"დროს თუ არ აჰყვები, მაშინ მართლა ბებერი ხარ!" - გზაპრესი

"დროს თუ არ აჰყვები, მაშინ მართლა ბებერი ხარ!"

რუბრიკა "გემოვნებაში" სამაგალითო და მისაბაძ გემოვნებიან ქალბატონად ხშირად ასახელებენ ნანი ბრეგვაძეს. ამჯერად, მომღერალი თავად დავაყენეთ არჩევანის წინაშე და ვკითხეთ, თუ ვის გამოარჩევს, როგორც ყველაზე გემოვნებიან ადამიანს...

- პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გემოვნებიანად დამასახელა... გულწრფელად გითხრათ, გაკვირვებული ვარ, რადგან საქართველოში ბევრი ქალბატონია, რომლებსაც ამ მხრივ, ჩემზე წინ დავაყენებდი. კარგი გემოვნების ხალხი ნამდვილად გვყავს და რაღა მე ამომარჩიეს, არ ვიცი. თუმცა, ეს ძალიან სასიამოვნოა! სიტყვები არ მყოფნის, მადლიერება როგორ გამოვხატო!

- რა ახდენს ადამიანზე ყველაზე დიდ გავლენას გემოვნების ჩამოყალიბებაში?

- გემოვნება ღვთით ბოძებულია, როგორც ხმა, ლექსის წერის ნიჭი და ა.შ. შეიძლება, მხატვარიც კი არ იყოს ვიღაცისთვის გემოვნებიანი... პირადად მე, ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ ასაკის შესაბამისად გამოვიყურებოდე. მაგალითად, თინეიჯერ გოგონებს რომ ვუყურებ, მათ სამოსში, აქსესუარებში რაღაცები მომწონს და იმწუთას მავიწყდება, რამდენი წლის ვარ. მერე მახსენდება ჩემი ასაკი და უკან ვიხევ - ეს აუცილებელია (იღიმის)! ასეთი რამ არ უნდა შეგეშალოს: რა უხდება თინეიჯერს და რა - შენს ასაკს! ზედმეტი არასოდეს უნდა მოგივიდეს, ზომიერება ყველაფერში აუცილებელია! ხშირად ვკითხულობ მოდის ჟურნალებს. რჩევებს ვეკითხები ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებს, რომლებიც მოდის სფეროში ერკვევიან...

- ასაკის მატებას ზოგიერთი ქალბატონი განიცდის, ზოგიც პირიქით, ამას საინტერესოდ მიიჩნევს...

- ვფიქრობ, არც ერთ ქალს არ უხარია წლები რომ ემატება, მაგრამ ტრაგედიაც არ უნდა შექმნა! მე მაგალითად, ჩემს ასაკს ხმამაღლა ვეღარ ვამბობ, რადგან მგონია, ამ ასაკის არ ვარ - მთავარია შინაგანი განწყობა! ცხოვრების ინტერესი არ უნდა დაკარგო! ღმერთმა იცის, კიდევ რამდენს ვიცოცხლებ, მაგრამ სულ რაღაცის იმედი მაქვს! არ უნდა იტირო და არ უნდა იყო დაბოღმილი, არ უნდა ბრაზობდე რაღაცებზე! იქნებ ახალგაზრდები მართლები არიან, საერთო ენის გამონახვა რომ უჭირთ უფროს თაობასთან... მე მსურს მივყვე დროს. დროს თუ არ აჰყვები, მაშინ მართლა ბებერი ხარ!

- ადამიანმა რომ კარგი განწყობა შეინარჩუნოს, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოგზაურობაა. მეთანხმებით?

- ნამდვილად! ერთი ძალიან საინტერესო ქალბატონი ამბობდა, - დაანებეთ თავი ყველაფრის შეძენას, ბევრი იმოგზაურეთ და ის საქმე აკეთეთ, რაც ძალიან გიყვართ. ჰოდა, დიდხანს იცოცხლებთო... მართალია და ამ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები! უამრავი რამ შევიძინე და შეიძლება, ჩემმა შვილიშვილებმა მერე ყველაფერი გადაყარონ, რადგან მოდაში სხვა რამ იქნება... ამიტომაც, მიხედე ადამიანმა შენს ცხოვრებას და იმოგზაურე. ყველა ქვეყანას აქვს საინტერესო ისტორია.

