ ულან-უდეში მსახურობდა, მშობლებისთვის ძალიან დიდი ხნის მანძილზე წერილი არ ჰქონდა მოწერილი. ბუნებრივია, ოჯახში ყველანი ნერვიულობდნენ. ამიტომ, გადაწყვიტეს იმ ქალაქში გამგზავრებულიყვნენ. ერთ მშვენიერ დღეს მივედი და შვილის წერილი მივუტანე. ის ამბავი, ის სიხარული და ჟრიამული, რაც ამ წერილის მიტანას ახლდა, არასდროს დამავიწყდება. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის უნახავი შვილის ნახვის ტოლფასი სიხარული იყო. ბუნებრივია, მათი სიხარული მეც ძალიან მიხაროდა. მაშინ ხომ მხოლოდ წერილებით იგებდნენ ამბებს.

- "საქართველოს ფოსტაში" რომელი წლიდან საქმიანობთ?

- 1972 წლის დეკემბერში მოვედი და იმ დღიდან "საქართველოს ფოსტაში" ვმუშაობ.

- ამჟამად თქვენს თანამდებობაზე რას გვეტყვით?

- საფოსტო გზავნილებათა დახარისხების ცენტრის უფროსის მოადგილე გახლავართ. ეს არის განყოფილება, სადაც თავს იყრის როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მიმოწერა, ასევე გზავნილები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. ამ განყოფილებაში ხვდება ყველა წერილი. ბუნებრივია, მეთოდოლოგია და დახარისხების ტექნოლოგია დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ახლა კალამი კომპიუტერმა და ელექტრონულმა პროგრამამ ჩაანაცვლა. ამ წუთში, აქ ტომრებში დახარისხებული წერილებია, რომელიც გასაგზავნადაა უკვე მზად. თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლამ წერილების რაოდენობა შეამცირა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო შემთხვევები, როცა ამანათი მოდიოდა ნოემბერში და ადრესატი თებერვლამდე ვერ იღებდა. გზავნილების ძალიან დიდი რაოდენობა იყრიდა თავს, ხშირად დასალაგებლად ადგილი არ გვქონდა, დამხმარე ნაგებობებს ვიყენებდით, ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის გამკლავება. დღეს მსგავსი პრობლემა აღარ გვაქვს, წერილების რაოდენობამ იკლო და თან ტექნოლოგიაც უფრო გამართული და დახვეწილია. საახალწლოდ გზავნილების რაოდენობა ახლაც იმატებს, მაგრამ შეფერხება აღარ გვაქვს.

- დღეს შეყვარებულებს წერილებს აღარ სწერენ, მაგრამ იმ პერიოდში, როცა თქვენ ფოსტალიონად მუშაობდით, ეს რომანტიკა ნამდვილად არსებობდა. შეყვარებულებისთვის წერილების მიტანაზე შეგიძლიათ რამე გვიამბოთ?

- ფოსტაში გარკვეული წესი იყო დამკვიდრებული, პირობითად ამ ფორმას "მოკითხვამდე" ერქვა. ზოგიერთ გოგოს არ უნდოდა, მის მშობლებს გაეგოთ ბიჭისგან წერილებს რომ იღებდა. ფოსტის შენობაში მოდიოდნენ და კითხულობდნენ, მათ სახელზე წერილი ხომ არ იყო მოსული. ხშირად მართლაც ხვდებოდათ, ხელს აწერდნენ და ვატანდით. მაშინ წერილს დიდი ფასი ჰქონდა. ყველა სოფელს თავისი ფოსტალიონი ჰყავდა. ბევრი ფოსტალიონი ფეხით დადიოდა, მათ შორის ქალბატონებიც იყვნენ. დღეში 5-6 კილომეტრის ფეხით გავლა და თან მძიმე ჩანთის ტარება უწევდათ. ფილმი "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" უნიკალური ნამუშევარია. ვერ დავთვლი, რამდენჯერ მაქვს ნანახი და კიდევ სიამოვნებით ვნახავ. ჩვენი პროფესიის ადამიანების ყოფა საკმაოდ კარგად არის წარმოჩენილი. კარგი იქნება, მსგავს ფილმებს სხვადასხვა პროფესიებზეც თუ გადაიღებენ.

- პროფესიიდან გამომდინარე, ურთიერთობა ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევდათ. მათგან გამორჩეულად რომელიმე დაგამახსოვრდათ?

- ერთხელ ხანში შესულ ქალბატონს წერილი მივუტანე. მას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, ერთი შვილი მოსკოვში ცხოვრობდა, მეორე - თბილისში. ეს ქალბატონი მარტოობას ძალიან განიცდიდა, უკვე დაუძლურებულიც იყო. მითხრა, ვიცი, როგორი ოჯახის შვილი ხარ, უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩააბარებ და დაამთავრებ, შენი სოფელი არ მიატოვო, ხომ ხედავ, რა მდგომარეობაში ვარ, არ მინდა, იგივე სხვებმაც გამოცადონ, ამ სიტყვებს ყველა ახალგაზრდას ვეუბნებიო და ტირილი დაიწყო. მისი სიტყვები სულ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევუსრულე. სამწუხაროდ, მისი იმედი ვერ გავამართლე.

თამუნა კვინიკაძე