GzaPress

პირველად საბჭოთა საზღვრებს რომ გავცდი, სადაც პირველად დავდგი ფეხი და დაუვიწყარი შეხვედრა მქონდა, სადაც დიდი სიყვარული ვიგრძენი, ეს იყო პარიზი და შემდეგ - რომი... ახლაც გული მიფანცქალებს ის დღეები რომ მახსენდება. კიდევ ძალიან ბევრი ლამაზი ქალაქის დასახელება შემიძლია, მაგრამ გულთან და სულთან ახლოს, ეს ორი ქალაქია! პირველ ადგილზე მაინც, პარიზს დავასახელებდი, რომელიც დღეს "გაფუჭდა"... სამწუხაროდ, ადრინდელ პარიზს აღარ ჰგავს! საზღვარგარეთ მოგზაურობა კარგია, მაგრამ არ შემიძლია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს რომ არ ვეწვიო! ასეთი ლამაზი მხარეები სხვაგან არსად მეგულება! მართალია, ბევრი რამ მიუღებელია, მაგრამ იმ სითბოს, რაც ქართველებს გვაქვს, სხვაგან ვერსად იპოვით! ამიტომაც არის, რომ აქ ყველას სურს ჩამოსვლა... ახლახან ქუთაისში ვიყავი და სიხარულით ლამის გავგიჟდი: ადრინდელი თბილისი გამახსენდა, ყველას კეთილი სახე აქვს, ერთმანეთს უღიმიან. საერთოდ, ქუთაისი არის ადგილი, სადაც ყოველთვის საუკეთესო საზოგადოება ცხოვრობდა...

ბოლო ხანებში რაჭაზე შევიშალე. რაჭველმა მუსიკოსებმა გადავწყვიტეთ იქ ჩასვლა. მე მამული მაქვს, რომელიც დიდი ბაბუის დატოვებულია. ჩემი ბიძაშვილი დადის ხოლმე იქ და გარკვეული პერიოდით რჩება. გავგიჟდები, ცოტა ხანს იქ რომ არ ვიცხოვრო... ხვდებით, როდის მოვიდა ეს სურვილი? - უკვე ნახევარი ფეხით მეორე ქვეყანაში ვარ! მსურს, ყველა ჩემს მეგობარს დავანახვო ის სილამაზე, რაც რაჭას აქვს. იქ ისეთი ბუნებაა, რომლის მსგავსს ვერც დახატავ!

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება გემოვნებიანი მცხოვრებლების თვალსაზრისით?

- პარიზში პირველად 1964 წელს ვიყავი. "შერბურის ქოლგებში" რომ ქალს შესანიშნავი ვარდისფერი პალტო აცვია, ისეთი ვიყიდე, ოღონდ - ბორდოსფერი... ასევე, შევიძინე "შანელის" კუბოკრული კაბა და შავი სვიტერი. რომ დავინახავდი ქუჩაში კარგად ჩაცმულ ადამიანს, იმის მიხედვით ვიძენდი სამოსს... თბილისში იმ დროს იმდენად გემოვნებიანად ეცვათ, რომ მოსკოველები ვერ შეგვედრებოდნენ. ამბობდნენ კიდეც, თბილისი პატარა პარიზიაო... ყველა ქართველს ჰქონდა და აქვს ინტერესი, კარგად გამოიყურებოდეს. ნინო რამიშვილი თუ სადმე მიღებაზე მიდიოდა საზღვარგარეთ, მოცეკვავეებს ეუბნებოდა, ჯერ საუკეთესო პიჯაკები იყიდეთ, კარგად გამოეწყვეთ და მერე წამოდითო... სადაც მიდიოდნენ, ყველგან აცვიფრებდნენ ადამიანებს: ასეთი ლამაზი ქალები და კაცები სხვაგან არსად გვინახავსო.

არ შემიძლია არ გავიხსენო რომი და მილანი... მახსოვს, რომის აეროპორტში დიდხანს მომიხდა ყოფნა, რადგან თვითმფრინავს დააგვიანდა. მეგონა, გამოფენაზე თუ ვიყავი იმდენად საოცრად კარგად ჩაცმული ხალხი დადიოდა ირგვლივ. შემდეგ მილანში ვიყავი და საუკეთესო მაღაზიებით, გემოვნებიანი ხალხით გამორჩეული ქალაქი აღმოჩნდა!

- თქვენთვის რომელი ფერებია მიმზიდველი, რა ფერის სამოსს ამჯობინებთ?

- ახლა რომ ვუყურებ ჩემს გარდერობს, შავი ფერი საერთოდ არ ჩანს... კაბები სულ სხვადასხვა ფერისაა: ჭრელი, ყვითელი, წითელი, ლურჯი... ჯერ კიდევ "ორერაში" რომ ვმღეროდი, იქაც კი არ მცმია შავი კაბა. ტანსაცმელებს კარგ მაღაზიაში ვარჩევ, მაგრამ იმიტომ არა, რომ აუცილებლად ძვირფასი იყოს. ზოგჯერ უბრალო მაღაზიებშიც არის კარგად შეკერილი სამოსი... გასაკვირია და როდესაც ტანსაცმელს ვისინჯავ, არც ერთი ფერი ისე არ მიხდება, როგორც შავი. ამიტომაც, ბოლო დროს რაღაცებს იშვიათად, მაგრამ შავსაც ვყიდულობ, ზაფხულში კი სულ ვცდილობ, ფერადი მეცვას.

- როგორი სამკაულები გიყვართ?

- უამრავი ლამაზი სამკაული მაქვს, თითო-ორი თუ იქნება იქიდან ძვირად ღირებული. სამწუხაროდ, ისე ხდებოდა, რომ ყველაფერი მეკარგებოდა. ბევრ ოქროსა და ბრილიანტს მჩუქნიდნენ, ისრაელში მგონი, ორმეტრიანი მძივი მაჩუქეს, მაგრამ დამეკარგა. გული კი დამწყდა, მაგრამ ახლობლების ჯანმრთელობა ჩემთვის უმთავრესია! როდესაც ძვირად ღირებულ ნივთებს ვკარგავდი, ვამბობდი, რომ ეს ალბათ ადამიანების კარგად ყოფნის ხარჯზე მოხდა-მეთქი... ოქრო კი გინდ მქონია, გინდ არა! ძალიან მიყვარს ზურმუხტი. ზოდიაქოს მიხედვით ჩემი ქვაა. ასევე, მიყვარს მარგალიტები...

- რა აზრის ხართ პლასტიკურ ოპერაციებზე?

- ვისი რა საქმეა, მე რას გავიკეთებ?! ძალიანაც ვუვლი ჩემს თავს! თუმცა, ამ ბოლო დროს ცოტა მეზარება, ეს ყველაფერი... ადრე სახეზე რაღაც ინიექციებიც შემიყვანია, რადგან ქალმა თავს უნდა მიხედოს! არავის მოსწონს მსახიობი სცენაზე "მოჭუჭკნული"... ერთადერთი, ახალგაზრდა გოგონებს რომ ვუყურებ, გული მისკდება, ზოგს იმხელა ტუჩი აქვს. ყველა ერთმანეთს დაემსგავსა და აღარ არსებობს ინდივიდუალობა... ტუჩიც გაიდიდე, კი ბატონო, ოღონდ ზომიერად!

- თქვენზე უთქვამთ, ოცი წლის გოგოს აღნაგობა აქვსო...

- ღმერთმა დამიფაროს, ამ ასაკში ოცი წლის გოგოს ტანადობა მქონდეს! ყველა ასაკს შესაფერისი სილამაზე აქვს! ლამაზად მოხუცებულ ქალს რა სჯობია?! მაგალითად, ნინო რამიშვილი ბოლო წლებში ნაოჭებით საოცრად გალამაზებული და დიდებული იყო... მთელი შენი ინტელექტი და შინაგანი სამყარო გარეგნობაში ჩანს სიბერეში - ამის ნათელი მაგალითი იყო ვერიკო ანჯაფარიძე!

რაც შეეხება აღნაგობასა და სიგამხდრეს, დიეტა არასდროს დამიცავს, ყოველთვის გამხდარი ვიყავი! ახალგაზრდობაში ვიყავი ცოტა უფრო ლამაზად შევსებული, ახლა კი რაღაც კატასტროფა მჭირს, ვიკლებ და ვიკლებ... არავინ თქვას, არაფერს ვჭამ და ვსუქდებიო, ალბათ, არასწორად იკვებება... ორგანიზმს უნდა მოუსმინო.

ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. პირადად მე, მაღაზიაში კი არა, როდესაც სახლში ვარ და ვიცი, ფოსტალიონი უნდა მოვიდეს და მე ქვითარს ხელი უნდა მოვაწერო, არავითარ შემთხვევაში, ხალათით არ დავხვდები!.. პატივი უნდა სცე ყველას და შენც იგივე დაგიბრუნდება! რაც უნდა ცუდი მითხრას ადამიანმა, ცუდად არ ვუპასუხებ - ეს არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი წესი! არასოდეს არავინ გამილანძღავს, რადგან უარყოფითი ისევ შენზე მოქმედებს ცუდად!

- რა გაძლევთ ძალას, კარგი განწყობის შესაქმნელად?

- ყოველ დილით ქალმა შხაპი უნდა მიიღოს... ოღონდ, ხეხვა არ არის საჭირო, რადგან კანს აზიანებს. უბრალო წყლის გადავლებასაც კი ყველაფერი მიაქვს, თუკი რამ უარყოფითია... ძალიან კარგ ადგილას, აბაშიძეზე ვცხოვრობ. ერთ მხარეს სულ ხეებია და ეს მშველის, თორემ წინა მხარეს სიმახინჯე კორპუსები ააშენეს. მისაღები ოთახის მხარეს იზრდება და იზრდება ხეები, მე კი სიამოვნებით გავყურებ ამ ულამაზეს, ამჯერად შემოდგომის ფერებში მორთულ ბუნებას! საოცრად კარგი ჰაერი მოდის და ივსება ფილტვები... არასოდეს მიყვარდა ალკოჰოლი. ამ ბოლო დროს ოდავ თუ მოვწრუპავ, როდესაც სადილზე ვარ სტუმრად. სიგარეტსაც არ იღებს ჩემი ორგანიზმი. ვეწეოდი, მაგრამ ცუდად ვხდებოდი და ბოლოს მივხვდი, ჯობდა, თავი დამენებებინა... ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ და თუკი მართლა კარგად გამოვიყურები, ამის წყალობა იქნება (იღიმის).

მანანა გაბრიჭიძე